განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003068557 ~
№1ბ/1857-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ი-----–- ე--------ე, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------------------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია). ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ხათუნა მოდებაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი-----–- ე--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-----–- ე--------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას და დაზარალებულის პოზიციას. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მითითებული მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, იგი იმყოფება მიმალვაში და დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია, გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და ი-----–- ე--------ეს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
ი-----–- ე--------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ი-----–- ე--------ე მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილს და მოძრაობდა ქ. თბილისში, მახათას მთის აღმართზე ვაზისუბნის დასახლების მხრიდან, ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით. მსვლელობისას, მძღოლმა ი-----–- ე--------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2, ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1.-ის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე და შეეჯახა თავის სამოძრაო ზოლში მოძრავ ტ------– ბ-–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „მერსედესს“. ტ------– ბ-–--ემ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, ი-----–- ე--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----–- ე--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი-----–- ე--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ ტ------– ბ-–--ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმე ვ----– ტ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ავტო-ტექნიკური, სამედიცინო და სატრანსპორტო - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით და თავად მსჯავრდებულ ი-----–- ე--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ი-----–- ე--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–- ე--------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–- ე--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახით გათვალისწინებულია – თავისუფლების აღკვეთა ვადით ორი წლიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებული იმყოფება მიმალვაში, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით და არც სააპელაციო საჩივარს ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ი-----–- ე--------ემ დანაშაულის ჩადენის დღესვე გაიარა ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება, ორი დღის შემდეგ გამოკითხული იქნა მოწმის სახით, გამოცხადდა ბრალდების წარდგენისას და გამოკითხული იქნა ბრალდებულის სახით, მტკიცებულებები ყველა ეტაპზე გაეცვალა თავად მას და მონაწილეობას იღებდა პირველი წარდგენის, წინასასამართლო და არსებითი განხილვის ყველა სხდომაზე. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, აპელანტის არგუმენტაციას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და დაზარალებულის პრეტენზია, ვინაიდან კანონმდებელის მიერ, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით დაწესებული სანქციის ფარგლებში დაუნიშნა სასამართლომ სასჯელი მსჯავრდებულს. რაც შეეხება დაზარალებულის პრეტენზიას, პალატა განმარტავს, დაზარალებულის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მას პრეტენზია მსჯავრდებულთან გააჩნია, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. პირის მიერ ზიანის ანაზღაურების და დაზარალებულთან შერიგებისკენ მისწრაფების შეფასებისას, მნიშვნელოვანია როგორც დამნაშავის ქცევა, ასევე მისი ქონებრივი მდგომარეობა და მატერიალური შესაძლებლობები, წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ ი-----–- ე--------ეს გააჩნია შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები და თავს არიდებს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
პალატა განმარტავს, ი-----–- ე--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სრულად იქნა გათვალისწინებული: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაწესებული სანქციის ფარგლები. 3. ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება გაუფრთხილებლობით და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. 4. შემამსუბუქებელი გარემოებები: ი-----–- ე--------ე არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე შესაძლებელია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოხდენა, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-----–- ე--------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხათუნა მოდებაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ხათუნა მოდებაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი ი-----–- ე--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი-----–- ე--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ი-----–- ე--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი-----–- ე--------ეს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ი-----–- ე--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავტომობილი „მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით J------ და ავტომობილი „მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით G------, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე