განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
330100119002839590
ინსტანცია
დავის ტიპი
120
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002839590

№1ბ/188-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ვ------ ს---------ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–------------------------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნანა ჯაყელმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ------ ს---------მა ჩაიდინა დანაშაული, თუმცა განუსაზღვრა აშკარად ლმობიერი სასჯელი პირობითი მსჯავრის სახით, რაც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. ვ------ ს---------ის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ქმედების შემდგომ დამნაშავის ყოფაქცევის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, ბრალდების მხარე, სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის მიმართ სასჯელის დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ვ------ ს---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 29 დეკემბერს, დილის საათებში, თ---–--–-----------–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ ვ------ ს---------სა და მის შვილს ო------ ს---------ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რის გამოც, ვ------ ს---------ს შენიშვნა მისცა თავისმა მეუღლემ ი----- ს---------მა. აღნიშნულით გაბრაზებულმა ვ------ ს---------მა, ი----- ს---------ას განზრახ ესროლა და სახის არეში მოახვედრა მინის ბოთლი, რამაც გამოიწვია ი----- ს---------ას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით. ბოთლის მოხვედრის შედეგად, თავის არეში მიღებული დაზიანების გამო, ი----- ს---------ა გადაყვანილი იქნა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ხოლო ვ------ ს---------ი, საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, ვ------ ს---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ვ------ ს---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი----- ს---------ას გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, მოწმეების: ვ-–-------- ჯ----ს, რ----- პ-----ს და ა--- ს---------ას გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული მინის ბოთლით და თავად ვ------ ს---------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ------ ს---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ------ ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ------ ს---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლები და მსჯავრდებულ ვ------ ს---------ს დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან, ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის ზომად, მინიმალურ ზღვარზე 1 წლით მეტი. ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვ------ ს---------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და არ არის ნასამართლევი, დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ჩაუთვალა პირობით, რაც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ საზოგადოებისგან იზოლირების გარეშეც, გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის მიმართ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი ვ------ ს---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ------ ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს თანხის შემტანს.

 

მსჯავრდებულ ვ------ ს---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი, 2018 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებული ვ------ ს---------ი, საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულია და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ------ ს---------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები, 1 (ერთი) ცალი მინის ბოთლი და ი----- ს---------ას სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე