განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002402745
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5898-19 11 დეკემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს „ტ---------“
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-----------–-----------------
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს----------–-----------–-----------------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ტ---------ს“ მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის 13 103,52 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს ს----------–-----------–-----------------ს მიმართ 13 103,52 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით შპს „ტ--------მა“ გაასაჩივრა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2018 წლის 18 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ს----------–-----------–-----------------ს წარმომადგენელმა მიმართა და შპს „ტ---------სთვის“ 13 103,52 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა (ს.ფ. 2-37).
6. სასამართლოს მიერ სარჩელი განსახილველად იქნა მიღებული და მოსარჩელე მხარეს მოპასუხისთვის სარჩელის და თანდართული საბუთების ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა (ს.ფ. 53-54).
7. სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს სარჩელში მითითებულ მისამართებზე რამდენჯერმე გაეგზავნა, რაც 2018 წლის 26 სექტემბერს, მოპასუხე შპს „ტ---------ს“ წარმომადგენელმა, კერძოდ, ორგანიზაციის მენეჯერმა - მ-----------–---–-- ჩაიბარა (ს.ფ. 55, 63, 71).
8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
9. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო იყო. შესაბამისად, 2018 წლის 22 ოქტომბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა (ს.ფ. 72-74).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 08 ნოემბერს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, საჩივრით შპს „ტ---------ს“ დირექტორმა მიმართა, ამასთან, შპს „ტ---------ს“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები შპს „ტ---------ს“ მენეჯერს - მ-----------–---–- ჩაბარდა, თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მას დირექტორის მხრიდან, სასამართლოდან ან სხვა ნებისმიერი დაწესებულებიდან გამოგზავნილი კორესპონდენციის ჩაბარების უფლებამოსილება მინიჭებული არ ჰქონია. ერთადერთი უფლებამოსილი პირი, რომელიც, დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ამ უფლებამოსილებით სარგებლობდა ორგანიზაციის ბუღალტერი იყო. ამასთან, თუნდაც მენეჯერს ეს უფლებამოსილება ჰქონოდა, მას აღნიშნული გზავნილი შპს-ს ხელმძღვანელობისთვის არ გადაუცია. ორგანიზაციას დავის მიმართ იურიდიული ინტერესი გააჩნდა, შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე დავის შესახებ, კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული არ იყო, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოსათვის შესაგებელი წარედგინა, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი უნდა გამხდარიყო (ს.ფ. 77, 85-92).
11. თბილისის საქალაქო სასამართლომ საჩივრის განხილვის მიზნებისთვის 2018 წლის 18 დეკემბერს სხდომა გამართა, საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და ამავე დღეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გამოიტანა (ს.ფ. 85-92).
12. 2019 წლის 28 იანვარს შპს „ტ--------მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომლითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 98-108).
13. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელი და თანდართული მასალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ასევე, 10 დღის ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებიც განემარტა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი და თანდართული მასალა 2018 წლის 26 სექტემბერს, მოპასუხე შპს „ტ---------ს" წარმომადგენელს, კერძოდ, ორგანიზაციის მენეჯერს - მ-----------–---–- ჩაბარდა. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, შეიძლება ჩაბარდეს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს კომპანიის მენეჯერის მიერ საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების ფაქტი ან/და უწყების უკუგზავნილზე მის მიერ გაკეთებული ხელმოწერა სადავოდ არ გაუხდია. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის ერთ-ერთი დანიშნულება არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ უწყების ჩაუბარებლობის მინიმუმამდე დაყვანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პირი, რომელიც სამოქალაქო ვალდებულების შესრულებას თავს აარიდებდა და უწყების ჩასაბარებლად მისულ პირს მისამართზე არ დახვდებოდა, მის წინააღმდეგ სასამართლოში საქმისწარმოების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რაც უდავოდ გამოიწვევს დაინტერესებული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ საჩივრის ავტორს სარჩელი და თანდართული მასალა კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.
14. პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საჩივრის ავტორის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა, მოგვიანებით კი, აღნიშნული საპროცესო ვადის გაშვების მიზეზად კომპანიის მენეჯერის, როგორც უწყების მიღების/ჩაბარების, უფლებამოსილების ნაკლი დაასახელა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველი მუხლი, მართალია, იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა აკეთებს სავალდებულო დათქმას, რომლის თანახმად, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. როდესაც მხარე სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ ახორციელებს საპროცესო მოქმედებას, აღნიშნული საპროცესო ვადის აღდგენა და მისი გაშვების საპატიოდ ცნობა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არყოფნა შესაძლებელია ისეთ მიზეზს წარმოადგენდეს, რომელსაც საპროცესო კოდექსი საპატიო მიზეზთა წრეს მიაკუთვნებს, თუმცა, დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, აღნიშნული გარემოების დამტკიცება უტყუარი მტკიცებულებებით უნდა მოხდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის შედავება კომპანიის მენეჯერის უფლებამოსილების ნაკლის თაობაზე დადასტურებული არ არის, ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც კორესპონდენციის ჩაბარების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, კომპანიის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, კომპანიის ბუღალტერს მიანიჭებდა. ასეთ პირობებში, მოპასუხე კომპანიის მენეჯერი უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად უნდა იქნეს მიჩნეული.
შესაბამისად, ვინაიდან ადრესატს უწყება 2018 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2018 წლის 27 სექტემბრიდან დაიწყო, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 06 ოქტომბერს ამოიწურა, ვინაიდან აღნიშნული თარიღი არასამუშაო დღე იყო, საპროცესო ვადა ამოწურულად 2018 წლის 08 ოქტომბერს ჩაითვალა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე - შპს „ტ--------ს“ სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, რაც პალატის მოსაზრებით, მართებულად გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შემდგომ, მისი ძალაში დატოვების საფუძველი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას განამტკიცებს, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის ვალდებულებასაც გულისხმობს. იმ პირობებში, თუ პროცესში მონაწილე მხარეებს სხდომის გადადების ან საპროცესო მოქმედებების შესასრულებელი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ დაუსაბუთებელი და არა არგუმენტირებული მიზეზების არსებობისას, მაშინ საქმის დროული და ეფექტური გადაწყვეტა შეუძლებელი გახდება, რაც უდავოდ დაარღვევს, როგორც მოსარჩელე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ასევე, ეჭვქვეშ დააყენებს პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვის ვალდებულებას.
15. სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარდგენა არ მოხდება და აღნიშნული არასაპატიო მიზეზითაა გამოწვეული, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობდა, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად უფლებამოსილების ნაკლს მიუთითებდა, რაც რელევანტური მტკიცებულებით დადასტურებული არ ყოფილა.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის ანალიზიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობასთან ერთად, არსებობდეს უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს. სარჩელში მითითებული გარემოებები კი, სასამართლოს მიერ, ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, დამტკიცებულად მიიჩნევა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ისინი სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, კერძოდ, 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---- დაიდო, რომლის ჯამური ღირებულება 120 006 ლარით განისაზღვრა. 2017 წლის 11 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, უნდა განხორციელებულიყო. შპს „ტ---------ს“ მიერ, საქონელი ნაწილობრივ 57 დღიანი ვადაგადაცილებით, 2017 წლის 14 დეკემბერს, იქნა მიწოდებული. ამავე ხელშეკრულების მე-16 პუნქტით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება შეთანხმდა. შპს „ტ--------ს" სახელმწიფო შესყიდვის დეპარტამენტის 2017 წლის 25 დეკემბრის N----- დაჯარიმების აქტით, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, 13 103,52 ლარის ოდენობით, დაეკისრა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადებები და პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი. სააპელაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ შედავებას, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობას შეეხება, პალატა განმარტავს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართებულობა შესადავებელი კატეგორიაა. შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის, როგორც შესაგებლის სტრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე არ არსებობს, როგორიცაა სარჩელის უარყოფა, მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომელიც გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის საკმარისია, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო ხასიათს იძენენ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი გარკვეული საპროცესოსამართლებრივი სანქციის გამოყენებაში მდგომარეობს, სასამართლოს მიერ მოწვეული და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი, ან ისეთი მხარის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელს არ წარადგენს. აღსანიშნავია, ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში, მტკიცებულებებისა და საქმის მასალების არსებითი კვლევის სტადიაში სასამართლო არ შედის, იგი მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იკვლევს და მხარეთა შორის არსებულ სადავო სამართალურთიერთობას სამართლებრივად აფასებს, რა დროსაც სარჩელის იურიდიული გამართულობა, მხოლოდ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ აპელანტის პრეტენზიები საქალაქო სასამართლოს მიერ, თავისი ინიციატივით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, ვინაიდან, როგორც განიმარტა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა დამატებით არ ხდება, არამედ ისინი გამოკვლეულად და დადასტურებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხე მხარემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა, არ არსებობს.
17. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აპელანტმა მხარემ სასამართლოს წინაშე სარწმუნო დოკუმენტაცია ან/და სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიც პალატას საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ ცნობის ლეგიტიმურობაში დაარწმუნებდა, ვერ წარმოადგინა. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთს კი კანონმდებელი მას აკისრებდა. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გაუქმების სამართლებრივი წანამძღვრები.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე, აპელანტის მიერ, ბაჟის სახით გადახდილი 524 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე 55-ე, 46-ე მუხლებით იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ტ---------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე