განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
330100118002551960
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002551960

საქმე № 1ბ/734-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

23 იანვარი, 2020 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი: სოფიკო კაპანაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზ---- ქ------ე

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ი-–--- ა---------ი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------------------------–---------------------------------ში.

ადვოკატი: გ------- ბ-----ე

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

მსჯავრდებული:

კ----– ა-----ი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბ---------------------------–-–---------------------------–------------------ში.

ადვოკატი: ზ------ თ------ა

თარჯიმანი: ა---- ს---–--------ი

პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. პალატამ დაადგინა

ი-–--- ა---------მა, კ----– ა-----თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 16,16426 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,00148 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება თებაინი და 0,0875 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი).

2018 წლის 26 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ი-–--- ა---------ის და კ----– ა-----ის დროებით საცხოვრებელში, ქალაქ მ--------––-------------–-------------–ი მდებარე „ს------------–--“ N--ე ოთახში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული იქნა 16,16426 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,00148 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება თებაინი და 0,0875 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი).

2. მხარეთა პოზიცია

2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 19 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა ი-–--- ა---------მა, მსჯავრდებულ ი-–--- ა---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ბ-----ემ, ასევე კ----– ა-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ თ------ამ. სამივე საჩივრით მოთხოვნილია განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივრებს და მასში მოყვანილ გარემოებებს.

2.1.2. მსჯავრდებულ კ----– ა-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ თ------ას სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა 12 პოლიციელი მოწმის ჩვენება, რომელთაგან, გამოძიების ეტაპზე დაკითხული ჰყავდა მხოლოდ 5 მოწმე. მათ შორის გ------- ქ------–---–ი, ი---- კ-------–--ე, გ------- ჩ------ე, შ--–-- წ--–-----ა და ი----- თ---–--–---–ი, დანარჩენი 7 მოწმე ბრალდების მხარემ პირდაპირ სასამართლოზე წარადგინა. დაცვის მხარემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხულ არცერთ მოწმე პოლიციელს მიუთითებია, მსჯავრდებულთა განცხადების თაობაზე, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მათი კუთვნილება იყო და შეიძინეს პირადი მოხმარებისთვის. პოლიციელებს აღნიშნული არსებითი გარემოების შესახებ გაახსენდათ მხოლოდ 8 თვის შემდეგ, თუმცა დიდი დროის გასვლის გამო სხვა გარემოებები არ ახსენდებოდათ.

2.1.3. ადვოკატმა ანალიზი გაუკეთა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს. მიუთითა მოწმე კ-------–--ის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მან მოისმინა მსჯავრდებულთა განცხადება, რომ ნარკოტიკები მათი ორივეს კუთვნილება იყო და პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ შეძენილი. ადვოკატის აზრით იბადება ლოგიკური კითხვა, რატომ არ მიაწოდა ეს ინფორმაცია დაკითხვის დროს. ამავდორულად სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმემ აღნიშნა, რომ იგი კორიდორში იდგა და სასტუმროს ოთახში არ შესულა.

2.1.4. მოწმე გ------- ქ------–---–ი არაფერს ამბობს ბრალდებულების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ნარკოტიკების წარმომავლობის შესახებ. მის მიერ მიცემული ჩვენებით, მან მხოლოდ ბაზართან ჩაატარა ჩხრეკა, ხოლო მისი სასატუმროში მისვლის დროს ჩხრეკა უკვე მიმდინარეობდა. ასევე მან მოისმინა ბრალდებულთა განცხადება ნარკოტიკების კუთვნილების თაობაზე.

2.1.5. მოწმე გ------- ქ---–-–---–ის ჩვენებასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის გ------- ჩ------ის ჩვენება, რომლის თანახმადაც ბაზართან ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა და სასტუმროც მან გაჩხრიკა და ი----- თ---–--–---–თან ერთად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება. ადვოკატის მითითებით, თუ გ------- ქ---–-–---–ის ჩვენება სიმართლეა, მაშინ მოწმე გ------- ჩ------ე ვერ აღმოჩნდებოდა გ------- ქ---–-–---–ზე ადრე სასტუმროში და ვერ ჩაატარებდა ჩხრეკას, მით უფრო ნარკოტიკების ამოღებას.

2.1.6. ადვოკატის მითითებით განსაკუთრებით შესაფასებელია მოწმე ი----- თ---–--–---–ი ჩვენება, რომლის თანახმადაც, მას გასული დროის გათვალისწინებით დეტალები არ ახსოვდა. მიუხედავა ამისა გაახსენდა, რომ ნარკოტიკების წარმომავლობაზე მსჯავრდებულებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ განაცხადეს, რომ იგი მათ კუთვნილებას წარმოადგენდა და პირადი მოხმარებისთვის უნდოდათ. მითითებულ მოწმესთან დაკავშირებით ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკითხვის დროისათვის მოწმე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. აქედან გამომდინარე დაცვის მხარის ვარაუდით, მისი აქტიურობა შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო სამსახურში აღდგენის შეპირებით.

2.1.7. მოწმე გ------- ქ---–-–---–ი არაფერს ამბობს მსჯავრდებულების ნარკოტიკებითან დამოკიდებულების შესახებ, მან მხოლოდ ერთადერთ მოქმედებაში, ნერწყვის ნიმუშის აღებაში მიიღო მონაწილეობა. ადვოკატის მითითებით ნერწყვის ნიმუშის აღების თარიღად მითითებულია 2018 წლის 26 ოქტომბერი, მაშინ როდესაც უკვე ჩატარებული იყო ბიოლოგიური ექსპერტიზა. ეს შესაძლოა აიხსნას თარიღის დაფიქსირებისას მექანიკური შეცდომით, მაგრამ მაშინ, როდესაც არაერთ დოკუმენტში ერთი და იმავე მეორდება, მექანიკურ შეცდომას ადგილი აღარ აქვს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ნერწყვის ნიმუში ნამდვილად აღებულია 2018 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

2.1.8. მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–მა მიუთითა მსჯავრდებულების განცხადებაზე, ნარკოტიკების კუთვნილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ განცხადებას ყველა პოლიციელი ისმენდა. თუმცა კითხვაზე, თუ რატომ არ ასახა ოქმში აღნიშნული ინფორმაია, ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი. ეს მოწმე ასევე ახორციელებდა ვიდეოგადაღებას, თუმცა ვინაიდან იგი ბრალდების სასრგებლო მტკიცებულება არ იყო, უარი თქვეს მის გამოყენებაზე. საინტერესოა ამავე მოწმის ჩვენება ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის ნაწილში. მისი მითითებით, ქიმიური ექსპერტიზის მიმდინარეობისას ექსპერტებმა იცოდნენ ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და მათ მიერ ცალკე დაილუქა ის ნივთები, რომლებზეც ბიოლოგიური კვლევა უნდა ჩატარებულიყო. ამავდოულად, მისი განცხადებით, ჩხრეკაში მონაწილეობდა ასევე სასტუმროს ადმინისტრატორი, როგროც დამსწრე, თუმცა კითხვაზე, თუ რატომ არ იქნა შეყვანილი იგი ჩხრეკის ოქმში, განმარტა, რომ ოქმის ხელმოწერისას იგი სასტუმროს ოთახში არ იმყოფებოდა. რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სამოქალაქო პირი ზედმეტი იყო მათი უკანონობის დამადასტურებლად.

2.1.9. მოწმე რ-------- მ---------–---–ის ჩვენებით, პოლიციაში მიყვანის შემდეგ დაკითხვისას, ორივე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენეს. ადვოკატის მითითებით გაურკვევლია, ბრალდებულებმა, რომლებიც მხიარულად აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკები მათი იყო, სამ საათში რატომ არ განუცხადეს გამომძიებელს აღნიშნულის თაობაზე.

2.1.10. მოწმე ა---------– მ----–---–ის ჩვენებით, ჩხრეკა ჩაატარა ბაზრის ტერიტორიაზე და სასტუმროში ჩხრეკისას იგი მხოლოდ კართან იდგა და ბრალდებულების უსაფრთხოებას იცავდა. მან გაიგო ასევე ბრალდებულების განცხადებები ნარკოტიკების მათი კუთვნილების თაობაზე, თუმცა კითხვაზე, რატომ არ განუცხადა გამომძიებელს ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, განმარტა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა, ვინაიდან გამომძიებლებს თვითონაც კარგად ესმოდათ აღნიშნული. მისივე განცხადებით, ჩხრეკის დროს ვიდეოს არ იღებენ და საკმარისია გამომძიებლის ჩვენება, რაც ადვოკატის მოსაზრებით მიუთითებს დავალებით მიცემულ ჩვენებაზე.

2.1.11. გარდა პოლიციელებისა, ბრალდების მხარემ მოწმის სახით წარმოადგინა თარჯიმანი ვ----– პ------–---ი და სასტუმროს დამლაგებელი მ-----ა ი---------ა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში 6 თარჯიმანი მონაწილეობდა, ხოლო გამოძიების ეტაპზე არცერთი დაკითხული არ არის, რომელთა მიმართ ასევე დაცვის მხარეს გააჩდა კითხვები. ვ---- პ------–---ი კი ყოფილი პოლიციელია, რომელიც ამჟამად თარჯიმნად მუშაობს. ამდენად, ბრალდების მიერ მოწმის სახით მხოლოდ ამ თარჯიმნის წარდგენა დაცვის მხარეს უღვივებს ეჭვს, რომ მხოლოდ მას ენდობა ბრალდება და იმიტომ წარადგინა. ამ მოწმემაც განაცხადა, რომ მსჯავრდებულები პრეტენზიებს არ აცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ ნარკოტიკული საშუალებები მათ ეკუთვნოდათ.

2.1.12. მ-----ა ი---------ას ჩვენებით, რომელიც სასტუმროს დამლაგებელია, სასტუმროში ვიდეოკამერაა, საიდანაც N- ოთახი ჩანს და კამერები იმ დღეს ჩართული იყო. მოწმემ თავდაპირველაბდ განაცხადა, რომ პოლიციელი ჩხრეკას ვიდეოკამერით იღებდა, თუმცა პროკურორის მზერის შემდგომ განაცხადა, რომ რამდენი ხანი გავიდა და მგონი იღებდნენ, ზუსტად არ მახსოვსო. ადვოკატის მითითებით, ერთადერთი მოწმე მ-----ა ი---------აა, რომელიც ადასტურებს ჩხრეკისას ვიდეოგადაღების ფაქტს, თუმცა აღნიშნულს მალავს ბრალდება, ვინაიდან იქ გამოჩნდება გადაღებული ფრაზები, ნარკოტიკების შესახებ. სწორედ ამ რეალობის დადასტურების შიშით თქვა უარი სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, სასტუმროს ვიდეოთვალის ჩანაწერების ამოღების შესახებ.

2.1.13. ამასთანავე დაცვის მხარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 29 ოქტომბერს, სასამართლომ საქმის მასალები და სხდომის CD დისკები, სსსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით გადასცა პოლიციელ გ------- ქ---–-–---–ს. ამით მოწმეს, რომელიც ჯერ არ იყო დაკითხული, მიეცა შესაძლებლობა, იმ მოწმეებისთვის, რომლებიც არ იყვნენ დაკითხული გაეზიარებინა მათ დაკითხავმდე სასამართლოში განვითარებული მოვლენები. აღნიშნული გარემოებები ადვოკატის მოსაზრებით ასევე საფუძველია იმისა, რომ მითითებული ჩვენებები დაუშვებლად იქნეს მიჩნეული.

2.1.14. დაცვის მხარემ მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები აღწერა შემდეგი სახით: ი-–--- ა---------ის ჩვენებით ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა, რომელიც მოუტანა შ----– გ-------მა, ხოლო კ----– ა-----ს მასთან არანაირი შეხება არ აქვს. კ----– ა-----მა კი განაცხადა, რომ ვინაიდან ნარკოტიკების მიუღებლობის გამო თავს ცუდად გრძნობდა, ი-–--- ა---------ს მოსთხოვა ნარკოტიკი. ამ უკანასკნელმა დაამშვიდა, რომ როგორმე უშოვიდა. ნარკოტიკის მოხმარების მიზნით აფთიაქში შეიძინა 4 ცალი ინსულინის შპრიცი. სასტუმროს ნომერში ყოფნისას, საპირფარეშოდან გამოსულმა ა---------მა უთხრა ,,შეთვის განკუთვნილი მზად არისო“. კ----– ა-----ი ადგა საწოლიდან და დაინახა მისთვის შპრიცში გამზადებული ულუფა. მან შეამოწმა შპრიცის მდგომარეობა, თუმცა ნასაუზმები არ იყო და გადაწყვიტა სასტუროდან გასვლა სასაუზმოდ, რა დროსაც დააკავეს. ადვოკატის მითითებით, დაცვა სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ კ----– ა-----ი ნარკოტიკების მომხმარებელია. ამავე დროს, ის ეხმარებოდა მეგობარ ი-–--- ა---------ს თავის მეუღლესთან შეხვედრაში, რომელიც რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს. ამის სანაცვლოდ, მეგობარი უფასოდ უზრუნველყოფდა მას ნარკოტიკით, თუმცა საიდან მოჰქონდა ეს ნარკოტიკი ა---------ს, მან არ იცოდა. ამ გარემოებებზე მითითებით დაცვა მიიჩნევს, რომ უარგუმენტოა სასამართლოს დასაბუთება საქმის ,,წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფად“ დაკვალიფიცირების ნაწილში, ვინაიდან სახეზე არ არის სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შემადგენლობა.

2.1.15. დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ასევე ექსპერტიზის დასკვნებზე და მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებულია სამი ექსპერტიზა, ნარკოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური. ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კ----– ა-----ს, ი-–--- ა---------ს და შ----– გ-------ს აღმოაჩნდათ ზუსტად ერთი და იგივე სახეობის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები. პროკურორი აპელირებს ამაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მათ ერთი და იგივე შემადგენლობის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგიდათ, ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება იგივე შემადგენლობისაა, ეს ყველაფერი ადასტურებს წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის არსებობაზე. დაცვის მხარის მითითებით თუ ეს სიმართლეა, გაურკვეველია, რატომ დატოვეს შ----– გ-------ი პასუხისმგებლობის გარეშე.

2.1.16. დაცვის მხარის მითითებით არ შეიძლება ბიოლოგიური ექსპერტიზა გამამტყუნებელი განაჩენს გამოტანის საფუძველი გახდეს, ვინაიდან დადგენილია, რომ ნარკოტიკები ამოღებულია ი-–--- ა---------ის კუთვნილი ჩანთიდან, რომელსაც ორივე მსჯარდებული იყენებდა საზღვის კვეთამდე და მის შემდგომ. ექსპერტების ჩვენებების ანალიზი იძლევა შემდეგ სურათს: 1. გატეხილი შპრიცი ეკუთვნის ი-–--- ა---------ს (მისი ჩვენებით მან ასეთ მდგომარეობაში მოიხმარა მაშინ, როდესაც კ----– ა-----ი ჩასული იყო შპრიცის მოსატანად) 2. ახალი, დაუზიანებელი შპრიცი ეკუთვნის კ----– ა-----ს, მასზე არის მხოლოდ მისი დნმ და არ არის სისხლი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას შემდეგ რაც ი-–--- ა---------მა გაამზადა ნარკოტიკი კ----– ა-----ისთვის და დადო ტელევიზორის მაგიდაზე, ამ შპრიცს შეეხო კ----– ა-----ი და გავიდა სასაუზმოდ ნომრიდან. შესაბამისად ადვოკატის მითითებით სასამართლო გამოძიებით და საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1. ნარკოტიკები მოთავსებული იყო ი-–--- ა---------ის ხელჩანთაში, სადაც ასევე მოთავსებული იყო კ----– ა-----ის პასპორტი. 2. ჩანთიდან ამოღებული ნარკოტიკები სასტუმროს ოთახში, დალუქვამდე ელაგა საწოლზე. დაუდგენელია თუ ვის ეკუთვნოდა ეს საწოლი. 3. აფთიაქში შპრიცები შეიძინა კ----– ა-----მა. 4. ამოღებული ნარკოტიკები შპრიცებთან ერთად განთავსდა ერთ პაკეტში. 5. ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ქიმიკოსმა საკუთარი შეხედულებით, ცალკე პაკეტში მოათავსა შპრიცები და შესაფუთი მასალა, თუმცა უცნობია, საიდან აიღო მან ეს და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. 6. ექსპერტიზას არ ჩაუტარებია კვლევა ბიოლოგიური კვალის წარმოშობის შესახებ, რადგა ამ კითხვით გამოძიებას არ მიუმართავს. 7. ექსპერტი არ გამორიცხავს და არც უარყოფს ალბათობას მყარი სხეულიდან ბიოლოგიური კვალის გადასვლის შესახებ. დაცვის მხარის მითითებით, აღნიშნული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მაღალი ალბათობით შესაფუთ მასალაზე კ----– ა-----ის ბიოლოგიური კვალი გადავიდა, ან: ა) ი-–--- ა---------ის ხელჩანთიდან, ბ) აფთიაქში შეძენლი შპრიციდან, გ) საწოლიდან, დ) ექსპერტიზის კვლევის პროცესში, ე) ქიმიური ექსპერტის მიერ დალუქული პაკეტიდან. შესაბამისად ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევა არ გამოდგება კ----– ა-----ის ბრალის დასადასტურებლად. მით უმეტეს გაურკვეველია, შესაძლებელი იყო თუ არა ზემოაღწერილ ვითარებებში მყარ სხეულთან კონტაქტით ან ურთიერთ კონტაქტით წარმოშობილიყო რომელიმე კვალი.

2.2.1. ი-–--- ა---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ბ-----ის სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, მსჯავრდებული საჭიროებდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას. ეს დასტურდება სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტებით, სადაც მითოთებულია, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მდგომარეობაში. ვინაიდან ადვოკატი სავალდებულო წესით ჩაერთო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, მას არ მიეცა საშუალება დაენიშნა ასეთი ექსპერტიზა. ბრალდებამ კი, მიუხედავად დაცვის მოთხოვნისა ასეთი ექსპერტიზა არ ჩაატარა. დაცვამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის N11აპ-18 გადაწყვეტილებაზე. ამ საქმეზე ბრალდებულს არ ჩაუტარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სასამართლომ კი ეჭვი, რომ ბრალდებული არ იყო შერაცხადი, გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და გაამართლა იგი. ამავე მოტივით დაცვის მხარემ ითხოვა ი-–--- ა---------ის გამართლება.

2.3.1. ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. მის მიერ სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მსჯავრდებულების ბრალეულობას შერაცხულ ბრალდებაში. საქმეში დაკითხული მოწმე პოლიციელების ჩვენებებით სრულად არის დადასტურებული ჩხრეკის შედეგები. ბრალდებულების დაკავება მხოლოდ მას შემდგომ განხორცილედა, რაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული დადასტურებულია ასევე მითითებული ნარკოტიკული საშუალებების კუთვნილებისა და მოხმარების თაობაზე ბრალდებულთა მიერ გაკეთებული განმარტებებით.

2.3.2. პროკურორმა მიუთითა ნერწყვის ნიმუშის აღების დროს დაშვებულ შეცდომაზე თარიღთან დაკავშირებით და აღნიშნა შედეგი: სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ქ---–-–---–ისა და ექსპერტ გ------- ს---–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ა-----ისა და ა---------ის ნერწყვის ნიმუშის აღება განხორციელდა 2018 წლის 26 ივნისს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დაკვნა 17.08.2018 წლით არის დათარიღებული, რაც სრულად გამორიცხავს 26.10.18 წელს ნერწყვის ნიმუშის აღებას.

2.3.3. ვ----– პ------–---ის ჩვენებით დადასტურებულია სასატუმროში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება და იქ განვითარებული მოვლენები. საქმეში მონაწილე თარჯიმნებიდან მხოლოდ ეს პირი დაიკითხა ერთადერთი ნიშნით - მხოლოდ ეს პირი თარგმნიდა ისეთ პროცედურებს, რაც არსებითი განხილვისათვის მნიშვნელოვანი იყო. სასტუმროს დამლაგებლის, ი---------ის ჩვენებით დადგინდა, რომ პოლიციელებმა ჩაატარეს ჩხრეკა და იმ ოთახიდან ორი პიროვნება გაიყვანეს, დადსტურებული იქნა, რომ არანაირი ვიდეოკამერა იქ არ ყოფილა და გადაღება არ მიმდინარეობდა.

2.3.4. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ შ------- კ--–-----ისგან მიღებული ჩვენებით, ირკვევა, რომ საკვლევ ობიექტში, როგორც შესაფუთ მასალაზე, ასევე თავად შპრიცზე იყო ორივე პირის, ი-–--- ა---------ის და კ----– ა-----ის დნმ-ის ნიშნები. შესაბამისად, ამოღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკთან, შეხება ჰქონდა ორივე ბრალდებულს.

2.3.5. მიუხედავად დაცვის მხარის პოზიციის და მოთხოვნის, ბრალდებულების ჩვენებების თანახმად, ისინი ფაქტობივად სრულად აღიარებენ დანაშაულის ჩადენას. უფრო მეტიც, ამავე შინარსისაა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილად მიიჩნია ადვოკატმა ზ------ თ------ამ.

2.3.6. ბრალდების მხარე არ ეთანხმება დაცვის მოსაზრებას, მოწმეებზე ზემოქმედების და ჩხრეკის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის დამალვასთან დაკავშირებით. პროკურორმა კატეგორიულად გამორიცხა ასეთი ჩანაწერის არსებობა, რამდენადაც მისი განმარტებით, ასეთი გადაღება უბრალოდ არ მომხდარა. მისივე განმარტებით, დაცვის მხარეს არ სჯერა ეს და გამოძიების ეტაპიდან აცხადებს, რომ წარადგენს ამ ვიდეომასალას, სადაც დაფიქსირებულია დარღვევები ჩხრეკის დროს. მიუხედავად ამისა, ასეთ მტკიცებულება არც წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, ვინაიდან ის არ არსებობს. ის, რომ მოწმე თ---–--–---–მა კადრების განყოფილებაში ყოფნის გამო მისცა ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენება, პროკურორის მითითებით მხოლოდ მოსაზრებაა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

2.3.7. როდესაც ქიმიურ ექსპერტიზა ინიშნება და შემდგომ გამოძიება გეგმავს ასევე ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას, ბრალდების მხარე ყოველთვის მიუთითებს ამაზე ექსპერტებს, რათა მიიღონ სათანადო ზომები. განსახილველ შემთხვევაში იყო მითითება წონაკების, შესაფუთი მასალების და შპრიცების ცალ-ცალკე შეფუთვის შესახებ, რადგან გენეტიკური ექსპერტიზისთვის ასე იყო მისაღები.

2.3.8. სახელმწიფო ბრალმდებელმა ხაზი გაუსვა მის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის გამოთხოვას და განმარტა, რომ საჭიროების გამო გამოითხოვა სასამართლო სხდომის ოქმი, ელექტრონული დისკის სახით. აღნიშნული დისკი სასამართლოდან წამოიღო და მას მიუტანა პოლიციის თანამშრომელმა, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

2.3.9. რაც შეეხება პასპორტიდან, ან სხვა ნივთებიდან დნმ-ის კვალის უნებლიე გადასვლას, რაზეც აპელირებდა დაცვის მხარე, სახელმწიფო ბრალმდებელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სასამართლოში დაიკითხა ექსპერტი. მან აჩვენა შემდეგი: იმისათვის რათა საგანზე დარჩეს გენეტიკური კვალი, საჭიროა პირმა ამ საგანს კარგად მოკიდოს ხელი და მხოლოდ უნებლიე შეხება საკმარისი არ არის. შესაბამისად შეუძლებელია ჩანთაში მოთავსებული პასპორტიდან უბრალო შეხებით გადასულიყო კვალი სხვა საგანზე.

2.3.10. ი-–--- ა---------ის მიმართ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით პროკურორმა აღნიშნა შემდეგი. როგორც დოკუმენტებით დასტურდება, მსჯავრდებულს აწუხებდა მუცლის ტკივილი და ამის თაობაზე ადვოკატმა მიმართა საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციას. აღნიშნულის შედეგად განხორციელებული მიმოწერით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის პრობლემები გამოწვეული იყო ნარკოტიკული შიმშილით. რაიმე დასკვნა ან ოფიციალური დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ა---------ი საჭიროებდეს ფსიქიატრიულ გამოკვლევას, საქმეში არ არის.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. მტკიცებულებების მოპოვებისას, არსებითი ხასიათის დარღვევების ფაქტი, რაც გამოიწვევდა მათ დაუშვებლად ცნობას, დაშვებული არ ყოფილა. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას, ბრალდების ყველა ეპიზოდში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

3.2. პალატა აფასებს დაცვის მხარის მოსაზრებას, ნიმუშის აღების ოქმებზე დაფიქსირებულ შედგენის თარიღთან დაკავშირებით და აღნიშნავს შემდეგს: საკითხის გარკვევისას, დაირღვა თუ არა მტკიცებულებათა მოპოვებისა და საქმეზე დამაგრების კანონით დადგენილი წესი, მხედველობაშია მისაღები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას უკავშირებს, მისი მოპოვების წესის არა ყველა, არამედ მხოლოდ არსებით დარღვევას. ამავდროულად კანონი, უმრავლეს შემთხვეაში ვერ აკონკრეტებს რას ნიშნავს არსებითი დარღვევა და რომელი კონკრეტული კაზუსი წარმოადგენს ასეთ დარღვევას. რიგ შემთხვევებში ეს საკითხები დარეგულირებულია სასამართლო პრაქტიკით, თუმცა ძირითადად ასეთი საკითხები წყდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების, მიღებული საპროცესო გადაწყვეტილებების და ჩატარებული საპროცესო მოქმედებების, კონკრეტული მტკიცებულებების რაობის და სხვა საკითხების ერთობლივად შეფასების შედეგად. თუ, ერთ შემთხვევაში, მხოლოდ საპროცესო კანონის დარღვევა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის, სხვა შემთხვევაში ასეთ დარღვევასთან ერთად აუცილებელია გაირკვეს საკითხი გამოიწვია თუ არა ფორმალური პროცედურებიდან გადახვევამ ზიანი, რაც გამოუსწორებელია მხარეთა თანასწორობის პრინციპისა და სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის და გადაწყვეტის ინტერესებთან მიმართებაში. აქ იგულისხმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დათქმა. კერძოდ, სასამართლომ უნდა გაარკვიოს გამოიწვია თუ არა ფორმალურმა დარღვევამ ამ კონკრეტული მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის გონივრული ეჭვის უარყოფის შესაძლებლობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მტკიცებულება დაუშვებელი თუ დადგინდება, რომ პროცესუალური დარღვევა საეჭვოს ხდის ამ მტკიცებულების, ანუ აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის შეიძლება შეცვალეს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონმდებელი აწესებს გარკვეულ სტანდარტს და საუბრობს არა ყოველგვარ, არამედ მხოლოდ გონივრულ ეჭვზე.

3.3. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც ბრალდებულები დააკავეს 2018 წლის 26 ივნისს. მათგან ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმების მიხედვით, ოქმის შედგენის თარიღად მითითებულია 2018 წლის 26 ოქტომბერი. ამ ნიმუშის აღების მიზანი იყო ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაც დაინიშნა 2018 წლის 11 ივლისს. ამ დროს, ანუ ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებასა და მიმართვაში აღნიშნულია, რომ ნიმუშები უკვე აღებულია. ექსპერტის დასკვნა გაცემულია, 2018 წლის 17 აგვისტოს. ნიმუშის აღების ოქმების თანახმად მასში მონაწილეობენ ექსპერტი, ადვოკატი და თარჯიმანი. მათ შორის, ადვოკატი მ-----ა ბ----–-–---–ი, რომელიც ბრალდებულების ინტერესებს იცავდა სწორედ გამოძიების საწყის ეტაპზე. ამდენად პალატისათვის სარწმუნოა ექსპერტის განმარტება იმის შესახებ, რომ ოქმებზე შედგენის თარიღი მითითებულია შეცდომით და რეალურად ნიმუშების აღება მოხდა, 2018 წლის 26 ივნისს, ბრალდებულების დაკავების დღესვე. არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნიმუშების, 2018 წლის 26 ივნისს, აღების ფაქტს არც დაცვის მხარე არ ხდის სადავოდ. საქმე ისაა, რომ ოქმებს ხელს აწერენ თვითონ ბრალდებულებიც. ამ ფონზე არცერთი მათგანი არ აცხადებს, რომ მართლაც გვიან, ანუ 2018 წლის 26 ოქტომბერს აიღეს მათგან ნიმუშები და არა დაკავების დღეს.

3.4. ამდენად, დაცვის მხარის პროტესტის არსი მდგომარეობს საკითხის პროცესუალურ და არა არსებით მხარეში. უფრო მეტიც, ნიმუშის აღება წარმოადგენს არა საგამოძიებო, არამედ საპროცესო მოქმედებას. პირდაპირ მის შედეგად არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება. ის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტული სახის ბიოლოგიური ნიმუში აქვს უდავოა და არაფერს არ ცვლის. კონკრეტულ შემთხვევაში, ნიმუშის აღების საბოლოო მიზანი იყო, ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით, დადგენა იმისა ეკუთვნოდა თუ არა ნივთმტკიცებებზე აღმოჩენილი ბიოლოგირი კვლები მსჯავრდებულებს. ამის შესახებ გაიცა შესაბამისი დასკვნა, რომლის არსებითი მხარე, ანუ ის, რომ ნივთმტკიცებებზე ა---------ის და ა-----ის დნმ-ი აღმოჩნდა, დაცვის მხარესაც არ გაუხდია სადავოდ. მით უმეტეს, ეს საკითხი სადავო არ გამხდარა იმ კუთხით, რომ ექსპერტიზას შედარებითი კვლევისათვის წარედგინა არა ამ პირების, არამედ სხვისი ბიოლოგიური ნიმუში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ნიმუშის აღების ოქმებზე თარიღის შეცდომით დაფიქსირება არ წარმოადგენს არსებით დარღვევას, რომელიც იწვევს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა

4.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

4.1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ი---- კ-------–--ემ (გამომძიებელი) აჩვენა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად ქ--–------------––- კ----– ა-----ს და ი-–--- ა---------ს თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება, იმყოფებოდა ქ--–------------––-, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამომძიებელ ა-----– ნ-–--–-–---–თან და გ------- ქ------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. თუმცა კ----– ა-----მა განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა სასტუმროს ნომერში, სადაც იყო მისი მეგობარი ი-–--- ა---------ი. მოწმე იმყოფებოდა სასტუმროს დერეფანში და ხედავდა, როგორ ჩატარდა სასტუმროს ნომერში ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოღებული იქნა რამდენიმე სახეობის ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შემდეგ, მას დაუძახეს სასტუმროს ნომერში, სადაც დააკავეს ი-–--- ა---------ი. ორივე ბრალდებული ადასტურებდა, რომ ეს იყო მათ პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი ნარკოტიკი, რომელიც ორივე მათგანს ეკუთვნოდა და გასაღების მიზანი არ ჰქონიათ. როგორც მისთვის არის ცნობილი, ორივე ბრალდებულს, მოგვიანებით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. რაიმე სახის პრეტენზია ან/და შენიშვნა არც ერთ ბრალდებულს არ განუცხადებია.

4.1.3. იგივე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე გ------- ქ------–---–მა (გამომძიებელი).

4.1.4. მოწმე გ------- ჩ------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ქ--–------------––-, კ----– ა-----ი და ი-–--- ა---------ი უკანონოდ ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას და ასევე უნდა ყოფილიყვნენ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. ქ--–------------––-, დ-----------–-----–----------ე, მან მონაწილეობა მიიღო შ----– გ-------ის პირად ჩხრეკაში, რომელიც თან ახლდა კ----– ა-----ს, რომელიც ასევე გაჩხრიკეს სამართალდამცავებმა. კ----– ა-----ისგან არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, თუმცა მიუთითათ, რომ ნარკოტიკულ საშულებას ინახვადა ,,ს------------–--“ ნომერში, სადაც იმყოფებოდა მისი მეგობარი ი-–--- ა---------ი. მან ი----- თ---–--–---–თან მონაწილეობა მიიღო სასტუმრო ,,ს------------–--“ ნოემრის ჩხრეკაში, რა დროსაც საწოლის გვერდით, შავი ტყავის ხელჩანთიდან ამოიღო ე.წ. ,,წონაკი“, ორი აბი, აბის ნატეხები, სამი თეთრი აბი და დასკოჩილი მოგრძო ფერის დაფასოებული ნივთიერება. ჩანთაში იყო ი-–--- ა---------ის და კ----– ა-----ის საზღვარგარეთის პასპორტები, ი----- ა---------ას პასპორტი და ქორწინების მოწმობა, ნოკიას ფირმის ტელეფონები, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ჩხრეკის დროს მას ეკეთა ხელთათმანები, რომელსაც იყენებენ ნივთების ამოღების პროცესში. ბრალდებულებს რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ, დაეთანხმნენ და ხელი მოაწერეს ოქმს.

4.1.5. მოწმე ი----- თ---–--–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, იმყოფებოდა ქ--–------------––-, სადაც გამომძიებელ ა-----– ნ-–--–-–---–თან და გ------- ჩ------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სასტუმროში მყოფი ი-–--- ა---------ის პირად ჩხრეკაში. ამ დროს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. შემდეგ მონაწილეობა მიიღო ი-–--- ა---------ის სასტუმროს ნომრის ჩხრეკაში, რა დროსაც გ------- ჩ------ემ პირადად ამოიღო სხვადასხვა ფორმით დაფასოებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკი. ნარკოტიკების ნაწილი მოთავსებული იყო ჩანთაში, რომელიც იყო ნომერში. ასევე სასტუმროს ნომრიდან ამოიღეს საინექციო შპრიცი. ბრალდებულებმა ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერეს და პრეტენზია არ ჰქონიათ, ამბობდნენ, რომ ამოღებული ნარკოტიკები პირადი მოხმარებისთვის უნდოდათ.

4.1.6. მოწმე ა-----– ნ-–--–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, კ----– ა-----ის და ი-–--- ა---------ის მიმართ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, იგი იმყოფებოდა ქ--–------------––-, სადაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრიკეს კ----– ა-----ი და არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. კ----– ა-----მა განმარტა, რომ მის ნივთებს ინახავდა ,,ს------------–--“ მე-9 ნომერში, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი მეგობარი ი-–--- ა---------ი. კ----– ა-----თან ერთად მივიდნენ სასტუმროს ნომერში, სადაც დახვდათ ი-–--- ა---------ი, რომელსაც ასევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ასევე არაფერი კანონსაწინაარმდეგო არ ამოუღაით. სასტუმროს ადმინისტრატორის თანდასწრებით მოხდა სასტუმრო ოთახის ჩხრეკა, რა დროსაც ნ---ხი იქნა სამგანყოფილებიანი ხელჩანთა, საიდანაც ამოიღეს კ----– ა-----ის და ი-–--- ა---------ის პასპორტები და სხვა დოკუმენტები, ასევე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული წონაკები, ზიპ-შესაკრავიანი პაკეტები, ფხვნილით და აბებით, რაც მოგვიანებით ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ტელევიზორის თაროზე ნ---ხი იქნა ერთჯერადი შპრიცები, მასში არსებული სითხით და ელექტრო სასწორი. ორივე ბრალდებული განმარტავდა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები იყო მათი, უნდოდათ პირადი მოხმარებისთვის, რადგან იყვნენ ნარკოდამოკიდებულები. ბრალდებულებს რაიმე შენიშვნა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, არ განუცხადებიათ.

4.1.7. მოწმე ა---------– მ----–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდა ქ--–------------––-, სადაც ი----- თ---–--–---–თან და ა-----– ნ-–--–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო სასტუმროს ნომერში ი-–--- ა---------ის პირად ჩხრეკაში. ამ დროს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. შემდეგ ჩატარდა სასტუმროს ნომრის ჩხრეკა. მას უშუალოდ ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იმყოფებოდა სასტუმროს დერეფანში, იცავდა შემთხვევის ადგილს და ხედავდა, რომ ნომრის ჩხრეკისას ამოღებული იქნა წონაკებად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც ბრალდებულები განმარტავდნენ, რომ ეკუთვნოდა მათ და უნდოდათ პირადი მოხმარებისთვის. მათ რაიმე სახის პრეტენზია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, არ განუცხადებიათ. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ი-–--- ა---------ის დაკავებაში.

4.1.8. მოწმე ვ---- პ------–---მა განმარტა, რომ არის თარჯიმანი. 2018 წლის 26 ივნისს, მიწვეული იყო, როგორც თარჯიმანი და მონაწილეობა მიიღო ქ--–------------––-, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის პირად ჩხრეკაში, რომელიც იყო აზერბაიჯანის მოქალაქე. მან ბრალდებულს უთარგმნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. პირადი ჩხრეკის შედეგად არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. შემდეგ, გაემართნენ სასტუმროში, სადაც ნომერში დახვდათ კიდევ ერთი პირი და ჩატარდა ნომრის ჩხრეკა, რა დროსაც ნ---ხი და ამოღებული იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც იდო ჩანთაში. ბრალდებულების განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა მათ და უნდოდათ პირადი მოხმარებისთვის. ჩხრეკის შემდეგ ბრალდებულები დააკავეს. ყველა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს ბრალდებულებთან კომუნიკაცია ხდებოდა მისი, როგორც თარჯიმნის მეშვეობით. ბრალდებულებს არანაირი პრეტენზია საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ.

4.1.9. მოწმე მ-----ა ი---------ამ განმარტა, რომ მუშაობს ქ--–------------––-, სასტუმრო ,,ს------------–--“ დამლაგებლად. 2018 წლის 25 ივნისს, მან დაალაგა სასტუმროს ნომერი, სადაც მოგვიანებით ბრალდებულები შესახლდნენ. სასტუმროს ნომრის დალაგებისას, წინა სტუმრის მიერ დატოვებული რაიმე ნივთი არ უნახავს, რადგან ასეთ შემთხვევაში დარჩენილ ნივთს გადასცემდა სასტუმროს ადმინისტრატორს. ბრალდებულები, როცა ნომერში შესახლდნენ, სასტუმროს ნომერი იყო დალაგებული. მოგვიანებით, მან დაინახა ბრალდებულები, რომლებსაც ედოთ ხელბორკილები და სასტუმროს ნომრიდან გაყავდათ პოლიციელებს. პოლიციელების წასვლის შემდეგ, მან კვლავ დაალაგა ნომერი, სადაც დააკავეს ბრალდებულები. სასტუმროს ოთახის კარის საკეტი და ე.წ. პლინტუსები დაზიანებული არ ყოფილა.

4.1.10. ბრალდებულმა ი-–--- ა---------მა განმარტა, რომ დაახლოებით 10 წელია ნარკოტიკების მომხმარებელია. დღის განმავლობაში მოიხმარს 5 გრამ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკს. 2018 წლის 26 ივნისს, იყო საქართველოში, რათა მოენახულებინა მისი მეუღლე. მას თან ახლდა მისი მეგობარი კ----– ა-----ი. ქ--–------------––-, სასტუმროს ნომერში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც პირადი მოხმარებისათვის შეიძინა და ინახავდა თავის ჩანთაში. კ----– ა-----ი ასევე არის ნარკოტიკების მომხმარებელი, თუმცა სასტუმროს ნომრიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან ამ უკანასკნელს შეხება არ ჰქონია. სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოიღეს საინექციო შპრიცი, რომელიც ასევე ეკუთვნოდა მას. კ----– ა-----ს პირადი ჩანთა არ ჰქონდა, რის გამოც პასპორტს ინახავდა მის ჩანთაში. დაკავების დღეს მან სასტუმროს ნომერში მოიხმარა იმ ნარკოტიკების ნაწილი, რაც ჩანთაში ჰქონდა. ამ დროს კ----– ა-----ი მაღაზიაში იყო წასული. მისი ნომრიდან ამოღებული ნარკოტიკული საშულებები მას სასტუმროში გადასცა შ----– გ-------მა, უსასყიდლოდ, რადგან პატივისცა, როგორც სტუმარს. მას, აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ვინაიდან აზერბაიჯანში ყავს ერთი მოხუცი დედა, შესაბამისი დოკუმენტაციის საქართველოში გადმოგზავნა ვერ მოხერხდება. აზერბაიჯანში ყოფნისას ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა დიაზეპამს და ციკლადოლს.

4.1.11. ბრალდებულმა კ----– ა-----მა განმარტა, რომ დაახლოებით 6 თვეა არის ნარკოტიკების მომხმარებელი. დღის განმავლობაში მოიხმარდა დაახლოებით გრამის მეოთხედ, ე.წ. ,,სირეცს“. ნარკოლოგიური გამოკვლევისას მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, რაც მან მოიხმარა აზერბაიჯანში ყოფნის დროს. 2018 წლის 26 ივნისს, არაფერი იცოდა ი-–--- ა---------ის ჩანთიდან ამოღებული ნარკოტიკების შესახებ. მან აფთიაქში შეიძინა საინექციო შპრიცი და მიიტანა ნომერში, რადგან ი-–--- ა---------ისგან იცოდა, ადრე თუ გვიან, იგი აუცილებლად მოიტანდა ნარკოტიკს, რადგან ორივენი იყვნენ მომხმარებლები. ი-–--- ა---------ი მას უმასპინძლდებოდა ნარკოტიკული საშუალებით, თუმცა ამაში ფული არასდროს გადაუხდია. საქართველოში ჩამოსვლისას, მას პირადი ჩანთა არ ჰქონია, რის გამოც პასპორტს ინახავდა ი-–--- ა---------ის ჩანთაში. სასტუმროში ყოფნისას მან ხელში აიღო შპრიცი, რომელშიც საინექციო სითხე გაამზადა და უნდა მოეხმარა, თუმცა მოხმარება გადაიფიქრა, რადგან სურდა ჯერ საჭმელი მიერთვა. სასტუმროდან გამოვიდა, რათა შეეძინა საკვები, რის შემდეგ გეგმავდა ნარკოტიკის მოხმარებას. მისთვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანში ყოფნისას ი-–--- ა---------ი მკურნალობდა, რადგან ჰქონდა მეხსიერების პრობლემები.

4.1.12. პირადი ჩხრეკის ოქმით (26.06.2018) ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ივნისს 15:00-15:20 საათზე, ქ--–------------––-, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა კ----– ა-----ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

4.1.13. პირადი ჩხრეკის ოქმით (26.06.2018) ირკვევა, რომ 2018 წლის 26 ივნისს 15:55-16:15 საათზე, ქ--–------------––-, რ---------–-------------–ი მდებარე ,,ს------------–--“ N- ოთახში ჩატარდა ი-–--- ა---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

4.1.14. სასტუმრო ,,ს------------–--“ N- ოთახის ჩხრეკის ოქმის (26.06.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 ივნისს, 16:20-18:00 საათზე ჩატარდა, ქ--–------------––-, რ---------–-------------–ი მდებარე ,,ს------------–--“ N- ოთახის ჩხრეკა, რომელიც ნაქირავებია ი-–--- ა---------ის და კ----– ა-----ის მიერ. ოთახში განთავსებული ორსაწოლიანი ლოგინის მარჯვენა მხარეს ნ---ხი და ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის ხელჩანთა, რომელსაც შიგნით აქვს სამი განყოფილება. პირველ განყოფილებაში მოთავსებულია კ----– ა-----ის აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი, შუა განყოფილებაში - ი----- ა---------ას აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი, ი-–--- ა---------ის პირადობის მოწმობა, ამავე პირადობის მოწმობის თარგმანი, ი-–--- ა---------ის და ი---- ა---------ას ქორწინების მოწმობა, ი-–--- ა---------ის აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი, მესამე განყოფილებას აქვს ელვა-შესაკრავიანი ჯიბე, საიდანაც ამოღებული იქნა 1) ზიპ-შესაკრავიანი პოლიეთილენის პაკეტი, სადაც მოთავსებულია ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, რომელშიც თავის მხრივ მოთავსებულია გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკის წონაკი, მასში მოთავსებული მუქი ფერის ნივთიერებით 2) მოგრძო ფორმის სკოჩშემოკრული წონაკი, მასში მთავსებული მუქი ფერის ნივთიერებით 3) სკოჩის წონაკი, რომელიც იქნა გახსნილი, სადაც მოთავსებულია პოლიეთილენის წონაკი, რომელიც იქნა გაჭრილი, სადაც მოთავსებულია 2 მუქი ფერის აბი, ამავე ფერის 2 აბის ნატეხი, 3 თეთრი ფერის აბი და ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის წონაკი, მასში მოთავსებული მაქი ფერის ნივთიერებით. ასევე, ოთახში, ტელევიზორის თაროზე ნ---ხი და ამოღებული იქნა ერთი ცალი ინსულინის შპრიცი, მასში არსებული მუქი ფერის ნივთიერებით და ერთი ერთჯერადი შპრიცი, მასში არსებული მუქი ფერის ნივთიერებით და ელექტრო სასწორი.

4.1.15. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N1---------------- (27.06.2018) დასკვნით:

- უფერო-ლურჯი პოლიეთილენის პაკეტში (ჩამკეტით) მოთავსებული ყვითელი პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერება, წონით მშრალ მდგომარეობაში - 8,03 გრამი (ნოტიოს წონა 11,55 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 7,1048 გრამის ოდენობით.

- უფერო წებოვანი ლენტით (ე.წ. „სკოჩით“) შემოგარსული უფერო პოლიეთილენის ნაჭრის ფენებში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული, მოგრძო ფორმის ყავისფერი ნივთიერება, წონით მშრალ მდგომარეობაში 14,67 გრამი (ნოტიოს წონა 20,72 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 9,0240 გრამის ოდენობით.

- ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, მოყავისფრო ფერის მრგვალი ფორმის (ერთ ზედაპირზე შუაში ნაჭდევით და ლოგო „F M40“ ამონატვიფრებით) 2 ცალი ტაბლეტი და 2 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით - 0,9853 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მეთადონს (მარილი) - 0,0875 გრამის ოდენობით.

- ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის მრგვალი ფორმის (ერთ ზედაპირზე ფიგურული ლოგო ამონატვიფრებით) 3 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,3 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენაზეპამს - 0,0015 გრამის ოდენობით.

- უფერო პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოშავო- ყავისფერი პლასტიკური მასა, წონით - 0,1335 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,00502 გრამის ოდენობით; კოდეინს (მარილი) - 0,00327 გრამის ოდენობით; თებაინს - 0,00148 გრამის ოდენობით.

- 2 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული 0,5 მლ ყავისფერი მღვრიე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს - 0,01476გრამის ოდენობით.

- 1 მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინი“-ს შპრიცში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული 0,46 მლ ყავისფერი მღვრიე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს - 0,0207 გრამის ოდენობით.

- ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო ოდენობა შეადგენს - 16,16426 გრამს.

4.1.16. ეს ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ--- ლ------ემ და გ-------– ქ----–----ემ.

4.1.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით (17.08.2018):

- ინსულინის შპრიცის გატეხილი წვერის მიდამოში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N1-ისა და ამავე შპრიცზე არსებული ბიომასალის (ობ.N1ა) გენეტიკური პროფილი და ი-–--- ა---------ის (ობ.N8; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...ი-–--- ა----–----- ა---------ისგან...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

- პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი კ----– ა-----ის (ობ.N-; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...აღებული კ----– ზ------------ ა-----ისგან...“), ხოლო მინორული წილი ი-–--- ა---------ის (ობ.N8) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

- პოლიეთილენის თვითმკეტ პარკზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ი-–--- ა---------ის (ობ.N8), ხოლო მინორული წილი კ----– ა-----ის (ობ. N-) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

4.1.18. ეს ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ.

4.1.19. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით (26.06.2018), ი-–--- ა---------ს, 2018 წლის 26 ივნისს, ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფი (მორფინი, კოდეინი), ჰეროინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი მოხმარების ფაქტი.

4.1.20. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ფ------–--ემ.

.1.21. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკვნით (26.06.2018), კ----– ა-----ს, 2018 წლის 26 ივნისს, ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფი (მორფინი, კოდეინი), ჰეროინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

4.1.22. ეს ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ფ------–--ემ.

4.1.23. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

4.1.24. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

4.1.25. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

4.1.26. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

4.1.27. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01, ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ამავე საკითხზე ევროსასამართლომ საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა შემდეგი: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.1.28. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განმარტავს იგივეს, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.1.30. მითითებული სტანდარტით, ჩამოთვლილი მტკიცებულებების შეფასებისას და შედეგად ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, პირველ რიგში პალატა ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის მიერ წარმოჭრილ შემდეგ საკითხებზე, რაც ასევე სააპელაციო საჩივრის საფუძვლებიც არის, კერძოდ: ა) ბრალდება დამყარებულია ძირითადად პოლიციელთა ჩვენებებზე. ბ) ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვაზე კ----– ა-----ის გენეტიკური კვალი შესაძლოა გადასულიყო მისი პასპორტიდან, რომელიც იმავე ჩანთაში იყო მოთავსებული ან/და ი-–--- ა---------ისგან, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა ერთ ნომერში. გ) საპროცესო და საგამოძიებო მოქმედების ოქმები არის დარღვევით შედგენილი და შეუსაბამოა საქმის მასალებთან, დ) ი-–--- ა---------ს გამოძიებამ არ ჩაუტარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი შერაცხადობის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ ციხის ადმინისტრაციის წერილით დასტურდებოდა, რომ მას აღენიშნებოდა ფსიქიკური პრობლემები.

4.1.31. პირველი ინსტანციის სასამართლო, დაეთანხმა დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ როგორც ბრალდებულების, ასევე სასტუმროს ნომრის ჩხრეკაში და ამხელდნენ ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენაში და მიიჩნია, რომ პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. ყველა მოწმე, საგამოძიებო მოქმედებების - ბრალდებულებისა და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცებების ამოღებასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ არსებობს ობიექტური საფუძველი მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. ყველა მოწმე ცალსახად მიუთითებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯერ გაიჩხრიკა ბრალდებული კ----– ა-----ი, რომლის მითითებით, შემდგომში ჩატარდა მისი სასტუმროს ნომრის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს კ----– ა-----ის მიერ მითითებული ნარკოტიკული საშუალებები. გამომძიებლები, ვინც უშუალოდ ჩაატარა სასტუმროს ნომრის ჩხრეკა, ადასტურებენ, რომ ამოღებული იქნა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება. მათი ჩვენებები ასევე თანმიმდევრულია ნივთმტკიცებების ამოღების ადგილის მითითებისას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირები იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ ზემოხსენებულ მტკიცებულებასთან საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას, რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატა.

4.1.32. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ხაზის გაუსვა იმ გარემოებას, რომ მას სურს აღნიშნოს კონკრეტული მტკიცებულების მაღალი სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებულების წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზრალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66). ამდენად, თვალნათელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისთვის. "დნმ"-ის ექსპერტიზით დადგენილი მონაცემები გაცილებით უტყუარია და ითვლება უალტერნატივო საშუალებად დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად. ამდენად, ის გარემოება, რომ ამოღებულ ნივთმტკიცებებზე (საინექციო შპრიცსა და ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე) ორივე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა, უტყუარად უდასტურებს იმ ფაქტს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად ეკუთვნოდა ორივე ბრალდებულს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის ნივთმტკიცებაზე შემთხვევით გადასვლასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი მტკიცებულებებს აფასებს არა განყენებულად, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ეჭვს არ ტოვებს, ორივე ბრალდებულის ბრალეულობაში.

4.1.33. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტებზე თარიღის შეცდომით მითითება არ წარმოდგენს არსებით დარღვევას. რაც შეეხება ამ დასკვნის მოტივაციას, ამაზე პალატამ ზემოთ დეტალურად მიუთითა (პუნქტი 3.2.-3.4.).

4.1.34. ი-–--- ა---------ის შერაცხადობის საკითხთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ამ პრინციპთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, როგორც მოთხოვნას, რომ თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი საქმე იმ პირობებში, რაც მას არ აყენებს მნიშვნელოვნად არასახარბიელო მდგომარეობაში ოპონენტის წინაშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე De Haes and Gijsels v. Belgium No. 19983/92). განსახილველ საქმეში მხარეებს ჰქონდათ საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოეპოვებინათ და წარედგინათ მათთვის სასურველი მტკიცებულებები, თუმცა მიუხედევად ამისა, დაცვის მხარეს არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რაც შეეხება ბრალდების მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ არაერთი თვის განმავლობაში დაცვის მხარემ არ წარუდგინა მათ არც ერთი დოკუმენტი, რაც საფუძველს მისცემდა მხარეს დაენიშნა ბრალდებულის ფსიქიატრიული კვლევა, არის გონივრული და მისაღები. სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის წერილში განმარტებულია, რომ ი-–--- ა---------ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ ჩაუტარდა ნარკოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: ოპოიდების მიღების შემდეგ გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების სინდრომი. ეს, როგორც წესი, დამახასიათებელია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის ნარკოტიკული შიმშილის პერიოდში.

4.1.35. პალატა ეთანხმება რა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პასუხი გაცემული აქვს თითქმის ყველა იმ გარემოებას, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა და რის საფუძველზეც ითხოვდა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებას. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

4.1.36. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა დამატებით ყურადღებას შეაჩერებს სააპელაციო საჩივრებში წამოჭრილ რამდენიმე საკითზე. მათ შორის, მსჯავრდებულ ი-–--- ა---------ის შერაცხაობის საკითხზე მსჯელობისას, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ბ-----ის აპელირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე, საქმე №11აპ-18. პალატა განმარტავს, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება (მათ შორის ზემდგომი სასამართლოსი) პრეცენდენტად შესაძლოა გამოყენებული იქნეს მაშინ, როდესაც განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მას. ჩვენს შემთხვევაში ასეთი თანხვედრა არ არსებობს. ხსენებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც ბრალდებულს, დანაშაულის ჩადენიდან მცირე დროში ჩაუტარდა მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ასევე, საქმის საკასაციო სხდომაზე განხილვისას, მსაჯვრდებულის ქმედებები იყო აშკარად არაადეკვატური, რამაც საკასაციო პალატას შეუქმნა დამატებითი ეჭვი მსჯავრდებულის შერაცხადობასთან დაკავშირებით. განსახილველ შენთხვევაში არ არსებობს დოკუმენტები, რაც მიუთითებს პირის ადრე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის, ან მომავალში ასეთის საჭიროების შესახებ. გარდა ამისა, სააპელაციო საჩივრების განხილვის პროცესში პალატას ჰქონდა შესაძლებლობა თავად დაკვირვებოდა ბრალდებულის ქცევას და არ გასჩენია ობიექტური საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ი-–--- ა---------ი არის არაადეკვატური და მითუფრო შეურაცხადი.

4.1.37. პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების მწარმოებელი პოლიციელების სასამართლოში დაკითხვა გამოდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. მხოლოდ მათი დაკითხვის შედეგადაა შესაძლებელი გაირკვეს, მათ მიერვე ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმდებების და ამის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბრალდებამ სასამართლოში წარადგინა 12 პოლიციელი მოწმის სახით და აქედან ეტაპზე გამოკითხული იყო მხოლოდ 5, სავსებით ბუნებრივია და გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

4.1.38. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ასევე ამ საგამოძიებო მოქმედების დაფიქსირებისათვის საჭირო ოქმის შედგენის წესები. მათ შორის, ამ კოდექსის 135-ე მუხლით დადგენილია, რომ ჩხრეკის ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და გარეშე პირს (მეზობელს, ახლო ნათესავს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს), რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. კანონის ამ ნორმის თანახმად, ჩხრეკის ოქმის შედგენის წესი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რაც შესაძლოა შენიშვნის სახით იქნეს მასში. ამავე დროს იცის ცალსახაა, რომ ოქმი არ მოითხოვს დაფიქსირდეს ვის ეკუთვნის ამოღებული ნივთი, საიდან ჰქონდა მფლობელს ის და ასე შემდეგ. ეს ლოგიკურია, რამდენადაც ასეთი საკითხების გარკვევა არ შედის ჩხრეკის, როგორც საგამოძიებო მოქმედების არსში. ესაა სხვა საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ გამოკითხვა. შესაბამისად შემთხვევა, როდესაც პირმა ჩხრეკის დროს განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მათ ეკუთვნის, მაგრამ ეს განცხადება გამომძიებელმა არ დააფიქსირა ჩხრეკის ოქმში, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არა თუ არსებით, არამედ ფორმალურ დარღვევასაც კი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი, რომლის თანახმადაც არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწმეთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ორივე ბრალდებული სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას აცხადებდა ამოღებული ნარკოტიკების მათდამი კუთვნილების შესახებ, ვინაიდან ასეთი შენიშვნა არ არის დაფიქსირებული ჩხრეკის ოქმში.

4.1.39. პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწმე ი----- თ---–--–---–ის ჩვენების სარწმუნოობის შეფასებაზე გავლენას არ ახდენს დაკითხვის დროისათვის მოწმის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში ყოფნა. აღნიშნული ხსენებულ სამინისტროში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. დაცვის მოსაზრება კი არაა გამყარებული არანაირი მტკიცებულებით და არ აკმაყოფილებს გონივრული ეჭვის სტანდარტს. ამავე მოტივით (მტკიცებულებების არ არსებობა) პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის იმ არგუმენტს, რომ ბრალდებას გააჩნია (გააჩნდა) ჩხრეკის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, მაგრამ დამალა იგი.

4.1.40. გარდა პოლიციელებისა, ბრალდების მხარის მოწმეებს წარმოადგენენ თარჯიმანი ვ----– პ------–---ი და სასტუმროს დამლაგებელი მ-----ა ი---------ა. ეს პირები არ არიან პოლიციის თანამშრომლები და ამავდროულად არიან ჩხრეკის უშუალოდ შემსწრე პირები. შესაბამისად, მათ ჩვენებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. აღნიშნული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, ასევე ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელების ჩვენებებთან და წერილობით მტკიცებულებასთან - ჩხრეკის ოქმთან. ეს ყველაფერი კი მეტ დამაჯერებლობას სძენს ბრალდებას. ამასთან ლოგიკურია ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით დაიკითხოს ის თარჯიმანი, ვინც მასში მონაწილეობდა.

4.1.41. პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოითხოვოს და მიიღოს სასამართლო სხდომის ოქმი. ამავე დროს, ჩვეულებრივი პრაქტიკაა როდესაც პროკურორს, მის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტის ფიზიკურად მოპოვებში ეხმარება საქმის გამომძიებელი. როგორც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა განაცხადა, სწორედ ამ გარემოებას ჰქონდა ადგილი დაცვის მხარის მიერ მითითებულ შემთხევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოდან სხდომის ოქმის წაღებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გააკონტროლოს ასეთი საკითხები. საქმე ისაა, რომ როგორც დაცვის მხარე აღნიშნავს, მოწმეს, რომელიც ჯერ არ იყო დაკითხული (და სხვა მოწმეებსაც), ამ ოქმის გადაცემით მიეცა შესაძლებლობა გაეგო მის დაკითხვამდე სასამართლოში განვითარებული მოვლენები. თუ ამ ლოგიკას გავყვებით და გავიზიარებთ, რომ პროკურორს მართლაც ეს მიზანი ამოძრავებდა, ასეთ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გადასცემს თუ არა სასამართლო სხდომის ოქმს გამომძიებელს ან სხვა პირს. პროკურორმა პირადადაც თუ წაიღო ოქმი, ასეთ შემთხვევაშიც შეუძლია დაუძახოს გამომძიებელს და გააცნოს იგი.

4.1.42. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სასტუმროს ნომერში, ჩხრეკის ოქმში მითითებულ ადგილებზე, ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის ფაქტი, ასევე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობა და ოდენობა. მათ შორის ი-–--- ა---------ის ჩვენებით ამოღებული ნარკოტიკი მას ეკუთვნის. უდავოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ დაკავების დროისათვის ორივე ბრალდებული იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი. კ----– ა-----მა კი განაცხადა, რომ როდესაც ნარკოტიკული შიმშილი აწუხებდა, ი-–--- ა---------ს სთხოვდა მის შოვნას, ეს უკანასკნელიც ყოველთვის შოულობდა და აძლევდა. ორივე ბრალდებულს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, მათ მიერ მოხმარებული და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკების რაობა (სახეობა) პრაქტიკულად ერთნაირია. უშუალოდ ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე აღმოჩნდა როგორც კ----– არაევის, ისე ი-–--- ა---------ის გენეტიკური პროფილის (დნმ-ის) კვლები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია კონკრეტულად ი-–--- ა---------ის კუთვნილი ჩანთიდან, თუმცა ამავე ჩანთაში იდო კ----– ა-----ის პასპორტიც და ორივე ბრალდებული აცხადებს, რომ კ----– ა-----ს ცალკე თავისი ჩანთა არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ (კონკრეტულად კ----– ა-----ის მხარემ) აღნიშნა, რომ ი-–--- ა---------ი საქართველოში ჩამოსული იყო მეუღლის სანახავად, რომელიც სასჯელს იხდის ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის. კ----– ა-----ი მისი მეგობარია და გამოიყოლა დასახმარებლად. სანაცვლოდ მას არაფერს არ უხდიდა, მხოლოდ უზრუნველყოფდა ნარკოტიკული საშუალებით, თუმცა ა-----მა არ იცოდა საიდან მოჰქონდა მისთვის ა---------ს ნარკოტიკი.

4.1.43. თავის მხრივ, ზემოთ ჩამოთვლილი, პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ გამორიცხულია კ----– ა-----ს არ სცოდნოდა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების არსებობის და კონკრეტულ (ამოღების) ადგილზე მისი შენახვის შესახებ. შესაბამისად პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულები ერთად ინახავდნენ ამ ნარკოტიკულ საშუალებას და იყენებდნენ პირადი მოხმარების მიზნით. სანაცვლოდ, დაცვის მხარე სასამართლოს სთავაზობს ვერსიას, რომლის თანახმადაც: მაღალი ალბათობით შესაფუთ მასალაზე კ----– ა-----ის ბიოლოგიური კვალი გადავიდა, ან: ა) ი-–--- ა---------ის ხელჩანთიდან, ბ) აფთიაქში შეძენლი შპრიციდან, გ) საწოლიდან, დ) ექსპერტიზის კვლევის პროცესში, ე) ქიმიური ექსპერტის მიერ დალუქული პაკეტიდან. პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაცვის მხარის ამ ვერსიის ჭეშმარიტების ალბათობა მინიმალური, მხოლოდ თეორიულია. მათ შორის, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ამ საკითხის ირგვლივ ექსპერტმა აჩვენა, რომ ბიოლოგიური კვალის დატოვებას სჭირდება საგანთან საკმაოდ მყარი კონტაქტი. ასეთ კონტაქტს დაცვის მხარის მიერ აღწერილ შემთხვევებში ადგილი არ ექნებოდა. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ გარდა ბილოგირი ექსპერტიზის, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს არაერთი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება. ამ ფონზე, დაცვის მხარის ვერსია არ აღძრავს გონივრულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ი-–--- ა---------სა და კ----– ა-----ს არ ჩაუდენიათ მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. პალატა განმარტავს, რომ ბრალდებულების ბრალეულობა, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადსტურა ბრალდების მხარემ. ამავდროულად დაცვის მხარემ, გამოიყენა თავისი უფლება და წამოაყენა ვერსია მის უდანაშაულობის შესახებ. პალატის ზემოთ მოყვანილი მსჯელობა სწორედ ამ ვერსიის განხილვა და შეფასებაა და არა დაცვის მხარისათვის პალატის მისი უდანაშაულობის მტკიცების ტვირთის დაკისრება.

4.2. სამართლებრივი შეფასება:

4.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

4.2.2. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.

4.2.3. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც მისი საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, არის დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ კიდევ ერთ ნიშანს, განსაკუთრებით დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №181 არის ჰეროინი, სადაც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება 1 გრამიდან ოდენობა. სია №2-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №30 არის თებაინი, რომლის დიდ ოდენობად ითვლება 1 გრამამდე ოდენობა და იმავე სიის ჰორიზონტალურ გრაფა №40 არის მეთადონი, რომლისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იწყება 0,2 გრამიდან 1 გრამამდე ოდენობა.

4.2.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი-–--- ა---------ი და კ----– ა-----ი, წინასწარი შეთანხმებით, ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში, დასახლდნენ ერთ ნომერში, ერთ ჩანთაში ინახავდნენ პირად ნივთებს, აღმოაჩნდათ ერთიდაიგივე სახის ნარკოტიკები მოხმარებული, პირველ ეტაპზე ორივე ბრალდებული აცხადებდა, რომ ნარკოტიკები ეკუთვნოდათ ორივეს და სჭირდებოდათ პირადი მოხმარებისათვის. ნარკოტიკების, კანონით დადგენილი წესით შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის გათვალისწინებით, დადგენილია ისიც, რომ მათ უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 16,16426 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინი, რაც აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარს, 0,00148 გრამი ნარკოტიკულ საშუალება თებაინი, რაც აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს და 0,0875 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი), რაც ამოღებული იქნა ი-–--- ა---------ის და კ----– ა-----ის დროებით საცხოვრებელში, ქ--–------------––-, რ---------–-------------–ი მდებარე „ს------------–--“ N--ე ოთახში ჩატარებული ჩხრეკისას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც, ი-–--- ა---------ი და კ----– ა-----ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალების მიხედვით, არც ი-–--- ა---------ის და არც კ----– ა-----ის მიმართ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ან დამამძიმებელი გარემოებები არ დადგენილა.

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს - ბრალდებულები არიან ნარკოტიკების აქტიური მომხმარებლები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარების მიზნით უნდოდათ, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ასევე ბრალდებულების პიროვნებას - დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებისას ორივე მათგანს დაუდგინდა არაერთი სახეობის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, ასევე მათ კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. აღნიშნულის გათვალისწინებით და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ ი-–--- ა---------ს და კ----– ა-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 9-9 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულების საზოგადოებრივი საშიშროებისა და მათი პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავეების რესოციალიზაციის ინტერესს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი-–--- ა---------ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ბ-----ის, ასევე მსჯავრდებულ კ----– ა-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ------ თ------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 19 მარტის განაჩენი ი-–--- ა---------ის და კ----– ა-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ი-–--- ა---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

კ----– ა-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, შპრიცები, ნერწყვის ნიმუში და ელექტრო სასწორი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

პასპორტები და საბუთები, შავი ფერის ტყავის ხელჩანთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ხვიჩა კიკილაშვილი