განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
120100119003303054
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003303054

საქმე №1ბ/149-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ი------–----–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ბორჯომი, 3-----------–---------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ი------–----–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად მიემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი------–----–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი.

 

ი------–----–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 03 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი------–----–----ემ ქ. ბორჯომში, 300 არაგველის ქუჩაზე მდებარე ბორჯომი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გვერდით განთავსებულ სკამზე მჯდომ 2--- წლის 12 ივლისს დაბადებულ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ა-–-----------------ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი------–----–----ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ვერ იქნება შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვანი დაზარალებულის მდგომარეობა, მისთვის საზოგადოების წინაშე მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდების მხარის აზრით, გასაჩივრებული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის. აპელანტის განმარტებით, განაჩენში არ იკითხება, თუ რა ფაქტორმა გამოიწვია მეტისმეტი შემწყნარებლური შინაგანი რწმენა ლმობიერი და წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც, ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობასა და სიმსუბუქეზე.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი------–----–----ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ ი------–----–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. კერძოდ, სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი------–----–----ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების - ა-–-----------------ის, ბ--–------------ის, ი------–----–----ის, დ----------------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №6--------- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ი------–----–----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.

 

მსჯავრდებულ ი------–----–----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება დანიშნული სასჯელის არაპრევენციულ ხასიათზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ი------–----–----ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებაზე, რომ ი------–----–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ერთ-ერთი მიზნის - სამართლიანობის აღდგენის, მიღწევას. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასჯელის დანიშვნის გზით მიიღწევა. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ი------–----–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ი------–----–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად მიემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ი------–----–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი.

 

ი------–----–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, გაუქმებულია. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო უზრუნველყოფილი არ არის.

 

განაჩენის აღსრულებაზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე