განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
330210018002516127
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002516127

საქმე №2ბ/667-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - რ---------------–-–---–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ---------------ე

მოწინააღმდეგე მხარეები - რ----------–--–--ე, ნ-----------–--ე (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი - დ-----------–-–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. რ----------–--–--ემ და ნ-----------–--ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე რ---------------–-–---–ის მიმართ და 3 400 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.

 

2. რ----------–--–--ე და ნ-----------–--ე სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდნენ:

მოსარჩელეები არიან მეუღლეები. 2----–-–-----------------ს ნათია ხ---–--–---მ 4 000 ევრო, რომელიც მეუღლეთა საერთო ქონებას წარმოადგენდა, გადაურიცხა მოპასუხე რ---------------–-–---–ს, რომელიც რ----------–--–--ეს და მის შვილს, მ-----–-----–--–--ეს პირდებოდა შვედეთში დასაქმებაში დახმარებას. 2017 წლის 23 სექტემბერს რ----------–--–--ე და მ-----–-----–--–--ე ჩაფრინდნენ შვედეთში, თუმცა, მათ ადგილზე არავინ დახვდათ. შესაბამისად, არავინ იყო მათ დასაქმებაზე პასუხისმგებელი. მოსარჩელე და მისი შვილი ჩაბარდნენ შვედეთის საემიგრაციო სამსახურს, დაახლოებით რვა თვის შემდეგ კი დაბრუნდნენ საქართველოში.

სარჩელის მიხედვით, რ----------–--–--ე და მ-----–-----–--–--ე გახდნენ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის მსხვერპლი. ამ ჯგუფის წევრს ასევე წარმოადგენდა მოპასუხე რ---------------–-–---–ი, რომელიც მოსარჩელეებს დაპირდა ფაქტობრივად შუამავლობას შვედეთის რესპუბლიკაში სამსახურში მოწყობის საქმეში და რომელმაც უსაფუძვლოდ მიითვისა მოსარჩელეთა კუთვნილი თანხა.

მოსარჩელეებმა მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვეს თანხის გადახდა, თუმცა მხოლოდ 600 ევრო დაიბრუნეს.

 

3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით რ---------------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს მას დაუკავშირდა ვინმე ნ-----------–--ე, რომელთანაც მანამდე კონტაქტი არ ჰქონია და უთხრა, რომ მას მისი საკონტაქტო ნომერი მისცა ლ--–--------–---მ და მისივე თხოვნით დაურიცხა ანგარიშზე თანხა. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ეს თანხა იყო რ----- და მ-----–-----–--–--ეების დასაქმებისთვის. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა გადასცა თ----------–---–---–ს და ლ-----------–-–---–ს. იგი არ იცნობს მოსარჩელეებს და შესაბამისად, არ მიუცია მათთვის შვედეთში დასაქმების პირობა, ვინაიდან მათ შორის არ ყოფილა ამის თაობაზე რაიმე სახის მოლაპარაკება. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მ-----–-----–--–--ე დასაქმდა შვედეთში. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა პრეტენზია მის მიმართ, ვინაიდან მათ შორის არ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ----------–--–--ის და ნ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ---------------–-–---–ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 3 400 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---------------–-–---–ი იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომლის საქმიანობის შედეგად მოსარჩელეებს შეექმნათ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების ცრუ მოლოდინი.

სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-4, 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შედეგად უდავოდ დასტურდებოდა, რომ რ---------------–-–---–მა მიიღო გარკვეული გასამრჯელო დასაქმების ორგანიზებაში მონაწილე პირებისათვის გაწეული დახმარებისათვის. სასამართლოს განმარტებით, შესაძლებელია მისი მონაწილეობა მხოლოდ თანხის ანგარიშზე მიღებითა და სხვებისათვის გადაცემით იყო შემოფარგლული, მაგრამ თუნდაც ეს გარემოება საკმარისი იყო იმისათვის, რომ რ---------------–-–---–ი საზღვარგარეთ დასაქმების ორგანიზატორთა ჯგუფის წევრად ყოფილიყო მიჩნეული, ვინაიდან, მას გააჩნდა კონკრეტული მოქმედებების შესრულების ვალდებულება.

მოწმეთა დაკითხვის შედეგად, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ რ---------------–-–---–ი სწორედ ის პირი იყო, რომლის მეშვეობით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს და ჩამოაყალიბეს საზღვარგარეთ დასაქმების ზოგადი კონცეფცია. საგულისხმო იყო ასევე ის გარემოება, რომ დასაქმების ჩაშლის შემდეგ, რ---------------–-–---–ი პირადად ზრუნავდა საზღვარგარეთ გამგზავრებული პირების უკან დაბრუნებაზე და რამდენიმეს თავად დაუბრუნა კიდევაც გასამრჯელოს სახით მიღებული თანხები, რაც ასევე დამატებითი არგუმენტი იყო მისი პასუხისმგებელ პირად მიჩნევისათვის, თუმცა ეს არ გამორიცხავდა რეგრესულ მოთხოვნას დასაქმების ორგანიზებაში მონაწილე სხვა პირების მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ რ---------------–-–---–ისათვის თანხის ჩარიცხვით და მოპასუხის მიერ ამ თანხების მიღებით, მოსარჩელეებს შეექმნათ ობიექტური მოლოდინი იმისა, რომ მას ხელეწიფებოდა მოსარჩელეთათვის სასურველი შედეგის დადგომა.

რ---------------–-–---–ის მიერ წარმოდგენილ მიმოწერასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 102.3. მუხლზე და განმარტა, რომ იგი არ იყო სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის გამოც სასამართლო მას ვერ მიანიჭებდა მტკიცებულების ძალას. მტკიცებულების სახით მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მესამე პირებთან - ლ--–--------–---სთან და თ-----------–---–---–თან საუბრებთან მიმართებით, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სატელეფონო საუბარი მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად იყო ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევით იყო მოპოვებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნული ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის კონტექსტში.

რაც შეეხება დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლოს მოსაზრებით, მოწმეთა ჩვენებები არათუ გამორიცხავდა მოპასუხის პასუხისმგებლობას, არამედ ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა იმაზე, რომ საზღვარგარეთ დასაქმებაში მონაწილე პირები მოქმედებდნენ მოპასუხესთან ერთად, საერთო შეთანხმების საფუძველზე. წარმოდგენილი ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე და დაკითხულ მოწმეთა უმეტესობა, ერთობლივად ახორციელებდნენ უცხო ქვეყანაში გამგზავრებისა და დასაქმებისათვის ორგანიზაციულ საქმიანობას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის შვედეთის სახელმწიფოში დასაქმება.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 992-ე მუხლით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უცხო სახელმწიფოში დასაქმების პირობა შეაფასა სწორედ მართლსაწინააღმდეგო პირობად. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ იკვეთებოდა მოპასუხის ბრალეული ქმედება გამოხატული განზრახვის ფორმით, ვინაიდან, მისთვის იმთავითვე, მოლაპარაკებების დროსაც და თანხის მიღებისთანავე, ცნობილი ოყო რომ მას არ შეეძლო უზრუნველეყო მოსარჩელეთათვის სასურველი შედეგის დადგომა - შვედეთში დასაქმება. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს შეფასებით მიუთითებდა დელიქტური პაუსიხმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ---------------–-–---–მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ არ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხ---–--–---ები ქუთაისში ჩავიდნენ და ყველა პირობებზე მოელაპარაკნენ ლ--–--------–---ს. მას შეუთანხმდენ შვედეთში გამგზავრებაზე და გამგზავრებასთან დაკავშირებით ყველა პირობაზე, მათ შორის ანაზღაურებაზე. რ---------------–-–---–ი მათ არ უნახავთ და არც მისი არსებობა იცოდნენ.

აპელანტის მითითებით, თანხის ჩარიცხვა ნამდვილად განხორციელდა რ---------------–-–---–ის ანგარიშზე, რაც შემდეგში მან გადაურიცხა თ----------–---–---–ს და ასევე, ხელზე გადასცა ლ---------–-–---–ს და ქ---------–---–--ეს. ამ ფაქტს მოწმეები თავად ადასტურებენ. კ----–-–---–ის მონაწილეობა ამ საქმეში მოხდა უშუალო დამსაქმებლების თხოვნის საფუძველზე. რ---------------–-–---–ს არ მიუღია არანაირი გასამრჯელო აღნიშნულ საქმიდან და შესაბამისად, არც თანხა დაუბრუნებია. ხ---–--–---ებს ქ---------–---–--ის მიერ მიღებული თანხა დაუბრუნდათ.

აპელანტის განმარტებით, ხ---–--–---ები დასაქმდნენ შვედეთში, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და დაბრუნდნენ საქართველოში.

სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა პროცესზე მითითებულ ახსნა-განმარტებებს და რ---------------–-–---–ი მიიჩნია ორგანიზებული ჯგუფის წევრად, რომლის საქმიანობის შედეგად მოსარჩელეებს შეექმნათ საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების ცრუ მოლოდინი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რ---------------–-–---–მა მხოლოდ შეახვედრა ორი პიროვნება - ლ--–--------–--- და თ----------–---–---–ი ერთმანეთს. შემდეგ რ---------------–-–---–ს არანაირი შეხება არ ჰქონია ამ საქმესთან, გარდა იმ მომენტისა, როდესაც მას სთხოვეს თავის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.

სასამართლომ არასწორად ჩათვალა ის გარემოება, რომ კ----–-–---–ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა წარმოშობს მისი მხრიდან ხ---–--–---ების მიმართ პასუხისმგებლობას. სასამართლო პროცესზე რ---------------–-–---–მა და მოწმეებმა დააფიქსირეს, რომ კ----–-–---–ი იყო მხოლოდ აღნიშნული თანხის გამტარი და სხვა არანაირი ვალდებულება მას ხ---–--–---ების მიმართ არ ჰქონია. ასევე, არასწორად მიიჩნია სასამართლომ ის გარემოება, რომ კ----–-–---–მა გასამრჯელო მიიღო.

მიმოწერასთან მიმართებაში აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ დააკონკრეტა და განმარტა, თუ რა სახით მოპოვებული მტკიცებულება ჩაითვლებოდა კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად. შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ მიიჩნია სასამართლომ მტკიცებულებად ის მიმოწერა, რაც ხდებოდა კ----–-–---–სა და იმ პირებს შორის, ვისაც ვალდებულება ჰქონდა ხ---–--–---ების მიმართ. ამასთან, წარდგენილი სატელეფონო საუბრები ფარულად არ არის ჩაწერილი, რესპონდენტებმა იცოდნენ, რომ ჩაწერა ხდებოდა სასამართლოსთვის და არ უარყოფდნენ ამას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. რ----- ხ---–--–---მ სოციალურ ქსელში „facebook”-ში განთავსებული განცხადებით შეიტყო შვედეთის სამეფოში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, ის ოჯახის წევრებთან ერთად დაუკავშირდა განცხადების ავტორს და ხელშეკრულების არსებითი პირობების შესათანხმებლად ჩავიდა ქ. ქუთაისში. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ შვედეთში ლეგალურად დასაქმების მიზნით რ----------–--–--ე გაემგზავრებოდა შვილთან, მ-----–-----–--–--ესთან ერთად, რის სანაცვლოდაც დასაქმების მსურველ პირებს უნდა გადაეხადათ შეთანხმებული გასამრჯელო დასაქმების უზრუნველყოფისათვის (მხარეთა ახსნა-განმარტებები; მოწმეთა ჩვენებები).

 

9. 2--------- წელს რ----- და მ-----–-----–--–--ეებმა გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი და ჩავიდნენ შვედეთის სამეფოში შემდგომი დასაქმების მიზნით (ტომი 1; ს.ფ. 19-21; პასპორტის ასლები).

 

10. 2--------- წელს რ----- და მ-----–-----–--–--ეების შვედეთის სამეფოში ჩასვლის შემდეგ, 4000 ევრო - დასაქმებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს ნაწილი (ავანსი), შუამავალთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლ--–--------–--ის მითითებით, ნ-----------–--ემ ჩარიცხა მოპასუხე რ---------------–-–---–ის ანგარიშზე (ტომი 1; ს. ფ. 17; სალაროს შემოსავლის ორდერი, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

11. ნ-----------–--ე არის რ----------–--–--ის მეუღლე (ტომი 1; ს.ფ. 18; ქორწინების მოწმობა (ს.ფ.18).

 

12. დადგენილია, რომ რ----- და მ-----–-----–--–--ეები ვერ დასაქმდნენ შვედეთში და დაბრუნდნენ საქართველოში.

 

13. მოსარჩელეებს მოპასუხე რ---------------–-–---–ისთვის ჩარიცხული 4 000 ევროდან უკან მხოლოდ 600 ევრო დაუბრუნდათ.

 

14. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვდნენ რ---------------–-–---–ისათვის, როგორც იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრისათვის, რომელიც მათ საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებას შეპირდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ და ეს პირობა ვერ შეასრულა, 3 400 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრებას.

 

15. სასამართლოს უპირველესი ამოცანა მდგომარეობს სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში თუ, რის საფუძველზე, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დამყარებული მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ იურიდიულ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოძიებული ნორმა უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა და იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ დადგინდეს ნორმის წინაპირობები (მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა), რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საბოლოოდ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. პროცესის მონაწილე მხარე კი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ, ვალდებულია, სულ მცირე, მიუთითოს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ადგენს (შეიცავს). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ.,სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი, პ-41).

 

16. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

17. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება სოლიდარული ვალდებულების, შუამავლობისა და უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებით უნდა მოხდეს.

 

18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ (მოპასუხისთვის გადახდილი თანხის (4 000.00 ევრო) ნაწილის, 3 400.00 ევროს ეკვივალენტი ლარის უკან დაბრუნება) სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 463-465-ე, 744-ე, 745.2-ე მუხლებსა და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს უნდა დაეფუძნოს.

 

19. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს (სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლი). მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.

 

20. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული.

პალატა განმარტავს, რომ საშუამავლო საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურების გადახდის ვალდებულება უკავშირდება შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადების ფაქტს. შემკვეთი მოვალეა, შუამავალს გასამრჯელო გადაუხადოს იმ საშუამავლო საქმიანობისათვის, რომელიც მაკლერმა გასწია, ამასთან, იგი ვალდებულია გასამრჯელო მისცეს შუამავალს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ის ხელშეკრულება, რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა (შუამავლობის ხელშეკრულება). თუ გამიზნული ხელშეკრულება არ დაიდო, ანუ, „მაკლერის“ საშუამავლო საქმიანობა წარმატებით არ დასრულდა, მაკლერს არა აქვს უფლება მოითხოვოს გასამრჯელო.

 

21. საშუამავლო ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, მისი კავშირი, უპირველეს ყოვლისა, განხილულ უნდა იქნეს ხელშეკრულების თავისუფლების (319-ე მუხლი) სამართლებრივ ინსტიტუტთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს მხარეთა თავისუფლებას, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, საკუთარი შეხედულებისამებრ დადონ საშუამავლო ხელშეკრულება და მასში გაითვალისწინონ შესაბამისი პირობები. ამ მხრივ, კანონი გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (მაგალითად,752-ე მუხლი), საშუამავლო ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე მოქმედების შესაძლებლობას.

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი საშუამავლო ხელშეკრულებაში იმ ასპექტშიც ვლინდება, რომ მიუხედავად შუამავლის მიერ გაწეული მომსახურებისა, შემკვეთს გააჩნია უფლებამოსილება, საკუთარი სურვილისებრ განსაზღვროს, სურს თუ არა შუამავლის მიერ მოძიებულ მესამე პირთან ძირითადი ხელშეკრულების დადება. შემკვეთი არ არის ვალდებული, შუამავლის მიერ მოძიებულ ნებისმიერ პირთან დადოს ხელშეკრულება, თუ მის ნებასთან შესაბამისობაში არ მოდის აღნიშნული სახელშეკრულებო პირობები.

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ვლინდება ასევე შემკვეთის მიერ არჩევანის გაკეთების თავისუფლებაში, ერთ ან რამდენიმე მაკლერთან დადოს საშუამავლო ხელშეკრულება. საშუამავლო საქმიანობის განხორციელება შეიძლება რამდენიმე პირმა ერთობლივად განახორციელოს, რაც თავიდანვე ხელშეკრულებით უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომელშიც ასევე განისაზღვრება მათთვის ანგარიშსწორების განხორციელების პროპორციულობის საკითხი.

ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები საშუამავლო ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. გარდა სასესხო მაკლერთან (სკ-ის 752-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ექსკლუზიური დავალების სახეზე არსებობისა (სკ-ის 746-ე მუხლის მე-4 ნაწილი), მხარეებს უფლებამოსილება გააჩნიათ, თავად აირჩიონ ხელშეკრულების ზეპირი ან წერილობითი ფორმა.

მიუხედავად აღნიშნულისა, კანონი შუამავლობას ხელშეკრულების თავისუფლების აბსოლუტურ ჭრილში არ განიხილავს. ამ მხრივ, იგი შეზღუდვის ფარგლებს აწესებს შინაარსის განსაზღვრის ასპექტში, რაც ანგარიშსწორების განხორციელების ვალდებულებას ეხება. მხარეებს საშუამავლო ხელშეკრულებაში უფლება არ აქვთ გაწერონ ისეთი სახის შინაარსის მქონე პუნქტი, რომელიც კანონთან შეუსაბამო იქნება. მაგალითად, მხარეებს არ აქვთ ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტის გათვალისწინების უფლებამოსილება, რომელიც შემკვეთს შუამავლის მიმართ ანგარიშსწორების ვალდებულებას ძირითადი ხელშეკრულების დაუდებლად დააკისრებს (744-ე მუხლის თანახმად) ან/და მაგალითად, ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც მაკლერისათვის ავანსის მიღების უფლებამოსილებას განსაზღვრავს (745-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად).

ცალკეული შეთანხმებების გათვალისწინება შემკვეთსა და მაკლერს შეუძლიათ როგორც საშუამავლო, ისე ცალკე დამოუკიდებელ ხელშეკრულებაში. საშუამავლო ხელშეკრულებაში ამ ფაქტის გათვალისწინების შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს 744-ე და შემდგომ მუხლებთან. მაგალითად, მათ არ შეუძლიათ ხელშეკრულებით დათქვან მაკლერისათვის ანგარიშსწორების წინასწარ განხორციელების საკითხი (745-ე მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა მათ უფლება აქვთ ხელშეკრულებითვე განსაზღვრონ მაკლერის გადაადგილებისა და კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხარჯების წინასწარ ანგარიშსწორება. საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას მაკლერი მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს წინასწარი სახით გასამრჯელო ან მისი ნაწილი. კანონი ამ ასპექტში ითვალისწინებს ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს და მკაცრად აკონკრეტებს მას. მაკლერისათვის ავანსის გადახდის დაუშვებლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მაგალითს, რომლითაც საშუამავლო ხელშეკრულება განსხვავდება სხვა ხელშეკრულებებისაგან. მაგალითად, ნარდობისგან (იხ. 643-ე მუხლის მე-3 ნაწილი).ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილ გარიგებად(54-ე მუხლი). (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ელექტრონული კომენტარები, ).

 

22. მოცემულ საქმეზე პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ერთი მხრივ, მოსარჩელეებს, ცოლ-ქმარ რ----------–--–--ესა და ნ-----------–--ეს („შემკვეთები“), მერე მხრივ, რამდენიმე მაკლერს, მათ შორის მოპასუხე რ---------------–-–---–ს შორის სახეზეა ზეპირი ფორმით დადებული საშუამავლო ხელშეკრულება, რომლის მიზანს მოსარჩელე რ----------–--–--ის და მისი შვილის, მ-----–-----–--–--ის შვედეთში დასაქმება წარმოადგენდა.

 

23. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მაკლერებმა („შუამავლებმა“) „შემკვეთებისგან“ წინასწარ (ავანსად) მოითხოვეს ანაზღაურების ნაწილი 4000.00 ევრო, რომელიც მოსარჩელეებმა ჩარიცხეს მოპასუხე რ---------------–-–---–ის ანგარიშზე.

 

24. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის დადებული საშუამავლო ხელშეკრულება არღვევს კანონით დადგენილ აკრძალვებს (სკ-ის 745.2 მუხლი) და იგი ბათილია (სკ-ის 54-ემუხლი). შესაბამისად, მოპასუხისთვის ავანსად გადაცემული თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში).

 

25. ამასთან, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არ დადებულა ის ხელშეკრულება (მოსარჩელე რ----------–--–--ე და მისი შვილი ვერ დასაქმდნენ შვედეთში), რომელსაც მიზნად ისახავდა შუამავლობა (შუამავლობის ხელშეკრულება), ცხადი ხდება, რომ შუამავლების (მაკლერების) მიერ წინასწარ აღებული თანხა, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე, მაინც ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

 

26. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ, იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (სუსგ-ები Nას-1193-1122-2015, 31.05.2016; Nას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, Nას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-390-390-2018, 15 მაისი,2018 წელი).

 

27. პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე რ---------------–-–---–ის სააპელაციო პრეტენზიას, რომ იგი არ წარმოადგენს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებაზე ვალდებულ პირს.

 

28. პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა უმეტესობა მარტივი სახისაა და როგორც წესი, მასში მონაწილეობს ერთი კრედიტორი და ერთი მოვალე. როგორც სსკ-ის 316-ე მუხლის დანაწესიდან ჩანს, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო მოდელიც, ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში ერთი მოვალისა და ერთი კრედიტორის არსებობის პრეზუმფციიდან გამოდის. თუმცა თანამედროვე ეკონომიკურ-სამართლებრივ რეალობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა რთულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა მატების ტენდენცია, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეზე, ან ორივეზე ერთდროულად რამდენიმე კრედიტორი ან მოვალე მონაწილეობს. სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა.

 

29. სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, შესაძლებელია, თითოეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ - ვალდებულების შესრულების ვალდებულება.

 

30. სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.

 

31. ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ - „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად. „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში.

 

32. როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში. განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური. სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი.

 

33. წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

34. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. ნორმის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ.

 

35. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე.

 

36. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

 

37. სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა. კანონის საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევები სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ მრავლადაა. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზიანის დადგომაში მონაწილე პირების სოლიდარულ პასუხისმგებლობას აწესებს. განსაკუთრებით ხშირია კანონისმიერი საფუძვლები საკორპორაციო სამართალში. მაგალითად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს) პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების (კს) პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ საზოგადოების ვალდებულებისათვის სოლიდარულად. ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებათ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის თანახმად, საწარმოს დაფუძნებამდე საწარმოს სახელით მოქმედ პირებსა და საწარმოს დამფუძნებლებს (სუსგ საქმეზე Nას-1172-2018; 08/02/2019 წ).

 

38. პალატა აღნიშნავს, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლებში, კრედიტორის გადასაწყვეტია თუ ვისგან მოითხოვს ვალდებულების შესრულებას. ამ კუთხით პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 465-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. ამასთან, ამავე კოდექსის 469-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.

 

39. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორი მოვალის არჩევანში თავისუფალია. მას შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს, როგორც ყველა მოვალეს ერთობლივად, ისე, ნებისმიერ მათგანს ცალ-ცალკე. სწორედ ამაშია სოლიდარული ვალდებულების ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება. ამასთან, მოპასუხეთაგან ნებისმიერს კრედიტორმა შეიძლება მოსთხოვოს როგორც მთლიანი შესრულება, ისე, ნაწილობრივი. კრედიტორს ეს უფლება ყველა შემთხვევაში აქვს იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეუძლია მოთხოვნაწაყენებულ ერთ-ერთ მოვალეს მთლიანი შესრულების განხორციელება. თუკი ვალდებულება მთლიანად შესრულდება, ამით სოლიდარული ვალდებულებაც წყდება და იწყება სოლიდარულ მოვალეთა „შიდა“ ურთიერთობის მოგვარება. ხოლო, თუკი არსებული შესრულება არ აღმოჩნდება საკმარისი ვალის მთლიანად დასაფარავად, მაშინ ურთიერთობა გრძელდება მანამ, სანამ სრული შესრულება არ მოხდება. ყველა სოლიდარული მოვალე იმავდროულად შესრულების უშუალო თანამონაწილეა და ვალდებულია მანამ, სანამ შესრულება ბოლომდე არ განხორციელდება.

 

40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 467-ე მუხლი მიუთითებს, რომ როცა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე მთლიანად აკმაყოფილებს კრედიტორს, ამ შემთხვევაში სოლიდარული ვალდებულებაც წყდება, და ყოველგვარი საფუძველი ქრება დანარჩენ სოლიდარულ მოვალეთა მიმართ მოთხოვნის წაყენებისა. მაგრამ, თუ აღნიშნული სოლიდარული მოვალე, კრედიტორის პრეტენზიებს არ დააკმაყოფილებს, ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ართმევს მას უფლებას, სარჩელი შეიტანოს დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.

 

41. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კრედიტორის არჩევანს წარმოადგენს, რომელი მოვალის მიმართ აღძრას მოთხოვნა, ასევე, რისკი და ამავდროულად უფლება, რომ თუ კრედიტორის მიერ არჩეული სოლიდარული მოვალე მის პრეტენზიებს არ ან ვერ დააკმაყოფილებს, ხელახლა შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.

ამდენად, კრედიტორს სრული უფლება გააჩნია, თანხის ამოღების მიზნით, მოთხოვნა წარადგინოს სასამართლოში ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ, თუკი დადასტურდება სოლიდარული ვალდებულების არსებობის საფუძვლები.

 

42. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ რ---------------–-–---–ი წარმოადგენდა იმ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, რომელიც მოსარჩელეებს საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებას შეპირდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ და ეს პირობა ვერ შეასრულა.

შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ რ---------------–-–---–ის მოპასუხედ დასახელების საფუძველი არა მხოლოდ ის გარემოება გახდა, რომ დასაქმებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს ნაწილი („ავანსი“) სწორედ მის ანგარიშზე ჩაირიცხა. ასევე, დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოშობის შემდგომ მოსარჩელეების რ---------------–-–---–თან მუდმივი კომუნიკაცია, რასაც არც მოპასუხე უარყოფს და ამ უკანასკნელის დაპირება, რომ დაეხმარებოდა სამსახურის მოძიებაში. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა შეუქმნეს მოსარჩელეებს იმის რწმენა, რომ რ---------------–-–---–ი, სხვა პირებთან ერთად, შედეგზე პასუხისმგებელი პირი იყო.

 

43. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ მან მხოლოდ ე.წ. „გამტარის“ როლი შეასრულა, რაც გამოიხატა იმაში, რომ შვედეთში დასაქმების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბანკთან არსებული პრობლემების გამო არ სურდა მოსარჩელეებისაგან თანხის მიღება საკუთარი საბანკო ანგარიშის გამოყენებით და ამიტომ სთხოვა მოპასუხეს მისი ანგარიშის გამოყენება, რაზეც იგი დასთანხმდა.

 

44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებას წარმოადგენს, რამდენად იყო რ---------------–-–---–ი მოსარჩელე რ----------–--–--ის და მისი შვილის საზღვარგარეთ დასაქმების ორგანიზებაში მონაწილე პირი (ერთ-ერთი შუამავალი).

 

45. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, Nას-1298-2018, 22.03.2019წ.) .

 

46. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).

 

47. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

 

48. ამდენად, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აწევს, რომელმაც სასამართლოს წარმოუდგინა სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, როგორც აღინიშნა, სადავო არ არის, რომ 2--------- წელს რ----- და მ-----–-----–--–--ეების შვედეთის სამეფოში ჩასვლის შემდეგ 4000 ევრო, დასაქმებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს ნაწილი („ავანსი“), მოსარჩელე ნ-----------–--ემ (მ-----–-----–--–--ის მეუღლე) ჩარიცხა რ---------------–-–---–ის ანგარიშზე. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეებს 4 000 ევროდან დაუბრუნდათ 600 ევრო.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა, სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების დასადასტურებლად, სასამართლოს ასევე წარუდგინეს მოწმეთა ჩვენებები, რასაც სააპელაციო სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთად (მოპასუხისათვის 4 000 ევროს ოდენობით თანხის ჩარიცხვისა და მისი ნაწილის უკან დაბრუნების გათვალისწინებით) სადავო გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ რ---------------–-–---–მა მონაწილეობა მიიღო იმ საკითხის ორგანიზებაში, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის და მისი შვილის საზღვარგარეთ დასაქმებას, მას გააჩნდა კონკრეტული მოქმედებების შესრულების ვალდებულება.

ამ კუთხით, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ შესაძლებელია მისი მონაწილეობა მხოლოდ თანხის ანგარიშზე მიღებითა და სხვებისათვის გადაცემით შემოიფარგლა, მაგრამ, თუნდაც ეს გარემოება საკმარისი იყო იმისათვის, რომ რ---------------–-–---–ი საზღვარგარეთ დასაქმების ორგანიზებაში მონაწილე პირად ყოფილიყო მიჩნეული. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ რ---------------–-–---–ის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა და ჩამოაყალიბეს საზღვარგარეთ დასაქმების ზოგადი კონცეფცია.

1. მოწმე მ-----–-----–--–--ის ჩვენებით, რ. კ----–-–---–ი მათ პირდებოდა სამსახურის დაწყებაში დახმარებას. მათ სამივე ერთად (ლ--–----------------------------) ეუბნებოდნენ, რომ სანამ თანხები ბოლომდე არ დაერიცხებოდათ, მუშაობას ვერ დაიწყებდნენ. რ---------თან თანხის გადარიცხვამდეც ჰქონდათ საუბარი, რა დროსაც, იგი პირადად პირდებოდა, რომ თანხის ჩარიცხვის შემდეგ, დაიწყებდნენ მუშაობას. მოსარჩელეების წარმომადგენლის შეკითხვაზე, მოწმე პასუხობს და კვლავ ადასტურებს, რომ რ. კ----–-–---–ი თანხის ჩარიცხვამდე ეუბნებოდა, რომ ჩარიცხვისთანავე დაიწყებდნენ მუშაობას, ხოლო, თბილისში დაბრუნების შემდეგ, რ. კ----–-–---–მა შეცვალა პოზიცია და განმარტავდა, რომ იგი მხოლოდ კურიერის ფუნქციას ასრულებდა (ტომი 1; 05.11.2018 წლის სხდომის ოქმი; 16:46:02-დან;

2. მოწმე ლ---------–-–---–ის ჩვენებით, რომელიც რ---------------–-–---–ის მეგობრის დედაა, დასტურდება რ. კ----–-–---–ის ჩართულობა თ----------–---–---–თან და ლ--–--------–---სთან ერთად შვედეთში, ხალხის გაგზავნის საქმეში. იგი ადასტურებს, რომ ამ მიზნით მასთან შეხვედრაზე ყოფნის დროს, თ----------–---–---–ი შვედეთში დაუკავშირდა ვინმე დ--–--------------–--ეს და შეთანხმდნენ დასაქმების მიზნით ხალხის გაგზავნაზე. მოლაპარაკება იყო ისეთი, რომ ამ საქმიდან ყველას რაღაც შეხვდებოდა. ხარჯების გასტუმრების შემდედ დარჩენილი თანხა, უნდა გაეყოთ ოთხივეს, მათ შორის რ---------------–-–---–ს (ტომი 1; 05.11.2018 წლის სხდომის ოქმი; 17:18:37-დან სთ);

3. მოწმე ქ-------------–--ის ჩვენებით, რომელიც მოპასუხე რ. კ----–-–---–ის მეგობარია, ასევე დასტურდება მოპასუხის ჩართულობა ამ საქმეში. კერძოდ, იგი განმარტავს, რომ მან დააკავშირა რ---------ი და თ----------–---–---–ი შვედეთში ხალხის დასასაქმებლად გაგზავნის საქმეზე. მოწმე ადასტურებს, რომ სწორედ რ---------ის ინიციატივით დააკავშირა იგი თ----------–---–---–თან, რადგან სურდა შვედეთში დასაქმების მიზნით ხალხის გაგზავნის საკითხის გარკვევა. მოწმე განმარტავს, რომ რ---------ი იყო შუამავალი თ-------------–--–ას შორის, რაც გამოიხატა იმაში, რომ რ---------მა თამართან დააკავშირა ლ--–--------- 1; 05.11.2018 წლის სხდომის ოქმი; 17:46:07-დან);

4. მოწმე თ----------–---–---–ის ჩვენებით, რ---------ი გააცნო ქ-------------–--ემ, რომელმაც სთხოვა, რომ დახმარებოდა შვედეთში დასაქმების მიზნით ხალხის გაგზავნაში, შემდეგ, ქ-------მა გააცნო ლ--–-, რომელზეც რ---------მა უთხრა, რომ მას ჰყავდა ხალხი შვედეთში გასაგზავნი. მას ჰყავდა მეგობარი შვედეთში, რომელიც დაეხმარებოდა იქ ჩასულ ხალხს დასაქმებაში (21.11.2018 წლის სხდომის ოქმი).

საგულისხმოა ისიც, რომ დასაქმების ჩაშლის შემდეგ, რ---------------–-–---–ი პირადად ზრუნავდა საზღვარგარეთ გამგზავრებული პირების უკან დაბრუნებაზე და რამდენიმეს თავად დაუბრუნა კიდეც გასამრჯელოს სახით მიღებული თანხები, რაც დამატებითი არგუმენტია მისი პასუხისმგებელ პირად მიჩნევისათვის.

 

49. ამდენად, მოსარჩელეებმა დაადასტურეს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული და მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოპასუხე წარმოადგენდა საზღვარგარეთ მათი დასაქმების პროცედურებში/ორგანიზებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს (სსსკ-ის 4.1, 102-103.1 მუხლები).

 

50. ყოველივე ზემოაღნიშნულს, ვერ აბათილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მიმოწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დასტურდება მოპასუხის ჩართულობა იმ პროცედურაში, რაც დაკავშირებული იყო მოპასუხის და მისი შვილის საზღვარგარეთ გამგზავრებასა და დასაქმებაში. ამასთან, სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ დავაში მოპასუხის პასუხისმგებელ პირად მიჩნევა, არ გამორიცხავს რეგრესულ მოთხოვნას დასაქმების ორგანიზებაში მონაწილე სხვა პირების მიმართ.

 

51. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მტკიცებულების სახით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მესამე პირებთან - ლ--–--------–---სთან და თ-----------–---–---–თან, სატელეფონო საუბარი არის მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად ჩაწერილი, ამდენად, იგი კანონდარღვევით მოპოვებულ და დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის კონტექსტში (იხ. სუსგ საქმე №ას-155-1101-2014).

 

52. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა საერთო დანაზოგიდან მოპასუხეს 4 000 ევრო ჩაურიცხეს ავანსის სახით, თუმცა, ამ შესრულების სამართლებრივი საფუძველი - გარიგება ბათილია, რაც საფუძვლად ედება შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნას სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშობა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოსარჩელეებისაგან მიღებული თანხის 3 400 ევროს (600 ევრო, როგორც აღინიშნა, უკვე დაბრუნებულია) დაბრუნების საპასუხო ვალდებულება.

 

53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, გასაჩივრებული საბოლოო გადაწყვეტილება, მიუხედავად დავის არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისა, არსებითად სწორეა.

 

54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საცივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი