განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003191106
საქმე № 1ბ/1951 -19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - კ------------------–--–---–ი დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------–---------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ი-----–--------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი და განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ მსჯავრდებულის მიერ მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ საყურადღებოა, რომ იგი წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ამავდროულად, როგორც ფაქტებით დასტურდება მსჯავრდებულის ქმედებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, დანაშაული ასევე ჩადენილ იქნა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. შესაბამისად, მის მიმართ შეფარდებული სასჯელი ლმობიერია და ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზანი-ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, პირიქით ზედმეტად მსუბუქი სასჯელი წამახალისებელიც შეიძლება იყოს. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლომ დაადგინა:
კ------------------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 ივლისს, თ---–--–-------------------------------------------------–-–-------------–------------–---------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის ლ---------–--–---–ის თანდასწრებით, კ------------------–--–---–მა ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კონფლიქტისას ყოფილი მეუღლის მიმართ გამოხატა აგრესია, აგინა დედის მისამართით და ყელში წაუჭირა ხელი, ამასთან, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ------------------–--–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–--------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ თ-----------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ კ------------------–--–---–ი არის მისი მეუღლე, რომელთან ერთად თხუთმეტი წელი ცხოვრობდა და ჰყავთ ორი შვილი 15 წლის გოგო მ------ი და 5 წლის ბიჭი ლ----. 2019 წლის 3 ივლისს გადაადგილდებოდნენ ავტომანქანით ის და მისი მეუღლე, უკან იჯდა მათი ხუთი წლის შვილი - ლ----. კ------------- ელაპარაკებოდა ტელეფონზე ვიღაცას გაბრაზებული ტონით. ამ დროს მანაც დაუსვა კითხვები, რამაც კ------------------–--–---–ის გაღიზიანება გამოიწვია და ყელში წაუჭირა ხელი და ჩაარტყა თავში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დაზიანებები აღბეჭდა მისსავე ტელეფონში. ეს იყო მასსა და მის მეუღლეს შორის მომხდარი პირველი კონფლიქტის ფაქტი. კ------------- შვილებისთვის არის იდეალური მამა. მათი პატარა შვილი ძალიან განიცდის, რომ მამას ხშირად ვერ ნახულობს. აპირებს მეუღლესთან შერიგებას. ითხოვს მისი მეუღლე მინიმალური სასჯელით დაისაჯოს.
პირველი ინტანციის სასამართლოში ბრალდებულმა კ------------------–--–---–მა თავი შეიკავა ჩვენების მიცემისგან, მაგრამ დააფიქსირა პოზიცია, რომ მას და მის მეუღლეს შორის მოხდა კონფლიქტი, რასაც ინანიებს. ეს იმან გამოიწვია, რომ აღელვებული იყო, აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
მოწმე გ--------------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 6 აგვისტოს მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ---–--–----------------------------------------------–-------------–------------–---------–----- მიმდებარე ტერიტორიაზე თ-----------–---–-ს მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა კ------------------–--–---–მა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ აცნობა ხელმძღვანელს.
მოწმე გ-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ თ-----------–---–- არის მისი შვილი. 2019 წლის 3 ივლისს, საღამო ხანს, სახლში მივიდა მისი შვილი თ-----------–---–- პატარა შვილთან ლ----სთან ერთად. თეას ეტყობოდა ყელისა და სახის არეში ნაკაწრები. როდესაც იკითხა რა ხდებოდა, თეამ უამბო, რომ გადაადგილდებოდა მეუღლესთან კ------------------–--–---–თან და მათ შვილთან ლ----სთან ერთად, რა დროსაც ქმართან მოუვიდა კამათი. კ-------------მ მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა თავში. რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა მისი მეუღლე ნ--------------–---–ი.
ანალოგიური დაადასტურა მოწმე ნ--------------–---–მა.
მოწმე კ----–------------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. მის თანამშრომელ კ-----------------------ნ ერთად ბრალდებულის სახით დააკავა კ------------------–--–---–ი, განუმარტა უფლებები ადგილზე შედგენილი იქნა დაკავების ოქმი.
არასრუწლოვანი მოწმის ლ---------–--–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მამამ დედას დაუწყო ჩხუბი, მამა დედას გუდავდა, ხელს უჭერდა ყელში და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, მანქანის წინა შუშა ჩაუმტვრია. ამ დროს ტელეფონში თამაშობდა, არ უნდა დაენახა ეს, მაგრამ მაინც დაინახა. მან დაიწყო ტირილი, რადგან დედა გადავიდა მანქანიდან და შეეშინდა, ხოლო როდესაც დედა დაბრუნდა აღარ ეშინოდა.
2019 წლის 6 აგვისტოს N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, კ------------------–--–---–ს ფიზიკური ძალადობის გამო, აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, ასევე აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
2019 წლის 12 აგვისტოს თ-----------–---–-ს განცხადების თანახმად (რომელსაც ერთვის 4 ცალი ფოტოსურათი), ინახავს ფოტოსურათებს მის კუთვნილ ტელეფონში, სადაც აღბეჭდილია მისი დაზიანების კვალი.
2019 წლის 12 აგვისტოს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თ-----------–---–-ს მობილური ტელეფონი, სადაც ინახება თ-----------–---–-ს გამოსახულებით ფოტოსურათები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კ------------------–--–---–ის მიერ თ-----------–---–-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია, არ შეიცავს კ------------------–--–---–ის მამხილებელ ინფორმაციას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ------------------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------------------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულს.
კ------------------–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემობა არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ყოველთვის არ გულისხმობს მის უსამართლობას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ კ------------------–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, არასრუწლოვანის თანდასწრებით, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე კ------------------–--–---–ის მხრიდან დაზარალებულ თ-----------–---–-ს მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ კ------------------–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ კ------------------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ყოფილი მეუღლის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ კ------------------–--–---–მა ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის - თ-----------–---–-ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს კ------------------–--–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა კ------------------–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, კ------------------–--–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უმეტესი ნაწილი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია (სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ-----------–---–მა განაცხადა, რომ აპირებს კ------------------–--–---–თან შერიგებას, აპატია, ეს იყო პირველი შემთხვევა, ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნეს მინიმალური სასჯელი), ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ასევე იმ გარემოებას, რომ კ------------------–--–---–ი არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას კ------------------–--–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა კ------------------–--–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ------------------–--–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და კ------------------–--–---–ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ------------------–--–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი კ------------------–--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
კ------------------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებული კ------------------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
კ------------------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 აგვისტოდან 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ კ------------------–--–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ერთი ლაზერული დისკი, ერთ პაკეტად, დალუქული სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი