განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
330100119003171982
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003171982

საქმე №1ბ/2019-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----–--------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - შ----- გ------, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ე------------–---–----------ში;

 

ადვოკატი - ო-–--- გ------;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით და პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით.

 

სასჯელი: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2001 წლიდან ფ------ გ--------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ----- გ------სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - 2002 წელს დაბადებული მ------ გ------, 2004 წელს დაბადებული თ----- გ------ და 2013 წელს დაბადებული ნ-----–---- გ------. 2001 წლიდან მეუღლეები ცხოვრობდნენ თბილისში, ე------------–---–-------------ში. 2015 წლის 24 ნოემბერს ბრალდებულის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგაც ნასვამი შ----- გ------ კვლავ, სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. კერძოდ, 2015 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით იგი აგრესიას გამოხატავდა ფ------ გ--------–---–ის მიმართ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უშვერი და უცენზურო სიტყვებით აგინებდა და ამცირებდა მას, რასაც ხშირად შესწრებიან მათი არასრულწლოვანი შვილები. 2019 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 02:30 საათზე თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანთან არსებული ,,მშრალი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფ------ გ--------–---–მა შ----- გ-----ის მხრიდან სასტიკი მოპყრობით და პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა ,,მშრალი ხიდის“ მოაჯირიდან მდინარე მტკვარში გადახტომით, რის საშუალებაც მოაჯირზე ასულ ფ------ გ--------–---–ს არ მისცეს იქვე მყოფმა მოქალაქეებმა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით შ----- გ------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–--------ემ და ითხოვა მისი შეცვლა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა მსჯავრდებულ შ----- გეწაძის ადვოკატმა ო-–--- გ------მ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და შ----- გ------ს ჩადენილი დანაშაულის სანქციის ფარგლებში უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუსაბამოა ქმედების ხასიათთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საყურადღებოა, რომ იგი მიეკუთვნება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიგს და მსჯავრდებულის ქმედებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. სასამართლომ ზედმეტი ლმობიერება გამოიჩინა შ----- გ-----ისთვის სასჯელის დანიშვნისას, რის გამოც ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. პირიქით, ზედმეტად მსუბუქი სასჯელი წაახალისებს მსჯავრდებულს და არ განმსჭვალავს მას მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობით.

 

დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელი - სამართლიანი, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან შ----- გ------მ აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს სამი შვილი, მოხუცი მშობლები და ავადმყოფი და, არის დასაქმებული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97, §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93, §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შ----- გ-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულ ფ------ გ--------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების მ------ ბ--------ის, გ--------------–-–---–ის, თ----- გ-----ის, მ------ გ-----ის და თავად შ----- გ-----ის (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (04.08.2019), შემაკავებელი ორდერები: N0----- (04.08.2019), N0----- (24.11.2015), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N3-------- გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ (24.11.2015). დასახელებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. მტკიცებულებებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ შ----- გ------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით და პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით და სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–--------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა საჭიროების მიხედვით უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებული იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმული იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც შ----- გ------ს დაედო მსჯავრი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შ----- გ------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებული წარსულში ხშირად სვამდა, მეუღლეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა გრძელდებოდა ხანგრძლივი პერიოდის - რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მას ახასიათებს უარყოფითად), განსაკუთრებით კი, დაზარალებულის პოზიციას (შეურიგდა მსჯავრდებულს და ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნას ლმობიერი სასჯელი - შესაბამისი განცხადება წარუდგინა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს), მის ოჯახურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას (დასაქმებულია, კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და მოხუცი მშობლები, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შ----- გ------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას (დაზარალებულის სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მის ღირსეულ წევრად დაბრუნებას).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის ჩადენასაც მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს. ამასთან, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ხოლო დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის გამწვავებას ადგილი არ ჰქონია.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზენებს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილი რეგულაციის შემოღებით კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ შ----- გ-----ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ შ----- გ-----ის მიმართ დანიშნულმა მსუბუქმა სასჯელმა შეიძლება, შექმნას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია და არც მყარი არგუმენტები დაუსახელებია. როგორც აღინიშნა, შ----- გ------მ როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე და იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ამგავრი ფორმით მოხდით შეუძლებელი იქნება სასჯელის ზოგადი მიზნების მიღწევა.

 

დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. გარდა ამისა, შ----- გ------ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. პალატას მიჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს. პალატა ითვალისწინებს, რომ შ----- გ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემდეგ ადგილი აღარ ჰქონია მისი მხრიდან მეუღლეზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას, კეთილსინდისიერად ასრულებს პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებულ მოვალოებას, შეურიგდა დაზარალებულს და განაგრძობს მასთან და სამ შვილთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრებას, არის დასაქმებული, რაც დასტურდება დაზარალებულის განცხადებით. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს შ----- გ-----ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული პირობითი მსჯავრის ეფექტურობაზე. ამიტომ პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა ნასამართლევი, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა. მსჯავრდებულს საკმარისი დრო ჰქონდა, გაეცნობიერებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიუღებლობა, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგები და გამოეტანა სათანადო დასკვნები. პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები კი საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრით შესაძლოა, მიღწეული იქნას ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზანი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულთან მსჯავრდებულის კონფლიქტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა, პალატა მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა უნდა გახანგრძლივდეს ოთხ წლამდე, რაც მეტ გარანტიას შექმნის იმისთვის, რომ მსჯავრდებულმა აღარ ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შ----- გ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს, პალატა ნაწილობრივ იზიარებს და მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით უნდა გახანგრძლივდეს გამოსაცდელი ვადა, რათა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების შიშმა უზრუნველყოს მჯავრდებულის ქცევა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს მართლწესრიგის დაცვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა. სააპელაციო პალატას შ----- გ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი, რაც იქნება სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი გონივრული ლმობიერება და მეტად შეუწყობს ხელს მსჯავრდებულს, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას პირობითი მსჯავრის ეფექტურად აღსრულების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ შ----- გ------ს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ყოფა-ქცევაზე კონტროლი გამოსადელი ვადის პერიოდში უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-----–--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

 

შ----- გ------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ შ----- გ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს;

 

შ----- გ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 4 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, შ----- გ------ს დამატებით დაეკისროს მოვალეობა, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ შ----- გ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე