განაჩენი

სისხლის სამართლის 16.12.2019
საქმის ნომერი
020100118002420033
ინსტანცია
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002420033

საქმე №1/ბ-766-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--------------ე;

 

მსჯავრდებული: ნ--------------, დაბადებული 1965 წლის 16 ივლისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზ----------------–----–----------------–------–-–-----;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის 1 ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.

 

ზემოაღნიშნულის გამო ნ--------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით, ნ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ნ--------------ს სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 07 ოქტომბრის 14:00 საათიდან; ნ--------------ს მიმართ გამოყენებული შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--------------მ ჩაიდინა შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ყ---–-–----ში, ნ--------------მ დ-------------ს, მშვილებლის სურვილის გარეშე, გაუმჟღავნა შვილად აყვანის საიდუმლო და უთხრა, რომ ის იყო ნაშვილები.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----------მ და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ნ--------------ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლო სხდომაზე ნ--------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 25 მარტს მის დას რ---–------------ს და ზ------------ეს ჰქონდათ კონფლიქტი, რა დროსაც ის სახლში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, დ-------------ს შვილად აყვანის შესახებ ვერაფერს ეტყოდა და მისი მხრიდან ასეთს ადგილი არ ჰქონია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში, ნ--------------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ გ---–-------–--სთან მის ოჯახს აქვს დაძაბული ურთიერთობა, რადგან ე-–--------------–-------–-ებმა წაართვეს მიწის ნაკვეთი და ითხოვდა მის დაბრუნებას. 2018 წლის 25 მარტს მის დას - რ---–------------ს და ზ------------ეს ჰქონდათ კონფლიქტი, ამ დროს ის სახლში არ იყო, დ-------------სთვის შვილად აყვანის შესახებ მას არაფერი უთქვამს და საერთოდ არ იცის რატომ დებენ ბრალს, ზ------------ე მას დანით მოკვლას უპირებდა, ორჯერ ჩაარტყა წიხლი, რის გამოც უჩივლა, ამაზე გაბრაზებულმა სამაგიერო გადაუხადა, მას არ უთქვამს დ-------------სთვის, რომ შვილად იყო აყვანილი, დანაშაული არ ჩაუდენია და ითხოვა გამართლება.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ--------------ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან, აღნიშნული გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებიდან, ამასთან ერთად, არადამაჯერებელია და მიზნად ისახავს მსჯავრდებულის მხრიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევას, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ--------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მშობლისა და ბავშვის უფლებები და კანონიერი ინტერესები. მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გულისხმობს შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებას მშვილებლის სურვილის გარეშე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს შვილად აყვანილის და სხვა პირისათვის ზეპირი ან წერილობითი ფორმით შეტყობინების მეშვეობით ან ნებისმიერი ინფორმაციის საშუალების გამოყენებით. სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია; მე-18 მუხლის შესაბამისად, კი ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა №1) დადასტურებულია, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს დაიწყო გამოიძიება №0----------- საქმეზე ნ--------------ს მიერ შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით (ს.ფ.1).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, დ-------------ს, განმარტების თანახმად, 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, მისი დეიდა ი-----–-----------ძე ამუშავებდა თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, ამაზე გაბრაზებულმა ნ--------------მ დედას - ზ------------ეს დაუწყო ლანძღვა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია, ამ დროს შეიკრიბნენ მეზობლები, ნ----- აგრძელებდა ყვირილს და მას უთხრა „შენ რა გესაქმება, შე ნაბიჭვარო, შენ ნაშვილები ხარო“, ამ სიტყვებზე დედამისი ჩაიკეცა და მიხვდა, რომ ეს სიმართლე იყო და დედას რომ უნდა ეთქვა ის საიდუმლო ნ--------------მ გაამჟღავნა, მეორე დღეს წავიდა ს----ში დასთან და ჰკითხა იყო თუ არა ნაშვილები, მან დაუდასტურა და განუმარტა, რომ არ იცოდნენ როგორ მიიღებდა და ამიტომ არ უმხელდნენ, ამ ფაქტის შემდეგ მხოლოდ ორჯერ მივიდა დედასთან, რადგან ძალიან განიცდის, ღამე არ ძინავს და მხოლოდ ამაზე ფიქრობს, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება ნ--------------ს მიერ შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი---------–--ს განმარტებით: 2017 წლის 25 მარტს გ---–-------–--ს ეხმარებოდა მიწის ნაკვეთის დამუშავებაში, ხმაური და წივილ-კივილი გაიგონა და წავიდა ზ------------ის სახლისკენ, ნ----- რ------ ილანძღებოდა, დ---- რ------ს უთხრა გაეთრიე აქედან, შენ რა უფლებით სარგებლობ ნაბიჭვარი ხარ და ამ ოჯახის შვილი არ ხარო. დედა-შვილი, დ------------- და ზ------------ე, გახდნენ ცუდად, მეზობლებმა განმუხტეს სიტუაცია და დ------------- წაიყვანა სახლში თავის შვილებთან, იმ ღამეს დ----ს არ უძინია, მეორე დღეს თავჩაღუნული წავიდა სოფლიდან და იშვიათად მოდის სახლში, მშობლებისგან არ გვქონდა უფლება და არავინ უმხელდა დ----ს, რომ შვილად იყო აყვანილი.

 

სააპელაციო პალატა, ასევე, მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული შემდეგი მოწმეთა ჩვენებებში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხული ე-------------------ის განმარტებით: გასული წლის 25 მარტს ნ--------------მ უთხრა დ-------------ს, რომ ვისი შვილი ხარ არ იცი, შენ აყვანილი ხარო, დ----ს ეტირებოდა და ხეს ურტყამდა თავს, შემდეგ ქუთაისში ჰყავდათ ფსიქოლოგთან, განიცდის ძალიან და იშვიათად მოდის სახლში, ცხოვრობს დასთან ს----ში. ყველამ იცოდა, რომ დ------------- იყო აყვანილი, მაგრამ ოჯახი არ აპირებდა გამხელას და არავის უთქვამს მისთვის. ნ--------------ს და ზ------------ეს შორის არის კონფლიქტი, რადგან ზ------------ის დამ იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრეტენზია გააჩნია ნ--------------ს.

 

მოწმის სახით დაკითხული ც---–------–-----ს განმარტებით: 2018 წლის 25 მარტს ეხმარებოდა გ---–-------–--ს მიწის ნაკვეთის დასუფთავებაში და ზ------------ის სახლიდან გაიგონა ჩხუბის ხმა, რომელიც წივილ-კივილში გადაიზარდა, ახლოს რომ მივიდა ნახა, რომ ნ-------------- და მისი და თავიანთი სახლის ეზოდან ეჩხუბებოდნენ ზ------------ეს, ნ--------------მ ზ----ს შვილს, დ-------------ს უთხრა „შე ნაბიჭვარო“, ვისი შვილი ხარ არ იციო, აყვანილი ხარ და რა უფლებით სარგებლობ ოჯახშიო, მას თვალები აცრემლებული ჰქონდა და ვერ გვისწორებდა, შემდეგ ცუდად გახდა და ქუთაისში მკურნალობდა.

 

მოწმის სახით დაკითხული მოწმე ზ------------ის განმარტებით, ნ-------------- ცხოვრობს მის მოსაზღვრედ, სოფელში მისმა დამ კანონიერად შეიძინა მიწის ნაკვეთი, რასაც ედავება ნ--------------ს ოჯახი, 2017 წლის 25 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, შვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ხოლო მისი და და ნათესავები ამუშავებდნენ მიწას, ამაზე გაბრაზებულმა ნ--------------მ და მისმა დებმა დაუწყეს ლანძღვა და წყევლა, ხმაურზე შეიკრიბნენ მეზობლები, მისი შვილი გამოესარჩლა მას, რა დროსაც ნ-----მ უთხრა, რომ ის იყო ნაშვილები და არ იყო მისი შვილი, ამ სიტყვებმა ისე გაანერვიულა, ცუდად გახდა, ბავშვმა სამჯერ დაარტყა ბეტონს თავი, იმ ღამეს არც ერთს არ დაუძინია, მეორე დღეს დ---- წავიდა ს----ში და იშვიათად მოდის სახლში, რადგან თავს არიდებს მეზობლებს და თანატოლებს, მან ოთხი დღის მოიყვანა ბავშვი სახლში და ობლობაში გაზარდა, შვილის თხოვნით არ აპირებდა ნ-----სთვის ეჩივლა, მაგრამ ის კვლავ აგრძელებდა მუქარას და შეურაცხყოფას, მათ შორის მოხდა კონფლიქტი და გადაწყვიტა საჩივრის შეტანა.

 

მოწმის სახით დაკითხული მ------ რ------ს განმარტებით: 2017 წლის 26 მარტს მასთან მივიდა დ-------------, უსაყვედურა თუ რატომ არ გაუმხილა, რომ იყო შვილად აყვანილი და ეს ინფორმაცია რატომ გაიგო სხვისგან, ის იყო ცუდად, ნერვიულობდა, სამი დღე საჭმელს არ ჭამდა და დარაჯობდნენ თავისთვის არ აეტეხა რამე. დღესაც მასთან იმყოფება, რადგან თავს არიდებს ახალგაზრდებს და არ უნდა სოფელში ჩასვლა, შემდეგ დედასგან გაიგო, რომ 2017 წლის 25 მარტს ნ--------------მ მას მიაყენა შეურაცხყოფა და მის ძმას ნაბიჭვარი და ნაშვილები უწოდა, თვითონაც რომ ჩავიდა სოფელში ნ-------------- დაემუქრა, რომ მის ძმას ციხეში ჩასვამდა.

 

მოწმის სახით დაკითხული გ---–-------–--ს განმარტებით, 2017 წლის 25 მარტს ამუშავებდა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, მეუღლე, შვილი და რძალი ეხმარებოდნენ, ზ------------ის სახლიდან ხმაური გაიგონა, ახლოს რომ მივიდნენ ნ-------------- ემუქრებოდა ზ------------ეს და დ-------------ს უთხრა შენ რა გინდა, შენ სხვისი შვილი ხარო, ის გახდა ცუდად, მეორე დღეს წავიდა დასთან და იშვიათად აკითხავს დედას. სოფელში ყველამ იცოდა რომ დ---- აყვანილი იყო, მაგრამ ოჯახის სურვილით არავინ უმხელდა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე მ-------------მ და განმარტა, რომ ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთს და ჩხუბის ხმაზე წავიდნენ ზ------------ის სახლისკენ, რომელიც ცხოვრობს ნ--------------ს გვერდით, ის იდგა თავის ეზოს კართან და ემუქრებოდა ზ------------ეს, დ-------------ს უთხრა შენ ვინ ხარო, შენ აყვანილი და სხვისი შვილი ხარო, დ---- გაბრაზდა და თავს ურტყამდა კედელს. მეზობლებმა იცოდნენ, რომ დ---- აყვანილი იყო, მაგრამ არავინ უმხელდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ქ-----------------ს განმარტებით: 2017 წლის 25 მარტს დედამთილთან ერთად იმყოფებოდა ეზოში, ხმაურზე მივიდა ზ------------ის სახლში და გაიგონა თუ როგორ უთხრა ნ--------------მ დ-------------ს, რომ ის ნაბიჭვარია და არ იცის ვისი შვილია, რადგან ნაშვილები იყო, ამ მომენტში ნ-----სთან ერთად იყვნენ მისი დები. ნ-----ს სიტყვების გამო შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, დედა-შვილი გახდა ცუდად, შეიყვანეს სახლში და დაამშვიდეს.

 

მოწმის სახით დაკითხული გ--–-------–--ს განმარტებით: გ---–-------–--ს ეხმარებოდა მიწის ნაკვეთის დამუშავებაში, ზ------------ის საცხოვრებელი სახლიდან მოესმა ყვირილის და კივილის ხმა, როდესაც მივიდნენ ნახეს, რომ ეზოს გამყოფი ღობიდან ნ-------------- ლანძღავდა ზ------------ეს, დ------------- კი ეჩხუბებოდა მას, რა დროსაც, ნ-----მ უთხრა დ----ს, რას ყვირი, რა გინდა, ეს შენი სახლი არ არის, ვისი შვილი ხარ თვითონ არ იცი, ნაშვილები ხარო, ამ სიტყვებზე ზ------------ე გახდა ცუდად, დ------------- ჩავარდა შოკში, იმ დღის შემდეგ დ------------- იშვიათად დადის სახლში.

 

მოწმის სახით დაკითხული ი-----–-----------ის განმარტებით: 2017 წლის 25 მარტს ოჯახთან ერთად ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, რომელსაც უსაფუძვლოდ ედავება ნ--------------, ის ცხოვრობს მისი დის, ზ------------ის მოსაზღვრედ და ამას მოყვა მათ შორის კონფლიქტი. ხმაურზე მივიდნენ მისი დის სახლში, ნ-------------- იდგა ღობესთან და ეჩხუბებოდა დას და დისშვილს - დ-------------ს, ხოლო დ----ს უთხრა შენ რა გესაქმება, ეს შენი სახლი არ არის, სხვისი შვილი ხარო, ამ სიტყვებს მეზობლებიც ისმენდნენ, რომლებიც ნ-----ს ყვირილზე შეიკრიბნენ, დ---- და ზ---- გახდნენ ცუდად, რადგან ყველამ იცოდა, რომ დ---- იყო ნაშვილები, მაგრამ ოჯახის თხოვნით არავინ უმხელდა, მეორე დღეს დისშვილი წავიდა ს----ში და დარჩა დასთან.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ----- რ------ს დის, დ--–- რ------ს განმარტებით: 2017 წლის 25 მარტს იყო დის გარდაცვალების დღე. ნ-------------- იმყოფებოდა სასაფლაოზე, სადაც იხდიდა პანაშვიდს, მათი მამა - პაპისეული მიწა მიისაკუთრა ზ------------ის დამ და ამის თაობაზე მოუვიდათ კონფლიქტი, მან მისი ეზოს ფერდობიდან დაინახა, რომ ამუშავებდნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და დაიწყო წყევლა და ლანძღვა მათი მისამართით, ზ------------ემ ჰკითხა რატომ ლანძღავდა მისი დის ოჯახს და ამაზე მოუვიდათ უსიამოვნება, დ------------- გადმოხტა ღობიდან ხელყუმბარით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთი, 15:00 საათის შემდეგ მოვიდა ნ-------------- და მოუყვა მომხდარის შესახებ.

 

მოწმის სახით დაკითხული რ---–------------ს განმარტებით: ნ-------------- არის მისი და, 2017 წლის 25 მარტს ჰქონდათ გარდაცვლილი დის მოსახსენიებელი საკურთხი, ძაღლს მიუტანა საჭმელი და ნახა, რომ მათ მიწის ნაკვეთს ი-----–-----------ის ოჯახის წევრები ამუშავებდნენ და გადასძახა თუ რას აკეთებდნენ მათ მიწაზე, ამას მოყვა დ-------------ს გაბრაზება, ზ------------ე და დ------------- გადმოხტნენ ღობეზე, დ---- აფეთქებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მათ ყოფთ ღობე და აქვთ გასასვლელი კარიც, ისინი ხედავდნენ თუ რა ხდებოდა მათთან და ამათაც ესმოდათ ყველაფერი. პანაშვიდის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ნ-----, ის ჩხუბს არ შესწრებია.

 

მოწმის სახით დაკითხული კ----–----------ს განმარტებით, 2017 წლის მარტის თვეში ნ--------------ს თხოვნით უკრავდა ნ-----ს დის სასაფლაოზე, სადაც სხვებთან ერთად იმყოფებოდა ნ-----ს და, რომელიც მას ჰგავდა ძალიან და უცნობი პირებიც. დაახლოებით 15:00 საათამდე დარჩა იქ და შემდეგ წავიდა, მისი იქ ყოფნის პერიოდში ჩხუბი არ ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელი დ------–-----ს განმარტებით, 2017 წლის 16 ნოემბერს ზ------------ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები და წარუდგინა ბრალდება ნ--------------ს.

 

დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმე ნ-----–- რ------ს განმარტებით: 2018 წლის 25 მარტს, დაახლოებით 13:30 საათზე მივიდნენ სასაფლაოზე ნ--------------ს დის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, სადაც დარჩნენ ერთი საათი, სახლში რომ დაბრუნდნენ ნ-----ს დებმა უთხრეს, რომ ზ------------ე და დ------------- ეჩხუბნენ. დ-------------მ იცოდა აყვანილი იყო თუ არა მისთვის უცნობია, რადგან მის ოჯახთან არ არის ახლოს, ხოლო ისინი ამბობენ ნ--------------მ წამოაძახა დ-------------ს აყვანილი რომ იყო და ამის გამო კლავენ ერთმანეთს.

 

მოწმის სახით დაკითხული გ----–--------ს განმარტებით: 2018 წლის 25 მარტს იმყოფებოდა ნ--------------ს გარდაცვლილი დის მოსახსენიებელ სუფრაზე, რომელიც იყო მისი მეგობარი. 13:30 საათზე წავიდნენ სასაფლაოზე, ერთ საათში ნ-----სთან ერთად დაბრუნდნენ სახლში, სადაც ნ-----ს დები რ---–--- და დ--–- დახვდნენ განერვიულებულნი, რადგან ე-–-----------–--სთან მოსვლიათ შელაპარაკება. მისი იქ ყოფნის დროს ჩხუბი არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საფუძველსმოკლებულია და დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია ნ--------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რადგანაც მისი ჩვენება არაობიექტური და ტენდენციურია. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, როგორც დაცვის, ასევე, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სწორად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებული ნ-------------- ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ჩაიდინა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, პალატამ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე, ნ--------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ--------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ--------------სათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ-----------ს, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი, ნ--------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ნ--------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ-----------ს, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის განაჩენი, ნ--------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ნ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4.მსჯავრდებულ ნ--------------სათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ნაწილში, განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5.ნ--------------ს მიმართ გამოყენებული - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმებულია;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/