განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 330100119002946088
საქმე N 1ბ/1380-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.02.2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: ვ-–- თ------ა, თ-- გ--------ე, დ----- მ---------–---–ი
დაცვის მხარე: ა-–---------- კ------ე
მსჯავრდებული: ტ-------- მ---------ი (დაბადებული - 1--- წლის 4-----------–ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: რუსეთი, ნ------------კი, ძ---–------ გამზირი N18-ში და მცხოვრები: ქ. თბილისი, მ----------------------------) მიმართ.
თარჯიმანი: იგორ მაისურაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით:
ტ-------- მ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ტ-------- მ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ-------- მ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- კ------ემ და ითხოვა მსჯავრდებულ ტ-------- მ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია მსჯავრდებულ ტ-------- მ---------ის მიმართ. სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე არ გაამახვილა სათანადო ყურადღება. არ არსებობს ფაქტები, რომელიც დაადასტურებს ტ-------- მ---------ის მერ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ფაქტს და უკანონოდ არის მიცემული სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აპელანტი მიუთითებს, განსახილველ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ტ-------- მ---------ის ბრალეულობაში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ტ-------- მ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ტ-------- მ---------ი მის თანამზრახველთან ერთად დარეგისტრირებული იყო საკომუნიკაციო მობილურ აპლიკაციაში, რომლის მეშვეობით ახორციელებდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა-დებდა თბილისის სხვადასხვა უბნებში, რომლის მისამართის და ლოკალიზაციის ფოტოებს, კვლავ მობილური აპლიკაციის საშუალებით უგზავნიდა თანამზრახველს.
აღნიშნული მიზნით, ტ-------- მ---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნივთიერება საერთო წონით 11,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალჰა- პვპ (α-PVP)-ს, რომელიც შემდგომი გასაღების მიზნით, დაანაწილა და დადო - თბილისში, ვ-–--ფ–----–ას მე-3 კვარტალში N4-ე, N5-ე, N6ბ, N8-ე და N11-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისი მისამართების და ლოკალიზაციის ამსახველი ფოტოები კი, კვლავ საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაუგზავნა თანამზრახველს.
ტ-------- მ---------ის დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან მის მიერ გადანაწილებული და სხვადასხვა ადგილას განლაგებული ნარკოტიკული საშუალებები, 2019 წლის 17 მარტს ამოღებული იქნა სამართალდამცავთა მიერ.
სამართლომ დაადგინა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მომზადება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
რაც გამოიხატა შემდეგში:
ტ-------- მ---------ი მის თანამზრახველთან ერთად დარეგისტრირებული იყო საკომუნიკაციო მობილურ აპლიკაციაში, რომლის მეშვეობით განიზრახეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა შენახვა და უკანონოდ გასაღება.
ამ მიზნით, ტ-------- მ---------მა თანამზრახველთან ერთად უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნივთიერება საერთო წონით 11,16 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალჰა- პვპ (α-PVP)-ს, რომელიც შემდგომი გასაღების მიზნით, დაანაწილა და დადო თბილისში, ვ-–--ფ–----–ას მე-3 კვარტალში N4-ე, N5-ე, N6ბ, N8-ე და N11-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისი მისამართების და ლოკალიზაციის ამსახველი ფოტოები კი, საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაუგზავნა თანამზრახველს.
ტ-------- მ---------ის დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან მის მიერ გადანაწილებული და სხვადასხვა ადგილას განლაგებული ნარკოტიკული საშუალებები, გასაღების მომზადების ეტაპზე, 2019 წლის 17 მარტს ამოღებული იქნა სამართალდამცავთა მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამავდროულად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ტ-------- მ---------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
ტ-------- მ---------ის მიერ განხორციელებული ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა---------–--–----–----ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის საქართველოს შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი. მოცემული საქმეზე სამმართველოში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. კერძოდ, ბრალდებულის თანამშრომლობითა და მითითებით, საბურთალოს რაიონში მდებარე სხვადასხვა ლოკაციიდან, ექსპერტების მონაწილეობით ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დაფასოებული და წებოვანი ლენტში გახვეული ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მობილურ ტელეფონში ფოტოსურათების სახით. მივიდნენ დაახლოებით 6 ადგილას, მათ შორის სადარბაზოებში. ბრალდებულმა თავად განმარტა, რომ ნარკოტიკი მან თავად განალაგა კონკრეტულ ადგილებში და თავადვე გადაუღო ფოტოსურათები, რათა ფულის ჩარიცხვის შემდეგ მომხდარიყო მისი რეალიზაცია.
პირველ ინსტანციაში საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, მტკიცებულების გამოთხოვის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი. შესაბამისად ისინი მტკიცებულებად მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2019 წლის 17 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ორი ოქმის შესაბამისად, ერთ შემთხვევაში აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა ტ-------- მ---------ი და თარჯიმანი, ხოლო მე-2 შემთხვევაში ასევე ადვოკატი. ექსპერიმენტისას გამოყენებული იყო ბრალდებულის მობილური ტელეფონის დათვალიერებისას ნანახი კოორდინატები, რომელთა ,,გუგლის“ საძიებო სისტემაში ჩაწერის შედეგად საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირები მივიდნენ - თბილისში, ვ-–- ფ–----–ას მე-3 კვ. მიმდებარე ტეროტორიებზე, სადაც ბრალდებულის მიერ მითითებული კონკრეტული ადგილებიდან ამოღებული იქნა დაფასოებული ნივთიერებები, ბრალდებულის განმარტებით ნარკოტიკული საშუალებები. შესაბამისად ოქმები ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.
საქართველოს შსს საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2019 წლის 17 მარტის N1132/სქ-1289/ქრ და 2019 წლის 18 მარტის N1146/სქ-1303/ქრ დასკვნები და შესაბამისად სასამართლოსაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტიზებზე წარმოდგენილი ტ-------- მ---------ის მითითებით ამოღებული, მოყვითალო-მოთეთრო ფერის კრისტალური ნივთიერები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 11,16 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ (α-PVP).
2019 წლის 16 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, სხვადასხვა პირად ნივთებთან ერთად ტ-------- მ---------ისგან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, 2019 წლის 17 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად კი ტ-------- მ---------ის და თარჯიმნის მონაწილეობით დათვალიერდა ბრალდებულის კუთვნილი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ფოტო გალერეაში ნანახი იქნა სურათები, მითითებული კოორდინატითა და მასზე შემოხაზული კონკრეტული ადგილით. გარდა ამისა, მობილურ ტელეფონში არსებული სატელეფონო აპლიკაცია ,,Wickr Me” დათვალიერებისას ნანახი იქნა მიმოწერა, სადაც საუბარი მიმდინარეობს ,,igoruvanovich-ის“ და ,,bdusveb-ის“ სახელებით დარეგისტრირებულ პირებს შორის, ბრალდებულის განმარტებით ,,bdusveb“ არის თავად და ,,igoruvanovich-ის“ სახელით დარეგისტრირებულ ვინმე რომას ესაუბრება ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული ადგილიდან აღების და დადების შესახებ, ამასთან სწორედ ,,igoruvanovich-ი“ აძლევს კონკრეტულ მითითებებსა და დარიგებას. მიმოწერის თანახმად სწორედ ბრალდებულს აქვს გადაგზავნილი აღნიშნული პირისათვის მის მობილურ ტელეფონში შენახული 50 სურათი, ლოკაციებთან ერთად, თავის მხრივ ,,igoruvanovich-ს“ კი მისთვის გამოგზავნილი აქვს სურათი კოორდინატებით - 42.114608,44.77687, რომელთან დაკავშირებითაც ეუბნება - ,,გიგზავნი შემდეგ პარტიას“.
ტ-------- მ---------მა განმარტა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ტურისტული მიზნებით, დასასვენებლად, თუმცა შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. კერძოდ ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ანგარიშზე უნდა გადაერიცხა კონკრეტული თანხა, ვინაიდან არ იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა, პირველივე შემხვედრი დაიხმარა. 1000 ლარის გადარიცხვის შემდეგ, გაუგზავნეს კოორდინატი და სადარბაზოს ფოტოსურათი, სადაც მივიდა და აიღო ერთი ცალი პაკეტი, მასში მოთავსებული რამდენიმე (არ ახსოვს რამდენი ცალი იყო) მცირე პატარა პაკეტით. ამ ფორმით ნარკოტიკული საშუალება შეიძინა მხოლოდ ერთხელ. რამდენიმე პაკეტი მოიხმარა, დანარჩენი კი ქუჩებში სხვადასხვა ადგილას შეინახა თითო-თითო პაკეტებად, რადგან არ უნდოდა თან ქონოდა მთელი ოდენობა. ამასთან, ერთ ადგილას მოთავსების შემთხვევაში ხედავდა რისკს, რომ შესაძლოა ვინმეს ეპოვა და აეღო. სხვადასხვა ადგილას შენახვის შემთხვევაში კი საჭიროებისას აიღებდა თითო დოზას და მიიღებდა სიამოვნებას. ნარკოტიკული საშუალების განთავსების შემდეგ, ადგილზე გადაღებული ფოტოები გადაუგზავნა სხვას, კერძოდ კი იმ პირს, ვისგანაც შეიძინა, რადგან არ სურდა მობილურ ტელეფონში ჰქონოდა ნარკოტიკებზე გადაღებული ფოტოები და აპირებდა წაშლას. ადგილი კი სადაც ინახავდა, შეიძლება დავიწყებოდა, ფოტოების მიმღები პირი მას შეინახავდა და საჭიროებისას გაუგზავნიდა. 1000 ლარის ნარკოტიკული საშუალება იყიდა, რადგან მშვიდად ყოფილიყო, რომ ჰქონდა გარკვეული რაოდენობა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ნარკოტიკული საშუალების გასაღება არ სურდა და ინახავდა საკუთარი მოხმარებისათვის. რატომ მიუთითა გამოძიების ეტაპზე, რომ სურდა გასაღება არ იცის, არ ესმოდა გამომძიებლის ქართული საუბარი, ამასთან გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ წაუკითხავს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია ტ-------- მ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და პალატა ეთანხმება აღნიშნულ კვალიფიკაციას. ხოლო საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულმა ტ-------- მ---------მა ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მომზადება (და არა მცდელობა), ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას - აღნიშნული დანაშაული დასრულებულია, როდესაც გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, რაც შეიძლება გამოიხატოს სასყიდლიან გადაცემაში, გაჩუქებაში, სხვა ნივთში გაცვლაში და სხვა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე.
შეძენა/შენახვა/გასაღება - გამოიხატება იმაში, რომ მათი ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №331 მითითებულია - ალფა პვპ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილით განმარტებულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რაშიც იგულისხმება, რომ პირთა შორის წინასწარი შეთანხმება უნდა მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ტ-------- მ---------მა ჯგუფურად შეიძინა და ინახავდა მოყვითალო-მოთეთრო ფერის კრისტალურ ნივთიერებას, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 11,16 გრამი, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP) და შემდგომი გასაღების მიზნით, გაანაწილა და დადო თბილისში, ვ-–-- ფ–----–ას მე-3 კვარტალში N4-ე, N5-ე, N6ბ, N8-ე და N11-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მისამართების და ლოკალიზაციის ფოტოები, კვლავ საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაუგზავნა თანამზრახველს, შესაბამისად მან მოამზადა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ გასაღება წინასწარი შეტანხმებით.
მსჯავრდებული ტ-------- მ---------ი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება, განათავსა თბილისში, ვ-–--ფ–----–ას მე-3 კვარტალში N4-ე, N5-ე, N6ბ, N8-ე და N11-ე კორპუსების მიმდებარედ მის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ასევე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი განთავსების კოორდინატები გადაუგზავნა სხვა პირს.
2019 წლის 16 მარტს ბრალდებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა დუშეთის რაიონის სოფელ ბიჩნიგაურის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე და ეს მაშინ, როცა მიმოწერაში მისთვის გაგზავნილი სურათი კოორდინატით - 42.114608,44.77687 და მინაწერით - ,,გიგზავნი შემდეგ პარტიას“, 2019 წლის 5 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად მდებარეობს სწორედ დუშეთის რაიონში, სადაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერება ნანახი ვერ იქნა. აღნიშნული კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ტ-------- მ---------ს თანამზრახველმა მიაწოდა დუშეთის რაიონში ახალი კოორდინატი -,,შემდეგ პარტიისათვის“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულისათვის პირობების განზრახ შექმნა. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადებისათვის.
დანაშაულის მომზადება თავის თავში მოიცავს შესაბამის პირობებს, დანაშაულებრივი საქმიანობის შეწყვეტის პროცესს და იმ მიზეზებს, რომლის საფუძველზე წყდება დანაშაულებრივი საქმიანობა (დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზები - განსახილველ შემთხვევაში - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების ამოღება). რაც შეეხება პირობების განზრახ შექმნას, კონკრეტული ქმედებების მომცველი უნდა იყოს, დანაშაულის მომზადების დროს, დანაშაულებრივი შედეგის გამოწვევისათვის შექმნილ პირობებს ობიექტურად რეალური ხასიათი უნდა ჰქონდეს ( განსახილველ შემთხვევაში ტ-------- მ---------მა ჯგუფურად შეიძინა და ინახავდა მოყვითალო-მოთეთრო ფერის კრისტალურ ნივთიერებას, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 11,16 გრამი, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP), რომელიც 2019 წლის 17 მარტს, ამოღებული იქნა სამართალდამცავთა მიერ. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება მან სხვა პირთან წინასწარ შეთანხმებული სქემით, შემდგომი გასაღების მომზადების მიზნით, გაანაწილა და დადო თბილისში, ვ-–--ფ–----–ას მე-3 კვარტალში N4-ე, N5-ე, N6ბ, N8-ე და N11-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მისამართების და ლოკალიზაციის ფოტოები, კვლავ საკომუნიკაციო მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაუგზავნა თანამზრახველს).
საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად არის დადასტურებული, რომ ტ-------- მ---------ის მიერ სხვადასხვა ადგილებზე მოთავსებული და გასაღებისთვის გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ალჰა- პვპ (α-PVP)-ს შემცველი, საერთო წონით 11,16 გრამი ნივთიერება, 2019 წლის 17 მარტს მისივე მითითებით ამოღებული იქნა სამართალდამცავების მიერ.
დანაშაულის მომზადებად კვალიფიკაციისას, აუცილებელია რეალური და კონკრეტული პირობების შექმნა, რომელიც მოგვიანებით ხელყოფს დაცულ სამართლებრივ სიკეთეს. განზრახვა დანაშაულის მომზადების დროს მიმართულია არა მოსამზადებელ მოქმედებაზე, არამედ დანაშაულებრივი შედეგის განხორციელებაზე.
დანაშაულის მომზადებისა და მცდელობის ერთმანეთისაგან გასამიჯნად უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში ის, თუ მცდელობის შინაარსი როგორ არის გადმოცემული სისხლის სამართლის კოდექსში . სისხლის სამართლის მე-19 მუხლში მითითებულია მცდელობის ორ ობიექტურ ნიშანზე, პირველი მდგომარეობს იმაში რომ მცდელობა უშუალოდ მიმართული უნდა იყოს დანაშაულის ჩასადენად და მეორე დანაშაული არ უნდა იქნეს მიყვანილი ბოლომდე. განსხვავებით დანაშაული მცდელობისაგან, მომზადების სტადიაზე პირს ჯერ კიდევ არ აქვს დაწყებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება. დანაშაულის მცდელობა ისეთი განზრახი ქმედებაა, რომელიც მიმართულია დანაშაულის ჩასადენად ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების გზით. ტ-------- მ---------ის მიერ კი ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ჩასადენად ქმედების ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებას, მან სხვა პირთან ერთად წინასწარ შემუშავებული სქემით ნარკოტიკლი საშუალების სამომავლოდ გასაღების პირობები შექმნა განზრახ, ანუ სახეზეა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, პირველი ინსტანციის სასამრთლო დაეყრდნო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ტ-------- მ---------მა ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შეიძინა და შეინახა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოამზადა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, აღნიშნულს კი ადასტურებს თანამზრახველის შეტყობინება- ,,გიგზავნი შემდეგ პარტიას“; პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლიც ჩატარდა დუშეთის რაიონში და თანამზრახველის მიერ მიწოდებული კოორდინატი, რომელიც როგორც აღინიშნა ასევე მდებარეობს დუშეთში და ეს მაშინ, როცა ბრალდებულს კონკრეტულ ადგილებში - თბილისში, ვ-–--ფ–----–ას მე-3 კვარტალში N4-ე, N5-ე, N6ბ, N8-ე და N11-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, გასაღების მომზადების მიზნით უკვე განთავსებული ჰქონდა ნარკოტიკულ საშუალება ალჰა-პვპ (α-PVP)-ს შემცველი ნივთიერება, საერთო წონით 11,16 გრამი, აღნიშნული მოცემულობა კი ცალსახად ადასტურებს, რომ ტ-------- მ---------ი მოქმედებდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ხსენებული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების მოსამზადებლად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ტ-------- მ---------მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენში და ტ-------- მ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი ტ-------- მ---------ის მიმართ, უნდა შეიცვალოს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ ტ-------- მ---------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
სასაჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ტ-------- მ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე ამოღებული და უკანონო ბრუნვაში მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალებების სახეობებს - ალფა პვპ, რომლებიც შესულია სამოქალაქო ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაშიდა მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ტ-------- მ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალურ ზღვართან რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ტ-------- მ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ნოდარ მახნიაშვილის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას. პალატა მიიჩნევს, რომ განსაზღვრული სასჯელი ტ-------- მ---------ის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ტ-------- მ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, 2 ცალი მობილური ტელეფონი უნდა გადაეცეს კანონიერ მფლობელს, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, 4 ცალ დისკზე, 4 პაკეტად, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ დისკზე, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო სასამართლო სხდომის ოქმი 1 ცალ დისკზე და საფულე ზურგჩანთა და მასში მოთავსებული პასპორტის ასლები და პირადი ნივთები, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებული ტ-------- მ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-–---------- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენში ტ-------- მ---------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ტ-------- მ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
ტ-------- მ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ტ-------- მ---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით, რის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ტ-------- მ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნიდრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
· ორი ცალი მობილური ტელეფონი, გადაეცეს კანონიერ მფლობელს.
· საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, 4 ცალ დისკზე, 4 პაკეტად, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· სასამართლო სხდომის ოქმი 1 ცალ დისკზე და საფულე ზურგჩანთა და მასში მოთავსებული პასპორტის ასლები და პირადი ნივთები, დაუბრუნდეს მფლობელს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი