განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
330100119002908395
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002908395

საქმე №1ბ/2030-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი 2020წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–----------–---–-;

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ი--------------, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–------------–-----------–--------------------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–-----------–---------------------------------- (მონაწილეობის გარეშე).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ადვოკატები - მ---------------;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თბილისში, ს------–----------–-–---------------------ის მიმდებარედ არსებულ სასაფლაოებთან, ი-------------- მისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში კ-----------–---თან და ე---–----------თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, აშკარად დაეუფლა რუსეთის მოქალაქე გა----------------ის კუთვნილ ფულად თანხას 30 000 რუბლის ოდენობით (ათას ორას ექვსი ლარისა და ოცდათექვსმეტი თეთრის ექვივალენტი), რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად გა----------------ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ი--------------ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენით: ი-------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–---–მა.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა გამართლებულის ადვოკატმა მ---------------მ.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგონდეს გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურდა ი--------------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება. იმ მოტივით, რომ განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმდგენილი არ ყოფილა ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა ი--------------სთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ--------------------ს ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულის დედა. შემთხვევის დღეს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ა/მანქანის სიგნალის ხმა, რის შემდეგაც მისი ვაჟი - გა----------------ი გავიდა სახლიდან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა უთხრა, რომ არაფერი მომხდარა. დაახლოებით 03:00 საათზე იგი გააღვიძა გა----------------მა და უთხრა, რომ იმ დროს, როდესაც გარეთ იყო გასული, ორმა პირმა ჩაისვა ა/მანქანაში და წაიყვანა სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წაართვეს 30 000 რუსული რუბლი. მოწმემ გადმოცემით იცის, რომ იმ პირებიდან, ვინც მის შვილს ფული წაართვა, ერთ-ერთს ზედმეტსახელად „ხრუშა“ ერქვა. მომხდარის შესახებ განაცხადეს პოლიციაში. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მასთან მივიდა უცნობი ქალბატონი, რომელმაც სთხოვა საგამოძიებო ორგანოდან საჩივრის გამოტანა, თუმცა მან უარი განუცხადა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ---–----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულ გა----------------ის დეიდა. მან 2019 წლის 29 იანვარს შეიტყო მომხდარი ძარცვის თაობაზე, რომლის ჩამდენი პირებიც ი--------------, კ-----------–---ი და ე---–----------ი იყვნენ. აღნიშნული ამბის მოსმენის შემდეგ, მან თავისი დის ოჯახს ურჩია, რომ დანაშაულებრივი ფაქტი ეცნობებინათ პოლიციისთვის. მოგვიანებით იგი წავიდა სახლში, სადაც ესტუმრა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ იყო კ-----------–---ის დედა - ჯამილა ჯაფაროვა და უთხრა, რომ პოლიციიდან მისი შვილის წინააღმდეგ არსებული საჩივრის გამოტანის შემთხვევაში, დაზარალებულს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებდნენ. მოწმემ უცნობს დახმარებაზე უარი განუცხადა.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გა----------------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკისრებოდა ჩვენების მიცემის ვალდებულება, იგი დაჟინებით აცხადებდა, რომ დაკითხვის პროცესში მისთვის დასასმელი კითხვების შინაარსის არ ცოდნის გამო, ჩვენებას ვერ მისცემდა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (29.01.2019) დგინდება, რომ გა----------------მა საგამოძიებო მოქმედების დროს მიუთითა ის ადგილი, სადაც 2019 წლის 28 იანვარს, იგი გაძარცვეს ა/მანქანაში მასთან ერთად მსხდომმა პირებმა: კ-----------–---მა და ე---–----------მა.

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ 2019 წლის 28 იავარს, ქ-------–--–-----------------------–--–--------ში განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან შავი ა/მანქანიდან გადმოდის ი--------------, რომელიც რუსულ რუბლს ახურდავებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებლის სტატუსით მონაწილეობდა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში. მან საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გამოკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნ--------------------. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში მყოფ ნ--------------------სთან მივიდა მ---------–----, რომელმაც ამ უკანასკნელს სთხოვა, რომ საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიეწოდებინა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება. ასეთ შემთხვევაში, ძარცვის შედეგად მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებდნენ. აღნიშნული საუბარი გაიგო გამომძიებელმა ტ------–------------მა, რომელმაც კარგად იცის აზერბაიჯანული ენა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ტ------–------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 28 იანვარს პოლიციის განყოფილებაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას (იგი იყო პასუხისმგებელი მორიგე), რა დროსაც გაიგო მ---------–----ს საუბარი მოწმე ნა--------------------სთან. საუბრისას მ---------–---- ამ უკანასკნელს აზერბაიჯანულ ენაზე სთავაზობდა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ არ მიეცა ჩვენება. მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, „ის სამი პირი“ დაუბრუნებდა თანხას. მოწმის განმარტებით, საუბრისას მ---------–----ს არ დაუსახელებია იმ ადამიანთა ვინაობა, ვინც მისი სახელით ზიანის ანაზღაურებას სთავაზობდა.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე მ---------–----ს არ დაუდასტურებია საქმის ირგვლივ ნ--------------------სთან საუბარი. ამასთან, მას ი--------------სთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე---–----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 28 იანვარს, იგი არ მჯდარა ელ--------------ის კუთვნილ „ნისანის“ ფირმის ა/მანქანაში და არც ი-------------- უნახავს.

 

ამოღების ოქმით (12.02.2019) დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ იქნა ელ--------------ის კუთვნილი ა/მანქანა, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ, სადავოდ არ იქნა მიჩნეული: ჯ------------------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმები.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: გ-----------------------------------------------------–---–-------------------–----------------–----–---–-----–--------------------------–---–---–მა და ი-------------მა დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

ბრალდებულმა ი-------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რუსეთში სამუშაოდ წასული საქართველოში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ გაერემონტებინა თავისი ბინა. დაახლოებით 2019 წლის 28-29 იანვარს, იგი მივიდა სავალუტო ჯიხურში და გადაახურდავა რუსეთიდან ჩამოტანილი რუსული ვალუტა - რუბლი. ბრალდებულის თქმით, მისი თანასოფლელები - კ-----------–---ი და ე---–----------ი შემთხვევის დღეს საერთოდ არ უნახავს. მანვე უარყო, რომ ზედმეტსახელად „ხრუშას“ ეძახიან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ----------ის ჩვენებით დგინდება, რომ მას ჰქონდა ი--------------ს (რომელთან ერთადაც მუშაობდა რუსეთში) ვალი. მან ბრალდებულს რუსეთიდან საქართველოში წამოსვლის დროს უთხრა, რომ თავად დარჩებოდა იმავე ქვეყანაში და კუთვნილ ვალს ეტაპობრივად დაუბრუნებდა. 2018 წლის სექტემბერში, საქართველოში ყოფნის დროს, მან ი-------------ს გადაუხადა ვალის ნაწილი - 30 000 რუსული რუბლის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ელ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მის საკუთრებაშია „ნისანის“ ფირმის ა/მანქანა, რომლითაც ძირითადად თავად და თავის ბიძაშვილი - ი-------------- სარგებლობენ. 2019 წლის 28 იანვარს, აღნიშნული ა/მანქანა ჰყავდა თავად. მოწმემ დაადასტურა, რომ ი-------------მა მას ნამდვილად გამოართვა კუთვნილი ა/მანქანა, თუმცა ზუსტი თარიღი მისთვის უცნობია.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ი--------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

სააპელაციო პალატამ, მტკიცებულებები შეაფასა მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე მათი ერთობლიობის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამატყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება დაადგინოს და მითუფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს გამამტყუნებელი განაჩენისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობას. ასე მაგალითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებას მიიღებს ო. პ-ის ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16). სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება N199აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. მოცემულ შემთხვევაში კი გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N158აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მარტო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება და როდესაც თავად კ. ჯ-ც არ უარყოფს კ. ყ-ს ავტომანქანაში ჯდომის ფაქტს, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N12აპ-18).

 

ი--------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების - დასადასტურებლად/უარსაყოფად მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: ნ--------------------ს, გ---–----------------ის, ტ------–------------ის, თ--------------ის, მ---------–----ს, ე---–----------ის, გ-----------------------------------------------------–---–-------------------–----------------–----–---–-----–--------------------------–---–---–ის, ი-------------ის, ი--------------ს, ნ----------ის და ელ--------------ის ჩვენებები; აგრეთვე, ეკ-----------------–---–--------------------------ს გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმდებარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და ამოღების ოქმი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც ცალსახად მიუთითებდა ი-------------ზე, როგორც ძარცვის განმახორციელებელ პირზე. გა----------------მა, რომელმაც დაზარალებულად ცნობის დადგენილების თანახმად, ი--------------სა და მისი თანამზრახველების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, საქმის არსებითი განხილვისას უარი განაცხადა ფიცის დადებაზე და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკისრებოდა ჩვენების მიცემის ვალდებულება, დაჟინებით აცხადებდა, რომ ჩვენებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუ წინასწარ ეცოდინებოდა დაკითხვის ფარგლებში მისთვის დასასმელი კითხვების შინაარსი. სასამართლოს არაერთი მცდელობა - დაზარალებულად ცნობილი პირი გაერკვია საქმის ვითარებაში (თუ რა საქმესთან დაკავშირებით იყო იგი გამოძახებული სასამართლოში და აეხსნა მისი, როგორც მოწმის უფლება-მოვალეობები), უშედეგოდ დასრულდა (დაზარალებულმა მიუხედავად მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის არაერთი განმარტებისა, უარი განაცხადა ფიცის დადებაზე და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე). ამდენად, დაზარალებულად ცნობილი პირის პოზიცია განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით, სასამართლოსთვის უცნობია.

 

რაც შეეხება დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გა----------------მა საგამოძიებო მოქმედების დროს მიუთითა ის ადგილი, სადაც 2019 წლის 28 იანვარს, იგი გაძარცვეს ა/მანქანაში მასთან ერთად მსხდომმა პირებმა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულება არ შეიცავს ი--------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ ინფორმაციას, ვინაიდან დაზარალებული საგამოძიებო მოქმედების დროს უთითებდა, რომ მძარცველები, რომლებმაც მისი ფულადი თანხა მიისაკუთრეს, იყვნენ კ-----------–---ი და ე---–----------ი. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედების ოქმში ბრალდებულ ი-------------ზე ირიბი მითითებაც კი არ არსებობს, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ ოქმს ვერ მიიჩნევს ი--------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები კი, არ არის დანაშაულებრივი ინფორმაციის შემცველი, ვინაიდან მასზე ასახულია, თუ როგორ გადმოდის შავი ა/მანქანიდან ი--------------, რომელიც რუსულ რუბლს ახურდავებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. ის ფაქტი, რომ ძარცვის შედეგად დაზარალებულს რუსული რუბლი წაართვეს და ბრალდებულიც იმავე ვალუტის კონვერტაციას ახდენდა სავალუტო ჯიხურში, უტყუარად არ ადასტურებს აღნიშნული ფულადი თანხის იდენტურობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულმა თავის ჩვენებაში დეტალურად ისაუბრა თავისი კუთვნილი ფულადი თანხის (30 000 რუსული რუბლის) წარმომავლობაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

ამდენად, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ნ--------------------სა და გ---–----------------ის ჩვენებები, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობა გა----------------ის მონათხრობს. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც ნ--------------------სა და გ---–----------------ის ჩვენებები არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, მით უფრო, როდესაც აღნიშნულ პირთათვის მიწოდებული ინფორმაციის წყარომ - დაზარალებულმა გა----------------მა უარი განაცხადა ფიცის დადებაზე და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე, სასამართლო სავსებით იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და რომ მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52).

 

რაც შეეხება მოწმე ტ------–----------ნის ჩვენებას (თანხვედრაშია მოწმე თ--------------ის ჩვენებასთან), რომლის თანახმად, მან საკუთარი ყურით მოისმინა მ---------–----ს საუბარი დაზარალებულის დედასთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს ბრალდებულ ი--------------ს წინააღმდეგ მიცემული ჩვენების უარყოფის სანაცვლოდ პირდებოდა, რომ „ის სამი პირი“ დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებდა. აღნიშნული ფაქტი თავის ჩვენებაში უარყო მოწმე მ---------–----მ, თუმცა ტ------–------------ის ჩვენების უტყუარად გაზიარების შემთხვევაშიც კი, სასამართლოსთვის მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად გაურკვეველი დარჩა „იმ სამი პირის“ ვინაობა, ვისი სახელითაც სთავაზობდა მ---------–---- დაზარალებულის დედას შეთავაზებული პირობის შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურებას. ტ------–------------ის განმარტებით, მ---------–----ს საუბრისას აღნიშნულ პირთა ვინაობაზე არ უსაუბრია. შესაბამისად, ვერც აღნიშნულ მტკიცებულებას განვიხილავთ ი--------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68).

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ცალსახად დაადასტურებდა ი--------------ს მიერ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად ძარცვის ჩადენის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის/მფლობელისათვის/მოსარგებლისათვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ამასთან, აუცილებელია, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრიობა.

რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში (სადაც გაერთიანებულია როგორც 177-ე ასევე 178-ე მუხლი) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №618აპ-15; § 13).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, ი--------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, რისი გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა უნდა განადგურდეს; ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, მოწმე ელ--------------ისგან ამოღებული ა/მანქანა „ნისან ტეანა“ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ოთხი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ი-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ი-------------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა განადგურდეს;

- ი--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, მოწმე ელ--------------ისგან ამოღებული ა/მანქანა „ნისან ტეანა“ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

- ოთხი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი