განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 010210016001653402
№2/ბ-1282-2019
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე ირმა პერანიძე თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე
აპელანტები ა---------– გ--------–--ე, გ------ გ--------–--ე
წარმომადგენელი რ---- პ-----
მოწინააღმდეგე მხარე ლ---ა გ--------–--ე
წარმომადგენელი დ----- დ--------ე
დავის საგანი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ---ა გ--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი ლ---ა გ--------–--ეს, ა---------– გ--------–--ესა და გ------ გ--------–--ეს შორის 2015 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. ბათუმი, ბ-----------------------, საკადასტრო კოდი N------------. უძრავი ქონებაზე აღირიცხა ლ---ა გ--------–--ის თანასაკუთრების უფლება შემდეგი მონაცემებით: მისამართი - ქ. ბათუმი, ბ-----------------------, საკადასტრო კოდი N------------, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი - 174.60 კვმ. სხვა ფართი: ლ-------- 9.10 კვმ. მესაკუთრეები - ა---------– გ--------–--ე, ლ---ა გ--------–--ე. მოპასუხეებს ა---------– გ--------–--ესა და გ------ გ--------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 900 ლარის ოდენობით. გასაჩივრებული განჩინებით ლ---ა გ--------–--ის სარჩელზე მოპასუხეების გ------ გ--------–--ის და ა---------– გ--------–--ის წარმომადგენელის რ---- პ-----ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია: 2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბერს სარჩელით მიმართა მოსარჩელე ლ---ა გ--------–--ემ მოპასუხე გ------ გ--------–--ისა და ა---------– გ--------–--ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვისა და საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე. 2.2. საქმის განხილვის მიზნით, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 16 აპრილს, 15:30 საათზე. მოპასუხეების გ------ გ--------–--ისა და ა---------– გ--------–--ის წარმომადგენელი რ---- პ----- 16.04.2019 წელს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იქნა 2019 წლის 04 მარტს, სასამართლო უწყება - ხელწერილის მეშვეობით. აღნიშნული უწყება-ხელწერილით წარმომადგენელს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს. 2.3. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე მხარე, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე, ქ. ბათუმში, ბ------------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, (საკადასტრო კოდი #0-----------) ლ---ა გ--------–--ეს, ა---------– გ--------–--ესა და გ------ გ--------–--ეს შორის 2015 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამავე უძრავ ქონებაზე ლ---ა გ--------–--ის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე, ჩუქების ხელშეკრულებამდე არსებული მონაცემებით. 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების გ------ გ--------–--ისა და ა---------– გ--------–--ის წარმომადგენელი სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო 2019 წლის 04 მარტს და მას ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 81-82-ე, 85-86-ე, 311-312-ე, 524-ე, 529-ე, 530-ე, 976-ე, 979-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას, შესაბამისად, დამტკიცებულად ჩათვალა. ამასთან, არ არსებობ და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებია:
2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოპასუხეებისათვის სხდომის დრო რომ ცნობილი იყო საჩივრის ავტორი სადაოდ არ ხდის. გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითებს ხელვაჩურის რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომაზე ყოფნას, რაც საპატიოდ ვერ ჩაეთვლება, რადგან აღნიშნულის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, რაც შეეძლო, რადგან 2019 წლის 16 აპრილს სხდომის დანიშვნის შესახებ მისთვის ცნობილი იყო 2019 წლის 4 აპრილს, შესაბამისად, მას შეეძლო ეშუამდგომლა სხდომის გადადების შესახებ (საქართველოს სსკ-ის 215 მუხლი).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხეების წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხედომის თარიღი, უნდა ვივარაუდოთ, რომ სხდომის თარიღი ცნობილი იყო მოპასუხეებისთვისაც, მიუხედავად ამისა, ისინიც არ გამოცხადდენ სხდომაზე, რაც მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ან არსებობს მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება განჩინებით დატოვა ძალაში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ა---------– გ--------–--ის და გ------ გ--------–--ის წარმომადგენელმა რ---- პ-----მ; ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. საჩივრის ავტორმა საქალაქო სასამართლოში წარადგინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმის ასლი და მიუთითა, რომ 2019 წლის 16 აპრილს 14 საათზე მონაწილეობას იღებდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სხდომაზე როლანდ შავაძის და იამზე ბოლქვაძის სამოქალაქო დავის განხილვაში, შესაბამისად, ვერ მოასწრო ხელვაჩაურიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დროული გამოცხადება, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს. 3.2. სააპელაციო საჩივარში აპელანტების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდან სასამართლოს სხდომის დამთავრების შემდეგ გზაზე არსებული ე.წ. ,,საცობების“ გამო, ვერ მოახერხა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დროული გამოცხადება. სატელეფონო კავშირის დამყარებას ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან, რომელიც მის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა, შესაბამისად, შეუძლებელი გახდა სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინება. 2019 წლის 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ ეცნობა მოსამართლის თანაშემწეს თ------ ბ---–-----ს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ლ---ა გ--------–--ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე გ------ გ--------–--ისა და ა---------– გ--------–--ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვისა და საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე. 4.2. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და დანიშნა მოსამზადებელი სხდომები, რომელთა ნაწილიც, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადაიდო. 4.3. საქმეზე ბოლო მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 16 აპრილს 15:30 საათზე, აპელანტების წარმომადგენელს რ---- პ-----ს უწყებები ჩაბარდა 2019 წლის 4 აპრილს. 4.4. საქალაქო სასამართლომ მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. 4.5.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია... განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას... 4.5.2. როგორც აღინიშნა, ხელვაჩაურის სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად, აპელანტების წარმომადგენელი 2019 წლის 16 აპრილს 14:59 საათიდან 15:51 საათამდე მონაწილეობდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში. 4.5.3. ამ ვითარებაში, იმავე დღეს, 15:36 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვაში იგივე პირი მონაწილეობას, სავსებით გასაგები და ყველასათვის ცნობილი მიზეზებით, ვერანაირად მიიღებდა (შდრ. სუსგ: №ას-1047-2018, 30 ნოემბერი, 2018 წელი, პ. 16). 4.5.4. ამრიგად, აპელანტების წარმომადგენელი სხდომაზე განსაკუთრებული და ობიექტური, ე.ი. მისგან დამოუკიდებელი გარემოების გამო ვერ გამოცხადდა. 4.6. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები, რასაკვირველია, ითვალისწინებენ მხარეთა მოსაზრებებს სხდომის თარიღთან დაკავშირებით, თუმცა, საბოლოოდ, მას მაინც თავად განსაზღვრავენ. 4.6.1. ამის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის განხილვის თარიღად, მაინცდამაინც, 2019 წლის 16 აპრილის დადგენის გამო აპელანტის წარმომადგენელს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. 4.7. პალატა არ იზიარებს რაიონული სასამართლოს პოზიციას მხარის მიერ სასამართლოსთვის შეუტყობინებლობის საკითხის თაობაზე. 4.7.1. საქმის მასალების თანახმად, ნათელია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის როგორც დაწყების, ასევე დასრულების მომენტისთვის აპელანტების წარმომადგენელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სხდომაზე იმყოფებოდა, შესაბამისად, სხდომის დაწყებამდე მინიმუმ 35 წუთით ადრე, უკვე წარმომადგენელს აღარ შეეძლო სასამართლოსთვის ეცნობებინა სხდომაზე სავარაუდო დაგვიანების თაობაზე. 4.7.2. თუ აპელანტის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნული საქმის განხილვაში, იგი, ცხადია, ვერ დაესწრებოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სხდომას. 4.7.3. ამგვარად, ზემოხსენებული გარემოება სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის საფუძველი არ არის, მით უფრო, რომ საჩივრის ავტორის მითითებით მცდელობის მიუხედავად, სასამართლოსთან სატელეფონო კომუნიკაცია ვერ განახორციელა. 4.8. როგორც აღინიშნა, ხელვაჩაური რაიონული სასამართლოს სხდომა 2019 წლის 16 აპრილს 15:51 საათზე დასრულდა, საქალაქო სასამართლომ კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება 15:46 საათზე გამოიტანა. 15:51 საათზე სხდომაში ფაქტიურად მონაწილეობის მიღების დამადასტურებელ საბუთს მხარე სასამართლოს 15:30 საათზე, ე.ი. სხდომამდე ოცი წუთით ადრე ბუნებრივი მიზეზების გამო ვერ წარუდგენდა. ამის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ზემოხსენებული მოტივით არ იყო მიზანშეწონილი. 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.10. როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.11. ამის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები არ არსებობდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს. 4.13. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს. 4.13.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს კი საქმე არსებითად არ განუხილავს. ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი სარჩელის საფუძვლიანობაზე იმსჯელოს. 4.14. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე განსახილველად რაიონულ სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს რაიონულ სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– გ--------–--ის და გ------ გ--------–--ის (წარმომადგენელი რ---- პ-----) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.
3. სამოქალაქო საქმე №2-3982/16 ლ---ა გ--------–--ის სარჩელისა გამო, ა---------– გ--------–--ის და გ------ გ--------–--ის წინააღმდეგ, არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
4. საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნას და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე მოსამართლეები თეიმურაზ სიხარულიძე თამარ სვანიძე ირმა პერანიძე