განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1502100190--868402
საქმე №2ბ/5086-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან გვარამია, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივნები: ნანა კაბულაშვილი, მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - კ-----ა პ-–---ნ
წარმომადგენელი - ვა---– ბა-–-----
მოწინააღმდეგე მხარეები - ვ---– პ-–---ნ, სს---–--------–---------------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანაცხოვრების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. კ-----ა პ-–---ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.1. გაუქმდა ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სს---–--------–---------------ის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 04 ოქტომბრის №036-252 ბრძანების საფუძველზე დაყადაღებული ვ---– პ-–---ნის საკუთრებაში არსებული: უძრავი ქონების (მდებარე - ახ--–---–--ის რაიონი სოფელი აზ--------, ს/კ 63.02.34.0--) და ფო-----------------ს მარკის ავტომანქანის (გამოშვების წელი - 1998, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) ასევე ცეცხლსასროლი იარაღის (S----------- კალიბრი 7,62) რეალიზაცია.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
1.2. მოსარჩელე კ-----ა პ-–---ნი და მოპასუხე ვ---– პ-–---ნი 2001 წლის 18 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქორწინების მოწმობა აქ N007270 (ტომი I, ს.ფ. 21).
1.3. ვ---– პ-–---ნი არის ინდმეწარმე და მისი აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 27 704.41 ლარს.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №036-252 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ი/მ „ვ---– პ-–---ნის” (ს/ნ #07001015655, მისამართი: ქ. ახ--–---–--ი, სოფელი აზ--------) ქონებას დაედო ყადაღა მეწარმის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის #3/64-18 ბრძანების საფუძველზე, (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი) ვ---– პ-–---ნის ყადაღადადებული ქონება გატანილია ღია აუქციონზე რეალიზაციისათვის.
2017 წლის 07 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო ი/მ „ვ---– პ-–---ნის” უძრავ ქონებას და მოძრავ ნივთებს, კერძოდ: 1. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ.ახ--–---–--ის რაიონი სოფელი აზ--------, საკადასტრო კოდი: #63.02.34.0--; მიწა - 622; შენობა (მაღაზია_ - 140; შენობა (ავტოფარეხი) – 40; შენობა (ბოსელი) - 55; ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება - 43.000 ლარი; 2) ავტომანქანას - F----------- 150 LY სატვირთო ფურგონი, საიდენტიფიკაციო ნომერი WFOFXXGBVFWT42918, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა OV0094708. გამოშვებული 1998 წელს, ფერი თეთრი. საჭე მარცხენა, სახელმწიფო ნომერი Z------; 3) ხრახნლულიან ცეცხლსასროლ შაშხანას S--, საქარხნო ნომრით #თ-----, კალიბრი 7,62; 4) მეორადი მოხმარების სალარო აპარატებს DAISY EXPERTУЦი (DY00053664); 5) ბენზინის სვეტს, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; 6) შავი ლითონის ავზს ტევადობით 10 ტონა; 7) შავი ლითონის ავზს ტევადობით 1.5 ტონა. მოძრავი ნივთები შეფასებულია ჯამში 10,500 ლარად, რაც გადასახადის გადამხდელმა ვ---– პ-–---ნმა სადავოდ არ გახადა. განსახილველ შემთხვევაში დაყადაღებული სიიდან სადავო ქონებაა (ანუ მოსარჩელეს, როგორც საერთო საკუთრება მიაჩნია): უძრავი ქონება, მდებარე - ახ--–---–--ის რაიონი სოფელი აზ--------, ს/კ #63.02.34.0--, ფო-----------------ს მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი - 1998, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) და ცეცხლსასროლი იარაღი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №036-252 ბრძანება (ტომი I, ს.ფ.45);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის N3ბ/3533-18 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 28, 47);
- მხარეთა ახსნა განმარტებები.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
1.4. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ახ--–---–--ის რაიონის სოფელ აზავრეთში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ #63.02.34.0-- საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ვ---– პ-–---ნის (პ/ნ 07001015655) სახელზე;
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი შედგება - მაღაზიისაგან, ავტოფარეხისაგან და ბოსლისაგან, ხოლო რეგისტრაციის საფუძველი არის უძრავი ნივთის 15.08.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება N110855174, ვ---– პ-–---ნის განცხადება 29.08.2011 წ., ასევე მითითებულია საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“.
ვ---– პ-–---ნის განმარტებით, მან 2011 წელს შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სადაც იყო მაღაზია, ავტოფარეხი და დანგრეული ბოსელი, მამამისის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც განცალკევდა ძმისგან (ცალკე ოჯახად). თავისი ოჯახთან (მეუღლესთან და შვილებთან) ერთად აღადგინეს მაღაზია და ავტოფარეხი. სახლის პირველი სართულზე განთავსებულია მაღაზია, ხოლო მეორე სართულზე საცხოვრებელი სივრცე. ვ---– პ-–---ნის განმარტებით, სამეწარმეო, კომერციული საქმიანობაში ჩართული იყო მეუღლე და მისი თანხმობით მიმდინარებდა ბიზნესი.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ იყო დადგენილი ძმისგან განცალკევებისას (მამის ოჯახიდან გამოყოფისას) ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული უძრავი ქონება, ვ---– პ-–---ნის სიტყვებით მამის სახლი დარჩა ძმას და თანხა ერთად შეაგროვეს ჯერ კიდევ მამამისის სახლში ცხოვრების დროს. ასევე დაუდგენლად დარჩა, თუ რას ნიშნავს ვ---– პ-–---ნის 29.08.2011 წლის განცხადება, როგორც აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების საფუძველი, ასევე რატომ არის გამოყენებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული უძრავი ქონების რომელ ნაწილს ეხება ეს ნორმა. არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება (მაგალითად საკადასტრო ნახაზი), რათა დადგინდეს ქონების ზუსტი ზომები და ფაქტობრივი მდგომარეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის N3ბ/3533-18 ბრძანების მიხედვით, (სადაც მითითებულია ყადაღადადებული ქონების აღწერის თაობაზე) აღნიშნული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულებაა 43.000 ლარი, თუმცა მოსარჩელემ შეაფასა სადავო უძრავი ქონება 10000 ლარად, როგორც აღნიშნულია 15.08.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დადგენილი სადავო უძრავი ქონების არც ზუსტი ღირებულება, არც შეძენის წყარო, არც ზუსტი ზომები და ფაქტობრივი მდგომარეობა. ვერ დგინდებოდა სადავო უძრავი ქონების (მდებარე - ახ--–---–--ის რაიონი სოფელი აზ--------, ს/კ #63.02.34.0--), ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა.
შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ვერ მოხერხდებოდა მოსარჩელის მიერ აღნიშნული (მოთხოვნილი) უძრავი ქონების და რეგისტრირებული (დაყადაღებული) ქონების იდენტურობის განსაზღვრა, რის გამოც არ დგინდებოდა თუ აღნიშნული ქონების რომელ ნაწილზე შეიძლება გავრცელებულიყო მოსარჩელის ინტერესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 63.02.34.0-- (ტომი I, ს.ფ. 17);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 იანვრის N3ბ/3533-18 ბრძანება (ტომი I, ს.ფ. 28, 47);
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
1.5. ფო-----------------ს მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი - 1998, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით - X------) 2009 წლიდან რეგისტრირებულია ვ---– პ-–---ნის (პ/ნ 07001015655) სახელზე. ამასთან, არ არის წარმოდგენილი ავტომანქანის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ხელშეკრულება), ვ---– პ-–---ნის განმარტებით, მან ავტომანქანა შეიძინა თბილისში (არ ახსოვს ვისგან) 2009 წელს, კომერციული მიზნით, ხოლო შემდეგ 2011 წლიდან მეუღლის თანხმობით გამოიყენა მაღაზიისათვის. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ ვ---– პ-–---ნმა შეიძინა ავტომანქანა, როდესაც ცხოვრობდა ჯერ კიდევ მამამისის ოჯახში, ხოლო მხარეები ვერ ადასტურებდნენ თუ ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული ავტომანქანა.
მოსარჩელემ შეაფასა სადავო ქონება - ავტომანქანა 4000 ლარად, რა დროსაც ყადაღადადებული ქონების აღწერის შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა სხვა მოძრავ ნივთებთან (ცეცხლსასროლი იარაღი; ბენზინის სვეტი, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; სალარო აპარატები; 10 და 1.5 ტონიანი შავი ლითონის ავზები) ერთად შეფასებული იყო ჯამში 10,500 ლარად.
შესაბამისად, ვერ დადგინდა სადავო ქონების - ავტომანქანის ზუსტი ღირებულება, ვინაიდან ბენზინის სვეტი, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; სალარო აპარატები; 10 და 1.5 ტონიანი შავი ლითონის ავზები საკმაოდ ძვირი ღირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 19),- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
1.6. ცეცხლსასროლი იარაღი (S-- Nთ---- კალიბრი 7,62) რეგისტრირებულია ვ---– პ-–---ნის (პ/ნ 07001015655) სახელზე; ამასთან, არ არის წარმოდგენილი იარაღის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ხელმშეკრულება), ვ---– პ-–---ნის განმარტებით, მან იარაღი შეიძინა სიმამრის დახმარებით და აღიარა, რომ ეს ფაქტობრივად სიმამრის საჩუქარია, ვინაიდან ვ---– პ-–---ნს მოსწონს ნადირობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა (ტომი I, ს.ფ. 20),- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
1.7. მოპასუხე შემოსავლების სამსახურის წარმომადგელემა განმარტა, რომ სადაო ქონებაზე გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა თავდაპირველად 2012 წლის 21 ივნისს და ვრცელდებოდა 2015 წლის 02 აპრილამდე, ამის შემდეგ ვ---– პ-–---ნის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 2017 წლის 11 აპრილს და 20 მაისს, რაც ვერ უარყვეს დანარჩენმა მხარეებმა.
შესაბამისად, ვ---– პ-–---ნისათვის ჯერ 2012 წლის 21 ივნისიდან ცნობილი იყო მის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადამხდელის ფაილის ამონაბეჭდი (ტომი I, ს.ფ. 84-85);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
1.8. სადავო ქონება საკუთრების უფლებით შეძენიდან დღემდე რეგისტრირებულია მხოლოდ ვ---– პ-–---ნის სახელზე. ამასთან, არ არის დადგენილი რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რომ მეუღლეებს ერთმანეთთან შეთანხმებით გადაეფორმებინათ სადავო ქონება, როგორც მეუღლეთა საერთო ქონება (თანასაკუთრების უფლებით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 63.02.34.0--;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშნა.
ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
2.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №036-252 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ი/მ „ვ---– პ-–---ნის” (ს/ნ 07001015655, მისამართი: ქ. ახ--–---–--ი, სოფელი აზ--------) ქონებას, 2017 წლის 07 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის აქტით, დაედო ყადაღა მეწარმის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ხოლო შემდეგ ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის N3/64-18 ბრძანების საფუძველზე (შესულია კანონიერ ძალაში და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი) ვ---– პ-–---ნის ყადაღადადებული ქონება გატანილი იყო ღია აუქციონზე რეალიზაციისათვის (იხ. 3.1.2.).
ამასთან, თავის დროზე სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთები რეგისტრირებული იყო ვ---– პ-–---ნის სახელზე, როგორც პირადი საკუთრება და არა ოჯახის საერთო ქონება (თანასაკუთრება) (იხ. 3.1.2.). აღმასრულებელმა სწორად განსაზღვრა მოვალის ვ---– პ-–---ნის ქონება - მოვალის საცხოვრებელ ადგილას და დააყადაღა.
ყადაღასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით დავების ყველა სასამართლო ინსტანციებში განხილვის შემდეგ, დაყადაღებული ქონების სიიდან მოსარჩელეს თავი მიაჩნია თანამესაკუთრედ - უძრავ ქონებაზე (მდებარე - ახ--–---–--ის რაიონი სოფელი აზ--------, ს/კ #63.02.34.0--), ფ------ ტრ--------ს მარკის ავტომანქანაზე (გამოშვების წელი - 1998, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------, ასევე ცეცხლსასროლ იარაღზე და ითხოვს მათი ½ წილის ყადაღისაგან გათავისუფლებას.
2.3. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს მას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
ამასთან, იმავე კოდექსის 1169-ე მუხლის დანაწესით, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად, ხოლო კოდექსის 1170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
2.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ სადავო ქონებას, გარდა იარაღისა, კომერციული მიზნით მეუღლეთა შეთანხმებით განკარგავდა ორივე მეუღლე. ამასთან, კომერციული საქმიანობის შედეგებს იყენებდნენ მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, მათ შორის რაც ვ---– პ-–---ნს, როგორც ინდმეწარმეს ვალდებულებით ჰქონდა მიღებული.
2.4.1. რაც შეეხება იარაღს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ სადავო იარაღი ვ---– პ-–---ნმა მიიღო ჩუქებით (იხ.3.2.3.), შესაბამისად იარაღი არ წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას, არამედ წარმოადგენდა ვ---– პ-–---ნის ინდივიდუალურ საკუთრებას.
2.5. სასამართლომ აღნიშნა შემდეგი საკითხი: 2011 წლიდან, როდესაც ვ---– პ-–---ნი დარეგისტრირდა ინდმეწარმედ, თუ ქონება რომელსაც იყენებდა კომერციული მიზნებისთვის, იყო მეუღლეთა საერთო საკუთრებაში, რატომ არ აღიარეს (დაარეგისტრირეს) მეუღლეებმა ერთმანეთთან შეთანხმებით სადავო ქონება, როგორც საერთო ქონება (თანასაკუთრება) საჯარო რეესტრში ან ნოტარიუსის მეშვეობით, ამაზე არ არის განმარტებული რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება (იხ.3.2.5.); და მეორე, ვ---– პ-–---ნმა კომერციული საქმიანობის ფარგლებში რატომ უზრუნველყო ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღნიშნული სადავო ქონებით, როგორც მხოლოდ თავისით.
სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, რომ კ-----ა პ-–---ნის მხრიდან სამოქალაქო სარჩელის აღძვრა და აღნიშნულ ქონებაზე ½ წილის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანება ვ---– პ-–---ნის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ და ამოწერილი იყო სააღსრულებო ფურცელი, ემსახურებოდა ვალდებულების შესრულების თავის არიდებას. რითიც სავარაუდოდ იკვეთებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი მფლობელობის ნიშნები.
2.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაყადაღებული ქონების (თუნდაც თუ დავუშვებთ, რომ ეს მეუღლეთა საერთო ქონებაა) ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო დაუსაბუთებლობის გამო.
2.7. რაც შეეხება მეუღლეთა საერთო ქონებას:
2.7.1. როგორც ზემოთ არის აღნიშნული სადავო იარაღი არ წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას, არამედ წარმოადგენდა ვ---– პ-–---ნის ინდივიდუალურ ქონებას.
2.7.2. უძრავი ნივთი შედგება - მაღაზისაგან; ავტოფარეხისაგან; ბოსლისაგან, ხოლო რეგისტრაციის საფუძველი არის უძრავი ნივთის 15.08.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება N110855174, ვ---– პ-–---ნის განცხადება 29.08.2011წ., ასევე მითითებულია საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო - სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ (იხ.3.2.1.).
მოსარჩელემ შეაფასა სადავო უძრავი ქონება 10000 ლარად, რა დროსაც ყადაღადადებული ქონების აღწერის შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულებაა 43.000 ლარი (იხ.3.2.1.).
ვ---– პ-–---ნის სიტყვებით განცალკევებისას (მამის ოჯახიდან გამოყოფისას) მამამისის სახლი დარჩა მის ძმას და უძრავი ქონების შესაძენად თანხა ერთად შეაგროვეს ჯერ კიდევ მამამისის სახლში ცხოვრების დროს. შესაბამისად, არ იყო დადგენილი ძმისგან განცალკევებისას (მამის ოჯახიდან გამოყოფისას) ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული სადავო უძრავი ქონება (იხ.3.2.1.).
ასევე დაუდგენლად დარჩა, თუ რას ნიშნავს ვ---– პ-–---ნის 29.08.2011 წლის განცხადება, როგორც აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების საფუძველი, აღნიშნული უძრავი ქონების რომელ ნაწილს ეხება ეს განცხადება (იხ.3.2.1.).
სასამართლომ განმარტა, რომ გაუგებარია რატომ არის გამოყენებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული უძრავი ქონების რომელ ნაწილს ეხება ეს ნორმა.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, დააწესოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის, გამოყენების ან განკარგვის დროს ნივთის სანაცვლო საკომპენსაციო თანხების ოდენობა საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და სარეკრეაციო ტერიტორიების მიხედვით, მისი გადახდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის წესი და პირობები, აგრეთვე განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის ან მოსარგებლისათვის მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობით, მისი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხები (მუხლი 1-ლი).
მეუღლეებმა ვერ განმარტეს, თუ რას გულისხმობდა მოცემულ შემთხვევაში, ვ---– პ-–---ნის 29.08.2011 წლის განცხადება, რა მოხდა სადავო ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის კუთხით და ქონების რომელ ნაწილს ეხებოდა აღნიშნული.
აქედან გამომდინარე, დაუდგენელი დარჩა სადავო უძრავი ქონების (მდებარე - ახ--–---–--ის რაიონი სოფელი აზ--------, ს/კ #63.02.34.0--), ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, არ არის დადგენილი სადავო უძრავი ქონების არც ზუსტი ღირებულება, არც შეძენის წყარო და არც ის თუ ამ ქონების რომელ ნაწილზე შეიძლება გავრცელდეს მოსარჩელის ინტერესი, მეუღლეთა საერთო საკუთრების კუთხით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში და მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები იმდენად დაუსაბუთებული იყო, ხოლო მტკიცებულებები იმდენად სუსტი, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.7.3. სასამართლომ მიუთითა, რომ ფო-----------------ს მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი - 1998, ფერი - თეთრი, სახელმწიფო ნომრით X------) 2009 წლიდან რეგისტრირებულია ვ---– პ-–---ნის (პ/ნ 07001015655) სახელზე;
ამასთან, არ იყო წარმოდგენილი ავტომანქანის შეძენის დამადასტურებელი საბუთი (ხელმშეკრულება), ვ---– პ-–---ნის განმარტებით, მან ავტომანქანა შეიძინა თბილისში (არ ახსოვს ვისგან) 2009 წელს, კომერციის მიზნით, ხოლო შემდეგ 2011 წლიდან მეუღლის თანხმობით გამოიყენა მაღაზიისათვის. შესაბამისად, გამოდის, რომ ვ---– პ-–---ნმა შეიძინა ავტომანქანა, როდესაც ცხოვრობდა ჯერ კიდევ მამამისის ოჯახში, ხოლო მხარეები ვერ ადასტურებენ თუ ვისი სახსრებით იყო შეძენილი აღნიშნული ავტომანქანა (იხ.3.2.2.).
მოსარჩელემ შეაფასა სადავო ქონება - ავტომანქანა 4000 ლარად, რა დროსაც ყადაღადადებული ქონების აღწერის შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა სხვა მოძრავ ნივთებთან ერთად (ცეცხლსასროლი იარაღი; ბენზინის სვეტი, მრიცხველი ორი განშვები პისტოლეტით; სალარო აპარატები; 10 და 1.5 ტონიანი შავი ლითონის ავზები, რომლებიც ცალკე საკმაოდ ძვირი ღირს) შეფასებულია ჯამში 10,500 ლარად (იხ.3.2.2.).
ამასთან, გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ არ ითხოვდა მოსარჩელე დანარჩენ მოძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების აღიარებას.
შესაბამისად არ იყო დადგენილი სადავო ავტომანქანის არც ღირებულება, არც შეძენის წყარო. სასამართლომ განმარტა, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის - კ-----ა პ-–---ნის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებია:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სადავოდ გახადა უდავო ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ვ---– პ-–---ნის მიერ 2011 წელს ქორწინების განმავლობაში უძრავი ქონების შეძენის ფაქტი.
სასამართლო აქცენტს აკეთებს თუ რა სახსრებით იქნა შეძენილი უძრავი ქონება. კ-----ა პ-–---ნმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ერთობლივად მოხდა სადავო უძრავი ქონების შეძენა და წარმოადგენს კ-----ე პ-–---ნის და ვ---– პ-–---ნის თანასაკუთრებას.
ასევე, სასამართლომ სადავოდ გახადა ავტომობილის შეძენის ფაქტი და ყურადღება გაამახვილა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. აპელანტი განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ავტომობილის გადაფორმება ხდება საპატრულო პოლიციაში ელექტრონულად. მოცემულ შემთხვევაში, მთავარია, რომ წარდგენილი იყო ტექნიკური პასპორტი, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ავტომობილის შეძენის ფაქტი.
სასამართლო საუბრობს გირავნობის არსებობაზე, რასაც კონკრეტულ დავასთან კავშირი არ აქვს, რადგან საკითხი ეხება მეუღლეთა თანასაკუთრებას და არა ვ---– პ-–---ნის დავალიანების არსებობა არ არსებობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში საკუთრება წარმოშობილია კანონის საფუძველზე, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება- მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა)ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ)ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ.
უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში (იხ. სუსგ საქმე №ას-7-7-2016, 16.03.2016 წ).
პალატა განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით. სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს.
ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.
ამდენად, კ-----ა პ-–---ნის, როგორც ვ---– პ-–---ნთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს, ხოლო აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლება მოპასუხეების ვალდებულებაა, რაც მათი მხრიდან სათანადო დასაბუთებულობით არ განხორციელებულა.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ-----ა პ-–---ნი და ვ---– პ-–---ნი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2001 წლის 18 დეკემბრიდან (ქორწინების მოწმობა - ტომი I, ს.ფ. 21-22). მათ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში - 2011 წლის 29 აგვისტოს შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე: ახ--–---–--ის რაიონი, სოფ. აზ--------, ს/კ #63.02.34.0--, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე ვ---– პ-–---ნის სახელზე (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი I, ს.ფ. 17-18), ხოლო 2009 წლის 17 თებერვალს ამავე პირების მიერ შეძენილია ავტოსაპრანსპორტო საშუალება (ავტომანქანა - F----------- 150 LY სატვირთო ფურგონი; საიდენტიფიკაციო ნომერი - WFOFXXGBVFWT42918, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - OV0094708; გამოშვების წელი - 1998; ფერი - თეთრი; სახელმწიფო ნომერი - Z------). აღნიშნული ავტომანქანაც საქმეში წარმოდგენილი ტექ. პასპორტის თანახმად, აღრიცხულია ვ---– პ-–---ნის საკუთრებად.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემომოხმობილ ნორმათა თანახმად და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქონებები შეძენილია კ-----ა პ-–---ნის და ვ---– პ-–---ნის თანაცხოვრების პერიოდში, სადავო ნივთები მათ თანასაკუთრებას წარმოადგენს.
შესაბამისად, უძრავი ქონება მდებარე: ახ--–---–--ის რაიონი, სოფ. აზ--------, ს/კ #63.02.34.0-- და ავტოსატრანსპორტო საშუალება - F----------- 150 LY წარმოადგენს არა ვ---– პ-–---ნის ინდივიდულურ საკუთრებას, არამედ - მეუღლეთა თანასაკუთრებას და კ-----ა პ-–---ნი უფლებამოსილია, მოითხოვოს დასახელებული ნივთების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა. რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა უძრავ ქონებასა და სატრანსპორტო საშუალებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღზე კ-----ა პ-–---ნის თანამესაკუთრედ ცნობას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების (ტომი I, ს.ფ. 20) თანახმად, დასტურდება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი - S-- Nთ---- კალიბრი 7.62, რეგისტრირებულია ვ---– პ-–---ნის სახელზე.
მისი განმარტებით, მან იარაღი შეიძინა სიმამრის დახმარებით და აღიარა, რომ ის ფაქტობრივად წარმოადგენს სიმამრის საჩუქარს, ვინაიდან ვ---– პ-–---ნს უყვარს ნადირობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის იარაღის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილია თუ არა კ-----ა პ-–---ნის და ვ---– პ-–---ნის თანაცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სადავო ქონება წარმოადგენს ვ---– პ-–---ნის ინდივიდუალურ საკუთრებას და არ არსებობდა ამ ნაწილში კ-----ა პ-–---ნის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული სადავო ქონების დანიშნულებისა და გამოყენების ხასიათის (ნადირობა) გათვალისწინებით, ის უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ვ---– პ-–---ნთან და სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენს ვ---– პ-–---ნის ინდივიდულაურ საკუთრებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილია მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში.
4.1. პალატა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.
ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ---– პ-–---ნი არის ინდმეწარმე და მისი აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 27704,41 ლარს. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 04 ოქტომბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №036-252 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ი/მ „ვ---– პ-–---ნის” (ს/ნ 07001015655, მისამართი: ქ. ახ--–---–--ი, სოფელი აზ--------) ქონებას დაედო ყადაღა მეწარმის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის #3/64-18 ბრძანების საფუძველზე, (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი) ვ---– პ-–---ნის ყადაღადადებული ქონება გატანილია ღია აუქციონზე რეალიზაციისათვის.
2017 წლის 07 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო ი/მ „ვ---– პ-–---ნის” უძრავ ქონებას და მოძრავ ნივთებს, კერძოდ: 1. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე: ქ.ახ--–---–--ის რაიონი სოფელი აზ--------, საკადასტრო კოდი: #63.02.34.0--; მიწა - 622; შენობა (მაღაზია_ - 140; შენობა (ავტოფარეხი) – 40; შენობა (ბოსელი) -55; ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება - 43.000 ლარი; 2) ავტომანქანას - YF----------- 150 LY სატვირთო ფურგონი, საიდენტიფიკაციო ნომერი WFOFXXGBVFWT42918, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა OV0094708. გამოშვებული 1998 წელს, ფერი თეთრი. საჭე მარცხენა, სახელმწიფო ნომერი Z------; 3) ხრახნლულიან ცეცხლსასროლ შაშხანას S--, საქარხნო ნომრით #თ-----, კალიბრი 7,62.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ან გარემოება, რომ ყადაღადადებული ქონებები არ იქნა შეძენილი კ-----ა პ-–---ნის და ვ---– პ-–---ნის მიერ ერთობლივად და, რომ მთლიანი სადავო ქონება მოვალის - ვ---– პ-–---ნის საკუთრებაა მოპასუხე - სს---–--------–---------------ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
მოსარჩელის მიერ დადასტურებულ იქნა სადავო ნივთებზე - უძრავ ქონებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი თანასაკუთრების უფლება. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს სს---–--------–---------------ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ-----ა პ-–---ნის მხრიდან სამოქალაქო სარჩელის აღძვრა და აღნიშნულ ქონებებზე 1/2 წილის მოთხოვნა იმ პირობებში, როდესაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანება ვ---– პ-–---ნის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ და ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, ემსახურება ვ---– პ-–---ნის დავალიანების გამო უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით. განსახილველ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული გარემოებების რელევანტური მტკიცებულებებით დადასტურება სს---–--------–---------------ის მიერ არ მომხდარა. მოპასუხის მიერ ზეპირსიტყვიერი შედავება სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა მჭიდროდაა დაკავშირებული მათი პირადი და საერთო ვალის ცნებასთან. საერთო ვალი ისეთი ვალია, რომელიც აღებულია ორივე მეუღლის მიერ ან თუნდაც ერთ-ერთის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვალი აღებულია ერთ-ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან.
ისეთ შემთხვევაში, როცა მეუღლეთა საერთო ვალი აღემატება თანაზიარი ქონების ღირებულებას, გადახდევინება უნდა გავრცელდეს თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც. პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, ჩვეულებრივ, მიიჩნევა კრედიტორის მოთხოვნა მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის მიმართ თანხის გადახდის შესახებ. იყო თუ არა ვალის აღება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს სასამართლომ. სასამართლომ ყოველ შემთხვევაში უნდა გაარკვიოს ვალის აღების მიზანი და მისი გამოყენების შედეგები (იხ.რ.შენგელია, ე.შენგელია, საოჯახო სამართალი, თბ. 2015, გვ.131.).
სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება დასაშვებია, თუ სასამართლო იმ ვალდებულებას, რომლის გამოც აღსრულება უნდა მოხდეს, სსსკ-ის 1169-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნევს მეუღლეთა საერთო ვალად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი ნაწილის დათქმა, პრაქტიკულ აზრს დაკარგავდა. (შდრ. სუსგ №ას-412-389-2014, 16 ივნისი, 2014.) საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1169-ე მუხლის შესაბამისად ვალებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არა მხოლოდ განქორწინების, არამდე ქორწინების პერიოდშიც და არ აქვს მნიშვნელობა მეუღლეთა შორის საერთო ქონება გაყოფილია თუ არა. საკასაციო პალატამ სსკ-ის 1170-ე მუხლის დისპოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის გამოყენებისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალი, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. (შდრ. სუსგ №ას-569-540-2015, 01 ივლისი, 2016.)
მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით (შდრ. სუსგ №ას-1029-964-2012, 23 ივლისი, 2012.)
საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სსკ-ის 1169-ე და 1170-ე მუხლები ფაქტების პრეზუმირებას გამსესხებლის (კრედიტორის) სასარგებლოდ არ შეიცავს და მეუღლეთა საერთო ქონებიდან ვალის დაფარვის მიზნებისათვის მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე (მტკიცების სტანდარტი) არ მიუთითებს. შესაბამისად, მოცემული ტიპის დავის გადაწყვეტისას უნდა მოხდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების 102-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესით ხელმძღვანელობა (შდრ: სუსგ Nას-516-489-2015, 17 ივნისი 2015).
სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე საქმის მასალებით დაუდასტურებელია კ-----ა პ-–---ნის და ვ---– პ-–---ნის საერთო ვალების ფაქტი და იმ პირობებში, როდესაც კ-----ა პ-–---ნი ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ახ--–---–--ის რაიონი, სოფ. აზ--------ს, ს/კ #63.02.34.0-- და ავტოსატრანსპორტო საშუალების - F----------- 150 LY სატვირთო ფურგონი; საიდენტიფიკაციო ნომერი - WFOFXXGBVFWT42918, ½ ნაწილის მესაკუთრედ, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ არსებობს აღნიშნული ქონების ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. რის გამოც კ-----ა პ-–---ნის მითითებული სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს #63.02.34.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის და ავტომანქანა - F----------- 150 LY სატვირთო ფურგონის ½ ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში.
4.3. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება კ-----ა პ-–---ნის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ კ-----ა პ-–---ნის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდეს ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება კ-----ა პ-–---ნის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კ-----ა პ-–---ნის მიერ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მთლიანობაში გადახდილია 580 ლარი. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ერთ ერთმა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნები ცნო სრული მოცულობით აპელანტის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯების ნაწილი - 562,5 ლარი სსსკ-ის 53-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხე სს---–--------–---------------ს ხოლო 17,5 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ-----ა პ-–---ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სამოქალაქო საქმეზე #2/38-19 ნაწილობრივ გაუქმდეს ახ--–---–--ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება (უძრავ ქონებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე თანამესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმისა და აღნიშნული ქონებების ყადაღისაგან გათავისუფლების უარის თქმის ნაწილში) და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება კ-----ა პ-–---ნის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
3. კ-----ა პ-–---ნ (პ/ნ 59001019827) ცნობილ იქნას ვ---– პ-–---ნის (პ/ნ 07001015655) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ახ--–---–--ის რაიონი, სოფ. აზ--------, ს/კ #63.02.34.0--, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
4. კ-----ა პ-–---ნ (პ/ნ 59001019827) ცნობილ იქნას ვ---– პ-–---ნის (პ/ნ 07001015655) საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა - ფ------ ტრანზიტ, საიდენტიფიკაციო ნომერი - WFOFXXGBVFWT42918, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - OV0094708; გამოშვების წელი - 1998; ფერი - თეთრი; სახელმწიფო ნომერი Z------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
5. ყადაღისგან გათავისუფლდეს უძრავი ქონების მდებარე: ახ--–---–--ის რაიონი, სოფ. აზ--------, ს/კ #63.02.34.0--, კ-----ა პ-–---ნის (პ/ნ 59001019827) კუთვნილი 1/2 ნაწილი.
6.ყადაღისგან გათავისუფლდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა - ფ------ ტრანზიტ, საიდენტიფიკაციო ნომერი - WFOFXXGBVFWT42918, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - OV0094708; გამოშვების წელი - 1998; ფერი - თეთრი; სახელმწიფო ნომერი Z------, კ-----ა პ-–---ნის (პ/ნ 59001019827) კუთვნილი 1/2 ნაწილი.
7. სს---–--------–---------------ს დაეკისროს კ-----ა პ-–---ნის მიერ ორივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 562,5 ლარი.
8. დანარჩენ ნაწილში (ცეცხლსასროლ იარაღზე თანამესაკუთრედ ცნობა და აღნიშნული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება) ახ--–---–--ოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან გვარამია
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი