განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002535409
საქმე №1/ბ-611-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---------------ე;
გამართლებული: კ----------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ქ--------------–------------ (მონაწილეობის გარეშე);
ადვოკატი: ნ---------------–--;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ----------------–---–ის ბრალად ედება ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 18 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა კ----------------–---–მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ--------–----–-----------------5-ში მდებარე ე---------- ფ--–-----ის მეორადი ტანისამოსის მაღაზიაში სახურავი მოაჭრა ამავე მაღაზიაში არსებულ ლითონის ფულის შესანახ ყულაბას, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ე---------- ფ--–-----ის 200 (ორასი) ლარს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო, კ----------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენით: ბრალდებული კ------- ნასყიდაშვილი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა;
გამართლებულ კ----------------–---–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
კ----------------–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს შემტან ხ------------------ეს (პ/ნ 2----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1------, დასტურის №ა 0-----);
დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით; ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყულაბა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, კ----------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, კ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ კ----------------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---------------ემ, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებული კ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---------------–--მ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს კ----------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ----------------–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ჩადენილი არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქმეში არსებული და მხარეთა მონაწილოებით გამოკვლეული მტკიცებულეებით თანხის ოდენობა მითითებულია 200 ლარი.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად. იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დამთავრებული დანაშაული, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2)დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა კ----------------–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ბათუმში ცხოვრობენ ქირით, ბინის მეპატრონეები არიან ინვალიდები და მატერიალურად ძალიან უჭირთ. აქედან გამომდინარე, ქირის თანხას მათ ვერ დაუგვიანებდა, ვინაიდან, ამ თანხით ახდენენ ისინი მედიკამენტების შეძენას და რადგან იმ დღეს თანხა სხვა არ ჰქონდა, ნამდვილად აიღო ყულაბიდან და მისცა მესაკუთრეს, მაგრამ ე----------ს არ უთხრა. მისი მეუღლე ე---------- არის ძალიან ემოციური და მედიკამენტებსაც იღებს დამამშვიდებელს, არ სურდა ენერვიულა და მეორე დღეს აპირებდა თანხა ისევ უკან ჩაედო; მისი სურვილით დადგეს მაღაზიაში ყულაბა და თავად აგროვებდა თანხას ე----------ს შვილიშვილისთვის, სურდა მისთვის დაბადების დღეზე მანქანის ყიდვა; თავიდან, როცა ე----------მ დაურეკა, უარყო, მაგრამ მალევე თვითონ დაუკავშირდა და უთხრა, რომ თანხა მას ჰქონდა წაღებული. სამი წელია ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთის იმედი აქვთ, როგორც მეუღლე ისე ჰყავს; ყულაბიდან თანხა ჩვეულებრივად გამოიღო, ყულაბა მაღაზიაში თაროზე დევს; ეს თანხა გადაურიცხა მეპატრონეს ქირის სახით, გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარიც აქვს, არ იცოდა თუ უნდა წარმოედგინა. როცა ე----------მ შეეკითხა, ნამდვილად უარყო, არ სურდა ენერვიულა, მაგრამ მალევე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მან აიღო; ყულაბა მაღაზიაში თაროზე იყო დადებული (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი 20.05.2019წ. 16:53:44სთ-16:57:53სთ).
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე---------- ფ--–-----მა განაცხადა, რომ სამი წელია ის და კ----------------–---–ი ერთად ცხოვრობენ. ბათუმში იმყოფებიან ქირით. იმ პერიოდში ჩამოვიდნენ თბილისიდან, აქვთ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. თავად მივიდა მაღაზიაში, უნდოდა გადაეხადა ფართის ქირა. მეპატრონე, მაღაზიის ზევით, იმავე ბინაში ცხოვრობს; მაღაზიაში ჰქონდათ მისი შვილიშვილისთვის ყულაბა და თავად კ-------ი უგროვებდა თანხას; ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ აქვთ, ჩვეულებრივად აგრძელებენ ურთიერთობას; იმ დროს იყვნენ ნაკამათები და როცა ქირის გადასახდელად თანხა მოიძებნა, ნახა, რომ ყულაბაში უკვე არ იყო - ეგონა ან დამლაგებელმა ან მეპატრონემ აიღო, რადგან მასაც ჰქონდა გასაღები. ვინაიდან, კ-------ს დაუკავშირდა და მან უარყო თანხის აღება, შეატყობინა პოლიციას, მაგრამ 10 წუთში დაუკავშირდა კ-------ი და აცნობა, რომ თავად აიღო თანხა და მეორე დღესვე დააბრუნებდა. ვინაიდან, მას უკვე შეტყობინება გაკეთებული ჰქონდა, მაშინვე დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა ამის თაობაზე, რომ მის მეუღლეს აუღია თანხა და აღარ იყო საჭირო რეაგირება, თუმცა, უთხრეს, რომ ასე აღარ შეიძლებოდა და არც იცის რა გააკეთეს; რაც შეეხება ყულაბას, იქ თანხას კ-------ი ინახავდა და მას მხოლოდ ერთხელ აქვს თანხა ჩაშვებული, თითქმის კ-------ის თანხა იყო ყულაბაში მოთავსებული, მაგრამ მას ეგონა, რომ სხვამ აიღო ეს თანხა და ამიტომ შეატყობინა პოლიციას. ყულაბას ეტყობოდა, რომ თანხა იყო გამოღებული, ოდნავ გაწეული იყო თანხის ჩასაყრელი სახურავი; მან პირველად ნამდვილად განუცხადა სატელეფონო კავშირით, რომ ეჭვი ჰქონდა მეგობარზე, თუმცა, მალევე შეატყობინა, რომ თანხა მის მეუღლეს ჰქონდა. ადასტურებს, რომ ეს თანხა არ იყო მეორადი ტანსაცმლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, მის შვილიშვილს უგროვებდა კ-------ი, მაგრამ ჩათვალა თავისად. თუმცა, მისი მიცემული იყო, მაღაზიაც მან დაიქირავა და სამუშაო თანხასაც კ-------ი აძლევდა. არაერთხელ მიმართა პოლიციის განყოფილებას, მაგრამ ეს ასე არ ხდებაო, უთხრეს. ის დახმარებას სთხოვდა პოლიციას და მათ პირიქით, დაამძიმეს. თანხა იყო 20 ლარიანი კუპიურებით სულ 200 ლარი; ყულაბაში ერთადერთხელ ჩააგდო თვითონ 20 ლარი, სხვა კ-------ის შეგროვილი თანხა იყო. თუ აღმოჩნდებოდა რომ კ---ს ჰქონოდა აღებული, არც დარეკავდა პოლიციაში, უბრალოდ, ვინაიდან თავიდანვე არ უთხრა, ეგონა, რომ სხვამ აიღო - მეპატრონემ, ან დამლაგებელმა. გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, შინაარსი არც იცოდა; არცერთი არ წაუკითხავს, არც ესმის. ამჟამად სიმართლეს ამბობს (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი - 20.05.2019წ 16:29:18სთ- 16:46:51სთ).
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვინაიდან, როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული ცალსახად ადასტურებენ, რომ ყულაბა განკუთვნილი იყო ე---------- ფ--–-----ის შვილიშვილისთვის საჩუქრის შესაძენად და წარმოადგენდა ბრალდებულისა და დაზარალებულის ერთიან დანაზოგს, შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს ნივთის კუთვნილება. საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ე---------- ფ--–-----ის კუთვნილი ნივთი, რომლის ფარულად დაუფლება თითქოსდა მოახდინა ბრალდებულმა, არ არის სახეზე. ყულაბა იყო ორივე მათგანისათვის მაღაზიაში თაროზე განთავსებული თანხის შესაგროვებლად, რომელსაც ჰყავდა თავისი ადრესატი - ე----------ს შვილიშვილი; საგულისხმოა, რომ იმავე გზით იგივე სახით გამოსაყენებლად დასჭირდა ხსენებული თანხა (როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება), ე---------- ფ--–-----საც, კერძოდ, კ----------------–---–ი აცხადებს, რომ თანხა აიღო დროებითი სარგებლობისთვის, ის იყო მათი ერთობლივი თანხა და ამ თანხით გადაიხადა ბინის (სადაც ქირით ცხოვრობენ ერთად) ქირა, ხოლო ე---------- ფ--–-----ს ასევე სურდა დროებით ესარგებლა ამ თანხით და გადაეხადა მაღაზიის ქირის თანხა (სწორედ ამისთვის მოიძია და თანხა არ დახვდა). შესაბამისად, დასტურდება, რომ ორივე მათგანს ეს თანხა ესაჭიროებოდათ დროებითი სარგებლობისთვის, თანაცხოვრებისას ყოფითი საჭიროებისათვის (ქირის თანხა); ანუ ქურდობისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი, ნივთი წარმოადგენდეს მესაკუთრის კუთვნილს, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, ე---------- ფ--–-----ის კუთვნილს - დადასტურებული არ არის; ასევე სახეზე არ არის ქურდობისათვის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი - ნივთის ფარულად დაუფლება, თანხის აღების დროს უბრალოდ არ ესწრებოდა ე---------- და ბრალდებულის განმარტებით, არ სურდა მისი აღელვება და აპირებდა ყულაბაში თანხის მოკლე პერიოდში დაბრუნებას, ისევე როგორც კ----------------–---–ის ნებართვის გარეშე, ე---------- ფ--–-----ი აპირებდა ამ თანხით სარგებლობას, ასევე დროებით; ამდენად, ბრალდების ფორმულირებით მითითებული, რომ კ----------------–---–ი ფარულად დაეუფლა ე---------- ფ--–-----ის კუთვნილ ფულად თანხას - არის ვარაუდი.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დასაბუთებულია ასევე საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტს ე---------- ფ--–-----ის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ქ--------–----–-----------------------ში მდებარე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიიდან თანხის ქურდობის ფაქტზე; შეტყობინების შინაარსის მიხედვით გამოძიებით დაუდგენელი პირი, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა (იხ. ს.ფ. 1-2);
2018 წლის 22 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ--------–----–-----------------5-ში, დათვალიერება ჩატარდა 2018 წლის 22 მარტს, 15:30 საათიდან 15:45 საათამდე პერიოდში, დღის საათებში, ხელოვნური და ბუნებრივი განათების პირობებში, ზ/მითითებულ მისამართზე განთავსებულია მეორადი ტანისამოსის მაღაზია, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩის მხრიდან, მაღაზიაში შესასვლელი არის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, საიდანაც ჩასასვლელი არის პირველი სართულის ქვევით სარდაფში და მარჯვენა მხარეს განთავსებულია ტანისამოსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი, რკინის კონსტრუქციის კარის საშუალებით. ოთახში მარჯვენა მხარეს განთავსებულია სპეციალური საკიდები, რომლებზეც ჩამოკიდებულია ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია დახლი, რომელზეც ასევე განთავსებულია ქალის ფეხსაცმელები. შესასვლელიდან დაახლოებით 1-1,5 ნახევარში განთავსებულია სპეციალური ფულის შესანახი ყულაბა, რომლის ზედაპირზე აღენიშნება ზემოქმედების კვალი, სადაც შესაძლებელია ფულადი თანხის მოთავსება. ყულაბა არის ცარიელ მდგომარეობაში, კარებს არ აქვს რაიმე სახის დაზიანებები. აღნიშნული ყულაბა ამოღებული იქნა, თუმცა, მოცულობის გამო არ დალუქულა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე საგანი, ნივთი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა (იხ. ს.ფ.4-8);
2018 წლის 23 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ქ--------–----–------------------ში, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 23 მარტს, 13:50 საათიდან 14:05 საათამდე პერიოდში, კ----------------–---–ის და უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. კ----------------–---–ს ხმამაღლა წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენება, რასაც დაეთანხმა სრულად და განაცხადა, რომ დაკითხვის დროს განაცხადა სრული სიმართლე. აღნიშნულის შემდეგ, მოწმეს მიეცა წინადადება საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის შესახებ, მოეყოლა ფაქტობრივი გარემობების ფიზიკურად დემონსტრირება, რაზედაც განაცხადა წერილობითი თანხმობა. აღნიშნულის შემდეგ, პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან, კ----------------–---–ის მითითებით, გავიდნენ ჭ-------ის ქუჩაზე და მივიდნენ ლ---------ის ქუჩის კვეთასთან, სადაც გადავიდნენ ა----–---ის ქუჩაზე. მოწმის მიერ მითითებულ იქნა ლ---------ის ქ-----ში კონკრეტულად ის ადგილი, საიდანაც აიღო ფულადი თანხა (იხ. ს.ფ 20-23);
მოწმის სახით დაკითხვისას ზურაბ მამულაძემ და კ------- კ-------იძემ განაცხადეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, დაადასტურეს მათი კანონიერება (იხ. ოქმი 02.11.2018წ 15:18:01სთ-15:19:01სთ; ოქმი 26.11.2018წ ; 14:03:35სთ -15:05:13სთ);
მოწმე გოჩა ვანაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულის სახით დააკავა კ----------------–---–ი; სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა; შეადგინა ოქმი; დაკავება მოხდა ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილზე ბინაში; სახლში, როგორც ახსოვს, იმყოფებოდა მისი მეუღლე ე---------- (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი - 02.11.2018წ. 15:19:51სთ - 15:21:52სთ);
საქმის განხილვისას ნაწილი სადავო მტკიცებულებები (მოწმეების: ჯონი ცინცაბაძის, ჯემალ ბერიძის, ფარნაოზ დედაბრიშვილის, ოთარ ბარნოვის და მამუკა მაკარაძის ჩვენებები) დაცვის მხარემ უდავოდ ცნო (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი);
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ არცერთი მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მით უფრო, როდესაც თავად კ----------------–---–ი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა ბრალდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო კ----------------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ--------–----–-----------------5-ში მდებარე ე---------- ფ--–-----ის მეორადი ტანისამოსის მაღაზიაში არსებულ ლითონის ფულის შესანახი ყულაბიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ე---------- ფ--–-----ის 200 (ორასი) ლარს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ე---------- ფ--–-----მა უარყო კ----------------–---–ის მიერ დაუფლებული თანხის მისთვის კუთვნილება და მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ბრალდებულისა და მის ერთობლივ დანაზოგს და მასაც იგივე საჭიროებისთვის უნდოდა დაუფლებოდა თანხას, რისთვისაც კ----------------–---–მა აიღო, კერძოდ - ქირის გადახდის მიზნით. თავად კ----------------–---–მა უარყო ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და დაადასტურა მხოლოდ მის მიერ მაღაზიაში არსებული ყულაბიდან მისი და დაზარალებულის ერთობლივი დანაზოგის - თანხის - ამოღების ფაქტი, რომლითაც მან მოახდინა ბინის ქირის გადახდა, სადაც ერთად ცხოვრობს ბრალდებული და დაზარალებული. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ----------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და კ----------------–---–ი სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ კ----------------–---–ის მიმართ, 2019 წლის 04 ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ივნისის განაჩენი, კ----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.კ----------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4.გამართლებულ კ----------------–---–ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5. კ----------------–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს - ხ------------------ეს (პ/ნ 2----------) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1------, დასტურის №ა 0-----);
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები 01 ცალ დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ყულაბა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/