განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2020
საქმის ნომერი
330310019002927001
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002927001

საქმე №3ბ/2825-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ცი--–- ბა---–---–-

წარმომადგენლები - გოგუცა კუპატაძე, ირაკლი ბიბილაშვილი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ცი--–- ბა---–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №04/2607 გადაწყვეტილება, ცი--–- ბა---–---–-სთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ცი--–- ბა---–---–-სთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნის შესახებ და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს სახელმწიფო კომპენსაციის თანხა მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი);

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2016 წლის 21 ოქტომბერს წარდგინებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სასამართლოს ყოფილი წევრის, გარდაცვლილი ნი----–---- ჩე-------–---–ის ქვრივის, ცი--–- ბა---–---–-სთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე (ს.ფ. 77).

 

ცი--–- ბა---–---–მა 2016 წლის 26 ოქტომბერს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის, გარდაცვლილი ნი----–---- ჩე-------–---–ის მეუღლემ და მარჩენალის დაკარგვის საფუძვლით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ცი--–- ბა---–---–-სთვის დასანიშნი სახელმწიფო კომპენსაცია განისაზღვრა 900 ლარით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2016/1 გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ცი--–- ბა---–---–-სთვის, მარჩენალის - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ნი----–---- ჩე-------–---–ის გარდაცვალების გამო დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან და 2016 წლის 15 სექტემბრიდან ცი--–- ბა---–---–-სთვის გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრა 560 ლარით (ს.ფ. 64-65);

 

ცი--–- ბა---–---–მა 2019 წლის 16 იანვრის №5127 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის - მეუღლის კომპენსაციის 75%-ის დანიშვნა და განსხვავებული თანხის კომპენსაციის დანიშვნიდან დღემდე ანაზღაურება მოითხოვა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის N04/2607 გადაწყვეტილების თანახმად, ცი--–- ბა---–---–ს 2019 წლის 16 იანვრის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და ანაზღაურებული თანხის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა, კერძოდ: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ სასამართლოს კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2016/1 გადაწყვეტილების საფუძველზე, ცი--–- ბა---–---–-სთვის 900 ლარის ოდენობით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის თანხა, შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან და 2016 წლის 15 სექტემბრიდან ცი--–- ბა---–---–-სთვის გასაცემი კომპენსაცია განისაზღვრა 560 ლარის ოდენობით (ს.ფ. 70, 75-76).

 

ცი--–- ბა---–---–მა სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2016/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №04/2607 გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ცი--–- ბა---–---–ს 2016 წლის 15 სექტემბრიდან დაენიშნება კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია 900 ლარის ოდენობით (1200 ლარის 75%); დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს ცი--–- ბა---–---–ს განსხვავებული თანხა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნიდან - 2016 წლის 15 სექტემბრიდან დღემდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ცი--–- ბა---–---–-ს სარჩელზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2016/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესხებ, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის, გარდაცვლილი მოსამართლის - ნი----–---- ჩე-------–---–ის მეუღლეს. ასევე დადგენილია, რომ ნი----–---- ჩე-------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 15 სექტემბერს და მისი მეუღლე - ცი--–- ბა---–---–- კომპენსაციის დანიშვნას ითხოვდა მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით, რაც განხორციელდა, კერძოდ, მარჩენალის დაკარგვის საფუძვლით, ცი--–- ბა---–---–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 900 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2016/1 გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ცი--–- ბა---–---–-სთვის, მარჩენალის - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ნი----–---- ჩე-------–---–ის გარდაცვალების გამო დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან და 2016 წლის 15 სექტემბრიდან ცი--–- ბა---–---–-სთვის გასაცემი კომპენსაცია 560 ლარით განისაზღვრა.

 

2019 წლის 16 იანვარს, ცი--–- ბა---–---–მა №5127 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის - მეუღლის კომპენსაციის 75%-ის დანიშვნა და განსხვავებული თანხის კომპენსაციის დანიშვნიდან განცხადების წარდგენის დღემდე ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №04/2607 გადაწყვეტილებით ცი--–- ბა---–---–-სთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობა მიჩნეული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნულად და მას უარი ეთქვა ანაზღაურებული თანხის ოდენობის გადასინჯვაზე, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მოტივით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

 

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელისათვის დასანიშნი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2016/1 გადაწყვეტილებით, ცი--–- ბა---–---–-ს მიმართ გასაცემმა თანხის ოდენობამ საბოლოოდ 560,00 ლარი შეადგინა და ამ ნაწილში მოპასუხემ იხელმძღვანელა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად.

 

აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

 

ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა კანონის მითითებული დათქმით სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით და განმცხადებელს სახელმწიფო კომპენსაცია დაუნიშნა 560 ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, ხოლო მე-20 მუხლი - სპეციალურ ნორმას, რომელიც უშუალოდ ეხება გარდაცვლილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი) შრომისუუნარო მეუღლეს და ადგენს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესს (კომპენსაცია ინიშნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს მსგავსი კატეგორიის პირთათვის კომპენსაციის თანხის ოდენობას. სასამართლოს დასკვნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად შეაფასა სამართლებრივი გარემოებები, რამდენადაც სპეციალურ ნორმასთან მიმართებაში უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლითაც დადგენილია სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა და სპეციალური დათქმის/ნორმის უგულებელყოფით მიიღო სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ამ ნაწილში.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად; კერძოდ, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

საქმის მასალებით რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ცი--–- ბა---–---–-ს სარჩელზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2016/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სასამართლოს მიერ არსებითად არ შეფასებულა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2016/1 გადაწყვეტილება, რომლითაც ცი--–- ბა---–---–ს 560,00 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა. შესაბამისად, სასამართლო 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას მიიჩნევს უკანონოდ მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცი--–- ბა---–---–-ს 2019 წლის 16 იანვრის განცხადება 2019 წლის 1 თებერვლიდან (კომპენსაციის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 16 იანვრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) კომპენსაციის - 900 ლარის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №04/2607 გადაწყვეტილება, ცი--–- ბა---–---–-სთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ცი--–- ბა---–---–-სთვის კანონით გათვალისწინებული ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის (900 ლარი, 1200 ლარის 75%) 2019 წლის 1 თებერვლიდან (განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) დანიშვნის შესახებ და ამავე პერიოდიდან აუნაზღაუროს სახელმწიფო კომპენსაციის თანხა მიუღებელი სხვაობის სახით (900-560 ლარი).

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტარციული ორგანო (სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო), ხოლო ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებში შედის კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გაანაგარიშება. აქედან გამომდიანრე, კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო (სააგენტო) ახორციელებს არამარტო სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნას, არამედ პირველ რიგში სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო) საჭირო დოკუმენტების გადმოგზავნისა და შესწავლის შემდეგ, განსაზღვრავს პირის უფლებას სახელმწიფო კომპენსციაზე. შესაბამისად, მოქმედი კანონდებლობის თანახმად, კომპენსაციისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოს (სააგენტოს), რომელიც საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას კომპენსაციის დანიშვნაზე, განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირობებს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ცი--–- ბოძოშვილს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 19 სექტემბრიდან. ,,სახელმწიფო კომპენსაციის და და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლესა და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75% ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილი მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიურის სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“ ან ,,პ“ ქვეპუნქტით გასაზღვრული კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

 

აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი განეხილა საკითხი, რომელიც ეხება სახელმწიფო კომპენსაციის გადასინჯვის საკითხს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია კომპენსაციის/სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები, მათ შორის, პირთა წრე, ვის შეიძლება დაენიშნოს კომპენსაცია და ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ხდება კომპენსაციის დანიშვნა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, ხოლო პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის საფუძვლები და ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის, გარდაცვლილი მოსამართლის - ნი----–---- ჩე-------–---–ის მეუღლეს. დადგენილია, რომ ნი----–---- ჩე-------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 15 სექტემბერს და მისი მეუღლე - ცი--–- ბა---–---–- კომპენსაციის დანიშვნას ითხოვდა მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით, რაც განხორციელდა, კერძოდ, მარჩენალის დაკარგვის საფუძვლით, ცი--–- ბა---–---–ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 900 ლარის ოდენობით, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2016/1 გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ცი--–- ბა---–---–-სთვის, მარჩენალის - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის - ნი----–---- ჩე-------–---–ის გარდაცვალების გამო დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან და 2016 წლის 15 სექტემბრიდან ცი--–- ბა---–---–-სთვის გასაცემი კომპენსაცია 560 ლარით განისაზღვრა.

 

2019 წლის 16 იანვარს, ცი--–- ბა---–---–მა №5127 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის - მეუღლის კომპენსაციის 75%-ის დანიშვნა და განსხვავებული თანხის კომპენსაციის დანიშვნიდან განცხადების წარდგენის დღემდე ანაზღაურება მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №04/2607 გადაწყვეტილებით ცი--–- ბა---–---–-სთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობა მიჩნეული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნულად და მას უარი ეთქვა ანაზღაურებული თანხის ოდენობის გადასინჯვაზე, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის მოტივით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, ხოლო მე-20 მუხლი - სპეციალურ ნორმას, რომელიც უშუალოდ ეხება გარდაცვლილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი) შრომისუუნარო მეუღლეს და ადგენს კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის წესს (კომპენსაცია ინიშნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით). შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს მსგავსი კატეგორიის პირთათვის კომპენსაციის თანხის ოდენობას. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად შეაფასა სამართლებრივი გარემოებები, რამდენადაც სპეციალურ ნორმასთან მიმართებაში უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლითაც დადგენილია სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა და სპეციალური დათქმის/ნორმის უგულებელყოფით მიიღო სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება ამ ნაწილში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად; კერძოდ, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით ცი--–- ბა---–---–-ს სარჩელზე, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2016/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არსებითად არ შეფასებულა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2016/1 გადაწყვეტილება, რომლითაც ცი--–- ბა---–---–ს 560,00 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 22 იანვრის №04/2607 გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცი--–- ბა---–---–-ს 2019 წლის 16 იანვრის განცხადება 2019 წლის 1 თებერვლიდან (კომპენსაციის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 16 იანვრის განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) კომპენსაციის - 900 ლარის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურების შესახებ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი