განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
330100118002408618
ინსტანცია
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002408618

საქმე № 1ბ/26 -20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ლ-------–--------, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: თ---–-----------–---------------–---------------------–----------------–------------–---–--------–--------------–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ---------–---მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ლ-------–--------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი. მსჯავრდებულის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ლ-------–--------ს მხრიდან ზიანის ანაზღაურების მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი. აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი ლმობიერია და ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზანი-სამართლიანობის აღდგენა. ასეთ სასჯელის სახეს და ზომას არ ექნება სათანადო ზემოქმედების ეფექტი როგორც მსჯავრდებულზე, ასევე სხვა პირებზე, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ლ-------–--------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 31 ივლისს, ლ-------–--------ს მიერ, 100%-იანი წილით, დაფუძნდა და გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა შპს „ე---“, საიდენტიფიკაციო კოდით #4--------, რომელიც 2013 წლის 20 აგვისტოდან გახდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვრა: თბილისი, ა-----–--------------, ხოლო ფაქტობრივი მისამართია: ჯ---–-------------. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, ასევე სანიაღვრე ქსელებისა და წყალსადენების გაყვანა-მოწყობა. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა და დაფუძნების დღიდან მას ხელმძღვანელობს ლ-------–--------. ლ-------–--------ს, როგორც შპს „ე---ს“ დირექტორს, ევალებოდა საზოგადოების საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებით, ასევე გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, სრულად არ ახდენდა მიღებული შემოსავლისა და ხარჯის დეკლარირებას და შესაბამისად, არ იბეგრებოდა მოგების, დღგ-ს, ქონების და საშემოსავლო გადასახადით, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, შპს „ე---ში“ ჩატარდა გასვლითი, სრული საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2013 წლის 31 ივლისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. შემოწმებით გაირკვა, რომ მეწარმემ შეამცირა მოგებით დასაბეგრი ბაზა, ცალკეულ თვეებში არ წარადგინა შესაბამისი დღგ-ს დეკლარაციები, სალაროში აფიქსირებდა არარსებულ ნაშთს, დეკლარაციაში ამცირებდა გაცემული დივიდენდის ოდენობას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდებოდა კუთვნილი გადასახადები. 2016 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ, დამატებით, გადასახდელად დაერიცდა სულ 237 928 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 155 778 ლარი, აქედან დღგ-ს ნაწილში 10 233 ლარი, მოგების გადასახადის ნაწილში 98 577 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 45 579 ლარი, ქონების გადასახადში 1 389 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით სულ დაეკისრა 82150 ლარი. 2016 წლის 29 დეკემბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N005–411, რომლის მიხედვითაც მიმდინარე გადასახდელების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა სულ 354 673 ლარი, მათ შორის ძირითადი 238 954 ლარი, ჯარიმა 82 149 ლარი, საურავი 33 570 ლარი და რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 29 დეკემბერს. საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელმა გაასაჩივრა 2017 წლის 27 იანვარს. შედეგად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის დასკვნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საზოგადოებას შეუმცირდა 29 551 ლარი, მათ შორის ძირითადი 20 909 ლარი და ჯარიმა 8 642 ლარი. მითითებული გაანგარიშების საფუძველზე გამოიცა 2017 წლის 21 აპრილის N005–118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც ლ-------–--------ს მიერ არ გასაჩივრებულა. ლ-------–--------მ არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი შეღავათებით, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ამ კორექტირებული არ იქნა შპს „ე---ზე“ გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 134 870 ლარი და მისი გადახდის ვალდებულება არ შეჩერებულა კანონის საფუძველზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლ-------–--------ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ლ-------–--------ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების- ლ-------–--------ს, ა------–--------------------------–-- გამოკითხვის ოქმებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 2016 წლის 28 დეკემბრის აქტით, 2017 წლის 11 აპრილის დასკვნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის, მომსახურების, ადმინისტრირების დეპარტამენტებიდან, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის სამსახურიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული პასუხები თანდართული დოკუმენტებით, საგადასახადო მოთხოვნებით, დათვალიერების ოქმებით, დათვალიერებული დოკუმენტებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ლ-------–--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-------–--------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-------–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ გულწრფელად აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული;

 

ლ-------–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ლ-------–--------ს, სასჯელის სახით სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სახით -ჯარიმის დანიშვნა, ყოველთვის არ გულისხმობს მის უსამართლობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ლ-------–--------ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ იმდენად ლმობიერი სასჯელია დანიშნული, რომ მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ლ-------–--------ს პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ლ-------–--------მ ჩაიდინა დანაშაული საფინანსო სფეროში და არ ჰქონდა ანაზღაურებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა დანაშაულის ხასიათისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინება, პალატა ვერ მიიჩნევს სასჯელის დამძიმების საფუძვლად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

შესაბამისად, ის გარემოება, რომ ლ-------–--------ს ანაზღაურებული არ აქვს ზიანი, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ლ-------–--------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის შესახებ და ითვალისწინებს რა ლ-------–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ლ-------–--------ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ლ-------–--------ს მიმართ სასჯელის გამკაცრება მიზანშუწონლად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ლ-------–--------ს პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-------–--------ს მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია სასჯელის სახით-ჯარიმის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ლ-------–--------ს სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ-------–--------ს მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ლ---------–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ლ---------–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი ლ-------–--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ლ-------–--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ვებგვერდის დათვალიერების ოქმს დართული ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი