განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001470062
საქმე №3ბ/2393-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი, ლაშა თავართქილაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ჯ--------------------''
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ--------------------ს'' სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის №3185 ბრძანებით დაინიშნა შპს „ჯ--------------------ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, თანდართული პროგრამის მიხედვით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე, წლიური მოგებისა და ქონების გადასახადის ნაწილში კი - 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდი. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 9 თებერვლიდან 2015 წლის 8 მაისის ჩათვლით.
2015 წლის 6 თებერვლის №3185 ბრძანებას ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბ-------------------.
3.1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 8 მაისის №15564 ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის №3185 ბრძანებით დანიშნული შპს „ჯ--------------------ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეჩერდა.
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 მაისის №16567 ბრძანებით განახლდა 2015 წლის 8 მაისის №15564 ბრძანებით შეჩერებული შპს „ჯ--------------------ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმება განახლდა 2015 წლის 18 მაისიდან და შემოწმების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 3 ივლისის ჩათვლით. ასევე ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის №3185 ბრძანებაში და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2012 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე, წლიური მოგებისა და ქონების გადასახადის ნაწილში კი - 2012, 2013 და 2014 წლების საანგარიშო პერიოდი.
ბრძანების საფუძვლად მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-7 სამმართველოს 2015 წლის 15 მაისის №64115-21-14 მოხსენებითი ბარათი და „შემოსავლების სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელზე უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 მაისის №16567 ბრძანებას ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბ-------------------.
3.1.4. შპს „ჯ--------------------ს“ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოცემულ იქნა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის №33305 ბრძანება და საწარმოს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 3 სექტემბრის №094-350 საგადასახადო მოთხოვნა.
3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანებით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბ------------------ს მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის №14997 ბრძანებით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბ------------------ს მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება. ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანება.
დადგენილია, რომ 2014 წლის 14 მარტის №14997 ბრძანებას ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის უფროსი ი-----–------------.
3.1.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 ნოემბრის №48116 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 63-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს - ბ------------------ს მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, ხელი მოეწერა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებისთვის.
3.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 3 თებერვლის №2592 ბრძანებით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ბ------------------ს მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, ხელი მოეწერა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებისთვის. ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის №14997 ბრძანება.
3.1.9. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 მარტის №6790 ბრძანებით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ბ------------------ს მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, ხელი მოეწერა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებისთვის. ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 3 თებერვლის №2592 ბრძანება.
დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის 5 მარტის №6790 ბრძანებას ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გ---------------–---–-.
3.1.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 მარტის №6790 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 5 თებერვლის №2773 ბრძანებით.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 მაისის №16567 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის არარად აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე.
4.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამრთლომ განმარტა, რომ არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ მოქმედებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების განსხვავებული და განსაკუთრებული რეჟიმი, რაც გამოწვეულია არარა აქტების მიმართ კანონით დადგენილი საფუძვლების სპეციფიკით, რომელიც მოიცავს ამომწურავ ჩამონათვალს და რომელთა არსებობაც შეუძლებელს ხდის აქტის შესრულებას ან აქტის შესრულება იწვევს საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის დარღვევას. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი არ ითვალისწინებს არარა აქტის გასაჩივრების ვადას, იგი ვერ იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და ვერ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს. აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია და არა უფლებამოსილი, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას არარად აღიაროს აქტი და კანონმდებელი რაიმე დათქმას პირთა უფლებების შეზღუდვასა და აქტის ადრესატის ინტერესის გამოკვლევაზე მითითებას არ აკეთებს, ვინაიდან არარა ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი არ გამოიყენება და იგი ყოველთვის ახდენს გავლენას სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ მესამე პირთა უფლებებზე. შესაბამისად, არარა აქტი ვერ იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და აქტით განსაზღვრული მოწესრიგება არ შეიძლება ძალაში შევიდეს, როგორც საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო მოვლენა, ხოლო აქტის არარად აღიარება მიზნად ისახავს მისი იურიდიული ძალამოსილების არმქონე დოკუმენტად დადასტურებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამგვარი აქტის აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო აღსრულების შემთხვევაში – მისი შედეგების გაქარწყლება.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ აქტის არარად აღიარება დამოკიდებულია გამოცემული აქტის უკანონობის ხარისხზე, რამეთუ აქტის არარად აღიარებას იწვევს მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, მათ შორის, აქტის გამოცემა არაუფლებამოსილი პირის მიერ. ვინაიდან არარა აქტის გამოცემა, მოქმედება თუ აღსრულება დაკავშირებულია კანონის განსაკუთრებით მაღალი ხარისხის დარღვევასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად.
მოსარჩელე სადავო ბრძანების არარად აღიარების საფუძვლად მიუთითებს, რომ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან 2015 წლის 15 მაისის №16567 ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანება, რომელიც გამოცემულ იქნა ირაკლი გვარამაძის მიერ, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა 2014 წლის 8 დეკემბრიდან ეკავა გ---------------–---–ს. გარდა ამისა, შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო განსახილველ შემთხვევაში მსგავსი შეთანხმების არსებობა დადასტურებული არ არის.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლის განხორციელება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 თებერვლის №3185 ბრძანებით დაინიშნა შპს „ჯ--------------------ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეჩერდა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 8 მაისის №15564 ბრძანებით, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 მაისის №16567 ბრძანებით განახლდა შპს „ჯ--------------------ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2015 წლის 18 მაისიდან და შემოწმების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
დადგენილია, რომ 2015 წლის 15 მაისის №16567 ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია „შემოსავლების სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელზე უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანება და მას ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბ-------------------.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სამართლებრივ სტატუსსა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მოახდინოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად კი, საგადასახადო ორგანოს უფროსს შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს მიანიჭოს კონკრეტული უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.
მითითებული ნორმების განმარტების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფროსის კომპეტენციას განეკუთვნება გასვლითი საგადასახადო შემოწმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მასთან შეთანხმებას საჭიროებს შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელებაც. ამასთან, სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის სამსახურის სხვა თანამშრომელზე დელეგირება. კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე გამონაკლისს, რომლის დელეგირების უფლებამოსილებაც სამსახურის უფროსს არ შეუძლია. უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს შემსრულებლისათვის კონკრეტული უფლების გადაცემას, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კანონით შესაძლებელია, პირს თავისი თანამდებობიდან გამომდინარე არ გააჩნდეს კონკრეტული უფლებამოსილება, თუმცა ასეთი უფლების მქონე პირის მხრიდან აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება მას აღჭურავს ასეთის განხორციელების უფლებით. ამრიგად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, თანამშრომელზე მოახდინოს როგორც შემოწმების დაწყების, ასევე შემოწმების ვადის გაგრძელების უფლების დელეგირება, ვინაიდან, მას, საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე გააჩნია მსგავსი უფლებამოსილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია 2015 წლის 15 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბ-------------------ს მიერ, ხოლო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ ბ------------------ს მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, თუმცაღა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას „შემოსავლების სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელზე უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანება იყო ძალადაკარგული. კერძოდ, იგი ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის №14997 ბრძანებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
ამრიგად, 2014 წლის 14 მარტიდან 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანების მოქმედება იყო შეწყვეტილი და ბ------------------- უფლებამოსილი არ იყო, 2014 წლის 14 მარტიდან განეხორციელებინა რაიმე ქმედება №8531 ბრძანების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ 2014 წლის 18 თებერვლის №8531 ბრძანება არ შეიძლებოდა გამხდარიყო შემოწმების განახლებისა და ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოცემის საფუძველი.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 მარტის №6790 ბრძანებაზე, რომელიც გამოცემულია გ---------------–---–-ს მიერ და რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ბ------------------ს მიენიჭა უფლებამოსილება, განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება - შემოწმების ვადის გაგრძელებისა და შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელების თაობაზე თანხმობის გაცემისა.
ამდენად, დადგენილია, რომ მითითებული ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც კანონის შესაბამისად ჰქონდა უფლება, თანამშრომლისათვის გადაეცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება. გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას 2015 წლის 5 მარტის №6790 ბრძანება იყო მოქმედი და ამდენად, მის საფუძველზე ბ------------------- უფლებამოსილი იყო, გამოეცა შემოწმების განახლებისა და ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, კანონში მითითებულია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმების არსებობის სავალდებულოობაზე, თუმცაღა საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვადის გაგრძელება მოხდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ კონკრეტულად იმ უფლებამოსილებათა ფარგლებში, რომლებიც მას მიენიჭა სწორედ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ. სასამართლომ მიიჩნია, რომ 264-ე მუხლში აღნიშნული შეთანხმება იმგვარად არ უნდა იქნას გაგებული, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი, ცალკე დოკუმენტის არსებობა მსგავსი შეთანხმების შესახებ და იგი აუცილებლად ვადის გაგრძელების შესახებ კონკრეტული ბრძანების თუ მისი პროექტის მიღების შემდეგ უნდა იქნას შეთანხმებული. სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმება შეიძლება გამოიხატოს წინასწარ თანხმობაშიც, რასაც უთანაბრდება 2015 წლის 5 მარტის №6790 ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილება, რამეთუ შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოხატა ნება, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს და ვინაიდან ბ------------------- მოქმედებდა სწორედ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დამატებითი საჭიროება და აუცილებლობა შემოწმების ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებისა ვერ იარსებებდა.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 მაისის №16567 ბრძანების არარად აღიარების საფუძველი ვერ გახდება მისი გამოცემის საფუძვლად იმ ბრძანების მითითება, რომლითაც გასაჩივრებული აქტის გამომცემს უფლება არ ჰქონდა, გამოეცა აღნიშნული აქტი, რადგან აქტის არარად აღიარება ვერ გამოიწვევს მისი მომზადებისა თუ გამოცემისას შეცდომის დაშვება, აქტში ტექნიკური შეცდომის არსებობა, არამედ განმსაზღვრელია რეალურად, კანონმდებლობის შესაბამისად იყო თუ არა კონკრეტული პირი უფლებამოსილი, გამოეცა მსგავსი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში დასტურდება. ამდენად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
5.1. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია შემდეგი:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 06 თებერვლის #3185 ბრძანებით შპს ,,ჯ-------------------ში'' დაინიშნა გასვლითი საგადასახადო შემოწმება და შემოწმების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 09 თებერვლიდან 08 მაისის ჩათვლით. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 მაისის #15564 ბრძანებით შეჩერდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 მაისის ბრძანებით შპს ,,ჯ-------------------ში'' განახლდა შეჩერებული გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2015 წლის 18 მაისიდან და ვადა გაგრძელდა 2015 წლის 03 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების (#16567) თანახმად, მისი გამოცემის საფუძველი გახდა ,,შემოსავლების სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელზე უფლებამოსილების დელეგირების შესახებ'' 2014 წლის 18 თებერვლის #8531 ბრძანება. 2015 წლის 15 მაისის ბრძანებას ხელს აწერს ბ-------------------, რომელსაც სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის #8531 ბრძანებით მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის 18 თებერვლის #8531 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის ბრძანებით. ამდენად, 2014 წლის 18 თებერვლის ბრძანება არ შეიძლებოდა გამხდარიყო შემოწმების განახლების და ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოცემის საფუძველი. შესაბამისად, სადავოდ გამხდარი 2015 წლის 15 მაისის #16567 ბრძანება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ და წარმოადგენს არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
გარდა ამისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გამომდინარე, შემოწმების ვადის გაგრძელება 18 მაისიდან 03 ივლისამდე, საჭიროებდა შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, ინდივიდუალური აქტის გამოცემის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში კი, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანხმობა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, რის გამოც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, სადაოა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 მაისის #16567 ბრძანების კანონიერება. კერძოდ, აპელანტი მიიჩნევს, რომ აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან სადაო აქტში მისი გამოცემის საფუძვლად მითითებული ბრძანება (2014 წლის 18 თებერვლის #8531 ბრძანება) აქტის გამოცემის დროისთვის იყო ძალადაკარგული, ამასთან, არ არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული, თანხმობა შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 06 თებერვლის ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ჯ--------------------ს'' გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეჩერებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 მაისის ბრძანებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 მაისის #16567 ბრძანებით კი, განახლდა შეჩერებული საგადასახადო შემოწმება, ასევე გაგრძელდა შემოწმების ვადა.
დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის 15 მაისის #16567 ბრძანებას ხელს აწერს ბ-------------------, მისი უფლებამოსილების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია - 2014 წლის 18 თებერვლის #8531 ბრძანება ,,შემოსავლების სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელზე უფლებამოსილების დელეგირების შესახებ''. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 18 თებერვლის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 მარტის #14997 ბრძანებით ანუ სადაო აქტის გამოცემის დროისთვის ბ------------------ს არ გააჩნდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 თებერვლის ბრძანების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სადაო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედებდა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 05 მარტის #6790 ბრძანება, რომლის საფუძველზეც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს - ბ------------------ს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება - შემოწმების ვადის გაგრძელებისა და შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელების თაობაზე თანხმობის გაცემისა. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 05 მარტის #6790 ბრძანება ხელმოწერილია სსიპ შემოსავლების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის - გ---------------–---–-ს მიერ.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იყო მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლება დელეგირების საფუძველზე გადაეცა სსიპ შემოსავლების სამსახურის სხვა თანამშრომლისთვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო შემოწმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნებოდა შემოსავლების სამსახურის უფროსის კომპეტენციას და მასთან, შეთანხმებას საჭიროებდა შემოწმების ვადის გაგრძელების საკითხიც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სადაო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიმე გამონაკლისს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული რომელიმე საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირების საფუძველზე გადაცემასთან დაკავშირებით.
ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტის უფლება დელეგირების საფუძველზე გადაეცა ბ-------------------სთვის. შესაბამისად, 2015 წლის 05 მარტის #6790 ბრძანება გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც კანონის შესაბამისად ჰქონდა უფლება, თანამშრომლისათვის გადაეცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება. გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას 2015 წლის 5 მარტის №6790 ბრძანება იყო მოქმედი და ამდენად, მის საფუძველზე ბ------------------- უფლებამოსილი იყო, გამოეცა შემოწმების განახლებისა და ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება. ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ აქტის მომზადებისას თუ გამოცემისას შეცდომის დაშვება, აქტში ტექნიკური შეცდომის არსებობა, ვერ გახდება აქტის არარად აღიარების საფუძველი. აქტის არარად აღიარებისთვის განმსაზღვრელია რეალურად, კანონმდებლობის შესაბამისად იყო თუ არა კონკრეტული პირი უფლებამოსილი, გამოეცა მსგავსი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მიუხედავად სადაო აქტში დაშვებული შეცდომისა, ბ------------------- სამართლებრივად უფლებამოსილი იყო გამოეცა სადაო ბრძანება. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების არარად აღიარების დასახელებული საფუძველი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტი სადაო აქტის არარად აღიარებას ასევე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი განმარტებით, საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების საკითხი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
საქართველოს საგადასახადადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გასვლითი საგადასახადო შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 05 მარტის #6790 ბრძანებით ბ------------------ს მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება. ამდენად, დასახელებული საკითხის (საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელება) გადაწყვეტაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ბ-------------------. ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანება გამოცემული იქნა თავად ბ-------------------ს ანუ ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, შემოწმების ვადის გაგრძელების საკითხი დამატებით შეთანხმებას არ საჭიროებდა. ამასთან, ვინაიდან 2015 წლის 05 მარტის ბრძანებით შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოხატა ნება, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, ხოლო ბ------------------- მოქმედებდა სწორედ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოხატული ნების საფუძველზე და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, დამატებითი საჭიროება და აუცილებლობა შემოწმების ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებისა არსებობდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობდა სადაო აქტის არარად აღიარების და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. შპს ,,ჯ--------------------ს'' მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 150 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჯ--------------------ს'' სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე (თავმჯდომარე) ლევან მურუსიძე
მოსამართლეები მანანა ჩოხელი
ლაშა თავართქილაძე