განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №811210019002798212
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-985-19 15 იანვარი, 2020 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დავის საგანი - - - - - შპს ,,ე---------------“ თ------------ე შ--–-- ჩ---–--ე მ-----–-------ე თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- არ დაკმაყოფილდა შპს ,,ე----- კ---------”-ს სარჩელი შ--–-- ჩ---–--ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
- სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
- გაუქმდა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო შ--–-- ჩ---–--ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - C------, მარკა-მოდელი მაზდა MPV, ფერი - რუხი 6/8 გ, წელი -2---, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, შასის N - L---------.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
2.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა გირავნობის საგანი.
2.3. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი გაიყიდა 720.00 ლარად. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და სადავოდ მიიჩნევს ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს; ავტომობილის მიღება-ჩაბარების აქტს და ავტომობილის შესყიდვის ფასს.
2.4. დადგენილია, რომ მოპასუხეს დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით გაეგზავნა წერილი და მიეცა დამატებითი ვადა.
2.5. დადგენილია, რომ ფ/პ ი----- პ---–--–---–ი არ არის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პირი.
2.6. დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავოდ მიაჩნია ავტომობილის (გირავნობის საგანი) შეფასება, კერძოდ აღნიშნავს, რომ ავტომობილის შეფასება მოხდა ფოტოსურათების საშუალებით, შემფასებელ პირს ადგილზე არ უნახავს შეფასების ობიექტი და შეფასება მოახდინა საიტის მეშვეობით, ანალოგიური ავტომობილის მიმართ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
2.8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
2.9. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის დავას იწვევს გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხი. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ არაკვალიფიციურ პირს შეაფასებინა ავტომანქანა საბაზრო ფასზე ნაკლებად, გაასხვისა გირავნობის საგანი და ამჟამად დამატებით ითხოვს თანხას. მისივე განმარტებით, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად იყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მას მინიჭებული ჰქონდა უფლება, მოვალის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა გირავნობის საგანი. ამდენად, ეს ვერ შეფასდება უფლების ბოროტად გამოყენებად.
2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია საფუძვლიანი იყო. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
2.11. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების 6.2. მუხლზე, რომლის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორი უფლებამოსილია გადაიფორმოს გირავნობის საგანი თავის საკუთრებაში და თვითონვე მოახდინოს მისი რეალიზაცია.
2.12. სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით - მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
2.13. საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4.4 მუხლით, მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრება 6000 აშშ დოლარით (შემდომში ,,მაქსიმალური თანხა“).
2.14. საქმის განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გირავნობის საგნის შეფასება პირველ ეტაპზე, სესხის გაცემისას ხდება კრედიტ - ოფიცრის მიერ გირავნობის საგნის ვიზუალური დათვალიერებით. სწორედ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შეფასდა გირავნობის საგანი 2000 აშშ დოლარად.
2.15. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი გაიყიდა 720 ლარად. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე და სადავოდ მიიჩნევს ი----- პ---–--–---–ის მიერ ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს; ამასთან თვით ი----- პ---–--–---–ის განმარტებით, დადგენილია, რომ იგი არ არის შ----------–----------------------------------–-----------------–-------ს მიერ სერტიფიცირებული პირი. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გირავნობის საგნის შეფასება მოხდა არაკვალიფიციური სპეციალისტის მიერ და ამ ნაწილში მოპასუხის პრეტენზია საფუძვლიანია. მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი პრეტენზია გამოიწვია გაყიდული ავტომანქანის რეალიზაციის ფასმა და ამავე ნივთის საბაზრო ღირებულებას შორის მნიშვნელოვანმა სხვაობამ, სახელდობრ, მოპასუხის მოსაზრებით, კრედიტორმა ბოროტად გამოიყენა მის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის უფლება, რამაც მოპასუხეს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისი.
2.16. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - ვინაიდან საეჭვოა გასხვისებისას გირავნობის საგნის ღირებულება, ამასთან საქმეში წარმოდგენილი გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულების მე-4 მუხლით, გირავნობით სრულად უზრუნველყოფილია მოგირავნის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები, მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, საპროცენტო სარგებელი, კრედიტის ძირითადი თანხა, მოგირავნისადმი მიყენებული ზიანი (სასამართლო, სააღსრულებო, იურიდიული მომსახურების სხვა ნებისმიერი ხარჯი) და სწორედ, გირავნობის საგნის გათვალისწინებით, ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 2000 აშშ დოლარით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების მითითებული ჩანაწერი, სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლთან, რომლის პირველი ნაწილით - მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.17. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა საქმეში წარმოდგენილი გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებით ასევე დაადგინეს გირავნობის საგნის რეალიზაციის წესი, რაც პირდაპირ კავშირშია იმავე ხელშეკრულების 6.2 მუხლთან და წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობას, რადგან როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.
2.18. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სესხი, 1200 აშშ დოლარი, გაიცა გირავნობის საგნის ვიზუალური შეფასების საფუძველზე, კრედიტორი ვალდებული იყო, გირავნობის საგნის რეალიზაციისას შეექმნა უფრო სარწმუნო მტკიცებულება (კვალიფიციური ექსპერტის დასკვნა), რაც ობიექტურ შემფასებელს შეუქმნიდა კრედიტორის მხრიდან უფლების მართლზომიერად გამოყენების რწმენას და შესაბამისად მოპასუხის პოზიცია იქნება უსაფუძვლო. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხის განმარტებით, გირავნობის საგანი არა თუ კრედიტის ძირი თანხის გადახდას უზრუნველყოფდა, არამედ მხარეთა შეთანხმებით, იგი უზრუნველყოფდა ასევე სამომავლო ან/და პირობით მოთხოვნებს.
2.19. ვინაიდან, მოწმის სახით დაკითხულმა ავტომანქანის შემფასებელმა პირმა, ი----- პ---–--–---–მა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, თუ რა მეთოდებით მოახდინა სადავო გირავნობის საგნის შეფასება, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირავნობის საგნის გასხვისებისას კრედიტორმა დაარღვია მეწარმისათვის დამახასიათებელი წინდახედულების პრინციპი, არ დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს სავალდებულო პირობა, კერძოდ - უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
2.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია
3. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შპს ,,ე---------------“-ის მიერ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გირავნობის საგნის შემფასებელი ფ/პ ი----- პ---–--–---–ი არ არის "შ----------–----------------------------------–-----------------–-------"-ს მიერ სერთიფიცირებული პირი. აგრეთვე, სასამართლო უთითებს, რომ ვინაიდან ი.პ---–--–---–ი იყო არაკვალიფიციური შემფასებელი მოსარჩელის მოთხოვნა, გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი დაუფარავი დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა. გაუგებარია თუ რატომ გადაწყვიტა სასამართლომ, რომ ი----- პ---–--–---–ი არ არის შემფასებელი და რომ იგი არის არაკვალიფიციური, რადგან არ ფლობს "შ----------–----------------------------------–-----------------–-------"-ს სერთიფიკატს. მოწმემ დაკითხვისას განმარტა, რომ აქვს სხვადასხვა კომერციულ ბანკსა და საშემფასებლო კომპანიაში შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება, ხოლო ბოლო პერიოდში დამოუკიდებელ საშემფასებლო მომსახურებას ეწევა თავისივე კომპანიით (შპს "ჯ------------"). რაც შეეხება შემფასებლის სერთიფიკატს, მან ასევე განმარტა, რომ მართალია არ აქვს "შ----------–----------------------------------–-----------------–-------"-ს, ამ კონკრეტული ორგანიზაციის, სერთიფიკატი, მაგრამ სადაო ავტომობილის შეფასებისას ფლობდა APLR-ის სერთიფიკატს (www.aplr.org), რომელიც გაცილებით ავტორიტეტული გერმანული ორგანიზაციაა და რომლის საქმიანობის სანდოობის ხარისხიც გაცილებით მაღალია ბაზარზე, ვიდრე "შ----------–----------------------------------–-----------------–-------"-ს. ზემოაღნიშნული ცენტრი, რომელზეც სასამართლო ხშირად აპელირებს განჩინებაში, არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქმიანობასაც განსაზღვრავს ნორმატიული აქტი. იგი არის ქართულ ბაზარზე მოქმედი მსგავსი პროფილის ასობით ორგანიზაციიდან ერთ-ერთ, რომელიც სულ რაღაც 400 ლარის სანაცვლოდ გასცემს შემფასებლის სერთიფიკატს (იხ. საჯარო ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: http://www.professionals.org.ge). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი მოძრავი ქონების შეფასების წესები ან/და ზოგადი სტანდარტი, განსხვავებით უძრავი ქონებისგან, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 მაისის ბრძანება, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის მოძრავი ქონების კვალიფიციურ შეფასებას კონკრეტული შემფასებლის მეთოდოლოგიითა და სტანდარტით, ყოველგვარი სერტიფიცირების გარეშე.
3.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ შემფასებლის მიერ ავტომობილის შეფასება მოხდა ფოტოსურათების საშუალებით, შემფასებელ პირს ადგილზე არ უნახავს შეფასების ობიექტი და შეფასება მოახდინა საიტის მეშვეობით, ანალოგიური ავტომობილების მიმართ. იმთავითვე აბსურდია იმაზე აპელირება, რომ ავტომობილის შეფასება მოხდა ფოტოებითა და საიტის მეშვეობით, ანალოგიური ავტომობილების ფასების მიხედვით, იმდენად რამდენადაც შეფასების ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ავტომობილის დაზიანებები და ტექნიკური წუნები, მათ შორის ისეთები, რომლებიც გარეგანი დათვალიერებით არ შეიძლება, რომ ჩანდეს. შეუძლებელია დაადგინო, თუნდაც ელექტროობასთან და ძრავთან დაკავშირებული ხარვეზები თუ ფიზიკურად, საკუთარი თვალით არ ნახავ შესაფასებელ ობიექტს. შეფასების ანგარიში შემფასებელმა დაკითხვისას ზუსტად ვერ გაიხსენა შეფასების პროცესი, რამდენადაც იგი მოხდა 26 თვით ადრე, 2017 წლის მარტის თვეში, ხოლო ამ პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის დაკვეთით მის კომპანიას კიდევ ასობით ავტომობილი ჰქონდა შეფასებული, თუმცა განმარტა, რომ შეფასება მოხდა უშუალოდ მისი ან შპს "ჯ------------ს" სხვა ექსპერტის მონაწილებით და ეს ნორმალურია, რამდენადაც მხოლოდ მათი დაკვეთით ისინი თვეში 50-მდე ავტომობილის შეფასების ანგარიშს ამზადებდნენ. რაც შეეხება საიტზე ანალოგიური ავტომობილების მოძიებას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ ქონებაზე ფასის დადგენისთვის უპირველესად ხდება სხვა ანალოგიური ქონების ფასების მოძიება. საკითხის ამგვარ კონტექსტში წარმოჩინება გვაფიქრებინებს, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო მოპასუხის სასარგებლოდ.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს მათ მითითებას იმის თაობაზე, რომ გირავნობის ხელშეკრულებით მოგირავნეს უფლება ჰქონდა მოეხდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია დამგირავებლის თანხმობის გარეშე. გაუგებარია თუ რატომ უთითებს სასამართლო მოგირავნის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებაზე იმ პირობებში, რომ: ა) სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ ავტომობილი მგზავრობისას გაუფუჭდა და ქალაქ გორში გაჩერდა საჯარიმოზე, ანუ მხარე თავად ადასტურებს იმ გარემობას, რომ ავტომობილის დაზიანების ხარისხი არ იძლეოდა მისი ექსპლუატაციის შესაძლებლობას; ბ) კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მოხდა ავტომობილის შეფასება და მოპასუხის ინფორმირება გაფრთხილების წერილის ჩაბარებით, რომლითაც დამგირავებელს აცნობეს, რომ "კომპანიის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით, 2017 წლის 24 ივლისიდან სარეალიზაციოდ გადაეცა გაყიდვების დეპარტამენტს. ამასთან, მისი მდგომარეობისა და მოთხოვნადობის გათვალისწინებით, ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა მისი რეალიზაციის გზით მიღებულმა თანხამ ვერ უზრუნველეყო დარიცხული დაალიანების დაფარვა.
3.4. არაკეთილსიერების ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ მოპასუხის მხრიდან, რადგანაც მან დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული "საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების №1-------" 8.3 პუნქტი, რომლის თანახმადაც: "დამგირავვებელს ეკისრება გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის და მისი რეალური ღრებულების შენარჩუნების ვალდებულება. ამდენად დამგირავებელი პასუხისმგებელია გირავნობის საგნის დაზიანებაზე ან შემთხვევით დაღუპვაზე. ამასთან, თუ ვითარების გაუარესების გამო გირავნობის საგნის არსებობას შეექმნა საფრთხე, დამგირავებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თოაბაზე მოგირავნეს და დროულად უზრუნველყოს საფრთხის თავიდან აცილება". აღნიშნული ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა - მან არ შეინარჩუნა გირავნობის საგნის რეალური ღირებულება.
3.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ: "კრედიტორი ვალდებული იყო, გირავნობის საგნის რეალიზაციისას შეექმნა უფრო სარწმუნო მტკიცებულება (კვალიფიციური ექსპერტის დასკვნა), რაც ობიექტურ შემფასებელს შეუქმნიდა კრედიტორის მხრიდან უფლების მართლზომიერად გამოყენების რწმენას და შესაბამისად მოპასუხის პოზიცია იქნება უსაფუძვლო". სასამართლო რატომღაც მიიჩნევს, რომ შემფასებლის კვალიფიკაციის ერთადერთი კრიტერიუმია "შ----------–----------------------------------–-----------------–-------"-ს მიერ სერთიფიცირება. სასამართლო განჩინებაში არ უთითებს რატომ მიიჩნევს პ---–--–---–ის მიერ შესრულებულ დეტალურ ანგარიშს არაობიექტურად, უფრო მეტიც ასკვნის რომ ავტომობილის რეალიზაცია მოხდა არაობიექტურ ფასად იმ პირობებში, რომ საქმეში არ არსებობს ალტერნატიული შეფასების ანგარიში. სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მოპასუხის ახსნა-განმარტება და ცარიელი სიტყვები მათ მიერ წარდგენილი ნივთიერი/წერილობითი მტკიცებულებების მიუხედავად, ამგვარი მიდგომა კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სასამართლო სხდომაზე შემფასებელმა ი----- პ---–--–---–მა განმარტა, რომ შეფასება წარმოადგენს მის სუბიექტურ აზრს, რომელიც მას გააჩნია მისი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ასევე შეფასებული ობიექტის საბაზრო ღირებულების შესახებ ობიექტურად დასაბუთებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნის შესაბამისად; ასევე, მითითებულია, რომ შეფასებისას გამოყენებულ იქნა საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებული ერთ-ერთი მეთოდი "შეფასების პირდაპირი გაყიდვების შედარების მეთოდი" (Direct Sales Comparison Approach); ასევე, შეფასების მე-5 გვერდზე უთითებს შეფასებისას გაკეთებულ შეზღუდვებსა და დაშვებებს. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია ს.ს.ს.კ.-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ფოტომასალა, მოწმე, შეფასება ან/და სხვა მტკიცებულება, რაც სადაოს ან/და საეჭვოს გახდიდა მანქანის ფასს ან/და გააქარწყლებდა ან/და შედარების კუთხით სადაოს გახდიდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ შეფასებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ე---------------“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები, რის შედეგადაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:
4.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1-------; რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით 12 თვის ვადით. შეთანხმების თანახმად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის, სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელი მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებულ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - ნ------------. მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარით.
(იხ. ხელშეკრულებები, ს/ფ 15-24).
4.3. საქმეში წარმოდგენილი ი----- პ---–--–---–ის 07.03.2017წ. შეფასების აქტის თანახმად, ,,შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულება დასკვნაში მოცემული ფაქტების გათვალისწინებით 07.03.2017წ. მდგომარეობით დამრგვალებით შეადგენს: 900 ლარს, ხოლო ლიკვიდური კი 500 ლარს. შეფასების აქტის თანახმად, ავტომობილი არ იქოქება, წინა ბამპერი მოხსნილია, რადიატორი არ უყენია, მონიტორი არ უყენია, სალონში ელექტროობა ჩახსნილია, გაზი ამოღებულია, ჰაერის ამთვლელი სენსორი არ უყენია, საქარე მინა გაბზარულია, უკანა საქარე მინა ჩამტვრეულია, წინა ხარიხა არ უყენია, შალითები დახეულია, საჭიროა სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები“.
4.4. დადგენილია, რომ ექსპერტი ზემოთ მითითებული დასკვნის შედგენისას, არ იმყოფებოდა ადგილზე, მას პირადად არ უნახია შესაფასებელი ავტომანქანა და შეფასებისას დაეყრდნო თანამშრომლის მიერ გადაღებულ ფოტო 4 ცალ ფოტო სურათს, რომელიც დატანილია მოცემული შეფასების აქტში, მითითებულ ფოტო მასალაში ავტომანქანას არ აქვს სანომრე ნიშანი, ხოლო იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ექსპერტმა სააპელაციო სასამართლოში ვერ მიუთითა სარწმუნო გარემოებებზე (იხ. შეფასება, ს/ფ 29-34);
4.5. 27.12.2019წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ექსპერტ ი----- პ---–--–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მას პირადად არ უნახავს მის მიერ შეფასებული ავტომანქანა, შეფასების აქტში ასახული ფოტოსურათები კი გადაღებულია მისი თანამშრომლის მიერ (იხ. 27.12.2019წ. ოქმი);
4.6. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ შ--–-- ჩ---–--ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული ავტომობილი შპს ,,ე---------------“-ის მიერ გაიყიდა 720 ლარად (290,41 აშშ დოლარი), რაც სრულად იქნა ჩათვლილი პირგასამტეხლოს ანგარიშში. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ შ--–-- ჩ---–--ეს შპს ,,ე---------------“-ისათვის გადასახდელი ჰქონდა დარჩენილი სესხის ძირი თანხა 1125 აშშ დოლარი და სარგებელი 618,75 აშშ დოლარი;
4.7. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, რომ შპს ,,ე---------------“-მა არაკეთილსინდისიერად მოახდინა ავტომობილის რეალიზაცია. მოსარჩელის მტკიცებით ავტომობილის ღირებულების გათვალისწინებით მას მოსარჩელის წინაშე არანაირი შესასრულებელი ვალდებულება აღარ გააჩნია;
4.8. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი;
4.8. ამავე კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია;
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;
4.10. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს წარმოეშობა გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება;
4.11. სამოქალაქო კოდექსისი 256-ე და 276-ე მუხლები დისპოზიციური შინაარსის ნორმებია. ამ ნორმამ მხარეებს მიანიჭა უფლება თავად განსაზღვრონ გირავნობის საგნის რეალიზაციისას ამონაგები თანხის არასაკმარისად მიჩნევის შემთხვევაში, ჩაითვალოს თუ არა მოთხოვნა დაკმაყოფილებულად. თუ მხარეები ხელშეკრულებით ამ საკითხზე არ შეთანხმდებიან, მაშინ ამოქმედდება ზემოაღნიშნული მუხლები (ს.კ.-ის 256 მ. და 276 მ.) და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მიიჩნევა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუნდაც თანხა საკმარისი არ იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად;
4.12. მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავტომობილი არ იყო სესხის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი, ხელშეკრულების საფუძველზე, მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის სრულად დასაფარავად, ნებისმიერ ნაშთზე მოპასუხე პასუხს აგებდა მთელი თავისი ქონებით;
4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
4.15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით 12 თვის ვადით. მოცემული სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - ნ------------. მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარით;
4.16. საქმეში წარმოდგენილი ი----- პ---–--–---–ის 07.03.2017წ. შეფასების აქტის თანახმად, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულება დასკვნაში მოცემული ფაქტების გათვალისწინებით 07.03.2017წ. მდგომარეობით დამრგვალებით შეადგენდა: 900 ლარს, ხოლო ლიკვიდური კი 500 ლარს. შეფასების აქტის თანახმად, ავტომობილი არ იქოქება, წინა ბამპერი მოხსნილია, რადიატორი არ უყენია, მონიტორი არ უყენია, სალონში ელექტროობა ჩახსნილია, გაზი ამოღებულია, ჰაერის ამთვლელი სენსორი არ უყენია, საქარე მინა გაბზარულია, უკანა საქარე მინა ჩამტვრეულია, წინა ხარიხა არ უყენია, შალითები დახეულია, საჭიროა სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოცემულ შეფასების აქტში დატანილი ავტომობილის 4 ფოტოსურათი, რომელსაც არა აქვს სანომრე ნიშანი. ამასთან, ექსპერტ ი----- პ---–--–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მას პირადად არ უნახავს მის მიერ შეფასებული ავტომანქანა, შეფასების აქტში ასახული ფოტოსურათები კი გადაღებულია მისი თანამშრომლის მიერ;
4.17. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დემოკრატიული წესწყობილების უმთავრეს ამოცანას მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელება წარმოადგენს, რაც სამართალში სამართლიანი სასამართლოს კონცეფციითაა დამკვიდრებული და იგი გარანტირებულია არა ერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 (1) მუხლი ადგენსსამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება;
4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი ექსპერტის დასკვნას პროცესის მიზნებისათვის დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხას მიაკუთვნებს, თუმცა, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით (სსკ-ის 172-ე მუხლი);
4.19. პალატა თვლის, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა არ არის შედგენილი უშუალოდ შემფასებლის მიერ შესაფასებელი ობიექტის ადგილზე შემოწმების შედეგად, ასევე პირადად არ გადაუმოწმებია ის ავტომანქანა, რომელიც ასახულია მისთვის თანამშრომლის მიერ გადაცემულ (შესაბამისი მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი აქტის გარეშე) ფოტო სურათზე და ამავე თანამშრომლის სიტყვიერი გადმოცემის შედეგად დასკვნაში მიუთითა იმ არსებით ფაქტობრივ გარემოებებზე (ავტომობილი არ იქოქება, წინა ბამპერი მოხსნილია, რადიატორი არ უყენია, მონიტორი არ უყენია, სალონში ელექტროობა ჩახსნილია, გაზი ამოღებულია, ჰაერის ამთვლელი სენსორი არ უყენია, საქარე მინა გაბზარულია, უკანა საქარე მინა ჩამტვრეულია, წინა ხარიხა არ უყენია, შალითები დახეულია, საჭიროა სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები), რომელთა ერთობლიობამ განსაზღვრა ობიექტის საბოლოო ფასი (აქვე საყურადღებოა, რომ ამ ობიექტის - ავტომანქანის უზრუნველყოფით დაახლოებით 9 თვის უკან საკრედიტო ორგანიზაციამ მოპასუხეზე გასცა სესხი 1200 აშშ დოლარის ოდენობით, ისე, რომ არ მოუხდენია ავტომანქანის მახასიათებლების დეტალური აღწერა და შესაბამისი ფაქტის კონსტანტაცია...). ასეთი პირობებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ი----- პ---–--–---–ის მიერ, არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო/სარწმუნო მტკიცებულებად და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლობაში შეფასების შედეგად ის ვერ გამოდგება სარჩელში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რის გამოც სააპელაციო პალატას არასარწმუნოდ მიაჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეფასების აქტი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო სახის მტკიცებულება, რომ სადავო ავტომობილის ღირებულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, შეადგენდა 720 ლარს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
4.20. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - შპს ,,ე---------------“-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ე---------------“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე---------------“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
6.2. მოცემული შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ე---------------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაურა მიქავა