განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120100119003218066
საქმე №1ბ/146-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – რ----------–-–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-----------------------------–--------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი:
ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა კ---------–---–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო რ----------–-–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს შეუქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის შესაძლოა გახდეს სტიმულის მიმცემი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებისთვის.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
რ----------–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 18:50 საათზე, რ----------–-–---–მა ბ----------- რაიონის სოფ. მ----------ში საცხოვრებელი სახლის წინ მყოფ მეზობელს ლ----------–---–ს, მათ შორის არსებული მეზობლური კონფლიქტის გამო, მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ მის ხელთ არსებული ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ----------–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ: დაზარალებულ ლ----------–---–ის, მოწმეების: თ----------------–---–ის, კ------------–---–-ს და ს--–------------–---–-ს ჩვენებებით, 2019 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, 2019 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ რ----------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----------–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ----------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანობა ფასდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს, არ წარმოადგენს დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველს.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ასაკი (მსჯავრდებული არის 75 წლის), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ----------–-–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი რ----------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
რ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ----------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - თ----------–-–---–ს (პ/ნ 0----------).
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ერთი ცალი ნაჯახი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე