განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003226450
№1ბ/138-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - გ------- მ---------–ი, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------–------------–--------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია). ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორმა მარიანა ონიანმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------- მ---------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, გ------- მ---------–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების, არათანაზომიერი და აშკარად ლმობიერი სასჯელი. საქართველოს სსკ–ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასჯელის განსაზღვრისას, ყურადღება უნდა მიექცეს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. გ------- მ---------–ს კი მისწრაფებაც არ ჰქონია, რომ აენაზღაურებინა მკურნალობის ხარჯები დაზარალებულისათვის, რომელსაც გააჩნია პრეტენზია და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. მსჯავრდებული თავს არიდებს მატერიალურ პასუხისმგებლობას და მისი აღიარება მიმართულია მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებისკენ, რაც საბოლოოდ გახდება წინაპირობა, რომ მსჯავრდებული საერთოდ არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. მართალია სასამართლოში გ------- მ---------–მა განმარტა, რომ არა აქვს შესაბამისი ქონებრივი მდგომარეობა და ვერ შეძლო ზიანის ანაზღაურება, თუმცა დანაშაულიდან გასულია თითქმის ერთი წელი და ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი ჰქონოდა მზაობას, ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით. სასჯელის ერთერთი მიზანი სამართლიანობის აღდგენას გულისხმობს, რაც ვერ იქნება მიღწეული დანიშნული სასჯელით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და გ------- მ---------–ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
გ------- მ---------–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 18:35 საათზე, გ------- მ---------–ი მართავდა ავტომანქანა „ოპელს“ და მოძრაობდა ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირი N54-ის მიმდებარედ. აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33, პუნქტი პირველის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მის წინ გაჩერებულ ავტობუს „ბოგდანს“ სახელმწიფო N TTC-705-ს, ხოლო შემდგომ ტროტუარზე მდგომ ქვეითს ლ--–- ღ-------ეს. აღნიშნული საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ლ--–- ღ-------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, გ------- მ---------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- მ---------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- მ---------–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ლ--–- ღ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: ვ-----------–---–ის, მ--–---- ჟ---–---–---–ის, ი---- ი-–------ის და გ------- ბ-----ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული სქემით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო-ტექნიკური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და თავად მსჯავრდებულ გ------- მ---------–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ გ------- მ---------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- მ---------–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- მ---------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება უსამართლოდ. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახით გათვალისწინებულია - ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. პალატა განმარტავს, გ------- მ---------–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სრულად იქნა გათვალისწინებული: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაწესებული სანქციის ფარგლები. 3. ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება გაუფრთხილებლობით და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. 4. შემამსუბუქებელი გარემოებები - გ------- მ---------–ი განაჩენის გამოტანის მომენტისთვის იყო 67 წლის - პენსიონერი, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს არ გამოუთქვამს მზაობა მკურნალობის ხარჯები აენაზღაურებინა დაზარალებულისთვის, პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ პირის მიერ ზიანის ანაზღაურების და დაზარალებულთან შერიგებისკენ მისწრაფების შეფასებისას, მნიშვნელოვანია როგორც დამნაშავის ქცევა, ასევე მისი ქონებრივი მდგომარეობა და მატერიალური შესაძლებლობები. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით მსჯავრდებულის შემოსავალი სოციალური პენსიაა, სხვა შემოსავლის ან ქონების თაობაზე კი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, აპელანტის პოზიცია, რომ მსჯავრდებული თავს არიდებს ზიანის ანაზღაურებას დაუსაბუთებელია. დაზარალებულის უფლება -ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კი არაა შეზღუდული განაჩენით და დაზარალებულს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------- მ---------–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ - პროკურორის მარიანა ონიანის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ - პროკურორის მარიანა ონიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენი გ------- მ---------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ------- მ---------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ გ------- მ---------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ------- მ---------–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ გ------- მ---------–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რადიოლოგიური კვლევის ამსახველი ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე