განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210116001303918
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001303918

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3709-18 30 ოქტომბერი, 2019 წელი

 

თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები - თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „ფ---------ა N“-ის პარტნიორი ბ---- ტ-------ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ------ პ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - 1. ბ---- კ------ე, (მოპასუხე )

წარმომადგენელი - ნ---- გ---–--ა, ი---- ე-----

 

2. ნ-----–---- კ------ე (მოპასუხე )

კანონიერი წარმომადგენელი -ბ---- კ------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.04.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების შპს „ფ---------ა N“-ისთვის დაბრუნება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. 23.12.2---წ. გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და უძრავი ქონების გამყიდველისთვის, შპს „ფ---------ა N“-ისთვის დაბრუნება.

 

1.2. 16.05.2---წ. ბ---- კ------ესა და ნ-----–---- კ------ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

2.1. კომპანიის კუთვნილი ნივთის 50 % 2--- წლის 23 დეკემბერს შპს „ფ---------ა N“- ის დირექტორმა ბ---- კ------ემ გაასხვისა საკუთარ თავზე 50 000 ლარის სანაცვლოდ და 2--- წლის 30 დეკემბერს დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

 

2.2. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ბ---- კ------ეს წარედგინა 50 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბ---- კ------ეს თანხა არ გადაუხდია და უკანონოდ მიითვისა შპს „ფ---------ას“ ქონება.

 

2.3. მოპასუხემ 2--- წლის 16 მაისს მოჩვენებითი ხასიათის გარიგებით უძრავი ქონება გააფორმა მცირეწლოვან შვილზე, ნ-----–---- კ------ეზე და იგი, როგორც მცირეწლოვანი შვილის კანონიერი მეურვე, თავად განკარგავს ქონებას.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

3.1. 2--- წლის 23 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ბ---- კ------ემ გადაიხადა 50 000 ლარი.

 

3.2. აღნიშნული თანხით გასტუმრებულ იქნა კომპანიის კრედიტორი.

 

3.3. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელემ დაარეგისტრირა 2--- წელს, იმ დროს, როდესაც მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ქონების რესტიტუციის მოთხოვნით. ანუ სადავო გარიგების დროს მოსარჩელე არ წარმოადგენდა საწარმოს რეგისტრირებულ პარტნიორს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.04.2018წ. გადაწყვეტილებით ბ---- ტ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. შპს „ფ---------ა N“-სა და ბ---- ტ-------ეს შორის, 2--- წლის 23 დეკემბერს დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ---- ტ-------ეს შეიძინა ქ. თბილისში, გ---------–-- ქუჩა N 113 - თან მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილი; ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა - 50 000 ლარით, რომელიც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე მყიდველს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის; აღნიშნული დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

4.2. შპს „ფ---------ა N“-ის პარტნიორ ჯ----– მ-----–---სა და ბ---- ტ-------ეს შორის, 2--- წლის 23 დეკემბერს, დაიდო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---- ტ-------ემ შეიძინა შპს „ფ---------ა N“-ის 50 % -იანი წილი 1000 ლარად. 2--- წლის 8 მაისს წილის ნასყიდობა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

4.3. ბ---- კ------ე არის შპს „ფ---------ა N“ ის დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. შპს „ფ---------ა N“-სა და ბ---- კ------ეს შორის, 2--- წლის 23 დეკემბერს დაიდო შპს „ფ---------ა N“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/2 წილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა - 50 000 ლარით. აღნიშნული დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

4.4. 2--- წლის 16 მაისს ბ---- კ------ესა და ბ---- კ------ეს, როგორც არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---- კ------ის, კანონისმიერ წარმომადგენელს შორის, დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ-----–---- კ------ე დასაჩუქრდა ბ---- კ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილზე პ---------------- და არსებული სახლს შორის ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N 113 - ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთი - 270.00 კვ. და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა N 1, აქედან ½ ნაწილი.

 

4.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ფ---------ა N“-ის საკასაციო საჩივარი და 2--- წლის 23 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად შპს „ფ---------ა N“-ს ბ---- ტ-------ისაგან ნატურით დაუბრუნდა ნასყიდობის საგანი მდებარე - ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე პ---------------- და არსებულ სახლს შორის ქ. თბილისში, გ--------–-- ქუჩა N 113- თან მდებარე უძრავი ქონების (ს/კ, 0---------------) ½ ნაწილი და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.

 

4.6. ბ---- კ------ეს შპს “ფ---------ა N“-ის ანგარიშზე შეტანილი აქვს 50 000 ლარი.

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ---- კ------ე წარმოადგენს შპს „ფ---------ა N“-ის დირექტორს და მის წარმომადგენელს. შპს „ფ---------ა N“-ს და ბ---- კ------ეს შორის, სადავო ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2--- წლის 23 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მონაწილე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. კომპანიისათვის ბ---- კ------ის მიერ ნასყიდობის თანხის გადახდას სადავოდ ხდის კომპანიის პარტნიორი მოსარჩელე ბ---- ტ-------ე.

 

სასამართლომ 3.2.6 ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, რომ ბ---- კ------ეს ნასყიდობის საფასური შპს „ფ---------ა N“-ისათვის გადახდილი აქვს. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ შპს „ფ---------ა N“-ის საგადასახადო დავალიანების სახელმწიფოს მიერ ჩამოწერა ბ---- კ------ის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის ფაქტზე მიუთითებს, სასამართლომ არ გაიზიარა. შესაბამისად, ამ საფუძვლით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილების პირობა არ არსებობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

დადგენილი ფაქტია, რომ 2--- წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპს „ფ---------ა N“ და ბ---- კ------ე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავი ნივთი ნატურით დაუბრუნდება არა მოსარჩელე ბ---- ტ-------ეს, არამედ შპს „ფ---------ა N“-ს.

 

კონკრეტულ დავაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ორი სასარჩელო მოთხოვნა; 2--- წლის 23 დეკემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და სადაო უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება გამყიდველის - შპს „ფ---------ა N“- ისათვის; 2--- წლის 16 მაისს მოპასუხეებს - ბ---- კ------ესა და ნ-----–---- კ------ეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, ამასთან, ბ---- ტ-------ის იურიდიული ინტერესი არ არსებობს.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.04.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

5.1. მოპასუხემ არ შეასრულა 23.12.2---წ. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მყიდველს არ გადაუხადა ნასყიდობის ფასი 50 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გამო გამყიდველმა დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი და მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა, როგორც ამას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი.

 

5.2. სასამართლომ სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერებზე, ასევე მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით დადასტურებულად ცნო გარემოება მყიდველის მიერ ნასყიდობის ღირებულების გადახდის შესახებ. სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები წარმოადგენს ყალბ დოკუმენტებს, რომელიც შექმნილი იყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარჩელი შევიდა სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე დააყენა შუამდგომლობა საბუთის სიყალბის შესახებ და მოპასუხე მხარეს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. კერძოდ, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რომელ საბუღალტრო დოკუმენტაციაში აისახა ფულადი თანხის მიღება საზოგადოების მიერ.

ასეთი დოკუმენტი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. წარმოდგენილი ვერ იქნა ასევე მტკიცებულება მასზედ, რომ შპს „ფ---------ა N“-მა ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლისთვის გადაიხადა გადასახადი საგადასახადო ორგანოში. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, სესხის ხელშეკრულების არსებობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმის ჩვენებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოწმედ დაკითხული პირის მიმართ თავად შპს „ფ---------ა N“-ს გააჩნდა დავალიანება.

 

5.3. მოსარჩელემ, როგორც შპს „ფ---------ა N“-ის 50% წილის მფლობელმა პარტნიორმა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე აღძრა სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება იურიდიული პირის საკუთრებაში. ამდენად, დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა იურიდიული ინტერესის არსებობა.

 

5.4. სასამართლომ ასევე არასწორად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა 16.05.2---წ. ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. მოპასუხემ ნასყიდობის ღირებულების გადახდისგან თავის არიდების მიზნით გააფორმა მოჩვენებითი ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონება გადააფორმა მცირეწლოვან შვილზე. გარიგებას იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია და სადავო ქონებას კვლავ ბ---- კ------ე ფლობს და განკარგავს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

7. შპს „ფ---------ა N“ (შემდგომში „საზოგადოება,“ „საწარმო“) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 12.04.2001წლიდან.

ამჟამად მისი პარტნიორები არიან:

- ბ---- ტ-------ე (შემდგომში „მოსარჩელე“) 50 % წილის მფლობელი;

- ბ---- კ------ე (შემდგომში „პირველი მოპასუხე“, „მჩუქებელი“) 50 % წილის მფლობელი;

- პირველი მოპასუხე ასევე არის საზოგადოების რეგისტრირებული დირექტორი (ტ.1, ს.ფ. 35-37).

 

8. 23.12.2---წ. საზოგადოების პარტნიორ ჯ----– მ-----–---სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის გასხვისების შესახებ, რომლითაც მოსარჩელემ შეიძინა საწარმოს 50 % წილი 1000 ლარად (ტ.1, ს.ფ. 22-24). ხელშეკრულება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა და წილის მესაკუთრედ მოსარჩელე აღირიცხა 08.05.2---წ. (ტ.1, ს.ფ.74-78).

 

9. 23.12.2---წ. საზოგადოებასა და მოსარჩელეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ შეიძინა ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე პ---------------- და არსებულ სახლს შორის/ ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N 113 - ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N 0---------------) 1/2 ნაწილი; ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა - 50 000 ლარით. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ნასყიდობის ფასი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე მყიდველს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის (ტ.1, ს.ფ. 16-19). ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტ.1, ს.ფ. 20,21).

 

10. 23.10.2---წ. საზოგადოებასა და პირველ მოპასუხეს შორის ასევე გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც საზოგადოებამ, წარმოდგენილმა დირექტორის - პირველი მოპასუხის სახით, მიყიდა პირველ მოპასუხეს ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე პ---------------- და არსებულ სახლს შორის/ ქ. თბილისი, გ--------–-- ქუჩა N 113 - ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილი; ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 50 000 ლარით (ტ.1, ს.ფ. 25-28). უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მყიდველის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 29,30).

 

11. 16.05.2---წ. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ (მჩუქებელი) ნაყიდი უძრავი ნივთი აჩუქა არასრულწლოვან შვილს, ნ-----–---- კ------ეს (შემდგომში „მეორე მოპასუხე“, „დასაჩუქრებული“) (ტ.1, ს.ფ.31,32, 33,34). პირველი მოპასუხე, როგორც კანონიერი წარმომადგენელი, გარიგების დადებისას თავად წარმოადგენდა არასრულწლოვან შვილს.

 

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2015წ. გადაწყვეტილებით საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა და 23.12.2---წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად საზოგადოებას მოსარჩელისგან ნატურით დაუბრუნდა ნასყიდობის საგანი მდებარე - ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე პ---------------- და არსებულ სახლს შორის/ ქ. თბილისში, გ--------–-- ქუჩა N 113- თან მდებარე უძრავი ქონების (ს/კ, 0---------------) ½ ნაწილი და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში (ტ.1, ს.ფ.39-45).

 

13. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე, როგორც საზოგადოების პარტნიორი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ითხოვს:

საზოგადოების დირექტორის მიერ საზოგადოების სახელით საკუთარ თავთან დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან საზოგადოების გასვლას და ქონების საზოგადოებისათვის ნატურით დაბრუნებას.

 

სარჩელი ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ პირველ მოპასუხეს, რომელიც არის როგორც საზოგადოების 50% წილის პარტნიორი, ისე დირექტორი, ნასყიდობის ფასი გადახდილი არ აქვს. მოსარჩელე უთითებს ფაქტობრივ წინაპირობას, როცა დირექტორი საკუთარი თავის წინააღმდეგ საზოგადოების სახით სარჩელს არ აღძრავს და ასეთი უფლებით სარგებლობს პარტნიორი.

 

14. პალატა განმარტავს, რომ დერივაციული სარჩელი თანამედროვე სამოქალაქო-სამართლებრივი დოქტრინის თუ კანონმდებლობის თანახმად, უფლებას აძლევს აქციონერს/პარტნიორს გააკონტროლოს დირექტორის საქმიანობა. შეიძლება ითქვას, რომ დერივაციული სარჩელი კორპორაციული მართვის ამოცანების განხორციელების მიზნებსაც ემსახურება. აღსანიშნავია, რომ კორპორაციულ სამართლებრივ კონტექსტში ხელმძღვანელი (დირექტორი) საწარმოს და არა მისი აქციონერების/პარტნიორების მინდობილი პირი - მისი ფიდუციარია. აქციონერების/პარტნიორების ურთიერთობა კი განპირობებულია სწორედ „საწარმოს საუკეთესო ინტერესით“, ვინაიდან სწორედ აქციონერია /პარტნიორია საწარმოს წარმატების მთავარი მოსურნე და მისი მთავარი მოსარგებლე (ბენეფიციარი) (იხ.,ჯუღელი გ., დირექტორთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე ახალი სასამართლო პრაქტიკის შედარებით სამართლებრივი მიმოხილვა. ჟურ. ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა; აგრეთვე, იხ., Emanuel S., Emanuel L., Corporations, Aspen Publishers Online, New York, 2009, 46-78; Modern Company Law for a Competitive Economy Final Report (London: DTI, 2001), paras. 6.19-6.40, Shareholder Litigation: Common Law, 212-249).

 

სამართლის მეცნიერებაში დერივაციულ (არაპირდაპირ) სარჩელს უწოდებენ აქციონერის/პარტიორის მიერ ინიცირებულ მოთხოვნას, რომელსაც იგი წარადგენს

კორპორაციის სასარგებლოდ და კორპორაციის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. კორპორაციული მართვის პრინციპებით სარჩელის წარდგენის შესაძლებლობის აღიარება წარმოადგენს ინვესტორთა რწმენის გაზრდის საფუძველს და აღიქმება პარტნიორთა უფლებების დაცვის რეალურ მექანიზმად, რაც ეფექტური კორპორაციული მართვის მოდელის ჩამოყალიბებაზეც აისახება (იხ., მაჭავარიანი ს. დისერტაცია: კორპორაციული ჯგუფების მართვა გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მართვის პრინციპების ინტეგრაცია ქართულ კერძო სამართალში”. თბილისი, 2015, 143, 144) (სუსგ.N ას- 687-658-2016, 06.11.2018წ.).

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ საზოგადოება, პარტნიორის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში, არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ, ან ვერ დაასაბუთებს, რომ ასეთი სარჩელის აღძვრა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს (სუსგ. Nას-687-658-2016, 06.11.2018წ.).

 

“მესამე პირს” კანონის 46.5 მუხლიდან გამომდინარე წარმოადგენს ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც კომპანიას შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნა, მათ შორის დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ა.შ. (იხ., ცერცვაძე ლ., დისერტაცია: დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას (შედარებითსამართლებრივი ანალიზი აშშ-ის, უპირატესად დელავერის შტატის, ევროკავშირისა და ქართული სამართლის მაგალითზე), თბილისი 2015, გვ.75). ანუ კანონი უშვებს ნებისმიერი მესამე პირის მიმართ დერივაციული სარჩელის აღძვრას.

 

საზოგადოების სახელით საზოგადოების პარტნიორს სარჩელის აღძვრა შეუძლია არა მარტო მაშინ, როცა დირექტორმა უარი განაცხადა სარჩელის წარდგენაზე, არამედ მაშინაც, „...თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დირექტორის მხრიდან სარჩელის შეტანისაგან თავის შეკავება “ (იხ., ცერცვაძე ლ., დისერტაცია: დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას (შედარებითსამართლებრივი ანალიზი აშშ-ის, უპირატესად დელავერის შტატის, ევროკავშირისა და ქართული სამართლის მაგალითზე), თბილისი 2015, გვ.71). ასევე, თუ დირექტორი თავად არის ზიანის მომყენებელი, პარტნიორი არ არის ვალდებული წერილობითი მოთხოვნა წარუდგინოს ჯერ დირექტორს (იხ.:ცერცვაძე ლ., დისერტაცია: დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას (შედარებითსამართლებრივი ანალიზი აშშ-ის, უპირატესად დელავერის შტატის, ევროკავშირისა და ქართული სამართლის მაგალითზე), თბილისი 2015, გვ.72).

 

მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირი იმავდროულად არის საზოგადოების 50% წილის მფლობელი პარტნიორი და საზოგადოების ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი, რომელიც უარყოფს საზოგადოების სასარგებლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. შესაბამისად, უდავოა ინტერესთა კონფლიქტის გამო საზოგადოების სახელით მის მიერ საკუთარი თავის წინააღმდეგ დავის ინიცირების შეუძლებლობა, რაც ადასტურებს მოსარჩელის, როგორც საზოგადოების 50 % წილის მფლობელი პარტნიორის, დერივაციული მოთხოვნის უფლების არსებობას და მის სათანადო მოსარჩელეობას წინამდებარე დავაში.

 

15. მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს მასზედ, რომ მართალია, მოსარჩელემ საზოგადოების წილი შეიძინა 23.12.2---წ., ანუ იმავე დღეს, როცა პირველმა მოპასუხემ იმავე საზოგადოებისაგან იყიდა უძრავი ქონების ½ წილი (როგორც აღინიშნა, ქონების ½ წილი იყიდა ასევე მოსარჩელემ, რაც საბოლოოდ დაუბრუნდა საზოგადოებას ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველზე) ხელშეკრულება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა და წილის მესაკუთრედ მოსარჩელე აღირიცხა 08.05.2---წ.. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წილის შეძენის დროს: ა) პირველი მოპასუხე იყო საზოგადოების რეგისტრირებული დირექტორი, რომელიც იმავე დღეს მოსარჩელის მიერ საზოგადოების ქონების ½ წილის შეძენის ხელშეკრულების დადებისას გამოდიოდა საზოგადოების სახელით; ბ) საზოგადოებას ყავდა სულ 2 პარტნიორი და მათ შორის იყო თავად პირველი მოპასუხე; გ) არც ერთ ეტაპზე, მათ შორის არც მოსარჩელესთან საზოგადოების მიერ დადებული ხელშეკრულებიდან საზოგადოების გასვლის დავაში და არც წინამდებარე დავაში, პირველი მოპასუხის მხიდან სადავო არ გამხდარა ფაქტი მასზედ, რომ მან იცოდა მოსარჩელის მიერ საზოგადოების წილის 50%-ის შეძენის შესახებ. შესაბამისად, პირველი მოპასუხე არ იყო გარეშე სუბიექტი, რომ დაყრდნობოდა მხოლოდ რეგისტრირებულ მონაცემებს.

 

როგორც საზოგადოებასა და პირველ მოპასუხესთან სადავო გარიგების დადების დროს (23.12.2---წ.), ისე იმ თარიღში, რომელსაც მოპასუხე უთითებს მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებას (08.02.2011წ.), მოსარჩელეს შეძენილი ჰქონდა საზოგადოების წილი და პირველი მოპასუხე ინფორმირებული იყო ამის თაობაზე, ანუ პირველი მოპასუხისთვის ცნობილი იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრში მითითებული პარტნიორის მიერ წილის გასხვისების შესახებ (რეგისტრირებული მონაცემების უზუსტობა/რეგისტრაციის საფუძვლის ცვლილება).

 

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობა არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი, ანუ სინალაგმატური გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირველადი მოთხოვნების შესრულებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის პირველი მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის ფასის გადახდის ფაქტს და ამ საფუძვლით ითხოვს ხელშეკრულებიდან საზოგადოების გასვლას და უძრავი ქონების საზოგადოებისთვის დაბრუნებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

17. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (მყიდველს) (წინამდებარე დავაში პირველ მოპასუხეს).

 

მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში პირველი მოპასუხე გამოდიოდა როგორც გამყიდველის წარმომადგენლი (დირექტორი), ისე უშუალოდ მყიდველი.

 

თანხის გადახდის დადასტურების მიზნით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელშიც აღნიშნულია 08.02.2011წ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ პირველი მოპასუხისგან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 000 ლარის მიღების თაობაზე (ტ.1, ს.ფ.168,169). ასევე წარმოდგენილი იქნა სალაროს გასავლის ორდერი 05.03.2011წ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გ------- მ-------–---–ზე 50 000 ლარის გაცემის შესახებ (ტ.1, ს.ფ.170).

 

მოპასუხე განმარტავს, რომ მან სრულად გადაიხადა ნასყიდობის თანხა 50 000 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხით გასტუმრებული იქნა საზოგადოების კრედიტორი (ტ.1, ს.ფ. 64).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების ასლები მოპასუხის მიერ დართული იქნა შესაგებელზე (ტ.1, ს.ფ.72,73). პირველი ინსტანციის სასამართლოში 12.02.2018წ. გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად აღნიშული დოკუმენტების სიყალბის შესახებ. 137-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა მუხლის მეორე ნაწილზე (რომლის თანახმად, მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები) და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოპასუხეს სასამართლოსთვის წარედგინა საბუღალტრო დოკუმენტაცია საზოგადოებაში თანხის შესვლის და გასვლის აღრიცხვის თაობაზე (იხ.:12.02.2018წ. სხდომის ოქმი15:16:29-15:21:11). მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დამატებითი მტკიცებულებები (15:22:06-15:22:46).

 

ამდენად, თუ მტკიცებულების წარმდგენი მხარე არ მოითხოვს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვას, სასამართლომ უნდა დაადგინოს საბუთის ნამდვილობა, რისთვისაც ან უნდა დანიშნოს ექსპერტიზა, ან მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა მოპასუხეს, რომ წარმოედგინა ასეთი მტკიცებულებები, თუ მოეპოვებოდა ისინი (12.02.2018წ. სხდომის ოქმი, 15:23:01 - 15:23:34).

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა პოზიციას საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე მოწმის ჩვენებით დაადასტურებდა, თუ სად გაიხარჯა ეს თანხები, ვის გადაეცა და რა ვალი ჰქონდა საზოგადოებას (12.02.2018წ. სხდომის ოქმი, 15:23:53-15:23:53). ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად სადავო გახადა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების ნამდვილობა, იშუამდგომლა დამატებითი წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, თუმცა მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულს. პირველი მოპასუხე მიუთითებს მტკიცების საგანში შემავალი გარემოების მოწმის ჩვენებით დადასტურებაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა წარმოდგენილ დოკუმენტებს, მოპასუხეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტებში თანხის შესვლის და გასვლის აღრიცხვასთან მიმართებაში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ პირველი მოპასუხე სადავო გარიგებების პერიოდიდან დღემდე წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს, დირექტორს (ტ.1, ს.ფ.35, 63, 82) და ამდენად, მოსარჩელისგან განსხვავებით, მას სრულად მიუწვდება ხელი საწარმოში არსებულ საბუღალტრო დოკუმენტაციაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე არ მიუთითებს ასეთი მტკიცებულებების არსებობის ფაქტზე ან/და მისი წარდგენის შეუძლებლობაზე და შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებაზე მსჯელობით, რომ მისი მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სადავო გარემოების დადგენისთვის.

 

იმ პირობებში, როდესაც მყიდველი (პირველი მოპასუხე) ამავდროულად წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორს და საზოგადოებაში საბუღალტრო დოკუმენატაციის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და მოსარჩელე სადავოდ ხდის წარდგენილი სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერებს, მოპასუხის პასიურობა დამატებითი მტკიცებულებების წარმოუდგენლობაზე განხილულ უნდა იქნეს, როგორც მისი მტკიცების ტვირთის ნაკლი და არა როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა.

 

პირველი მოპასუხე მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საზოგადოებამ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მიღებული თანხით გაისტუმრა მოწმედ დაკითხული პირი. პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია თანხის გადაუხდელობის საფუძვლით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან საზოგადოების გასვლის მოთხოვნით და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ დავის ფარგლებში იმსჯელოს და ფაქტები დაადგინოს დირექტორის მიერ საზოგადოების აქტივში არსებული თანხების (ასეთის დადასტურების შემთხვევაში) გახარჯვის მართლზომიერებაზე.

 

ამასთან, პალატა იკვლევს მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადგენის მიზნით დაკითხული მოწმის ჩვენებას: მოწმე უთითებს საზოგადოების მხრიდან წილის ნასყიდობის მიზნით შეტანილი თანხის - 50 000 ლარის უკან დაბრუნებას, თუმცა განმარტავს, რომ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი წილის ყიდვისას ან/და გაყიდვისას არ შემდგარა და არც წილი გაფორმებულა მასზე კანონის შესაბამისად (იხ.: 04.04.2018წ. სხდომის ოქმი, 11:19:44- 11:20:31).

 

მოსარჩელე მოწმის ჩვენებასთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ ჩვენებით ვერ დასტურდება მოწმედ დაკითხული პირის წინაშე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულების არსებობა (ტ.1, ს.ფ.193). ჩვენების თანმიმდევრულობის შეფასების მიზნებისთვის პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე შემდეგზე: მოწმის განმარტებით, მან 1998 ან 1999 წლებში უძრავი ქონება მიყიდა პირველ მოპასუხეს, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაუკავშირდა და შესთავაზა პარტნიორობა (იხ.: 04.04.2018წ. სხდომის ოქმი, 11:16:11). მისთვის დასმული კითხვის საფუძველზე მოწმემ დააზუსტა, რომ უძრავი ქონება მან მიყიდა არა პირველ მოპასუხეს, არამედ საზოგადოებას (11:17:54-11:18:11). გათვალისწინებით იმისა, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად საზოგადოება დაფუძნდა მხოლოდ 12.04.2001წ. (ტ.1, ს.ფ. 35), გაურკვეველია როგორ მოხდა საზოგადოების რეგისტრაციამდე მისთვის ნივთის მიყიდვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, მართალია, მოწმე მიუთითებს თანხის, როგორც საზოგადოების ვალის ანგარიშში მიღებას, იქვე აღნიშნავს, რომ პირველ მოპასუხეს მისი პირადი ვალიც გააჩნდა, რომელიც ასევე გადახდილ იქნა (04.04.2018წ. სხდომის ოქმი, 11:16:11-11:17:46).

 

სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულების გადახდაზე მიუთითებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლით. სწორედ ამ გზით არკვევს კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.

 

საქმის მასალების შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია საზოგადოებისთვის ნასყიდობის ფასის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად.

 

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ნასყიდობის ღირებულების გადახდის თაობაზე, თუმცა მოპასუხის მხრიდან თანხა გადახდილი არ ყოფილა, რის გამოც გამყიდველმა სადავო გარიგების მიმართ ინტერესი დაკარგა. საქმეში წარმოდგენილია ასევე მოსარჩელის წერილი, რომელშიც მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვს წარუდგინოს ნასყიდობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1, ს.ფ.38). დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა არც აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხე საერთოდ გამორიცხავს ასეთი ვალდებულების არსებობის ფაქტს. ამდენად, საფუძვლიანია მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დამატებითი ვადის დაწესების საფუძველი. საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის და ქონების საზოგადოებისათვის ნატურით დაბრუნების თაობაზე.

 

19. 16.05.2---წ. მოპასუხეებს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას. პალატას მიაჩნია, რომ 16.05.2---წ. გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით მის კონტრაჰენტებს იმთავითვე არ ჰქონდათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა.

 

აღნიშნული საკითხის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულება წარმოადგენს მამას და მის არასრულწლოვან შვილს (რომელსაც წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენელი - მამა ) შორის გაფორმებულ უსასყიდლო გარიგებას, რომელიც გაფორმდა იმ პერიოდში, როცა საზოგადოება მოსარჩელესთან აწარმოებდა დავას ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის და ქონების დაბრუნების თაობაზე (იხ.: საქართველოს უზენესი სასამართლოს 30.04.2015წ. განჩინება, ტ. I, ს.ფ. 79, 81). შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის პირველი მოპასუხის მიმართ წარდგენის შემთხვევაში გაჩუქებული ნივთის დაბრუნება შეუძლებელი გახდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის კოდექსის 54–ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.

 

ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულებით მის კონტრაჰენტებს იმთავითვე არ ჰქონდათ განზრახვა, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა და გარიგების დადების მიზანი იყო მის მონაწილეებს ხელი შეეშალათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე პირველი მოპასუხის პასუხისმგებლობისთვის, საფუძვლიანია სარჩელი 16.05.2---წ. გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (ტ.I, ს.ფ. 46, 200) ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ფ---------ა N“-ის პარტნიორის ბ---- ტ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.04.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ბათილად იქნეს ცნობილი 16.05.2---წ. ბ---- კ------ესა და ბ---- კ------ეს, როგორც არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- კ------ის კანონისმიერ წარმომადგენელს, შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

4. 23.12.2---წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #1--------) გასვლის შედეგად შპს „ფ---------ა N“-ს ბ---- კ------ისაგან ნატურით დაუბრუნდეს ნასყიდობის საგანი ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე პ---------------- და არსებულ სახლს შორის/ქალაქი თბილისი, გ--------–-- ქ. #113-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების (#0---------------) ½ ნაწილი და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერში.

5. ბ---- კ------ეს ბ---- ტ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 3500 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი