განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002705253
საქმე №1ბ/1126-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---–----–--–-–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა-–--------------------ი (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------ში)
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ადვოკატი - ე--------------ე;
თარჯიმანი - თ------------------ი;
სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, ქ. თბილისში, მე---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა - ხ-------------ეს ხელიდან გასტაცა 15 (თხუთმეტი) ლარად ღირებული ლეპტოპის ჩანთა, მასში მოთავსებული 200 (ორასი) ლარად ღირებული ,,Acer Aspire V5-531G”-ის ფირმის ლეპტოპი, რის შედეგადაც ხ-------------ეს მიადგა 215 (ორასთხუთმეტი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენით:
ა-–--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ა-–--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა-–--------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 მაისის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–--------------------ის ადვოკატმა ე--------------ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად არ დასტურდება ა-–--------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა. საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ა-–--------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში მკაფიოდ არ ჩანს თავდამსხმელის სახე. მოწმე გ----------------ს არ მიუცია ა-–--------------------ის მამხილებელი ჩვენება და მისი განმარტებები განაჩენში არასწორად არის ინტერპრეტირებული, ხოლო მოწმე ნა----–--------ძეს არ დაუდასტურებია მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება. გამოძიებისას თარჯიმანი იყო არაკვალიფიციური. ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარებულია კანონდარღვევით, ვინაიდან გაუგებარია, საიდან მოიტანა გამოძიებამ ა-–--------------------ის ფოტოსურათი.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.
დაზარალებულმა ხ-------------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს მეგობართან ლ-----------ესთან ერთად სამსახურიდან მიდიოდა სახლში, ხელში ეჭირა წითელ ჩანთაში ჩადებული ლეპტოპი. ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, მე---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მოულოდნელად გვერდითა მხრიდან მივარდა პიროვნება, როგორც შემდგომ დადგინდა ა-–--------------------ი, რომელმაც ხელიდან გასტაცა ჩანთა ლეპტოპით, დამტენით და გაიქცა. ხ-------------ე მას დაედევნა, მაგრამ ვეღარ დაეწია, რის შემდეგაც დარეკა პოლიციაში. ხ-------------ის განმარტებით, მან კარგად დაინახა და დაამახსოვრდა თავდამსხმელის სახე, იგი იყო დაახლოებით 1.80 სიმაღლის, ეცვა შავი ფერის სპორტული შარვალი და ე.წ. ,,კაპიშონიანი“ მოსაცმელი. ხ-------------ემ ამოიცნო ბრალდებული ფოტოსურათით, ასევე ამოიცნო მისი ლეპტოპი და ჩანთა.
მოწმე ლ-----------ემ დადასტურა, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, როდესაც ის და ხ-------------ე მიდიოდნენ სახლში, ხ-------------ეს მოულოდნელად თავს დაესხა შავგრემანი ბიჭი, რომელმაც ხ-------------ეს ხელიდან გასტაცა ჩანთა, რომელშიც ლეპტოპი იყო მოთავსებული, თავდამსხმელს ეცვა შავი ფერის სპორტული შარვალი და ე.წ. ,,კაპიშონიანი“ მოსაცმელი, იყო მაღალი, შავგრემანი.
მოწმე თ--------------ემ განაცხადა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხ-------------ის კუთვნილი ლეპტოპი ჩანთით ინახებოდა გ----------------ის სახლში, ქ. თბილისი, ლომოურის ქუჩა N6-ში. მან მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით.
მოწმე გ----------------მა განაცხადა, რომ არის ა-–--------------------ის მეგობარი. 2019 წლის 17 სექტემბერს ა-–--------------------მა შესანახად გადასცა ჩანთა, მასში მოთავსებული შავი ფერის ლეპტოპით. ეს ლეპტოპი, თუ საიდან ჰქონდა ა-–--------------------ს მან არ იცის. ლეპტოპი შეინახა სახლში, რომელიც ამოღებულ იქნა პოლიციელების მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
მოწმე ხ------------–--მა განაცხადა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფომრაცია, რომლის თანახმადაც, ა-–--------------------ი უნდა ყოფილიყო ქ-------–--–---–--–----------------–-------------ში. მან მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით.
მოწმე ნა----–--------ძემ დაადასტურა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადასცა ვიდეო ჩანაწერი.
მოწმეებმა ბ------------------------------–---------–----------------–-–----------–---–--------------------–-–---–-----–---–--------–იამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და სისწორე.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება - ადგილმდებარეობის დათვალიერება - ჩატარდა ქ. თბილისში, მ. მე---–---–-------------ის მიმდებარედ.
ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 17 სექტემბერს ქ-------–--–----–---------------------ში ჩატარებული იქნა გ----------------ის ბინის ჩხრეკა. ბინის მისაღებში განთავსებულ სავარძლის სათავსოში, მოთავსებული იყო წითელი ფერის ხელჩანთა, რომლის გახსნის შემდგომ, მასში აღმოჩნდა შავი ფერის ლეპტოპი და სატენი. ლეპტოპი არის ,,Acer”-ის ფირმის, რომლის გარე ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი ნაკაწრებით, ხოლო მარცხენა ზედა კუთხეში აღენიშნება დაზიანება-ბზარი, დაკაწრულია ასევე ლეპტოპის ეკრანი, წინა მხარეს კლავიატურასთან აღენიშნება სტიკერები.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ხ-------------ის მიერ ამოცნობილი იქნა N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება (ა-–--------------------ი), რომელმაც 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე გასტაცა კუთვნილი ,,აისერი’’ს ფირმის ლეპტოპი და წითელი ფერის ჩანთა. ხ-------------ემ ა-–--------------------ი ამოიცნო სახის მოყვანილობით, თავის ფორმით, სახის ნაკვთებით, მუქი ფერის თმით, მუქი სქელი რკალისებრი წარბებით, საშუალო ზომის ცხვირით და მუქი საშუალო ზომის თვალებით, საშუალო ზომის ტუჩების მოყვანილობით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2018 წლის 17 სექტემბერს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1 ცალი წითელი ჩანთა, რის შემდეგაც ხ-------------ის მონაწილეობით ჩატარდა ნივთის ამოცნობა.
ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ხ-------------ის მონაწილეობით, რა დროსაც ამოიცნო N2 - ჩანთა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანთა არის მისი კუთვნილი, რომელიც 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისი, ლ. მ----–---–-------------ის მიმდებარედ ყოფნისას, ლეპტოპთან და დამტენთან ერთად წაართვა მისთვის უცნობმა პიროვნებამ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2018 წლის 17 სექტემბერს ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული 1 ცალი ,,acer’’-ის ფირმის ლეპტოპი, დამტენთან ერთად, რის შემდეგაც ჩატარდა ამოცნობა ხ-------------ის მონაწილეობით.
ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ხ-------------ის მონაწილეობით, რა დროსაც ამოიცნო N1 - ლეპტოპი სატენთან ერთად და განაცხადა, რომ აღნიშნული ლეპტოპი არის მისი კუთვნილი, რომელიც 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისი, ლ. მ----–---–-------------ის მიმდებარედ ყოფნისას, ჩანთასთან და დამტენთან ერთად წაართვა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის დასრულების შემდეგ ლეპტოპი იქნა ჩართული, რა დროსაც ხ-------------ემ განმარტა, რომ ლეპტოპში არსებული პროგრამები არის მისი ჩაწერილი, მანვე მიუთითა ვორდის ფაილი ,,წითელი კამელიები’’ და განმარტა, რომ ეს არის წიგნი, რომელსაც თავად წერს ამჟამად, ასევე მიუთითა კომპიუტერში D დისკზე, სადაც არის ხ-------------ის ფოტოები ოჯახის წევრებთან ერთად.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ნა----–--------ძისგან განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. დისკზე ვიდეო ჩანაწერის დრო მითითებულია 2018 წლის 17 სექტემბრის 19:40 საათიდან 20:00 საათამდე. ჩანაწერში მოსჩანს გზის სავალი ნაწილი, გზის ორივე მხარეს ფეხით სავალი ბილიკი. აღნიშნულ ჩანაწერზე, 19:40:10 საათზე ჩნდება ორი ადამიანი, რომლებიც მოძრაობენ მხარდამხარ გზის მარცხენა მხარეს. 19:48:17 საათზე აღნიშნულ პიროვნებებს უკნიდან ეპარება იქვე გზაზე მდგომი პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანისამოსი ერთ-ერთ პიროვნებას მხრიდან აცლის ჩანთას და გარბის მარცხენა მხარეს ქუჩაზე, რომელსაც მიყვება სირბილით აღნიშნული პიროვნებები.
ბრალდებულმა ა-–--------------------მა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ იზიარებს აპელანტის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ამხელდა ა-–--------------------ს დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან დაზარალებულმა ხ-------------ის ჩვენებით და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით უტყუარად დადასტურებულია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, მე---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–--------------------მა ხ-------------ეს ხელიდან გასტაცა ჩანთა ლეპტოპით და დამტენით; აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებს თვითმხილველი მოწმე ლ-----------ე; მეტად საყურადღებოა, რომ ხ-------------ის და ლ-----------ის ჩვენებები ზედმიწევნით ემთხვევა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეო ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას, სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ გასტაცა ხ-------------ეს მხრიდან ჩანთა უცნობმა და გაიქცა. ამდენად, ვიდეოჩანაწერი, სადაც სესაძლოა ნატლად არ ჩანდეს თავდამსხმელის სახე, მხოლოდ ამ ფაქტის გამო ვერ დაკარგავს ფასს, ვინაიდან სააპელაციო პალატა აფასებს მას მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, რა დროსაც დაზარალებულ ხ-------------ისა და მოწმე ლ-----------ის ჩვენებებთან ერთობლიობაში, მას უპირობოდ ძალიან მაღალი ღირებულება აქვს. ასევე, მოწმე გ----------------ის ჩვენებით, მისსავე სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ხ-------------ის მიერ ჩანთის, ლეპტოპის და დამტენის ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ გ----------------ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული წითელი ფერის ხელჩანთა, შავი ფერის ლეპტოპი და სატენი, რომელიც გ----------------ის განმარტებით, ამ უკანასკნელს სწორედ ა-–--------------------მა გადასცა შესანახად. გ----------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მოგვიანებით ამოიცნო ხ-------------ემ და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები 2018 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისი, ლ. მ----–---–-------------ის მიმდებარედ ყოფნისას წაართვა მისთვის უცნობმა პიროვნებამ.
რაც შეეხება აპელანტის სხვა არგუმენტებს, სააპელაციო პალატა მათ ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ისინი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს. კერძოდ, მოწმე გ----------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ცალსახად დაადასტურა, რომ მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული დაზარალებულის კუთვნილი ნივთები მას შესანახად გადასცა მეგობარმა ა-–--------------------მა, რომელთა წარმომავლობა მისთვის არის უცნობი. რაც შეეხება ნა----–--------ძეს, მანაც დაადასტურა, რომ სწორედ სასამართლოს განჩინებით იქნა გათხოვილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია შემთხვევის ადგილი, რა დროსაც დგება გამოტხოვის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებასი მონაწილე ყველა პირი, რაც მოცემულ სემთხვევაში ზედმიწევნით არის შესრულებული. რაც სეეხება გამოძიებაში არაკვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიებაში თარჯიმნების კვალიფიციურობის ეჭვქვეშ დაყენების გონივრული საფუძველი სააპელაციო პალატას არ გასჩენია, ამასთან სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ბრალდებულმა იმდენად კარგად იცოდა ქართული ენა, რომ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ფაქტობრივად არ უსარგებლია თარჯიმნის მომსახურებით და ამდენად, ვერაფრით მიიჩნევს, გამოძიების/სასამართლო განხილვის ეტაპზე დაირღვა ა-–--------------------ის პროცესუალური უფლებები. რაც შეეხება ფოტოსუათებით ამოცნობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საგამოძიებო მოქმედებას ეჭვქვეშ აყენებდა იმის გამო, რომ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი პირები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და ამოსაცნობი პირისგან,რაზეც არგუმენტირებული პასუხი გასცა სასამართლომ. ამდენად, დაცვის მხარე ან კეთილსინდისიერად ცდება, ან შეგნებულად ცდილობს სააპელაციო პალატის შეცდომაში შეყვანას, თითქოს გაუგებარია, საიდან მოიტანეს გამოძიების დროს მსჯავრდებულის ფოტო, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოტოსურათების ბაზა არ აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და საწინააღმდეგო დასტურდება თავად ამოცნობის ოქმით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, ქ. თბილისში, მე---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა - ხ-------------ის 15 (თხუთმეტი) ლარად ღირებულ ლეპტოპის ჩანთას, მასში მოთავსებული ,,Acer Aspire V5-531G”-ის ფირმის ლეპტოპს და დამტენს, რითაც დაზარალებულს მიადგა 215 ლარის ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ა-–--------------------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის/მფლობელისათვის/მოსარგებლისათვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ამასთან, აუცილებელია, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრიობა.
რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში (სადაც გაერთიანებულია როგორც 177-ე ასევე 178-ე მუხლი) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 19:35 საათზე, ქ. თბილისში, მე---–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა - ხ-------------ეს ხელიდან გასტაცა 15 (თხუთმეტი) ლარად ღირებული ლეპტოპის ჩანთა, მასში მოთავსებული 200 (ორასი) ლარად ღირებული ,,Acer Aspire V5-531G”-ის ფირმის ლეპტოპი, რის შედეგადაც ხ-------------ეს მიადგა 215 (ორასთხუთმეტი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ამდენად, ა-–--------------------ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მის პიროვნებას და წარსულ ცხოვრებას (დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას, გამოსაცდელი ვადის პერიოდში), ასევე განსაკუტრებით იმ გარემოებას, რომ გატაცებული ნივთები ამოღებულია და ზიანი ფაქტიურად ანაზღაურებულია და მიიჩნევს, რომ ა-–--------------------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით ა-–--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, რომლის დინებისას ა-–--------------------მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად წარმოადგენს ა-–--------------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.
7. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად: წითელი ფერის ჩანთა, შავი ფერის ლეპტოპი და დამტენი, რომლებიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ელ.დისკი, 1 (ერთი) ცალი ვიდეოჩანაწერის ამსახველი ელ. დისკი და დაზიანებული პაკეტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–--------------------ის ადვოკატის ე--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი;
ა-–--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–--------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
ა-–--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ა-–--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 18 სექტემბრის 01:40 საათიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
წითელი ფერის ჩანთა, შავი ფერის ლეპტოპი და დამტენი, რომლებიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ელ.დისკი, 1 (ერთი) ცალი ვიდეოჩანაწერის ამსახველი ელ. დისკი და დაზიანებული პაკეტი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი