განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002717702
საქმე №1ბ/1504-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ა-------------–ის
ადვოკატის: დ--------------ს
გამართლებულის: გ---------–--–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ---------–--–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ა-------------------–----–---–--------–-----–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---------–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის ივლისში, ქ-------–--–---------------------------------ში, გ---------–--–-–---–მა მეუღლეს - დ-----------------ეს მუშტი დაარტყა სახის არეში არასრულწლოვანი შვილის - ა-----–-----–--–-–---–ის თანდასწრებით, რა დროსაც დ-----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–-------------------------ში, გ---------–--–-–---–მა მეუღლეს - დ-----------------ეს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც დ-----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–----------------------------ში, გ---------–--–-–---–მა მეუღლეს - დ-----------------ეს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც დ-----------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენით:
გ---------–--–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ---------–--–-–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და გ---------–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი გ---------–--–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ---------–--–-–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ შეკრებილ მტკიცებულებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-----------------------მ განმარტა, რომ გ---------–--–-–---–ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა დაზარალებული დ-----------------ე და მოწმეები, ასევე 2018 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს საათებში, დ----------ესთან და ექსპერტებთან ერთად ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გ------–--–-–---–ს გააცნო ბრალის შესახებ დადგენილება და გამოკითხა ბრალდებულის სახით.
მოწმე კ------------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ---------–--–-–---–ის ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნული პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გ-----–--–-–---–ი იმყოფებოდა ქ-------–--–---------------ის ე--- ნომერში. სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმე გ--–-----------–--ის ჩვენებით, 2018 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავა გ---------–--–-–---–ი. ადგილზე შეადგინა დაკავების ოქმი და დაკავებული გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, გააცნო დაკავების ოქმის შინაარსი, ჩააბარა მისი ასლი, რაც გ---------–--–-–---–მა დაუდასტურა შესაბამისი ხელმოწერით.
2018 წლის 1 ოქტომბერს შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ---------–--–-–---–ს მეუღლის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერიმენტი ჩატარდა ქ-------–--–--------------------------------------ში. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დ-----------------ემ მიუთითა ადგილი ბინის წინ და აღნიშნა, რომ 2018 წლის მაისის თვეში, გ------–--–-–---–მა სწორედ იმ ადგილას დაარტყა ხელი სახის არეში. მისივე განმარტებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების სხვა ფაქტები განხორციელებულია უშუალოდ საცხოვრებელ ბინაში. ექსპერიმენტის დროს საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი ან კვალი ამოღებული ვერ იქნა.
გ---------–--–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და დაცვის მხარის მოწმე გ-------------------ის ჩვენება მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ, შესაძლოა, გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა დ-----------------ემ (გამართლებულის ყოფილი მეუღლე) და არასრულწლოვანმა მოწმემ ა-----–-----–--–-–---–მა (გამართლებულის შვილი) გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე (მათ შორის განქორწინებული) და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ გ---------–--–-–---–ის მეუღლემ და შვილმა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, დაზარალებული დ-----------------ე და მოწმე ა-----–-----–--–-–---–ი მოცემულ საქმეზე არიან სწორედ ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი გ---------–--–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
რაც შეეხება მოწმეების - ლ-----------------------ს, კ------------------ისა და გ--–-----------–--ის ჩვენებებს, აღნიშნულმა მოწმეებმა მხოლოდ მონაწილეობა მიიღეს ან ჩაატარეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ არის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შემსწრე.
სააპელაციო პალატის აზრით, გ---------–--–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ასევე ვერ დაედება საფუძვლად საქმეში არსებული, პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებული შემაკავებელი ორდერი და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (თანდართული ფოტოცხრილით), რომელთა მიხედვით, დაზარალებულმა მიუთითა გ---------–--–-–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ დ-----------------ის კანონით დადგენილი წესით მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, ზემოხსენებული შემაკავებელი ორდერისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით) მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა დ-----------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის (დ-----------------ის) ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც დ-----------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში. (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სსსკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს. ამდენად, ტკივილის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულის შეფასება არ არსებობს. იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ---------–--–-–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ---------–--–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ---------–--–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენი გ---------–--–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენი გ---------–--–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ---------–--–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ---------–--–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული – გირაო და დაწესებული შეზღუდვები გაუქმებულია; გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
გამართლებულ გ---------–--–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე