განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
140100118002771126
ინსტანცია
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002771126

საქმე №1ბ/1513-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი----------–---–-;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - დ-------------–---–ი (დაბადებული 1----–-–------------–ს, პ/ნ 3----------, ნასამართლევი, მცხოვრები გ----–----------------------–---–----------ში);

 

ადვოკატი - ზ-------------ი;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლით - ყაჩაღობისათვის ნასამართლევმა დ-------------–---–მა 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ----–-----------–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ---------–---–ს სავაჭრო მაგიდიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ბეჭედი და 34 ლარი, რის შემდეგ მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ნ---------–---–ს მიადგა 374 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით დ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ადვოკატმა ზ-------------მა.

 

ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი----------–---–მა.

3. მხარეთა პოზიციები:

დაცვის მხარის პოზიციით, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დაუსაბუთებელია და უკანონო, შემდეგ გარემოებათა გამო: ვისაც არ უნდა ჩაედინა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არანაირი ძარცვის ნიშნები არ იკვეთება, არამედ სახეზეა ქურდობაა, რადგან ხელჩანთის აღება არავის დაუნახავს ანუ ქმედება ფარულად განხორციელდა. რაც შეეხება მიმალვას (შემთხვევის ადგილიდან გაქცევას) მას შემდეგ, რაც გამოვლინდა ფაქტი, არ გვაძლევს „აშკარა დაუფლებას“ - ამდენად შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო ქურდობით - სსკ-ის 177-ე მუხლით. რაც შეეხება დ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებით დგინდება საპირისპირო, რომ დ-------------–---–ს დანაშაულ არ ჩაუდენია, იგი დაისაჯა მხოლოდ იმისათვის რომ წარსულში ნასამართლევი. „ამოცნობა“ ფარსია არამარტო იმიტომ რომ სასამართლო განხილვისას დაზარალებულმა ვერ დაასახელა რა ნიშნებით ამოიცნო დ-------------–---–ი, არა იმიტომ რომ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი გიორგი ჯაშიაშვილი, რომელმაც შეიტყო რა რომ მის მაგივრად დააკავეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი გამოცხადდა სამართალდამცავებთან და განაცხადა, რომ მან ჩაიდინა ის ქმედება რისთვისაც უკანონოდ ისჯებოდა უდანაშაულო ადამიანი, არამედ იმიტომ რომ დ-------------–---–ი ითხოვდა კამერების ჩანაწერების ამოღებას ყველგან სადაც განთავსებულია ვიდეოკამერები, რათა დაემტკიცებინა თავის სიმართლე, მაგრამ რატომღაც ვიდეოკამერები არ მუშაობდა. რაც შეეხება საკითხს, რამდენად სარწმუნოა დაზარალებულ - ნ---------–---–ის ჩვენება და ამოცნობა, განაჩენის მიხედვით დაზარალებულმა განმარტა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს დაახლოვებით 19:20 საათზე, ახალი დაბინდებული იყო, თუმცა გარე განათებაც ენთო, აალაგა თავისი საქონელი, თავის ხელჩანთა კი მეუღლის - გ------------------ის სავაჭრო მაგიდაზე დადო, რომელიც ასევე მაშინ როცა განაჩენშივე არის მითითებული, რომ შეტყობინების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 6 ნოემბერს , 18:33 საათზე „112“-ში ტელეფონით რეკავს გ------------------ე და აცხადებს, რომ ჩანთა გასტაცეს. ანუ თუ დავუჯერებთ დაზარალებულს და მის მეუღლეს, მათი მითითებული დროით 19-20 საათამდე მოხდა ფაქტი, როცა მათ „გასტაცეს“ ხელჩანთა პოლიციაში შეტყობინება კი მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გააკეთეს ანუ წინასწარ იცოდნენ რომ 18:33 საათზე მათ ხელჩანთას გასტაცებდნენ. გარდა ამისა, გამოძიების ვერსიის გაზიარებისასაც კი წარმოუდგენელია დ-------------–---–ი დროის მცირე მონაკვეთში დახვედროდა შვილს, მაქსიმუმ 10 წუთში მისულიყო შემთხვევის ადგილზე, გაეტაცა დაზარალებულის ხელჩანთა, გაეაფუჭებინა ვიდეოსათვალთვალო კამერები, რათა პოლიცია დაებნია, უფრო დიდი სისწრაფით გაქცეულიყო უკან, რათა მიესწროს კომპიუტერული თამაშისთვის, მისულიყო წყნარად სახლში და ეთამაშა კომპიუტერზე. დაცვის მხარის მტკიცებიუთ, თითქმის ყველა მტკიცებულება პირდაპირ უთითებს დ-------------–---–ის უდანაშაულობაზე.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

დაზარალებულმა ნ---------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ბაზარში. 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19-20 საათზე, ახალი დაბინდებული იყო, თუმცა გარე განათება ენთო, აალაგა საქონელი, თავისი ხელჩანთა კი მეუღლის - გ------------------ის სავაჭრო მაგიდაზე დადო, რომელიც ასევე ვაჭრობს. ხელჩანთაში მოთავსებული ჰქონდა თანხა 30 ლარამდე, საბანკო ბარათები და დაახლოებით 300 ლარამდე ღირებულების ოქროს ბეჭედი, ბრილიანტის თვლებით. ნ---------–---–ი თავის მაგიდასთან დაბრუნდა იმის შესამოწმებლად, ხომ არაფერი დარჩა. როდესაც გამობრუნდა თავისი მეუღლის მაგიდისაკენ, დაინახა, რომ მისი ხელჩანთა დ-------------–---–ს ჰქონდა აღებული, ,,მიხუტებული“ და მიდიოდა. მას ეცვა ჭაობისფერი კაპიშონიანი მაისური. ნ---------–---–მა ჩანთას ხელი მოკიდა და დაუძახა - ,,სად მიგაქვს ჩემი ჩანთაო“, მაგრამ ჩანთის ყურზე ხელი აუსხლტა, დ-------------–---–ი კი გაიქცა. ნ---------–---–მა დაიძახა ,,მიშველეთო“. მძარცველს დაედევნა ნ---------–---–ის მეუღლე და მის მოპირდაპირე მხარეს მოვაჭრე - მ----- გოგოლაური, მაგრამ გაექცათ. როდესაც მობრუნდა, გ------------------ემ დარეკა პოლიციაში. დაზარალებულმა მოგვიანებით ამოიცნო დ-------------–---–ი. ის კარგად დაამახსოვრდა მაშინ, როდესაც ჩანთის წართმევას ცდილობდა - ამ დროს მის პირისპირ იდგა. ასევე ჩართული იყო განათებაც. ბრალდებულს ვიზუალურად იცნობს ქალაქიდანაც. გარდა ამისა, დ-------------–---–ი ამავე დღეს, დაახლოებით 16 საათზე დაინახა ბაზარში არსებული მობილური ტელეფონების მაღაზიაში, სადაც დიდხანს იდგა. იგი მთელი დღე ბაზრის ტერიტორიაზე ,,ტრიალებდა“. დაზარალებული ითხოვს ზარალის ანაზღაურებას.

 

დაზარალებულის მეუღლე გ------------------ემ განმარტა, რომ ვაჭრობს გორში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ბაზარში. 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19 საათზე დაამთავრა მუშაობა და ალაგებდა საქონელს, რა დროსაც დაუძახა მეუღლემ - ,,ჩანთა გამტაცესო“. ამ დროს თავად დ-------------–---–იც მის პირდაპირ, დაახლოებით ნახევარ მეტრში აღმოჩნდა, ლურჯი კაპიშონიანი მაისური ეცვა, ხელში ნ---------–---–ის ჩანთა ეჭირა. მას გაეკიდა თავად და იქვე მყოფი მოვაჭრე - მ-----ი, მაგრამ ვერ დაიჭირეს. მან დარეკა პოლიციაში, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ ამოიცნო დ-------------–---–ი. ბრალდებული ჩანთის გატაცებამდე რამდენიმე საათით ადრე - დაახლოებით 15 საათზე ნახა ბაზარში, სხვა პირთან ერთად. ისინი ტელეფონის ნომერს ყიდულობდნენ. გარდა ამისა, როდესაც მისდევდა, გაქცეულმა რამდენჯერმე მოიხედა უკან.

 

ბრალდებულის მეუღლემ, ლ--–--------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, 18 საათზე დ-------------–---–ი ქუჩაში ბავშვს დახვდა და სახლში მოიყვანა, რის შემდეგაც სახლიდან აღარ გასულა, კომპიუტერთან იჯდა და ინტერნეტში თამაშობდა - ,,ჯეკპოტს ელოდებოდა“.

 

მოწმე ჯ-------------ემ განმარტა, რომ არის დ-------------–---–ის მეგობარი. 2018 წლის 6 ნოემბერს, დღის განმავლობაში, დაახლოებით 13-14 საათამდე ისინი ერთად იმყოფებოდნენ ქალაქში. საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე მას დაურეკა დ-------------–---–მა. 19 საათიდან კი დაიწყეს ინტერნეტ თამაში, რა დროსაც ბრალდებული პერიოდულად ურეკავდა მას. თამაშობდნენ ღამის 12 საათამდე. იყენებდნენ სხვადასხვა ,,ნიკს“, მათ შორის - ,,ო------“, ,,დ------------“, ,,ბ-------“, ,,ზ-------“. ჯ-------------ე იყენებდა თავის პერსონალურ კომპიუტერს, დარეგისტრირებულია ,,კრისტალბეთზე“. ინტერნეტში თამაშისათვის ტელეფონით არასოდეს უსარგებლია.

 

მოწმე გიორგი ქებაძემ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს მიკროავტობუსი, რომლითაც დაჰყავს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. 2018 წლის 6 ნოემბერს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 17:50 საათისთვის მან დ-------------–---–ის ბავშვი მიიყვანა მათ სახლთან ახლოს, სადაც დახვდა ბავშვის მამა და წაიყვანა თავისი შვილი.

 

ბრალდებულმა დ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 17:40-17:45 საათზე მოიყვანეს მისი შვილი, რომელიც შეიყვანა სახლში, ცოტა ხანს ეთამაშა მას. დაურეკა თავის მეგობარ ჯანოს, დაჯდა კომპიუტერთან, სადაც გახსნილი ჰქონდა ,,ფეისბუკის“ და ინტერნეტ თამაშების გვერდი, კვლავ დაურეკა ჯ-------------ეს და დაიწყო თამაში რამდენიმე ,,ნიკით“ - ,,დ------------“, ,,ბ-------“, ,,ზ-------“. 18-დან 20 საათამდე მან სამჯერ დარეკა ჯ-------------ესთან. თამაშობდა მხოლოდ კომპიუტერით. თამაში გააგრძელა დაახლოებით ღამის 12 საათამდე. იგი რეგისტრირებულია ინტერნეტ თამაშების გვერდ ,,კრისტალბეთზე“, სარგებლობდა ტელეფონის ნომრით - 5-----------.

 

შეტყობინების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 6 ნოემბერს, 18:33 საათზე ,,112“-ში ტელეფონით რეკავს გ------------------ე და აცხადებს, რომ ჩანთა გასტაცეს.

 

,,IP“ მისამართის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დ-------------–---–ის სახლში არსებული პორტატული კომპიუტერის ინტერნეტ მისამართია 212.58.103.82.

 

შპს ,,მარსიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტ მისამართზე - 212.58.103.82 - ,,ნიკები“ - ,,დ------------“ 2018 წლის 6 ნოემბრის 16:38-დან 19:30 საათამდე, ,,ბ-------“ – 16:48-დან 19:29 და ,,ზ-------“ – 16:49-დან 19:31 საათამდე აქტიური არ არის.

 

,,მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დ-------------–---–ის ტელეფონის ნომერი - 5----------- - 2018 წლის 6 ნოემბერს აქტიურია 17:23, 18:56, 19:03 და 19:13 საათებზე.

 

პირის ამოცნობის ოქმების მიხედვით, 2018 წლის 7 ნოემბერს ნ---------–---–მა და გ------------------ემ ამოიცნეს დ-------------–---–ი.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით, სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით) დ-------------–---–ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ბრალდებიდან ამოერიცხა 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ქმედება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

შესაბამისი ცნობით, დ-------------–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 24 დეკემბერს, სასჯელის სრულად მოხდის შედეგად.

 

სააპელაციო სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია დ-------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ-------------–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 ივნისის განაჩენით ნასამართლევია 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ბრალდებიდან ამოერიცხა 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ქმედება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

დ-------------–---–მა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მოიხადა 2012 წლის 24 დეკემბერს.

 

ამდენად, ბრალად წარდგენილი ქმედების დროს - 2018 წლის 6 ნოემბერს მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.

 

ნ---------–---–ი და მისი მეუღლე - გ------------------ე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩანთა დ-------------–---–მა გაიტაცა. დაზარალებული მის პირისპირ იდგა, მანამდეც შენიშნა ბაზარში და კარგად დაიმახსოვრა. გ------------------ეც აღნიშნავს, რომ დ-------------–---–ი მის პირისპირ აღმოჩნდა გაქცევისას. ამ უკანასკნელმა დევნისას სამჯერ მოიხედა უკან. დაზარალებულმა და მისმა მეუღლემ ბრალდებული ამოიცნეს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით. გ------------------ემ პოლიციაში მას შემდეგ დარეკა, რაც ჩანთის გამტაცებელს ვერ დაეწია. ირკვევა, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას შეატყობინეს 18:33 საათზე. ბრალდებულიც აღნიშნავს, რომ როდესაც ბავშვი სახლში მიიყვანა (დაახლოებით 18 საათზე) ჯერ კიდევ არ ბნელოდა. დაზარალებულის ჩვენებით, ჩართული იყო გარე განათებაც. ამდენად, სრულიად შესაძლებელია ამგვარ ვითარებაში პირის დამახსოვრება, მით უფრო, თუ იგი არაერთხელ გინახავს, მათ შორის - მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე საათით ადრეც. საქმის მასალებით დ-------------–---–ის მიმართ არ იკვეთება რაიმე ინტერესი არათუ დაზარალებულისა და მისი მეუღლის, არამედ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდანაც. აღნიშნული არ იკვეთება თავად ბრალდებულის ჩვენებით;

 

დ-------------–---–ის მტკიცებით, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა სახლში და ინტერნეტში სხვადასხვა აზარტული თამაშით იყო დაკავებული. სწორედ ამის გამო ბრალდების მხარემ მოიპოვა და წარმოადგინა დ-------------–---–ის მიერ დასახელებული ,,ნიკების“ - ,,დ------------“, ,,ბ-------“, ,,ზ-------“ - სათამაშო ისტორია. ირკვევა, რომ დ-------------–---–ის კომპიუტერის ,,IP“ მისამართით სამივე ,,ნიკი“ 2018 წლის 6 ნოემბერს აქტიურია 17 საათამდე, რის შემდეგ თანმიმდევრულად აქტიურდება მხოლოდ 19:29, 19:30 და 19:31 საათიდან. ამასთან, დ-------------–---–ის ტელეფონის ნომერი - 5------------ - 2018 წლის 6 ნოემბერს აქტიურია 17:23, 18:56, 19:03 და 19:13 საათებზე;

 

დაცვის მხარემ წარმოადგინა სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაბეჭდი, რომლის მიხედვით 2018 წლის 6 ნოემბერს დ-------------–---–ი მობილური ტელეფონით (5-----------) ესაუბრა ჯ-------------ეს (5-----------) 18:25; 18:54 და 19:56 საათზე. ამ მოტივით დაცვის მხარე გამოძიების ეტაპზე ითხოვდა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას. გარდა იმისა, რომ წუთობრივად არ არის დადგენილი დანაშაულის ჩადენის დრო და თუნდაც ამ დროს - 18:25 საათზე - განხორციელებული ზარი არ გამორიცხავს დ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, ირკვევა, რომ 2018 წლის 6 ნოემბრის 18:24-დან 18:25 საათამდე ჯ-------------ის მობილურ ტელეფონზე ზარი განხორციელდა არა დ-------------–---–ის ნომრიდან - 5-----------, არამედ სხვა ნომრიდან - 5-----------, რომელიც ეკუთვნის გიორგი ტერმაკოზაშვილს.

 

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მტკიცება, თითქოს ძარცვა ჩაიდინა არასრულწლოვანმა გ-----------–--–---–მა. დაზარალებულმა და მისმა მეუღლემ გამოძიების ეტაპზევე გამორიცხეს დანაშაულის არასრულწლოვანის მიერ ჩადენა და აღნიშნეს, რომ გ-----------–--–---–ს პირველად ხედავდნენ. ბუნებრივია, წარმოუდგენელია ნ---------–---–სა და გ------------------ეს 17 წლის გ-----------–--–---–ი შეშლოდათ 32 წლის დ-------------–---–ში, რომელიც, როგორც აღინიშნა, მანამდე არაერთხელ ჰყავდათ ნანახი.

 

ამდენად, უტყუარად არის დადასტურებული, რომ სსკ-ის 179-ე მუხლით ნასამართლევმა დ-------------–---–მა ნ---------–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ბეჭედი და 34 ლარი, რითაც ნ---------–---–ს მიადგა 374 ლარის ოდენობით ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ დ-------------–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის 25-ე თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

დაცვის მხარის მტკიცებით, დ-------------–---–ისთვის წარდგენილი ქმედება, მიუხედავად იმისა, ვინ ჩაიდინა იგი, არ შეიცავდა ძარცვის ნიშნებს, არამედ, გამოძიებისვე ვერსიის გაზიარებისას სახეზე იყო ქურდობის შემადგენლობა, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: დაწყებული ქურდობა შეიძლება გადაიზარდოს სხვა დანაშაულში, როდესაც დამნაშავემ გააცნობიერა სხვა პირისათვის მისი დანაშაულებრივი მოქმედება, მაგრამ იგი მაინც განაგრძობს ქონების დაუფლებას. ასეთი შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ძარცვა, ანუ სხვისი ქონების აშკარა დაუფლება. ხოლო თუ დამნაშავე ამჩნევს ამჩნევს სხვა პირთათვის მისი მოქმედების აშკარა ხასიათს და წყვეტს დანაშაულებრივ საქმიანობას, ეს უკვე ქურდობის მცდელობად უნდა ჩაითვალოს (იხ. ,,სისხლის სამართლის კერძო ნაწილი“ ავტორთა კოლექტივი: მზია ლეკვეიშვილი, ნონა თოდუა, გოჩა მამულაშვილი, გამომცემლობა ,,მერიდიანი“ თბილისი 2017).

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით ნასამართლევმა დ-------------–---–მა ნ---------–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ბეჭედი და 34 ლარი, რითაც ნ---------–---–ს მიადგა 374 ლარის ოდენობით ზიანი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ძარცვა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ნიშნები, რისთვისაც დ-------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ-------------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარება/სხვისი ქონების დაუფლება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის ურყევ ნებას, დაზარალებულის წინააღმდეგობის მიუხედავად დაუფლებოდა მის ნივთებს), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული), დამნაშავის პიროვნებას (ხასიათდება დადებითად), მის პირადი და ოჯახურ პირობებს (ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი) და მიაჩნია, რომ სასჯელის სახე და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–ის ადვოკატის ზ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი;

 

დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 7 ნოემბრიდან;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი