განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002935643
საქმე #1ბ/1854-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა------–------ის
ადვოკატის: რ---–-------------ის
მსჯავრდებულის: ბ-----------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ბ-----------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------–-–---–-------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ბრალდების კვალიფიკაცია).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ-----------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ-----------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აგვისტოში, ქ-------–--–-------–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ბ-----------–-–---–მა მეუღლეს - ნ-------------–--ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელები სხეულის სხვადასხვა არეში.
2019 წლის 7 მარტს, ქ-------–--–-------–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ბ-----------–-–---–ს შელაპარაკება მოუვიდა შვილთან - ე-–----------–-–---–თან, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ბ-----------–-–---–ის მეუღლე - ნ-------------–--ე, რომელსაც, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გულ-მკერდის არეში ჰკრა ხელი და უთხრა - შესულიყო თავის ოთახში. ე-–----------–-–---–ი ჩადგა მათ შორის და მიუხურა საძინებელი ოთახის შემინული კარი, რომლის უკანაც იდგა ე-–----------–-–---–ი. მიუხედავად იმისა, რომ ბ-----------–-–---–ისათვის ცნობილი იყო, რომ მინის კარის უკან იდგა ე-–----------–-–---–ი, მან ხელი ძლიერად დაარტყა კარის მინას, რომელიც ჩაიმსხვრა და შუშის ნამსხვრევები ე-–----------–-–---–ს სახეში შეეყარა, ერთ-ერთი ნამსხვრევი ცხვირში შეერჭო და სისხლი წამოუვიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:
ბ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდში).
ბ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ნ-------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი).
ბ-----------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (ე-–----------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დააუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ბ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
ბ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა - სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბ-----------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციისა და სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ-----------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ-----------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ შეფასებას ბრალდების ამ ეპიზოდებში გამართლებულ ბ-----------–-–---–თან დაკავშირებით.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ-----------–-–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------–-–---–თან ერთად ნ-------------–--ის მიმართ ძალადობა - 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს ამ ეპიზოდებში ბრალდების კვალიფიკაციით საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - დ----------–---–---–ის, ლ-----–----–-–---–ის (პატრულ-ინსპექტორები), ზ--------------–-–---–ის, თ------------–---ის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები) გამოკითხვის ოქმებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------–-–---–თან ერთად ნ-------------–--ის მიმართ ძალადობა - 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) ბ-----------–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. ბ-----------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ ე-–----------–-–---–ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. რაც შეეხება დაზარალებულს, ნ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ, შესაძლოა, გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ნ-------------–--ემ (ბ-----------–-–---–ის მეუღლე) გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ბ-----------–-–---–ის მეუღლემ ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ბ-----------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------–-–---–თან ერთად ნ-------------–--ის მიმართ ძალადობა - 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება მოწმეების - დ----------–---–---–ის, ლ-----–----–-–---–ის (პატრულ-ინსპექტორები), ზ--------------–-–---–ის, თ------------–---ის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები) გამოკითხვის ოქმებს, აღნიშნულ მოწმეთა მიერ გამოძიებაში გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება ბ-----------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------–-–---–თან ერთად ნ-------------–--ის მიმართ ძალადობა - 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ამასთან, თავად დაზარალებულ ნ-------------–--ის სასამართლოზე მიცემული ჩვენება არ არსებობს (როგორც აღინიშნა, არ მისცა ჩვენება სასამართლოში ახლო ნათესავის წინააღმდეგ), ხოლო დაზარალებულმა ე-–----------–-–---–მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2019 წლის 7 მარტის ინციდენტის დროს, ნ-------------–--ისათვის ბ-----------–-–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამდენად, ტკივილის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულ ნ-------------–--ის შეფასება არ არსებობს. ასევე საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------–-–---–თან ერთად ნ-------------–--ის მიმართ ძალადობა - 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ბ-----------–-–---–მა 2017 წლის აგვისტოში და 2019 წლის 7 მარტს ჩაიდინა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდებში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ბ-----------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ბ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე-–----------–-–---–თან ერთად ნ-------------–--ის მიმართ ძალადობა - 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ-----------–-–---–ის მიერ 2019 წლის 7 მარტს შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ე-–----------–-–---–ის ჩვენებით, ბრალდებულ ბ-----------–-–---–ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - დ----------–---–---–ის, ლ-----–----–-–---–ის, ზ--------------–-–---–ის, თ------------–---ის გამოკითხვის ოქმებით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (2019 წლის 7 მარტის დაზარალებულ ე-–----------–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელის რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შესახებ.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ბ-----------–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ბ-----------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბ-----------–-–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი არის ორი შვილის მამა და ოჯახის მარჩენალი, შერიგებულია დაზარალებულთან და აგრძელებენ ერთ ოჯახად ცხოვრებას, აგრეთვე, ბ-----------–-–---–მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა უდიდესი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ბ-----------–-–---–ის მიმართ, როგორც გამამართლებელ, ისე გამამტყუნებელ ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ-----------–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი ბ-----------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ბ-----------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდში);
ბ-----------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს ნ-------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი);
ბ-----------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 7 მარტის დაზარალებულ ე-–----------–-–---–ის ეპიზოდი). ბ-----------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 7 მარტის დაზარალებულ ე-–----------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
ბ-----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ბ-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
პირობით მსჯავრდებულ ბ-----------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევი, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე