განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
140100118002618986
ინსტანცია
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002618986

საქმე №1ბ/220-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქის პ--------------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ------–-------–----–---------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ------–-----–----–----------------ში, მდებარე მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე, რ---------------ემ მამის ხ--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა - ხელი ერთხელ მოუჭირა ყელში და ჯოხი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ხ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს რ---------------ე მამას - ხ--------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ--------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით:

 

რ---------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

რ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა;

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–--მ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის აღნიშნული მუხლების სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად უთითებს, რომ რ---------------ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არის დადასტურებული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი რ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ---------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ხ--------------ემ და მოწმეებმა ლ--------------------ამ და ლ---------–--მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

რ---------------ემ გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ხ--------------ემ და მოწმეებმა ლ--------------------ამ და ლ---------–--მ, რომელთა ჩვენებების გამოკვლევაც მოითხოვა დაცვის მხარემ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. ხ--------------ე, ლ--------------------ა და ლ---------–-- არიან ის პირები (გამართლებულის ოჯახის წევრები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ---------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

სააპელაციო პალატის აზრით, რ---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ასევე ვერ დაედება საფუძვლად საქმეში არსებული, პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებული დაზარალებულის მიერ ელსმენით განხორციელებული შეტყობინება ოჯახური ძალადობის შესახებ, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელთა მიხედვით, დაზარალებულმა მიუთითა რ---------------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის და მუქარის შესახებ, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ ხ--------------ის კანონით დადგენილი წესით სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ. იმავე საფუძვლით ასევე, ვერ იქნება გაზიარებული ელსმენით განხორციელებული შეტყობინება.

 

როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა ხ--------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის (ხ--------------ის) ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც ხ--------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში. (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სსსკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.

 

რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში, მართალია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული #--------- დასკვნით ხ--------------ეს დაუდგინდა დაზიენებები, მაგრამ იმ გარემოების მხედველობაში მიღბით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირველწყაროს დაზარალებულის სასამართლოში გაკეთებული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ რ---------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მხოლოდ ცალკე აღებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად რ---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეუარცხყოფაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), დაზარალებულის ტანჯვა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და ტანჯვა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია აღნიშნული გარემოებების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ რ---------------ემ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ---------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ რ---------------ემ ჩაიდინა მოცემული დანაშაულები.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა რ---------------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი რ---------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი რ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

რ---------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

რ---------------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ხ----------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო სისხლის ნიმუშები, ხის ჯოხი და ქვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, დადგენიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი