განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002148792
დ ა უ ს წ რ ე ბ ე ლ ი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6695-18 11 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ელენე ომანიძე
აპელანტი - ს------–-–------–---------
წარმომადგენელი - ნ----------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ს-----------–---–-----–---
წარმომადგენელი - ნ------–---------------
თარჯიმანი - ლ--–-------–-–---–-
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ს-----------– ა-–-----–---- ს------–-–------–---------ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, 2017 წლის 05 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნასყიდობის საფასურის - 9400 აშშ დოლარის, ს------–-–------–---------სათვის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 9 400 აშშ დოლარის გადახდისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 950 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ს------–-–------–---------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა განხილვა სააპელაციო სასამართლოებში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში წარმოების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები არ განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 11 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე ან/და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, შედეგად, აპელანტმა მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში/საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე ს-----------–---–-----–---ს (მოსარჩელე) წარმომადგენელ ნ------–---------------ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა, კერძოდ, 2019 წლის 11 ოქტომბერს დანიშნული სხდომა სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო 2019 წლის 11 ნოემბერს 12:00 საათზე გადაიდო. საქმის მასალებში არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი ხელწერილი, სადაც სხდომის გადადების თაობაზე ინფორმაციაა მითითებული, აღნიშნულ ხელწერილს ნ------–--------------- აწერს ხელს (ს.ფ. 214).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. შესაბამისად, სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, პროცესის მონაწილე მხარისთვის სასამართლო სხდომის გადადების შესახებ ცნობის მიწოდება და მათ მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღების ხელმოწერით დადასტურება, საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად უნდა იქნეს მიჩნეული აპელანტის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატას დამტკიცებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელისთვის თავიდანვე ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ ნასყიდობის საგანი - მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების იყო. ასევე, მისთვის ცნობილი იყო 2017 წლის 23 ივნისიდან ძალაში შესული მორატორიუმის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც არსებობდა მითითება. ამასთან, მოპასუხე მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე არსებული შეზღუდვის მოგვარებას არ დაჰპირებია. პირიქით, მოსარჩელემ თვითონ იკისრა პასუხისმგებლობა ნასყიდობის საგნის გადაფორმებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები მოეგვარებინა, რაც ხელშეკრულების მე-8 პუნქტშიც აისახა. მოპასუხე, თავის მხრივ, მყიდველს დაჰპირდა, რომ თანხის სრულად გადახდის შემდგომ, მოსარჩელის მოთხოვნით, ნებისმიერ დროს, სადაც საჭირო იქნებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფაქტს დააფიქსირებდა. მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა არ მომხდარა. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის დანაწესის თანახმად, ვინაიდან მოსარჩელემ ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდის გრაფიკი დაარღვია, შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომატურად გაუქმდა და ვალდებულების დარღვევამდე მყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის თანხის ნაწილი ზიანის ანაზღაურებად ჩაითვალა და იგი მყიდველისთვის უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა (ს.ფ. 16-21).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას არღვევს, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება ხელშეკრულების ერთ ერთი მხარის მიერ კონტრაჰენტისათვის ნების გამოვლენით იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება აღარ უნდა გაგრძელდეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანი იმ status quo-ს აღდგენაა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე არსებობდა. კერძოდ, ასეთ დროს მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ ნატურით. ასეთ დროს, უპირველესყოვლისა, საგულისხმოა, ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა, რომლის ანულირებასაც კრედიტორი ამ უფლების გამოყენებით ითხოვს. ამდენად, იმისათვის, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე მეორე მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო გავიდეს ხელშეკრულებიდან, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულების არსებობა და ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, თუ ასეთი ხელშეკრულება ან/და დარღვევა სახეზე არაა, მაშინ ვერც ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება იარსებებს.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები, ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ს-----------–---–-----–---ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ს-----------–---–-----–---ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს, ხოლო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 1 015 ლარის ოდენობით ს-----------– ა-–-----–--- ს------–-–------–---------ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 234-ე, 236-237-ე, 372-ე, 385-ე, 387-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს------–-–------–---------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ს------–-–------–---------ს სააპელაციო საჩივარი ს-----------–---–-----–---ს მიმართ დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ს-----------–---–-----–---ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ს-----------– ა-–-----–--- ს------–-–------–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 1015 ლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო, მის მიერ პირველ ინსტანციაში სარჩელზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. მოწინააღმდეგე მხარეს განემარტოს, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა შეუძლია ამავე სასამართლოში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება;
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე