განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119003211203
№1ბ/105-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ნ------- ქ------–---–ი, დაბადებული: 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–---–------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ------- ქ------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ–ის 53-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დანიშნვისას სასამართლოს ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს ქმედების განხორციელების სახეს ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასმართლოს მიერ შეფასება არ მიცა იმ ფაქტს რომ ნ------- ქ------–---–მა ჯანმრთელობის დაზიანება მ-------ი ბ----------ეს მიაყენა დანის გამოყენებით რის შემდეგაც დაჭრილი მიატოვა და მიიმალა. საქართველოს სსკ–ის 39-ე მუხლი ადგენს სასჯელის მიზნებს, რომელთა მიღწევაც შეუძლებელი იქნება გასაჩივრებული განაჩენით ნ------- ქ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელით. შესაბამისად აპელანტს, მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ითხოვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ------- ქ------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ნ------- ქ------–---–მა წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ნ------- ქ------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ნ-------ი ქ------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით მ------- ბ----------ეს ჭრილობა მიაყენა ფეხში, რამაც მ------- ბ----------ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ნ------- ქ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ნ------- ქ------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნ------- ქ------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ-------ი ბ----------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: კ---- გ---–-----ის, მ-------ი ბ----------ის, ნ--–---------–--ის, ა-–----- გ---–-----ის, ზ---- გ------–--ის, ბ-–-- გ------–--ის, ვ----– გ-------–---–ის, გ------- გ------–--ის, ც---–- გ------–--ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ნ------- ქ------–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ნ------- ქ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ------- ქ------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ------- ქ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ------- ქ------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ..
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ნ------- ქ------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, დანიშნული სასჯელი სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ------- ქ------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ნ------- ქ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ნ------- ქ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ნ------- ქ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
მ------- ბ----------ის ტანსაცმელი – დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
ნ------- ქ------–---–ის მაისური – დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე