განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2020
საქმის ნომერი
330100118002569106
ინსტანცია
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002569106, N1/ბ-581-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ----–-----.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - დ----- თ----–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–-–---–------------;

 

ადვოკატები - ლ-------------ე, ბ------ ძ---–--ე, ვ------- თ--–-----ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

 

სასჯელი:

 

განაჩენთა ერთობლიობით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენის გაუქმება და დ----- თ----–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

▪ დადგენილია, რომ ამ შემთხვევამდე დ----- თ----–---–სა და ა-–----- ბ--–----ს შორის რაიმე უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა განმარტა, რომ დ----- თ----–---–მა ის სახლში დაპატიჟა, როგორც სტუმარი და მათ შორის ადგილი არ ჰქონია თანხის გამო დაპირისპირებას, ხოლო მისი მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში დ----- თ----–---–ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა;

▪ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემული ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, რაც სათანადოდ არ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ. სასამართლოში განაცხადა, რომ დ----- თ----–---–მა სამჯერ დაარტყა დანა, მათ შორის ბოლოს დაარტყა წაქცევის შემდეგ, გამოკითხვისას კი განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად არ წაქცეულა და ისე მოახერხა თავის დაღწევა;

▪ დაზარალებულის განმარტებით, მან დაზუსტებით არ იცის დ----- თ----–---–მა დაზიანებები მიაყენა დანის თუ სხვა საგნის გამოყენებით, თუმცა განაჩენში მითითებულია, რომ დაზარალებულის განმარტებით, დ----- თ----–---–მა მას დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება;

▪ ექსპერტიზის N--------- დასკვნაში მითითებულია, რომ ა-–----- ბ--–----ისთვის მიყენებული დაზიანებები, როგორც ერთობლიობაში, ისე ცალ-ცალკე აღებული, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ა-–----- ბ--–----ი სიკვდილს გადაურჩა საავადმყოფოში გაწეული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, მოკლებულია საფუძველს. სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ა-–----- ბ--–----ს აღენიშნებოდა ნაკვეთი სახის ჭრილობები, რაც შესაბამისობაშია ექსპერტიზის დასკვნასთან. მოწმე გ------- კ-----ემ განმარტა, რომ პაციენტი ა-–----- ბ--–----ი იყო გონზე, თუმცა არაადეკვატური. ფაქტია, რომ დაზარალებული არ შეუმოწმებიათ სიმთვრალე-სიფხიზლეზე. მოწმე გ------- კ-----ეს ჩვენების მიცემისას არ უთქვამს, რომ ა-–----- ბ--–----ის დაზიანებები იყო მძიმე და გამოირჩეოდა ძლიერი სისხლდენით, რამაც განაპირობა მისი სიმძიმე. მოწმემ გამარტა, რომ სახის მიდამო არის ისეთი ადგილი, რომელზეც გადის საკმაოდ ბევრი სისხლძარღვი, რის გამოც სახის არეში მიყენებული ჭრილობა გამოიწვევდა დიდი ოდენობით სისხლდენას;

▪ დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტთა ჩვენებებით დადგენილია, რომ კატეგორიული დასკვნის გაცემა ჭრილობების ცალსახად დანით მიყენების თაობაზე (მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით) მოკლებულია საფუძველს, რადგან ისინი შესაძლებელია განვითარებულიყო როგორც დანის ლესილი პირის ჭრის შედეგად, ასევე ნებისმიერი მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით;

▪ ინციდენტის დროს, გამთენიისას, შემთხვევის ადგილზე არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მის ბოლომდე მისაყვანად დ----- თ----–---–ს ხელს არავინ უშლიდა;

▪ არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ მკვლელობის განზრახვაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ სხეულის დაზიანების მიყენების შემდეგ, დ----- თ----–---–მა ა-–----- ბ--–----ი, რომელსაც მოსდიოდა სისხლი, დატოვა მარტო და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დ----- თ----–---–ს არ ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, იგი მოქმედებდა აუცილებელი მდგომარეობის ფარგლებში, რაც გამოწვეული იყო ა-–----- ბ--–----ის მხრიდან დ----- თ----–---–ზე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი და რეალური თავდასხმით. შეხლა-შემოხლის დროს დ----- თ----–---–ი წაიქცა, ა-–----- ბ--–----ი კი მოექცა ზემოდან და ურტყამდა ხელებს, რის გამოც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. სწორედ ამ დროს დ----- თ----–---–მა ძირს მოუსვა ხელი, აიღო რაც მოხვდა ხელში და იქნევდა, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანებები. დ----- თ----–---–ი იცავდა თავს, რასაც ასევე ადასტურებს მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად და არასრულყოფილად არის მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენება. დ----- თ----–---–ის და მოწმე ნ-----------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ დ----- თ----–---–ს მისდევდა ა-–----- ბ--–----ი, შესაბამისად ამ პირებს ერთმანეთთან ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი, რა დროსაც მიწაზე დავარდნილმა დ----- თ----–---–მა თავდაცვისა და მოგერიების მიზნით, ხელში მიწიდან აღებული საგანი დაუსვა დაზარალებულს სახეზე;

▪ სასამართლოს არ დაუსაბუთებია სახეზე დასმული ჭრილობა, რომელიც არ არის სხეულში შემავალი, როგორ შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში;

▪ სისხლის სამართლის საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის მოტივის დადგენა, მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ მოტივის დაუდგენლობის შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით, დ----- თ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ.თბილისში, ბ---–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დ----- თ----–---–ს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა-–----- ბ--–----ს მოუხდათ შელაპარაკება იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა დ----- თ----–---–ს სტუმრად გაყოლაზე. შელაპარაკებისას, დ----- თ----–---–მა, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით ა-–----- ბ--–----ს სახის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რომელიც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, ხოლო დ----- თ----–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით, დ----- თ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ა-–----- ბ--–----მა განმარტა, რომ თბილისში, ერთ-ერთ უბანში, შემთხვევით გაიცნო დ----- თ----–---–ი. როდესაც დააპირა სახლში წასვლა, მას დ----- თ----–---–მა უთხრა, რომ წაიყვანდა. გააჩერეს ტაქსი და წავიდნენ, რომლის საფასურიც გადაიხადა თავად. ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, დ----- თ----–---–ი იყო აღგზნებულ მდგომარეობაში, რის გამოც მან ამოიღო მობილური ტელეფონი და ცდილობდა მის გადაღებას. კამათის გადაღება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც შეეშინდა დ----- თ----–---–ის საქციელის. დ----- თ----–---–ისთვის მას დაზიანება არ მიუყენებია, დ-----ი კი დაესხა თავს და დანით მიაყენა სამი დაზიანება, კერძოდ, ჯერ მიაყენა ორი დაზიანება ყელთან და შუბლის არეში, რის გამოც დაეცა და ამის შემდეგ ერთი დაზიანება მიაყენა საჯდომზე. დაზიანებების მიყენების შემდეგ დ----- თ----–---–ი მაშინვე გაიქცა ისე, რომ მისთვის დახმარება არ გაუწევია. ამის შემდეგ ადგილზე მივიდნენ პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, რომლებმაც გაუწიეს სამედიცინო დახმარება. დაზარალებულის განმარტებით, დ----- თ----–---–ი წაიქცა თუ არა არ დაუნახავს, რადგან თავად უფრო ადრე წაიქცა. ფაქტიურად ვეღარ ხედავდა უშლიდა თუ არა რამე დ----- თ----–---–ს ხელს, მისი აზრით, დ-----ი უკვე ფიქრობდა, რომ მოკვდა. დანა, რომელიც ჰქონდა დ----- თ----–---–ს, რა ზომის იყო არ ახსოვს, რადგან ეს მოხდა სპონტანურად. დამაზუსტებელ კითხვაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ საგანი, რომლითაც დაჭრა დ----- თ----–---–მა, შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი ძალიან ბასრი საგანი. შემთხვევა მოხდა იმ ადგილზე სადაც მივიდა სასწრაფო, ან რამდენიმე მეტრის იქით, რადგან განიცდიდა ძლიერ ტკივილს და არ შეეძლო სიარული, გონებას კარგავდა. მისთვის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია. დაზარალებულის ჩვენებით, ესაუბრებოდა მხოლოდ დ----- თ----–---–ს და არა მძღოლს. დ----- თ----–---–ი ტაქსშივე იქცეოდა აგრესიულად. შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო მის მიერ ტაქსის გადასახადთან დაკავშირებით დასმული კითხვები. ა-–----- ბ--–----ის განმარტებით, დ----- თ----–---–ის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

მოწმე გ------- კ-----ის ჩვენებით, 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით მუშაობდა უმცროსი ექიმის პოზიციაზე „ა-----–-----------–ში“. დილის საათებში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ძლიერი სისხლდენით შეიყვანა პაციენტი ა-–----- ბ--–----ი, რომელსაც შუბლის, ქვედა ყბის და დუნდულის არეში აღენიშნებოდა ჭრილობები. მოწმის განმარტებით, ქვედა ყბის ჭრილობა იწყებოდა ტუჩის კუთხის მიმდებარედ და გადადიოდა კეფაზე, სახის არტერიის საპროექციოდ. საფეთქლის არეში, შუბლზე არსებული ჭრილობა იყო ღრმა, კერძოდ, დაზიანებული იყო დიდი სისხლძარღვი. მან გადაკვანძა სისხლძარღვები და შეაჩერა სისხლდენა. პაციენტის სახეზე არსებული ორივე ჭრილობა იყო მძიმე, განსაკუთრებით კი ქვედა ყბაზე არსებული დაზიანება. მოწმის განმარტებით, ჭრილობების კიდეები იყო სწორი და მიყენებული იყო ბასრი საგნით.

 

მოწმე ნ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიჩნეულია პრეიუდიციად. ოქმის თანახმად, ნ-----------–---–ი კუთვნილი ავტომანქანით ემსახურება მგზავრებს. 2018 წლის 31 მაისს, ღამის საათებში, გაჩერებული იყო კ-------------ის ქუჩაზე, მ------ზე მდებარე რესტორანთან. დაახლოებით 05:00 საათიდან 05:20 საათამდე პერიოდში მასთან მივიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი იყო ქართველი, როგორც შემდეგ გაირკვა დ----- თ----–---–ი, ხოლო მეორე პირი იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა-–----- ბ--–----ი. ორივე მათგანი იყო ნასვამი და დასხდნენ მანქანის უკანა სავარძელზე. დ----- თ----–---–მა თხოვა კუკიაზე წაყვანა. როგორც მას დ----- თ----–---–მა უთხრა, ა-–----- ბ--–----ი რუსეთში იყო მისი მეზობელი. მგზავრობისას აღნიშნული პირები საუბრობდნენ, კერძოდ, დ----- თ----–---–ი ეუბნებოდა ,,ეხლა შენ ცუდი სუნი აგდის, წავიდეთ ჩემთან სახლში, დაიბანე, გასუფთავდი და შემდეგ მოვლენ ჩვენთან გოგოები“. ამის შემდეგ, მან დ----- თ----–---–ს ბანკომატთან გაუჩერა ავტომანქანა, რათა ამ უკანასკნელს გამოეტანა თანხა და გადაეხადა მგზავრობის საფასური, თუმცა დ----- თ----–---–მა თანხის გამოტანა ვერ შეძლო. აღნიშნულის გამო მას მგზავრობის საფასურად ა-–----- ბ--–----მა გადაუხადა 1000 რუსული რუბლი. შემდეგ ისინი კვლავ შეჩერდნენ ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალთან, რის შემდეგაც დ----- თ----–---–ი კვლავ ჩაჯდა ავტომანქანაში, ა-–----- ბ--–----ი კი დ----- თ----–---–ის თხოვნის მიუხედავად აღარ ჯდებოდა, რაზეც დ----- თ----–---–მა შეაგინა. ამ დროს დ----- თ----–---–ი იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ხოლო რუსი მამაკაცი ავტომანქანის წინა მხარეს, მძღოლის გვერდით მდებარე სავარძლის კარიდან გადმოხრილი ესაუბრებოდა დ----- თ----–---–ს. მოწმის განმარტებით, მან ვერ გაიგო რა უთხრა ა-–----- ბ--–----მა დ----- თ----–---–ს, მაგრამ დაინახა, რომ დ----- თ----–---–მა მანქანის უკანა სალონიდან წინ გადაყო ხელი, რომელიც სახის არეში გაარტყა ა-–----- ბ--–----ს და შეაფურთხა სახეში. შემდეგ მას უთხრა დაეძრა მანქანა და წასულიყო. დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ დ----- თ----–---–მა გააჩერებინა ავტომანქანა, გადავიდა და გაემართა ა-–----- ბ--–----ისკენ. მან ავტომანქანის სარკიდან დაინახა, რომ დ----- თ----–---–მა უკანა ჯიბიდან ამოიღო რაღაც, რა დროსაც ამოუვარდა პლასტიკური ბარათი. იგი გადავიდა ავტომანქანიდან, აიღო აღნიშნული ბარათი, რა დროსაც დაინახა, რომ დ----- თ----–---–ი გაიქცა და მას უკან დაედევნა ა-–----- ბ--–----ი. იგი დაბრუნდა ავტომანქანასთან, ჩაჯდა და გაემართა იმ მიმართულებით, საითაც გაიქცნენ ის პირები. ბ---–---–ის ქუჩაზე მისვლისას დაინახა, რომ გამორბოდა ა-–----- ბ--–----ი, რომელსაც სახეზე ჰქონდა სისხლი, ხოლო დ----- თ----–---–ი წაქცეული იყო ბორდიურთან. მათთან ერთად სხვა პირი არ ყოფილა. მას შეეშინდა, ამიტომ მანქანა არ შეაჩერა და გააგრძელა გზა, შემდეგ კი დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარის შესახებ, თუმცა მალევე დაინახა საპატრულო ეკიპაჟიც, ამიტომ მიბრუნდა უკან, სადაც გაჩერებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟი და ა-–----- ბ--–----ი, რომლსაც სახიდან მოსდიოდა სისხლი, დ----- თ----–---–ი კი იქ არ იყო. მან დ----- თ----–---–ის კუთვნილი ბენდენა და პლასტიკური ბარათი წარუდგინა გამოძიებას. ჩხუბის ან დ----- თ----–---–ის მიერ ა-–----- ბ--–----ისთვის სახეზე რამე საგნით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი არ დაუნახავს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 31 მაისს, 08:05 საათიდან 09:05 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, გ-------------------თან მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-------სთან“, ავტობუსების გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერების შედეგად ქვეითთა სავალი ნაწილის მიმდებარედ, ბორდიურთან, საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქების ნიმუშები.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 31 მაისს, 09:25 საათიდან 10:20 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ა-----–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც N---ე ბავშვთა პოლიკლინიკის მიმდებარედ, ქვეითთა სავალი ნაწილის გამყოფ ბორდიურთან, საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში.

 

2018 წლის 31 მაისს, ნ-----------–---–ისგან ამოღებული იქნა „ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათი და რუხი ფერის ე.წ. „ბენდენა“. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ის“ იურისტ - დ----- გ------ის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, პლასტიკური ბარათის მფლობელია დ----- თ----–---–ი (პ/ნ 0---------- დაბ: 2---------).

 

2018 წლის 1 ივნისს ამოღებული იქნა ა-–----- ბ--–----ის ტანსაცმელი. კერძოდ, ერთი ცალი მუქი ფერის მაისური, რომელიც არის გაჭრილი და აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები; ერთი ცალი შარვალი, რომელიც არის მოლურჯო ფერის, ჯინსისმაგვარი, იკვრება ელვა შესაკრავით და უკეთია რუხი ფერის ქამარი, შარვალს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები და მისი უკანა მარჯვენა ჯიბე და ჯიბის ზედა მხარე არის დაზიანებული. ასევე ამოღებული იქნა ერთი წყვილი ტყავისმაგვარი, მოყავისფრო ფეხსაცმელი.

 

2018 წლის 1 ივნისს ამოღებული იქნა ა-–----- ბ--–----ის „ქსიაომის“ ფირმის „MI6“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივნისს, წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ა-–----- ბ--–----მა ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - დ----- თ----–---–ი და განმარტა, რომ აღნიშნულ ფოტოსურათზე გამოსახულმა პირმა 2018 წლის 31 მაისს მას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. 2018 წლის 04 ივნისს, წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის დ----- თ----–---–ი ასევე ამოიცნო ნ-----------–---–მაც, რომელზეც განმარტა, რომ აღნიშნული პირი 2018 წლის 31 მაისს ჩაუჯდა ავტომანქანაში რუსი ეროვნების მამაკაცთან ერთად. აღნიშნული ამოცნობის ფაქტი ნ-----------–---–მა დაადასტურა 2018 წლის 26 ივლისს ჩატარებული ამოცნობის დროსაც.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 ივნისის ექსპერტიზის N-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი „Xiaomi-ის“ ფირმის „MI6“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა 1 ვიდეოფაილი. ამოღებული ფაილი ჩაწერილ იქნა DVD დისკზე.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 2 ივლისს, 15:00-15:20 საათზე, დათვალიერდა „Xiaomi-ის“ ფირმის ,,M16“ მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფაილი. ჩანაწერში 02 წამზე ჩანს მამაკაცი, რომელიც იქნევს ხელს და სავარაუდოდ ეჩხუბება ვიდეოს გადამღებს. მამაკაცს აცვია ღია ფერის პიჯაკი, მუქი ფერის კოპლებიანი მაისური და თავზე ახურავს მუქი ფერის ქუდი (ცილინდრი).

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ა-–----- ბ--–----ის სისხლი მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს.

▪ ა-–----- ბ--–----ის მაისურზე, შარვალზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს.

▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს.

▪ ასფალტის ნატეხებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს და Rh(D-) რეზუს უარყოფით ფაქტორს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 ივლისის ექსპერტიზის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ გამოკვლევაზე წარდგენილი ა-–----- ბ--–----ის შარვლის უკანა მარჯვენა მხარეს, ჯიბის ზედა მხარეს და მის მიდამოში არსებული გამჭოლი დაზიანება, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილი ა-–----- ბ--–----ის მაისურის უკანა მარცხენა მხარეს ზედა ნაწილში არსებული გამჭოლი დაზიანებები და შარვლის უკანა მარცხენა მხარეს ზედა ნაწილში არსებული გამჭოლი დაზიანება, წარმოქმნილია გამოდებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილი ა-–----- ბ--–----ის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბის ზედა მხარეს და მის მიდამოში არსებული გამჭოლი დაზიანება, თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სამედიცინო დოკუმენტაციის (---------- ფორმა NIV-100/ა, ისტორიის N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულ ა-–----- ბ--–----ის დუნდულოზე, მარჯვნივ არსებულ ჭრილობას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 თებერვლის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, შპს ა-----–-----------– პირველი კლინიკურის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად, ა-–----- ბ--–----ს, 2018 წლის 31 მაისს დაესვა დიაგნოზი: თავის (სახის) მრავლობითი ღია ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 ოქტომბრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „..ე.წ. „ბენდენა“...“, მოთავსებულ ქსოვილზე არსებული ბიომასალა (ობ. N1) ეკუთვნის დ----- თ----–---–ს; (ობ. N2) პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში, აღებული 1 (ერთ) ცალ სტერილურ, ბიოლოგიურ ჩხირზე ეკუთვნის ბრალდებულ დ----- ნ--------ის ძე თ----–---–ს (დაბ. 2---------წ)...“).

 

მოწმე ნ-------------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ექიმ-ნარკოლოგად. 2018 წლის 22 მაისს, კლინიკაში სამკურნალოდ მივიდა დ----- თ----–---–ი, რომელსაც დაესვა დიაგნოზი: ნარკოტიკული საშუალება „ოპიოიდების“ მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა. აღნიშნულმა პირმა საავადმყოფოში დაჰყო 12 დღე და 2018 წლის 28 მაისს, მკურნალობის დასრულების შემდეგ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი გაეწერა საავადმყოფოდან. 2018 წლის 31 მაისს, 17:00 საათზე, დ----- თ----–---–ი აფორიაქებული და ლომკის მდგომარეობაში დაბრუნდა საავადმყოფოში. იგი მოათავსეს კლინიკაში და დაუნიშნეს მკურნალობა, ასევე ჩაუტარეს კლინიკოლაბორატორიული კვლევები. 2018 წლის 11 ივნისს დ----- თ----–---–ი გაეწერა საავადმყოფოდან.

 

დ----- თ----–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2018 წლის 13 ივნისს, ნარკოლოგიური კლინიკის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დ----- თ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 31 მაისს იმყოფებოდა მ------ზე მდებარე ბარში, სადაც ასევე შევიდა ა-–----- ბ--–----ი, რომელიც დაუჯდა გვერდით და გამოელაპარაკა, კერძოდ, უთხრა, რომ საქართველო არის კარგი ქვეყანა, ქართველები კი სტუმართმოყვარე ხალხი. აღნიშნულის გამო მან საჭიროდ ჩათვალა ა-–----- ბ--–----ის სასმელზე დაპატიჟება. თავად დალია ცოტა, დაზარალებულმა კი დალია ღვინო და ერთი-ორი ჭიქა მაგარი სასმელი ე.წ. „ტოხი“. ვინაიდან ბარი მალე იკეტებოდა, გამოვიდა გარეთ და აპირებდა სხვაგან წასვლას. მან ამის შესახებ უთხრა ა-–----- ბ--–----ს, რომელმაც გამოთქვა გაყოლის სურვილი. მათ გააჩერეს ტაქსი, რომელსაც მართავდა ქალბატონი. იგი აპირებდა ტელეფონის სამუხტის ასაღებად სახლში ასვლას. ტაქსში ნახა, რომ არ ჰქონდა თანხა, ამიტომ ტაქსის მძღოლს მანქანა გააჩერებინა ბანკომატთან. ა-–----- ბ--–----თან ერთად მივიდა საბჭოს მოედანზე მდებარე ბანკომატთან, მაგრამ თანხა ვერ აიღო, რადგან ბანკომატი იყო დაზიანებული. ა-–----- ბ--–----მა ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც უპასუხა, რომ ვერ გამოიტანა თანხა. აღნიშნულზე დაზარალებულმა უთხრა, რომ თავად გადაიხდიდა მგზავრობის საფასურს და მძღოლს მისცა 1000 რუსული რუბლი. ამის შემდეგ, ა-–----- ბ--–----მა მისი და ქართველების მისამართით დაიწყო გინება და მოითხოვდა კუთვნილი ფულის დაბრუნებას. ასევე, დაიწყო ტელეფონით მისი გადაღება. მან ა-–----- ბ--–----ს გამოართვა ტელეფონი, რათა წაეშალა ამ უკანასკნელის მიერ გადაღებული ვიდეო. აღნიშნულს მათ შორის მოყვა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც წაიქცა და მას ზემოდან მოექცა ა-–----- ბ--–----ი, რომელიც ურტყამდა ხელებს. ამის გამო მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მან ხელები მოუსვა ძირს, რაც მოხვდა ხელში აიღო და იქნევდა, რის შემდეგაც ა-–----- ბ--–----ი შეეშვა და წავიდა. ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებულმა სავარაუდოდ ამ დროს მიიღო დაზიანება, თუმცა მას ა-–----- ბ--–----ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განაჩენით, დ----- თ----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინების საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 (ორი) წლით და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- თ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 29 (ოცდაცხრა) დღის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის და 29 (ოცდაცხრა) დღის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

მტკიცებულებების ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ 2019 წლის 16 აპრილის ექსპერტიზის N-------------- დასკვნა, რომლის თანახმად:

▪ სამედიცინო დოკუმენტაციის ყბა-სახის ქირურგის გ------- კ-----ის ჩვენების (,,ჭრილობების კიდეები იყო სწორი, რომლებიც ბასრი საგნით იყო მიყენებული“) მონაცემებით მოქ. ა-–----- ბ--–----ს აღენიშნებოდა რაიმე მჭრელი საგნით მიყენებული სამი ნაკვეთი ხასიათის ჭრილობა, მათგან ორი თავ-კისრის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში, თითოეული ზომით 14×3,5 სმ და 16×4 სმ, ხოლო ერთი მარჯვენა დუნდულოს მიდამოში 2×0,5 სმ.

▪ ტანსაცმელზე, კერძოდ, შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბის ზედა მხარეს არსებული გამჭოლი დაზიანების ტრასოლოგიური კვლევის აღწერილობის მიხედვით (ექსპერტის დასკვნა N--------) - ,,...დაზიანებული ძაფების ბოლოები განლაგებულია ერთმანეთის მიმართ დაახლოებით თანაბრად ერთ სიმაღლეზე“. აღნიშნული გამჭოლი დაზიანება განვითარებულია რაიმე მატრამვირებელი საგნის არა მჩხვლეტავ-მჭრელი, არამედ მჭრელი ზემოქმედებით. ტანსაცმელზე ზემოთ აღწერილი გამჭოლი დაზიანება განლაგებით ძირითადში შეესაბამება მარჯვენა დუნდულოზე არსებულ ჭრილობებს.

▪ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კატეგორიული დასკვნების გამოტანა მასზედ, რომ ჭრილობები ცალსახად მიყენებულია დანით (მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით) საფუძველს მოკლებულია, რადგან ისინი შესაძლებელია განვითარებულიყო როგორც დანის ლესილი პირით ჭრის შედეგად, ასევე ნებისმიერი სხვა მჭრელი კიდის მქონე საგნის ზემოქმედებითაც.

▪ თუკი დაზიანებები მიყენებული იქნებოდა დანის გამოყენებით განხორციელებული დარტყმითი ხასიათის მოძრაობებით, რა დროსაც დანა სხეულის შემხები ზედაპირის სიბრტყესთან ქმნის მართ ან მახვილ კუთხეს, ა-–----- ბ--–----ი ვერ მიიღებდა 14 სმ და 16 სმ სიგრძის ჭრილობებს, რომელთა სიღრმეც ბევრად ნაკლებია მათ სიგრძეზე.

▪ ა-–----- ბ--–----ის სხეულზე არსებული ნაკვეთი ჭრილობების ლოკალიზაციის, მორფოლოგიური სურათის და მათი პარამეტრების (სიგრძე, ჭრილობის არხის სიღრმე) მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება წარმოადგენს დინამიურ და არა სტატიკურ პროცესს, სავსებით დასაშვებია დ----- თ----–---–ის ა-–----- ბ--–----ისთვის დაზიანებები - ჭრილობები მიეყენებინა რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ქნევის დროს დ----- თ----–---–ის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებით ასახულ ვითარებაში („...მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ის წაიქცა, ხოლო ა-–----- ბ--–----ი ზემოდან მოექცა და ხელებს ურტყამდა, რის გამოც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ხელები მოუსვა ძირს, რაც მოხვდა ხელში აიღო და იქნევდა“. იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.02.19 წ. განაჩენი).

 

დაცვის მხარის მოწმე გ---------მ სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა (ტრასოლოგიურ ნაწილში) და განმარტა, რომ იხელმძღვანელა სასამართლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და გამოსაკვლევად ტანსაცმელი არ წარდგენია. კვლევის შედეგად კატეგორიულად შეუძლია თქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში ა-–----- ბ--–----ისთვის მიყენებული დაზიანებები არ უნდა ყოფილიყო დარტყმითი, ეს იყო ქნევით მიყენებული დაზიანება. დარტყმით მიყენებული დაზიანების შემთხვევაში დაზიანებას უნდა ჰქონოდა სიგრძითი და კუთხოვანი ფორმა. მოწმის განმარტებით, ასეთი სიგრძის დაზიანება ყოველთვის არის დაკავშირებული მოქნევასთან, ვინაიდან მოქმედებს მჭრელი ზედაპირი და არა წვერო, რომელიც ჩხვლეტს. აღნიშნული დაზიანებები შესაძლოა განვითარებული ყოფილიყო როგორც დანით, ისე სხვა მჭრელი საგნითაც.

 

დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა მოწმე ა-–---------- გ-----ემ. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზაზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილ იქნა საქმის მასალები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულის ჩვენებები და ა.შ.. მის პროფილთან მიმართებაში მან გასცა დასკვნა, რომელიც ეყრდნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და ყბა-სახის ქირურგის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, რომელთა შორის არ არის სხვაობა, ასევე ჭრილობების მორფოლოგიური აღწერილობის ლოკალიზაციას. მან, როგორც სამედიცინო ექსპერტმა, დადო დასკვნა, რომ აღნიშნული დაზიანებები წარმოადგენენ ნაკვეთი ხასიათის ჭრილობებს. პასუხების შეჯერების საფუძველზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ კატეგორიულად იმის თქმა, რომ სამივე ჭრილობა მიყენებულია დანით, ანუ მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის გამოყენებით, მოკლებულია საფუძველს. ამ დაზიანებების მიყენება შესაძლებელი იყო დანის ლესილი პირით, ასევე ნებისმიერი სხვა მჭრელი თვისების მქონე საგნითაც. დანის უშუალო დარტყმითი ხასიათის მოძრაობების განხორციელების შემთხვევაში, რაც თავის მხრივ გულისხმობს სხეულის სივრცესთან გარკვეული მახვილი ან მართი კუთხის ზემოქმედებას, პირი ვერ მიიღებდა 14×16 სმ სიგრძის ჭრილობებს, რომელთა სიღრმე ბევრად უფრო ნაკლებია მათ სიგრძეზე. კატეგორიულად შეუძლია თქვას, რომ დარტყმითი ხასიათის ზემოქმედების შემთხვევაში აღნიშნული დაზიანებები ვერ განვითარდებოდა. სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მარჯვენა და მარცხენა ნახევარში დიდი ზომის სისხლმდენი ჭრილობების არსებობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მათი ანატომიური ლოკაციიდან გამომდინარე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც დ----- თ----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე N142აპ-13).

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად, სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. 2016 წლის 29 სექტემბრის უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N227აპ-16).

 

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ასევე აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია დანაშაულის მცდელობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განზრახი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, რასაც ედავება ბრალდების მხარე დ----- თ----–---–ს.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 31 მაისს, ქ.თბილისში, ბ---–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–----- ბ--–----ს დ----- თ----–---–მა მიაყენა სახის არეში ორი და დუნდულოს არეში ერთი ჭრილობა.

 

დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის დაზიანებების მიყენებას დ----- თ----–---–ის მიერ, თუმცა, აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. დ----- თ----–---–მა კონფლიქტის და დარტყმის ინიციატორად დაასახელა ა-–----- ბ--–----ი და აღნიშნა, რომ მას და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, რა დროსაც წაიქცა და მას ზემოდან მოექცა ა-–----- ბ--–----ი, რომელიც ურტყამდა ხელებს. ამის გამო მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მან ხელები მოუსვა ძირს, რაც მოხვდა ხელში აიღო და იქნევდა, რის შემდეგაც ა-–----- ბ--–----ი შეეშვა და წავიდა. დაზარალებულმა სავარაუდოდ ამ დროს მიიღო დაზიანება, თუმცა მას ა-–----- ბ--–----ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა.

 

დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დროს ერთ-ერთ უბანში შემთხვევით გაიცნო დ----- თ----–---–ი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით იმგზავრა ტაქსით. ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ დ----- თ----–---–ი იყო აღგზნებულ მდგომარეობაში, რის გამოც მან ამოიღო მობილური ტელეფონი და ცდილობდა დ----- თ----–---–ის გადაღებას, რა დროსაც დ----- თ----–---–ი მას დაესხა თავს და დანით მიაყენა სამი დაზიანება, რის შემდეგაც გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. საგანი, რომლითაც დაჭრა დ----- თ----–---–მა, შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი ძალიან ბასრი საგანი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:

1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;

2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;

3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;

4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სხვა პირობების არსებობასთან ერთად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, უნდა შეფასდეს დ----- თ----–---–ის ბრალდებულის სახით სასამართლოში დაკითხვისას მიცემული ჩვენებაც და ასევე მოწმე ნ-----------–---–ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციაც. ეს უკანასკნელი, მართალია, არ წარმოადგენს დარტყმების უშუალო შემსწრე პირს, თუმცა იძლევა ინფორმაციას როგორც კონფლიქტის დაწყების თაობაზე, ისე შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ, როგორც დ----- თ----–---–ის, ისე ა-–----- ბ--–----ის ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, თუმცა, დ----- თ----–---–ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, პალატას მიაჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია აუცილებელ მოგერიებას. მოწმე ნ-----------–---–ი მოწმეა, რომელსაც, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, არანაირი დაინტერესება არ გააჩნია დაზარალებულის ან მსჯავრდებულის მიმართ. მისი ჩვენებით, ბანკომატთან გაჩერების და მგზავრების გადასვლის შემდეგ დ----- თ----–---–ი ჩაჯდა ავტომანქანაში, ა-–----- ბ--–----ი კი დ----- თ----–---–ის თხოვნის მიუხედავად აღარ ჯდებოდა, რაზეც დ----- თ----–---–მა შეაგინა. ამ დროს დ----- თ----–---–ი იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ხოლო რუსი მამაკაცი ავტომანქანის წინა მხარეს, მძღოლის გვერდით მდებარე სავარძლის კარიდან გადმოხრილი ესაუბრებოდა დ----- თ----–---–ს. მან ვერ გაიგო რა უთხრა ა-–----- ბ--–----მა დ----- თ----–---–ს, მაგრამ დაინახა, რომ დ----- თ----–---–მა მანქანის უკანა სალონიდან წინ გადაყო ხელი, რომელიც სახის არეში გაარტყა ა-–----- ბ--–----ს და შეაფურთხა სახეში. შემდეგ მას უთხრა დაეძრა მანქანა და წასულიყო. დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ კი დ----- თ----–---–მა გააჩერებინა ავტომანქანა, გადავიდა და გაემართა ა-–----- ბ--–----ისკენ. მან ავტომანქანის სარკიდან დაინახა, რომ დ----- თ----–---–მა უკანა ჯიბიდან ამოიღო რაღაც, რა დროსაც ამოუვარდა პლასტიკური ბარათი. აღნიშნული ჩვენების მიხედვით, უპირობოდ იმის მტკიცება, რომ დ----- თ----–---–მა ამ დროს ამოიღო დანა, არის შეუძლებელი. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის ირგვლივ პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს ამ გარემოებას.

 

ნ-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ დ----- თ----–---–მა ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-–----- ბ--–----ს, ხოლო შემდეგ უკვე წასულ ა-–----- ბ--–----ს დაედევნა. თავად დ----- თ----–---–ის ჩვენებით, ა-–----- ბ--–----მა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და ქართველ ხალხს, რამაც გამოიწვია მათ შორის შეხლა-შემოხლა. თავად წაიქცა და მას ზემოდან მოექცა ა-–----- ბ--–----ი, რომელიც ურტყამდა ხელებს. ამის გამო მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მან ხელები მოუსვა ძირს, რაც მოხვდა ხელში აიღო და იქნევდა, რის შემდეგაც, ა-–----- ბ--–----ი შეეშვა და წავიდა.

 

დ----- თ----–---–ის განმარტებით, დაზარალებულმა სავარაუდოდ ამ დროს მიიღო დაზიანება, თუმცა მას ა-–----- ბ--–----ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა. დ----- თ----–---–ის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან, პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ა-–----- ბ--–----ს მიყენებული ჰქონდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, ორი მათგანი სახის არეში, ზომებით 14X3,5 სმ. და 16X4 სმ.

 

გასათვალისწინებელია, რომ ბასრი საგანი იყო დ----- თ----–---–ის ხელში, ხოლო ა-–----- ბ--–----ს რაიმე საგანი ან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, იმაზე აპელირება, რომ დ----- თ----–---–ი იცავდა თავს, არის დაუსაბუთებელი. ამასთან, დ----- თ----–---–ის ჩვენება არ შეესაბამება მოცემულ რეალობას. კერძოდ, ჭრილობების ლოკალიზაცია და ხარისხი დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნებით, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის დ----- თ----–---–ის ჩვენებასთან. დანის თუ სხვა ბასრი საგნის ქნევა მოსაგერიებლად და ამ სახის ჭრილობების მიყენება, ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ დ----- თ----–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა, ფაქტია, რომ დ----- თ----–---–ი დაკავებული იქნა რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ და მას რაიმე სახის ისეთი დაზიანება, რაც 2018 წლის 31 მაისის ფაქტს დაუკავშირდებოდა, არ აღენიშნებოდა. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია, რომ 2018 წლის 31 მაისს, დაზიანებულმა დ----- თ----–---–მა სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა შესაბამის დაწესებულებას. დაკავების ოქმში კი აღნიშნულია, რომ დაკავების დროს დ----- თ----–---–ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჰქონდა შეხვეული, რაც მისი განმარტებით ჰქონდა გაჭრილი, მარჯვენა მხარზე კი ჰქონდა მცირე ზომის ჭრილობა, რომელიც გაუკეთეს საავადმყოფოში, კათეტერის ჩადგმის გამო. შესაბამისად, დაუსაბუთებელია თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აპელირებს დაცვის მხარე დ----- თ----–---–ის დაზიანებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მხოლოდ ის არის დადგენილი, რომ დ----- თ----–---–ი 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, მივიდა შპს „ჯ-----------------------–-------------–-----–------ში“ და აღენიშნებოდა არა ფიზიკური დაზიანებები, არამედ ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა და ქცევითი დარღვევები. ამ პირობებში, ა-–----- ბ--–----ის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაოდენობა, ლოკალიზაცია, ხარისხი, თავად დ----- თ----–---–ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვით მოტივირებულ მოქმედებაზე. შესაბამისად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს დ----- თ----–---–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დ----- თ----–---–ს სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რაც იმითაც დასტურდება, რომ ა-–----- ბ--–----ს მიყენებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და გარდა ამისა, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა ვინმე, რომელიც ხელს შეუშლიდა მსჯავრდებულს განზრახვის სისრულეში მოყვანაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზიანების ხარისხის მიუხედავად, შესაძლოა ქმედება დაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობად და იმის მტკიცება, რომ მსუბუქი დაზიანებების მიყენების დროს ქმედება აუცილებლად უნდა დაკვალიფიცირდეს შედეგის მიხედვით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (განზრახვის დადასტურების შემთხვევაში), არასწორია. ამ მხრივ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლოა პირმა საერთოდ ვერ მიაყენოს დაზიანება პირს გარკვეული ობიექტური მიზეზის გამო, თუმცა, თავად ქმედების სახე და ხერხი მიუთითებდეს მკვლელობის განზრახვაზე. ანალოგიურს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაც. 2018 წლის 3 იანვრის №392აპ-17 განჩინებით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სააპელაციო პალატამ არ გაიზარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირი არ შეიძლება დაისაჯოს მკვლელობის მცდელობისათვის, როდესაც მის ქმედებას შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სასამართლომ აღნიშნულ საქმეში აღნიშნა, რომ განზრახ მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია შეფასდეს ქმედების სუბიექტური და ობიექტური ელემენტები, იმის მიუხედავად, მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, შედეგის თვალსაზრისით, რა ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნების გაანალიზება წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციასთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 თებერვლის ექსპერტიზის N--------- დასკვნა გაცემულია შპს ა-----–-----------– პირველი კლინიკურის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ა-–----- ბ--–----ი კლინიკაში მოათავსეს 2018 წლის 31 მაისს 05:55 საათზე. ყბა-სახის ქირურგის ჩანაწერის მიხედვით, ვიზუალიზაციით აღინიშნება ნაკვეთი ძლიერ სისხლმდენი ჭრილობა სახის მარჯვენა ნახევარში, რომელიც იწყება საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის საპროექციო არედან და გადმოდის შუბლზე, ზომით დაახლოებით 14X3,5 სმ., ასევე აღინიშნება ნაკვეთი ძლიერ სისხლმდენი ჭრილობა სახის მარცხენა ნახევარში, რომელიც იწყება ტუჩის კუთხიდან და გადადის კეფის არეში, ზომით დაახლოებით 16X4 სმ. ა-–----- ბ--–----ის მდგომარეობაზე ისაუბრა ექიმმა გ------- კ-----ემ და გარდა ამისა, დაზიანებების ადგილმდებარეობა კარგად ჩანს საქმეში არსებულ ვიზუალურ გამოსახულებებზე.

 

პალატა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჭრილობები მიყენებულია ბასრი საგნის გამოყენებით. სწორედ ბასრი საგნის გამოყენებით მიყენებულ ჭრილობებზე იმსჯელა დასკვნაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა. შესაბამისად, შპს „ვექტორში“ დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები არ არის წინააღმდეგობაში ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. ფაქტია, რომ დ----- თ----–---–ს დაზიანება ა-–----- ბ--–----ისთვის არ მიუყენებია დანის შერჭობით. არც კ------------- ც-----–---–ს და არც ა-–---------- გ-----ეს არ გამოურიცხავთ ის ფაქტი, რომ გამოყენებული საგანი შესაძლოა ყოფილიყო დანა. მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ დანას აქვს როგორც მჩხვლეტავი, ისე მჭრელი ნაწილი. ორივე დასკვნაში მითითებულია და ეს დასკვნის გარეშეც ცხადია, რომ ა-–----- ბ--–----ს სახის არეში მიყენებული აქვს ნაკვეთი ჭრილობები მჭრელი ზედაპირის მქონე საგნით, თუმცა, პალატისთვის გაურკვეველია თუ საიდან შეიძლება იმის დადგენა, რომ ნაკვეთი ჭრილობებით არ შეიძლება პირის გარდაცვალება ან სახის არეში ნაკვეთი ჭრილობების მიყენების დროს პირს არ შეიძლება გააჩნდეს მკვლელობის განზრახვა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჭრილობების როგორც სიღრმე, ასევე სიგრძე, დაზიანებების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, არ მიუთითებს დ----- თ----–---–ის განზრახვაზე მსუბუქი დაზიანება მიეყენებინა დაზარალებულისთვის. ა-–----- ბ--–----ს არ აქვს მიყენებული მხოლოდ დუნდულოს არეში ჭრილობა. მას თავის (სახის) არეში, სადაც კანის ზედაპირიდან გარკვეულ სიღრმეზე გადის არაერთი სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელი არტერია, მიყენებული აქვს ორი მნიშვნელოვანი დაზიანება და იმის თქმა, რომ არტერიის დაზიანების ალბათობა ამ დროს იყო მცირე, არის დაუსაბუთებელი. რაც შეეხება დაცვის მხარის იმ არგუმენტს, რომ არ დაზიანებულა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, რის შედეგადაც შესაძლებელი იყო დამდგარიყო სიკვდილი და მხოლოდ ჭრილობების რაოდენობა არ უნდა გამხდარიყო განზრახვის დამადასტურებელი, პალატა ვერ გაიზიარებს. დაცვის მხარეს არ განუმარტავს, თუ რა დაზიანება უნდა მიეღო დაზარალებულს, რომ ჩათვლილიყო სიცოცხლისთვის სახიფათოდ, რადგან, ამ მოცემულობით და სამედიცინო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ა-–----- ბ--–----ს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა ორივე ჭრილობიდან. ექიმის ჩვენებით, მას დაზიანებული ჰქონდა დიდი სისხლძარღვი. მან გადაკვანძა სისხლძარღვები და შეაჩერა სისხლდენა. გარდა ამისა, თავად დაცვის მხარის ექსპერტმაც კი აღნიშნა, რომ მარჯვენა და მარცხენა ნახევარში დიდი ზომის სისხლმდენი ჭრილობების არსებობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მათი ანატომიური ლოკაციიდან გამომდინარე.

 

რაც შეეხება ტრასოლოგიურ ექსპერტიზას, გარდა დაზიანების ლოკალიზაციისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ექსპერტმა გ---------მ ექსპერტიზა ჩაატარა ტანსაცმლის გარეშე, განსხვავებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 ივლისის N-------- ექსპერტიზისა. მიუხედავად აღნიშნულისა, თუნდაც იმის დადგენა, რომ შარვალზე არსებული დაზიანება იყო მჭრელი და არა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიყენებული, პალატის მოსაზრებით, გავლენას ვერ მოახდენს დ----- თ----–---–ის ქმედების კვალიფიკაციაზე.

 

მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა ტაქსის მძღოლიც, რომელმაც დაინახა დაჭრილი ა-–----- ბ--–----ი და იქვე მყოფი დ----- თ----–---–ი, შეეშინდა და განაგრძო გზა, თუმცა მალევე დაინახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და დაბრუნდა უკან, რა დროსაც დ----- თ----–---–ი იქ აღარ იმყოფებოდა. პალატას მიაჩნია, რომ ჯერ ტაქსის მძღოლის, შემდეგ კი საპატრულო ეკიპაჟის გამოჩენამ, დააბრკოლა დ----- თ----–---–ი სისრულეში მოეყვანა განზრახვა. აღნიშნული არგუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ დ----- თ----–---–ს ხელი შეუშალა არაერთმა გარემოებამ.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ქ.თბილისში, ბ---–---–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დ----- თ----–---–ს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა-–----- ბ--–----ს მოუხდათ შელაპარაკება. შელაპარაკებისას, დ----- თ----–---–მა, მოკვლის განზრახვით, ბასრი საგნის გამოყენებით, ა-–----- ბ--–----ს სახის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რომელიც გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, ხოლო დ----- თ----–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ დ----- თ----–---–ის ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. დაზარალებულის და მოწმე ნ-----------–---–ის მიერ გაცხადებული ფაქტები და ექსპერტიზის დასკვნები, დაზიანებების ლოკალიზაცია, მეტყველებენ, რომ დაჭრას წინ უძღოდა აღნიშნულ პირებს შორის კონფლიქტი. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა დ----- თ----–---–ის მიზანმიმართული მოქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე სიცოცხლე მოესპო ა-–----- ბ--–----ისთვის. ექსპერტის დასკვნით დადგენილია დაზიანებების ხარისხი და ლოკალიზაცია, რაც უპირობოდ ვერ იქნება კვალიფიკაციის განმსაზღვრელი გარემოება. დ----- თ----–---–ის ქმედება, ა-–----- ბ--–----ისთვის დანის არაერთგზის დარტყმა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მსხვერპლისთვის მიყენებულ სამ ჭრილობასთან. ამ პირობებში მნიშვნელოვანია დ----- თ----–---–ის ქმედება დარტყმების მიყენების შემდეგ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დ----- თ----–---–ი ა-–----- ბ--–----ისთვის დარტყმების მიყენებისთანავე სწრაფად ტოვებს შემთხვევის ადგილს და დახმარების გარეშე, სახის არედან ძლიერი სისხლდენით ტოვებს დაზარალებულს. პალატას მიაჩნია, რომ დ----- თ----–---–მა სწორედ პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად დატოვა შემთხვევის ადგილი და მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ----- თ----–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი, დ----- თ----–---–ის ნასამართლობიდან გამომდინარე, სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი.

 

დ----- თ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- თ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა დ----- თ----–---–ს დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

▪ შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 2 ცალ დისკზე, ა-–----- ბ--–----ის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეო 1 ცალ დისკზე, სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ვიდეო 1 ცალ დისკზე და ა-–----- ბ--–----ის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვის სხდომის ოქმი 1 ცალ დისკზე, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში - დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

▪ დ----- თ----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ა-–----- ბ--–----ის სისხლის ნიმუშები (გამშრალ დოლბანდზე), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები და ასფალტის ნატეხები, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

▪ ა-–----- ბ--–----ის მაისური, შარვალი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

▪ ნ-----------–---–ისგან ამოღებული პლასტიკური ბარათი და ე.წ. „ბენდენა“ დალუქული სახით, რომლებიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე