განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
330100119003255952
ინსტანცია
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003255952

საქმე №1ბ/2045-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ჯ--- რ-–----ე, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრაციის მისამართი: ქ. ტ------–-------------–---------------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ქ. თ---–--------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, სწორად და ზუსტად შეაფასა, მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ის მიმართ გამოყენებული იქნა, ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი სასჯელი და სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი დანაშაულის შედეგად წარმოშობილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, ვერ იქნება გამართლებული, რადგან გენერალური პრევენციის მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. მოცემულ შემთხვევაში ჯ--- რ-–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ იმოქმედებს მასზე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს გაუჩნდება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს. შესაბამისად ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნები. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია და ითხოვს მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ჯ--- რ-–----ემ და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ჯ--- რ-–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თ---–--–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ--- რ-–----ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - თ----- ბ------–---–ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის მოტივით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა მარცხენა ლოყასა და ყურზე, რის შემდეგაც მთელი ძალით რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად თ----- ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ თ----- ბ------–---–ის არასრულწლოვანი შვილები - 8 წლის ს-------–----ე და 6 წლის მ------ რ-–----ე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, ჯ--- რ-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 სექტემბრიდან - 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჯ--- რ-–----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- ბ------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების - ნ---- ძ--------–---–ის, მ------ რ-–----ის და ს-------–----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით და თავად ჯ--- რ-–----ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ--- რ-–----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ჯ--- რ-–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ჯ--- რ-–----ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ--- რ-–----ე სრულად აცნობიერებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, დასაქმებულია და კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. შესაბამისად პალატა თვლის, რომ არსებობს ჯ--- რ-–----ის მიმართ სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის და პირობითი მსჯავრის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ჯ--- რ-–----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი –ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ქირიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი ჯ--- რ-–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ჯ--- რ-–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 სექტემბრიდან - 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

ჯ--- რ-–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ეს საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ჯ--- რ-–----ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე