განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #180100119003138949
№1ბ/1899-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელი
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------–-------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------------–--------------------------, ბინა N--- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---------–-------ემ ჩაიდინა თევზჭერა აკრძალული იარაღით, აკრძალულ დროს, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 ივნისს ქ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. არაგვზე გ---------–-------ემ აკრძალული იარაღით - სახლართი ტიპის ბადით, აკრძალულ დროს უკანონოდ მოიპოვა 0,3 კგ ხრამულისა და ვიმბას ჯიშის თევზი, რითაც გარემოს და შესაბამისად - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ტეპარტამენტს მიადგა 14 ლარის და 64 ლარის ქონებრივი ზიანი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:
გ---------–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯ----–-------–-–---–მა. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ---------–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტის განმარტებით გ---------–-------ისათვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ---------–-------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ---------–-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის ე-–----------------–---–ის გამოკითხვის ოქმის, მოწმეების ლ---------------ის, გ-----–---–-----ის, ვ-–---------------–---–ის და ირ---–-----–--ის გამოკითხვის ოქმების, მსჯავრდებულ გ---------–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების, ასევე ამოღებული ნივთმტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ---------–-------ემ ჩაიდინა თევზჭერა აკრძალული იარაღით, აკრძალულ დროს.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ---------–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, გ---------–-------ე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. შესაბამისად სსკ-ის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, მსჯავრდებულ გ---------–-------ეს დაენიშნა სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და თვლის, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ გ---------–-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული მსუბუქი სასჯელი ვერ მოახდენს დანაშაულის პრევენციას - ახალი დანაშაულის აცილებას, სხვა პირებზე ზემოქმედებას, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური გარემოსათვის უდიდესი ზიანის მომტანი დანაშაული, რაც შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ვარაუდს. ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელია, მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ---------–-------ეს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ---------–-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ---------–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს გ---------–-------ეს (პირადი N-----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 29 ივლისს სს ,,ს----------–--------–-’’ შეტანილი, გ---------–-------ის საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს გ---------–-------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
სახლართი ტიპის ბადე და უკანონოდ მოპოვებული თევზი, რომლებიც ინახება მცხეთის შსს რაიონული სამმართველოში, განადგურდეს, რომლის აღსრულება დაევალოს პოლიციის დასახელებულ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი