განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
150100119003167250
ინსტანცია
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003167250

საქმე #1/ბ-1983-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ლევან თევზაძემ

გიორგი სვანიძის მდივნობით

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-------------------ძე;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - კა-------------ძე;

თარჯიმანი: თი-----------------ი;

მსჯავრდებული - სე-------------------ი, დაბადებული 1--- წლის 2------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------- ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ა---––---- სოფელი ო----–-- ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის).

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის - 2 ეპიზოდი).

 

სასჯელი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით სე-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სე-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წელი და საბოლოოდ, სე-------------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

სე-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ სე-------------------ის ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაიზიარა სე-------------------ის აღიარება, გულწრფელი მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ასევე, ის გარემოება, რომ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ დანაშაულის აღიარება, დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევა, ასევე მისი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიერ წარსულში მის მიმართ გამოყენებულ ჰუმანურ აქტებთან.

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 11 ივლისს, სე--------------------მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ნოემბრის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის, ქ.ახალქალაქში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სე-----–--–--------ის კუთვნილი ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას - 750 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც სე-----–--–--------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

2018 წლის 25-26 ივლისის ღამის საათებში, სე-------------------მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ნოემბრის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, კარის საკეტის გამოგლეჯვის გზით, უკანონოდ შეაღწია ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოში მცხოვრებ სე-----–--–--------ის კუთვნილ სათავსში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ოთხ ცალ ალუმინის ბიდონში არსებულ 190 კგ. თაფლს, რითაც სე-----–--–--------ს მიადგა 2850 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სე-------------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

განაჩენით დანიშნული სასჯელის შეცვლის დასაბუთება:

სააპელაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ სე-------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კა-------------ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და სე-------------------ს შეუმცირდეს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელება, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა, შესაძლებელია სასჯელის უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებითაც.

სააპელაციო პალატა სე-------------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოთქვამს მზადყოფნას დაზარალებულებს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სე-------------------ს მსჯავრი დაედო არაძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენაში. მართალია, წარსულში ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის, მაგრამ ანალოგიურად, მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებებიც (ქურდობა, თაღლითობა) არ არის ძალადობრივი ხასიათის ან საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად მომეტებული საფრთხის შემცველი.

ამდენად, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ სე-------------------ს შეუმსუბუქდეს სასჯელი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) განსაზღვრულ სასჯელს - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, სე-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები.

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სე-------------------ისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შთანთქმის პრინციპის გამოყენებით შემსუბუქების თაობაზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების (საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის N04/18-0022 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული სე-------------------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 2 თვით და 28 დღით ადრე, რაც არ აღმოჩნდა დამაფიქრებელი და ვერ მოახდინა პრევენციული გავლენა), მისი წარსული ცხოვრების, ჩადენილი ქმედებების სიმძიმის (ჩადენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაული, რომელიც ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ხელყოფს ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას), მხედველობაში მიღებით, მიზანშეუწონელია განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა სრულად შთანთქმის წესის გამოყენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ სე-------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კა-------------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ სე-------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კა-------------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენში სე-------------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

სე-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

სე-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, სე-------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წელი და საბოლოოდ, სე-------------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

სე-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

ნივთიერი მტკიცებულება: ბიოლოგიური ექსპერტიზის N002477719 დასკვნაზე თანდართული 4 პაკეტი საკვლევი ობიექტებით, რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე