განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
190100119003052880
ინსტანცია
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003052880

საქმე №1ბ/1800-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ-----------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა----- ი-----–---ი, დაბადებული 1----–-–-----------–------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-------–--;

 

ადვოკატები: გ--–------–--–---–ი, კ----------------ე.

 

თარჯიმანი: ა---------–---------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6(ექვსი) წელი. მასვე, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება1(ერთი)წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------------ემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა----- ი-----–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: ა----- ი-----–---მა გამოძიების ეტაპზე სცადა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა იმაში, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე ვ--------------- მისი თხოვნით უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე. მის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა მოხდა მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებდა მის ბრალეულობას. ა----- ი-----–---მა დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, რა დროსაც მან საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ორი მუხლის მოთხოვნები. ამით შექმნა საფრთხე მძიმე შედეგის დასადგომად და სიმთვრალით კიდევ უფრო მეტი ალბათობით, დაუშვა მძიმე შედეგის დადგომის საფრთე (რაც დადგა კიდეც), რაც მიუთითებს მის კანონდაუმორჩილებლობასა და კანონისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე. აპელანტის მოსაზრებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას, რომ არ აქვს პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ, ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა დამოკიდებულია არა დაზარალებულის პოზიციაზე, არამედ დამნაშავის პიროვნულ მახასიათებლებზე. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ა----- ი-----–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–------–--–---–მა, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ა----- ი-----–---ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ნ-----------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ა----- ი-----–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ--–------–--–---–მა და კ----------------ემ, მოითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, ა----- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამანაშავედ, მასში რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, გარდაბანი-ვახტანგისის გზიდან გა---------------------------–------–--–ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, დაახლოებით 70 კილომეტრი საათში სიჩქარით, მოძრაობდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა----- ი-----–---ი მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომობილით, რომლის სახელმწიფო ნომერია ,------------ იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, ავტომობილით მოძრაობის დროს მან არ გაითვალისწინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება, ასევე არ გაითვალისწინა ამავე კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში - თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის არ არსებობის შემთხვევაში - სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი, რომელიც განლაგებულია მარცხნივ.

ა----- ი-----–---ის მიერ უგულებელყოფილი იქნა რა ავტომობილით მოძრაობისას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ მოძრაობდა დასახლებულ პუნქტში და არ შეარჩია შესაბამისი სიჩქარე, რომელიც მისცემდა საშუალებას დაეცვა მოძრაობის უსაფრთხოება, არ შეარჩია სწორად მისი სავალი გზის ზოლი და გადავიდა საპირისპიროდ მოძრავი ა/მანქანების სავალ ზოლში, სადაც გზის ნაპირას, მოასფალტებული ნაწილიდან ერთ მეტრში იდგა ე-––--- ა--------ი, რის გამოც დაბრკოლების წარმოქმნისთანავე ვერ უზრუნველყო ა/მანქანის გაჩერება და თავის სავალ ნაწილზე გადასვლა და შეეჯახა ე-––--- ა--------ს. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ე-––--- ა--------ი გარდაცვალა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, ა----- ი-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6(ექვსი)წელი.

მასვე, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1(ერთი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა----- ი-----–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა----- ი-----–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: რ---–-----–------------------–--------------–----------------------–-------------–---------------------–----------------–--–------------ ა--------ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ავტოტექნიკური, სასამართლო-სამედიცინო, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სატრანსპორტო -ტრასოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებთ და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა----- ი-----–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა----- ი-----–---მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა----- ი-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, შეურიგდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელსაც აუნაზღაურდა მატერიალური ზიანი და პრეტენზია არ გააჩნია.

ა----- ი-----–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ა----- ი-----–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა დანაშაული მთვრალ მგომარეობაში, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ორი მუხლის მოთხოვნები, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი- ადამინის გარდაცვალება, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ა----- ი-----–---მა მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება და მძიმე შედეგი წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ა----- ი-----–---მა გაუფრთხილებელი დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა ერთი ადამიანის გარდაცვალება, მისი ქცევა გამოძიების ეტაპზე, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა----- ი-----–---ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ა----- ი-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა----- ი-----–---ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, შეურიგდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (მსჯავრდებულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აუნაზღაურა ზიანი, მან განცხადებით მიმართა რუსთავის რაიონულ პროკურატურას, რომ თანახმა იყო ა----- ი-----–---თან საპროცესო შეთანხმების დადების, ასევე მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და ითხოვა მიეცა განმარტება საქმესთან დაკავშირებით, სადაც ასევე აღნიშნა, რომ თანახმა იყო მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენებაზე და არ აქვს მასთან არანაირი პრეტენზია),ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ა----- ი-----–---ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ა----- ი-----–---ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა----- ი-----–---ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ა----- ი-----–---ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, სააპელაციო პალატის შეფასებით, ა----- ი-----–---ის მიმართ დამატებითი მექანიზმის გამოყენებით, ძირითად სასჯელთან ერთად მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1(ერთი) წლის ვადით ჩამორთმევით, სრულად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა----- ი-----–---ის მიმართ, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა----- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 6(ექვსი)წელი.

მასვე, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1(ერთი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა----- ი-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ა----- ი-----–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ა----- ი-----–---ის ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებს შემდგომ, დაუბრუნდეს ა----- ი-----–---ს, ხოლო ა----- ი-----–---ის და ე-––--- ა--------ის ტანსაცმელი, ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი