განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003180230
საქმე №1ბ/223-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების კასპის რაიონი, სოფელ ქ---------–-ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თ--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ--------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თ--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ--------------–---–მა მეუღლეს ლ-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - მოქაჩა თმებზე, თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის თ--------------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა თ--------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა არათუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა თ--------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, თენგიზ ისრგიშვილის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტმა განმარტა, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან თ--------------–---–ის მიმართ შერაცხული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ურთიერთშეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით. აპელანტის მითითებით, გამოძიების საფუძველი გახდა შეტყობინება, რომ ლ------------–---–ის მიმართ ოჯახის წევრის მხრიდან ხორციელდება ძალადობა და ოჯახში არის კონფლიქტი. დანაშაული ასევე დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმების ნამდვილობა დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ და დადგენილია, რომ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. აგრეთვე, მოწმეების - ი-–---------–---–ის, გ-------------–---–---–ის ოქმებით დადასტურებულია თ--------------–---–ის მიერ ლ-----------–---–ის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ლ-----------–---–ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი ასევე დადასტურებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით.
აპელანტის მითითებით, მართალია დაზარალებულმა ლ-----------–---–მა და მოწმე დ----------------–---–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა, ოჯახური დანაშაული მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს და სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა გაზიარების ნაწილში აპელანტმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს №561აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები - ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ლ------------–---–ის შეტყობინება და გამოძიების დროს გამომძიებლებისთვის და ექსპერტებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და ა. შ.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ თ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ-------------–-–---–მა, რომელმაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს თ--------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ--------------–---–ის მიერ ლ-----------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. აპელანტის მიერ თ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ მის ბრალეულობას.
პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ თ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ ლ-----------–---–ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმი, რომელიც თ--------------–---–ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ამასთან, მართალია მოწმე დ----------------–---–ი არ ყოფილა ფაქტის თვითმხილველი, თუმცა მანაც უარი განაცხადა სასამართლოში მამის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.
აპელანტი თ--------------–---–ის ბრალის დამადასტურებლად უთითებს №2------ შეტყობინებას, რომლის თანახმად, ლ-----------–---–ის მიმართ მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში და წარმოადგენს ლ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს. საცხოვრებელი სახლის ჭიშკრისკენ 3 მეტრის მოშორებით ლ-----------–---–მა მიუთითა ეზოს იმ ადგილზე, სადაც მას მეუღლემ თმები მოქაჩა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულ მტკიცებულებებთან მიმართებაში, პალატა განმარტავს, რომ ყველა მათგანი ეფუძნება დაზარალებულ ლ-----------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა მათში ასახული ფაქტები. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობის თვალსაზრისით, ისინი ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მაღალ სტანდარტს.
აპელანტმა ასევე მიუთითა უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე - მოწმეების ი-–---------–---–ისა და გ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებზე, რომლებიც არიან შსს კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები და რომლებიც ლ-----------–---–ის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ მის სახლთან გამავალ საავტომობილო გზასთან, სადაც გზაზე დახვდათ აღელვებული ქალბატონი. მან უთხრა, რომ მეუღლემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახლის ეზოში. აღნიშნულ ჩვენებებთან მიმართებით, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. აპელანტის მიერ დასახელებული მოწმეები კი არ არიან ფაქტის თვითმხილველები, შესაბამისად, მათი ჩვენებები თავისი შინაარსით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
აპელანტი მიუთითებს, რომ დაზარალებულ ლ-----------–---–ისა და მოწმე დ----------------–---–ის მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ თ--------------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და მიუთითებს მოწმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომლებთან დაკავშირებით სასამართლო ცალ-ცალკე იმსჯელებს, კერძოდ:
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 05 აგვისტოს 12:00 სთ-ზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის, მოქ. ლ-----------–---–ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. პალატას მიაჩნია, რომ დაზიანების არსებობის მიუხედავად, ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, თ--------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშნის - ტკივილის განცდის ინდივიდუალურობასთან დაკავშირებით პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი დადასტურებული უნდა იქნეს თავად მოწმის მიერ, რასაც, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
პალატა ცალკე ყურადღებას მიაპყრობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დამოუკიდებელ მტკიცებულებად ჩათვლის საკითხს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი გახდა მოწმე ლ-----------–---–ისაგან გამოკითხვის ოქმი. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ლ-----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. შესაბამისად, პალატა შეუძლებლად მიიჩნევს იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემავსებელ მტკიცებულებად ჩათვლას, რომელშიც გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა. დასახელებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით შემოწმებითი ხასიათისაა და ამ საგამოძიებო მოქმედების დროს სხვა სახის დამატებითი მტკიცებულება არ გამოვლენილა. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმესთან არარელევანტურია აპელანტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №561აპ-15 გადაწყვეტილებაზე მითითება, ვინაიდან მასში მოწესრიგებული სამართლებრივი საკითხები შეუსაბამოა განსახილველი სისხლის სამართლის საქმესთან, თ--------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია არა გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის, არამედ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესამოწმებლად, რომელიც მან არ დაადასტურა სასამართლოზე საქმის განხილვისას.
პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ თ--------------–---–მა განახორციელა მეუღლის მიმართ ძალადობა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თ--------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. დასახელებულ მუხლის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებები იმავდროულად უნდა შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია თ--------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა ითვალისწინებს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ--------------–---–ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება თ--------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი თ--------------–---–ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თ--------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.
გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე