განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100118002451131
ინსტანცია
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002451131

საქმე №1ბ/1442-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სალომე ჩიქობავა

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ს-------–-- კ---------ი, დაბადებული 1----–-–----------------, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ს-----------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: გ------- სამუშია.

 

თარჯიმანი: იგორ მაისურაძე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- სამუშიამ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ს-------–-- კ---------მა დაუდგენელ პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდეგ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს-------–-- კ---------მა დაარეგისტრირა შპს „პრინციპალ ფაინეიშელი“ (ს/კ 405226241), რომლის დირექტორს, დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს წარმოადგენდა თავად. რეალურად საწარმოს შექმნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისკენ. წინასწარ შემუშავებული სქემის თანხმად, ს-------–-- კ---------მა სს „თიბისი ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა საწარმოს ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ინტერნეტ ბანკინგის“ მომხმარებლად.

 

2017 წლის 30 ოქტომბერს შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ს-----–-------- (Subhash S.Desai, მის:15608 Ginger Ln.Jersey Village, Texas. USA 77040) მიერ ჩაერიცხა 999.940 აშშ დოლარი თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა არარეზიდენტი მოქალაქის ს-----–-------- მიმართ გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ, დაუდგენელ ვითარებაში, ჰაკერული გზით განხორციელებული თაღლითობა, რომლის დროსაც ფულადი თანხა 999.940 აშშ დოლარი ჩაირიცხა ამ უკანასკნელის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე.

 

2017 წლის 21 დეკემბერს, სს „თიბისი ბანკმა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა გადმორიცხული 999.940 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რაც ბანკის მიერ ვერ იქნა შესრულებული, იმის გამო, რომ თანხა ს-------–-- კ---------ის მიერ უკვე გადარიცხული იყო ჰონგ კონგის მიმართულებით.

 

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ს-------–-- კ---------მა აღნიშნული თანხა დროის უმოკლეს შუალედში დაანაწევრა და სამ ტრანზაქციად 01.11.2017 წ. - 290.000 აშშ დოლარი; 02.11.2017 წ. – 298.500 აშშ დოლარი და 06.11.2017 წ. - 409.750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰონგ კონგში მდებარე ბანკში კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითაც ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე. ამდენად ს-------–-- კ---------ი, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

 

აგრძელებდა რა დანაშაულებივ საქმიანობას, 2018 წლის 29 იანვარს, შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ სს „თიბისი ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე აშშ-ის მოქალაქის დ--------------ისგან (D-------------), ისევ ჩაერიცხა 200.000 აშშ დოლარი, თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა დ--------------ის მიმართ განხორციელებული მოტყუება, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაარწმუნეს, რომ აღნიშნულ თანხას რიცხავდა „სითი ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც მიიღებდა ორწლიან სადეპოზიტო სერთიფიკატს და საპროცენტო სარგებელს.

 

აღნიშნული ქმედებებით, ს-------–-- კ---------მა ჩაიდინა ჯამში 1.199.940 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლება და 998.250 აშშ დოლარის ლეგალიზაცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლოეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია), სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული, დაზარალებულ ს-----–-------- გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, იგი ცხოვრობს და საქმიანობს ამერიკის შეერთებულ შტატებში - ჰიუსტონში, წარმოადგენს dba ადვანს კომპანიას, რომელიც ახორციელებს ფოლადის ყიდვა-გაყიდვას. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, მან ინტერნეტის, კერძოდ, Google-ის მეშვეობით მოიძია დეპოზიტების განთავსების კომპანია მარლოვის ფინანსური ჯგუფი, დაუკავშირდა საიტზე (marlowefinancial.com) მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გაესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს - რობერტ ჰარრისონს, რომელმაც განუცხადა, რომ მათი კომპანია ახდენდა დეპოზიტების ისეთი ბანკების მეშვეობით ვაჭრობას, როგორიცაა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული Citibank, Bank of America-ს. რობერტ ჰარრისონმა ს-----–-------- შესთავაზა ფედერალური სადეპოზიტო სადაზღვევო კორპორაცია, ერთწლიანი სადაზღვევო სადეპოზიტო სერთიფიკატი Citibank-ისგან, 1.918%-ით, რაზეც ს-----–------- დათანხმდა და განათავსა სამი - 500.000 აშშ დოლარიანი, 250.000 აშშ დოლარიანი და 250.000 აშშ დოლარიანი სადეპოზიტო ანგარიშები, რომელიც რობერტ ჰარრისონის ინსტრუქციის შესაბამისად, გადარიცხა იმ საბანკო რეკვიზიტებზე, რომელიც რობერტ ჰარრისონმა მიაწოდა, კერძოდ, სს „თიბისი ბანკში“ არსებულ შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ, ს-----–-------- რობერტ ჰარრისონს მოსთხოვა დეპოზიტზე თანხის განთავსების სერთიფიკატის ორიგინალი, რაზეც პასუხად მიიღო რომ სერთიფიკატის ორიგინალს მიიღებდა 2017 წლის დეკემბერში. ამის შემდეგ, მან არაერთხელ სცადა დაკონტაქტებოდა რობერტ ჰარრისონს, თუმცა, ამ უკანასკნელს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. 2017 წლის 21 დეკემბერს, ს-----–------- დაუკავშირდა თავის ბანკს - Post Oak Bank-ს და გაარკვია, რომ გახდა თაღლითობის მსხვერპლი და მას თანხა გადაარიცხინეს საქართველოში, სს „თიბისი ბანკში“. მან აღნიშნული თაღლითობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა აგრეთვე გამოძიების ფედერალურ ბიუროს.

 

მოწმის, დაზარალებულ დ--------------ის წარმომადგენელის ს-------- ს---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 20 იანვარს, დ---------------ი სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტის მეშვეობით ეძებდა საფინანსო დაწესებულებებს, სადაც სარფიანად განათავსებდა თავის დანაზოგს და მიიღებდა მაქსიმალურ საპროცენტო სარგებელს. როგორც მისთვის იყო ცნობილი ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენდა Principal Financial Group-ი. მან, მართლაც ინტერნეტის მეშვეობით დაადგინა, რომ Principal Financial Group წარმოადგენდა ინვესტიციის მართვისა და დაზღვევის მსხვილ კომპანიას, რომელიც კორპორატიულ კლიენტებსა და ფიზიკურ პირებს სთავაზობდა სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტსა და მომსახურებას, მათ შორის, აქტივების მართვას, დანაზოგების მართვას, დაზღვევას და ასე შემდეგ. აღნიშნული კომპანია მუშაობდა მსოფლიოს 18 ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე და ჯამში დაახლოებით 500 მილიარდ აშშ დოლარის აქტივებს მართავდა. მან ინტერნეტის მეშვეობით იპოვა მსგავსი დასახელების მქონე კომპანია, რომელიც ეგონა, რომ იყო Principal Financial Group, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი დაუკავშირდა თაღლითების ჯგუფს, რომლებიც მსხვერპლის მისაზიდად იყენებდა აშშ-ში ნამდვილად მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის Principal Financial Group-ის სახელს. ვინაიდან, დ--------------იმ იცოდა ნამდვილი Principal Financial Group-ის შესახებ, იგი დაინტერესდა წინადადებით, რომელიც გულისხმობდა მისთვის 2.53% საპროცენტო სარგებლის დარიცხვას, ორწლიანი ვადით, ანაბრის განთავსების შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული იყო დ--------------ის მიერ დათვალიერებულ ვებ-გვერდზე. იგი დაუკავშირდა ამავე ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვინმე რობერტ პისკს, მისი აზრით, Principal Financial Group-ის წარმომადგენელს და განუცხადა სურვილი 200.000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გახსნის შესახებ. რობერტ პისკმა საუბრისას მოატყუა, თითქოსდა, იგი იყო Principal Financial Group-ის წარმომადგენელი და აუხსნა დეპოზიტის გასახსნელად და სასურველი სარგებლის მისაღებად საჭირო პროცედურები. 2018 წლის 25 იანვარს დ--------------იმ მიიღო, მისი აზრით, Principal Financial Group-ის წარმომადგენლის, რობერტ პისკის ელექტრონული წერილი, რომლის ბოლოშიც ამ უკანასკნელს მითითებული ჰქონდა თავისი თანამდებობა, როგორც ანგარიშების უფროსი აღმასრულებელი პირი, მისი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელ. ფოსტა და სხვა. ამავე წერილის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას თითქოსდა უკვე განხორციელებული ჰქონდა საჭირო მოქმედებები, რათა გახსნილიყო მისი ანგარიში და ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ მცირე სამუშაოს გაწევა. იმავე დღეს, რამდენიმე საათში, დ--------------იმ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო კიდევ ერთი წერილი, სადაც უკვე ატყობინებდნენ, რომ გაიხსნა მისი ანგარიში, მითითებული იყო მისი ინდივიდუალური სახელშეკრულებო ნომერი CD12M899691225, ხოლო დეპოზიტის სადაზღვევო დაფარვა იქნებოდა 250.000 აშშ დოლარი. ელექტრონული წერილის ავტორი არწმუნებდა დ--------------ის, რომ მისი თანხა საიმედო ხელში იქნებოდა და რომ იგი მიიღებდა საუკეთესო მომსახურებას. დ--------------ის უთხრეს, რომ 200.000 აშშ დოლარი უნდა განთავსებულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ საბანკო დაწესებულება - სითიბანკში, მისსავე სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე. რამდენადაც დ--------------ისთვის ყველაფერი გამოიყურებოდა სოლიდურად და დამაჯერებლად, დ--------------ის ეჭვი არ შეპარვია, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ცნობილი ფინანსური ინსტიტუტის საკმაოდ მაღალი დონის თანამშრომელთან, რომელსაც შეეძლო მის მიმართ ნდობა გამოეცხადებინა. ნდობას იწვევდა როგორც ურთიერთობის ფორმა, ისე ელექტრონული საფოსტო მისამართი (principalfinancialgroupllc.com), საიდანაც მას ეკონტაქტებოდნენ, ელექტრონული წერილების ფორმატი, წერილის ბოლოში მოცემული ხელმოწერა, ნამდვილად მოქმედი კომპანიის Principal Financial Group-ის ლოგო და სხვა. 2018 წლის 26 იანვარს, დ--------------იმ, რომელიც მოქმედებდა, თავისი აზრით, საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლის, რობერტ პისკის ინსტრუქციის შესაბამისად, თანხა გადარიცხა, იმ საბანკო რეკვიზიტებზე, რომელიც მიაწოდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კერძოდ, სს „თიბისი ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე: GE 1-------------------. როგორც მოგვიანებით გაარკვია დ--------------იმ, მას თანხა გადმოარიცხინეს საქართველოში ქართულ კომერციულ ბანკში მაშინ, როდესაც ეგონა, რომ ამ თანხას ათავსებდა თავისი ანაბრის ანგარიშზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ საბანკო დაწესებულება „სითიბანკში“. აღნიშნულში დასარწმუნებლად, მას ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაუგზავნეს ყალბი დოკუმენტი, რომ თითქოს აღნიშნული თანხა ნამდვილად განთავსებული იყო მის საბანკო ანგარიშზე „სითიბანკში“. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, დ--------------ის დაუკავშირდა თავისი მომსახურე ბანკის, „Chase“-ის წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ იგი იყო თაღლითობის მსხვერპლი, ვინაიდან თანხა რეალურად არ გადარიცხულა იმ დანიშნულებით და იმ ადგილას, რაც მისთვის იყო ცნობილი. დ--------------იმ სცადა დაკონტაქტებოდა იმ პირს, ვინც გაეცნო, როგორც რობერტ პისკი, თუმცა, ამ უკანასკნელს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, თაღლითები სარგებლობდნენ იმ კომპანიის სახელით, რომელსაც გააჩნდა Principal Financial Group-ის მსგავსი სახელწოდება, რამაც შეცდომაში შეიყვანა დ--------------ი. მან ვეღარ შეძლო რობერტ პისკთან დაკავშირება და როგორც გადაამოწმა 200.000 აშშ დოლარის ოდენობის სადეპოზიტო სერთიფიკატი, რომელიც თითქოს მის სახელზე იყო გაცემული, რეალურად არ არსებობდა.

 

ს-------- ს---------–---–ის ჩვენება სრულად იქნა დადასტურებული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია), სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ დ--------------ის გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმე ნ----- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს სს „თიბისი ბანკში“ შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის რისკების მართვა. მოწმის განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის თვეში, კლიენტმა, შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ (ს/კ 405226241) დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ს-------–-- კ---------მა სს „თიბისი ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა აღნიშნული კომპანიის ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ინტერნეტ ბანკინგის“ მომხმარებლად. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 30 ოქტომბერს, ს-------–-- კ---------ს ანგარიშზე: GE1------------------ ამერიკის შეერთებული შტატებში მდებარე ბანკიდან - Post Oak Bank ჩაერიცხა 999.940 აშშ დოლარი. აღნიშნული ტრანზაქცია განახორციელა ვინმე ს-----–-------- (Subhash S. Desai), ხოლო დანიშნულებაში მითითებული იყო: „REF CONTRACT CITI CK32296290 SD 1Y IMAD 2---------------------“. აღნიშნული თანხა შპს „პრინციპალ ფაინეიშელმა“ 3 ტრანზანზაქციად გადარიცხა ჰონგ კონგში მდებარე ბანკში - Hang Seng Bank Limited კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 7----------- (დანიშნულებით Payment under contract 31/17-Hk for the technical eqiopment end expendables). მოწმის განმარტებით, სს „თიბისი ბანკის“ შესაბამისი სამსახური დაინტერესდა განხორციელებული გადარიცხვების კანონიერებით და შეეცადა ინფორმაციის დაზუსტებას ზემოხსენებული კომპანიის დირექტორთან - ს-------–-- კ---------თან, რომელმაც სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელს განუცხადა, რომ შპს „პრინციპალ ფაინეიშელი“ ახორციელებდა კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობას, ხოლო შესრულებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით მან ბანკში წარადგინა ინგლისურენოვანი კონტრაქტი და განაცხადა, რომ კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“ მდებარეობდა აზიაში და არის 3D ბეჭდვის მოწყობილობის მწარმოებელი. ს-------–-- კ---------მა ასევე, სს „თიბისი ბანკს“ აცნობა მხოლოდ ს-----–-------- დაბადების თარიღი - 13.07.1948. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ტრანზაქციებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, 2017 წლის 21 დეკემბერს, სს „თიბისი ბანკმა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს შპს „პრინციპალ ფაინეიშელისთვის“ ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური გზით ჩარიცხული და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას, რაზეც გაგზავნილი იქნა შეტყობინება თანხის დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან უკვე გატანილი იყო. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 29 იანვარს შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ ანგარიშზე კვლავ ჩაირიცხა 200.000 აშშ დოლარი, რომელიც პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაყადაღებულ იქნა და კვლავ ირიცხება ანგარიშზე.

 

მოწმე კ------------- ლ---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისის თვეში დაუკავშირდა ამჟამად გარდაცვლილი, რუსეთში მცხოვრები მისი მეგობარი - მხატვარი ს------ ნ-------–---ი, რომელმაც სთხოვა საქართველოში დახვედროდა და დახმარებოდა მის ახლობელს, რომელიც ბიზნესის დაწყების მიზნით, საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. აღნიშნულიდან დაახლოებით ორ კვირაში, მისი მეგობრის - ს------ ნ-------–---ის სახელით, მოსკოვიდან, დაუკავშირდა ა-–---------- ნ-----------ი და უთხრა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა მისი პარტნიორი ს-------–-- კ---------ი, რომელიც აპირებდა 3D კომპიუტერული სისტემებით ვაჭრობას და სთხოვა დახმარებოდა მას. მოწმის განმარტებით, ს-------–-- კ---------ი საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, იგი დახვდა აეროპორტში და მიიყვანა სასტუმროში, ხოლო მეორე დღეს კომპანიის დასარეგისტრირებლად გაჰყვა თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც იუსტიციის სახლის შესასვლელში ს-------–-- კ---------მა კომპანიის დარეგისტრირებაში დახმარების გაწევის მიზნით, მიმართა ქალბატონს, რომლის დახმარებითაც დაარეგისტრირა კომპანია „პრინციპალ ფაინეიშელი“. კომპანიის დარეგისტრირების შემდეგ, ს-------–-- კ---------მა სთხოვა გაჰყოლოდა რომელიმე საბანკო დაწესებულებაში ზემოაღნიშნული კომპანიის სახელზე ანგარიში გახსნის მიზნით, რის გამოც ისინი მივიდნენ სს „თიბისი ბანკში“ და ს-------–-- კ---------მა ახლადდარეგისტრებული კომპანიის სახელზე გახსნა ანგარიში და გააქტიურა ინტერნეტ ბანკი. საბანკო ანგარიშების გახსნის შემდეგ, ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, წერეთელზე მდებარე საბუღალტრო კომპანიაში, რომლის შესახებაც მათ ინფორმაცია მიაწოდათ ქალბატონმა, რომელიც ს-------–-- კ---------ს კომპანიის რეგისტრაციაში დაეხმარა. დასახელებული კომპანიის ბუღალტერს ს-------–-- კ---------მა უთხრა, რომ მას შემდეგ რაც შპს „პრინციპალ ფაინეიშელი“ დაიწყებდა ბიზნეს საქმიანობას, იგი მათთან აპირებდა გრძელვადიან თანამშრომლობას, თუმცა, იმ დღეს მათ შორის რაიმე ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

მოწმე მ------ მ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში, მას დაუკავშირდა ვინმე მ-----–ი და უთხრა, რომ რუსეთის მოქალაქეს უნდოდა საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია და სთხოვა დახმარების გაწევა. რამდენადაც იგი დაკავებული იყო მსგავსი საქმიანობით, დაახლოებით 100 აშშ დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ იგი დასთანხმდა და იმავე დღეს იუსტიციის სახლთან შეხვდა ს-------–-- კ---------ს და ზემოაღნიშნულ ვინმე მ-----–ს. იგი ს-------–-- კ---------ს შეჰყვა იუსტიციის სახლის სივრცის ოპერატორთან და დაარეგისტრირებინა კომპანია, რომლის იურიდიულ მისამართად მიუთითეს მისი (მ------ მ----------ის) საცხოვრებელი ბინის მისამართი. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია ს-------–-- კ---------მა რა მიზნით დააარსა შპს „პრინციპალ ფაინეიშელი“ (ს/კ 405226241). მან მხოლოდ სარეგისტრაციო მომსახურება გაუწია. მან ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ს-------–-- კ---------ს სჭირდებოდა ბუღალტერი, მან რეკომენდაცია გაუწია თავის ნაცნობ ბუღალტერს - გ------- ხ-----–---–ს.

 

მოწმე გ------- ხ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის საბუღალტრო-სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანია შპს „Financial Outsource“-ს დირექტორი და დამფუძნებელი. იგი ასევე არის ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზირი N-------------ში მდებარე საბუღალტრო კომპანია შპს „ფ------------ს“ დამფუძნებელი და მთავარი აუდიტორი. მისი განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „ფ-------------“ ოფისში მასთან მივიდა რუსეთის მოქალაქე, ს-------–-- კ---------ი, რომელსაც სურდა საბუღალტრო მომსახურების გაწევა კომპანიის - შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ (ს/კ 405226241) საქმიანობიდან გამომდინარე და აპირებდა მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას. ამასთან, მან დაუტოვა ელექტრონული ფოსტის მისამართი: principfin@gmail.com და უთხრა, რომ რუსეთში ჰყავდა ბუღალტრებისა და ფინანსისტების ჯგუფი და უმჯობესი იყო მათთან ჰქონოდათ ურთიერთობა პროფესიულ საკითხებზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ ს-------–-- კ---------ის მიერ დატოვებული ელექტრონული მისამართის მეშვეობით, მათი ოფისიდან, რამდენჯერმე მოითხოვეს კომპანიის ბუღალტერიის საწარმოებლად შესაბამისი ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება, თუმცა, წერილებზე პასუხი არ მიუღიათ. შემდეგ მათ რამდენიმე შეხსენებითი ელექტრონული წერილი გაუგზავნეს იმავე ელექტრონულ ფოსტაზე, რის პასუხადაც მოუვიდათ ს-------–-- კ---------ის სახელით გამოგზავნილი კომპანიის ნულოვანი ამონაწერი სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშებიდან. აღნიშნულის შემდეგ, იმის გამო, რომ მათ მიერ რამდენჯერმე გაგზავნილ შეტყობინებებზე პასუხს არ იღებდნენ, გაუგზავნეს შეტყობინება, რომ მათი საბუღალტრო კომპანია წყვეტდა მათთან ხელშეკრულებას. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ წერილზე ს-------–-- კ---------ის სახელით მიიღეს პასუხი, რომ მათი მონაცემები ჰქონდათ დაკარგული და ამიტომ ვერ ეკონტაქტებოდნენ. ამავე წერილით დაუდასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და მომსახურების საფასურის, გადახდის მზადყოფნა. 2018 წლის იანვრის თვეში, როგორც მისთვის თანამშრომლისგან გახდა ცნობილი, მათ კომპანიაში მივიდა დაახლოებით 40 წლის რუსულენოვანი მამაკაცი, რომელმაც მათ გადასცა ს-------–-- კ---------ის მიერ გამოტანებული ოთხი თვის მომსახურების გადასახადი, დაახლოებით 2500 ლარი. აღნიშნულის შემდეგ, მათ იანვარ-თებერვალშიც მიწერეს წერილი ბუღალტერიის საწარმოებლად და დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ, თუმცა არანაირი პასუხი არც ს-------–-- კ---------ისგან და არც სხვა პირისგან არ მიუღიათ.

 

ს-------–-- კ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მოსკოვში დასაქმებული იყო დამკვეთებისათვის კომპანიების დარეგისტრირებით. ერთ-ერთი დაკვეთის შესაბამისად, მას საქართველოში უნდა დაერეგისტრირებინა კომპანია. მისი განმარტებით, მან საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „პრინციპალ ფაინეიშელი“, „თიბისი ბანკში“ გახსნა აღნიშნული კომპანიის ანგარიში, დაიქირავა ბუღალტერი და ეს დოკუმენტაცია პაკეტით გადასცა სხვა პირს. მისთვის უცნობი იყო თუ რა საქმიანობა უნდა განეხორციელებინა აღნიშნულ კომპანიას. მისი თქმით, თავადაც შეცდომაშია შეყვანილი და აღნიშნული თანხების ჩარიცხვებთან და გადარიცხვებთან, არანაირი კავშირი არა აქვს და არც რაიმე ინფორმაცია გააჩნია აღნიშნულის შესახებ.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - პრინციფალ ფაინეიშელი (ს/კ 405226241). საწარმოს დამფუძნებელს (100%) და დირექტორს წარმოადგენდა ს-------–-- კ---------ი. მართალია, ს-------–-- კ---------მა დაარეგისტრირა საწარმო, თუმცა, საქმის მასალებით დადგინდა, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა და კომპანია იყო ფიქტიური, ყოველგვარი სამეწარმეო მიზნისა და ამოცანის გარეშე.

 

„თიბისი ბანკიდან“ ამოღებული დოკუმენტაციით დადასტურებულია, ს-------–-- კ---------ის მიერ სს „თიბისი ბანკში“ შპს „პრინციფალ ფაინეიშელი“-ის საბანკო ანგარიშების გახსნა სხვადასხვა ვალუტაში.

 

სს „თიბისი ბანკის“ ამონაწერებით და საგადასახადო დავალებებით დადგენილია, რომ ს-------–-- კ---------ს საწარმოს - შპს „პრინციფალ ფაინეიშელის“ ანგარიშზე 2017 წლის 30 ოქტომბერს ნამდვილად ჩაერიცხა 999.940 აშშ დოლარი, დანიშნულებით - „REF CONTRACT CITI CK32296290 SD 1Y IMAD 2---------------------“. გადმომრიცხავი იყო ს-----–------- (Subhash S. Desai). ამონაწერით ასევე დგინდება, რომ თანხის ჩარიცხვიდან უმოკლეს დროში - სამ ტრანზაქციად 01.11.2017 წ. - 290.000 აშშ დოლარი; 02.11.2017 წ. – 298.500 აშშ დოლარი და 06.11.2017 წ. - 409.750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰონგ კონგში მდებარე ბანკში- Hang Seng Bank Limited კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 7----------- (დანიშნულებით Payment under contract 31/17-Hk for the technical eqiopment end expendables). 2018 წლის 29 იანვარს კი, ს-------–-- კ---------ს საწარმოს - შპს „პრინციფალ ფაინეიშელის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 200.000 აშშ დოლარი.

 

ს-------–-- კ---------ის სს „თიბისი ბანკისათვის“ წარდგენილი შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ და ს-------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადენილია, რომ ს------------- თითქოსდა იყო სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკის შემძენი, რომლის საფასურიც შეადგენდა 999.940 აშშ დოლარს, ხოლო ხელშეკრულება #31/17-NK, დადგენილია რომ აღნიშნული ტექნიკის გამყიდველი არის - „Win Hing Trading (HK) Limited“, ხოლო მყიდველი - შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“, წარმომადგენელი ს-------–-- კ---------ი.

 

2017 წლის 21 დეკემბერს, შუამავალი ბანკისგან - Post Oak Bank, სს „თიბისი ბანკში“ მისული ე.წ. სვიფტ შეტყობინებით დადგენილია, რომ შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ საბანკო ანგარიშზე - GE1------------------ - 999.940 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელებული იყო თაღლითური გზით, ხოლო 2018 წლის 5 თებერვალს, ე.წ სვიფტ შეტყობინებით დასტურდება, რომ შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ საბანკო ანგარიშზე - GE1------------------ – 200.000 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელებული იყო ასევე თაღლითური გზით.

 

შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ს-------–-- კ---------ს არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება, ასევე, იგი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ------- სამუშიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ეყრდნობა ისეთ მტკიცებულებებს - მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ იქნენ დაკითხული, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა სხვისი ქონების დაუფლებისა და ლეგალიზაციის სურვილი, მან, მხოლოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიიღო შეკვეთა საქართველოში ფირმის დარეგისტრირების შესახებ, რაც განახორციელა კიდეც და საბუთები გადასცა დამკვეთს და რომ თანხების გადარიცხვის თაობაზეც კი მისთვის არაფერია ცნობილი, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ განსახილველ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით, უტყუარად იქნა დადასტურებული ს-------–-- კ---------ის და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიერ, კარგად დაგეგმილი დანაშაულებრივი სქემის ფარგლებში კოორდინირებული მოქმედებებით, ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებით და დაზარალებულების განზრახ შეცდომაში შეყვანით მოხდა ს-----–-------- (Subhash S.Desai, მის:15608 Ginger Ln.Jersey Village, Texas. USA 77040) და აშშ-ის მოქალაქის დ--------------ის (D-------------) მიერ თანხების გადარიცხვა ს-------–-- კ---------ის მითითებით საქართველოში დაარსებული ფიქტიური კომპანიის შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ ანგარიშზე, ხოლო შემდეგ, დანაშაულებრივი გზით (დაზარალებულ ს-----–-------) მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციისთვის, მისი წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვისა და მისთვის კანონიერ სახის მიცემის მიზნით, ს-------–-- კ---------ის მიერ მოხდა აღნიშნული თანხების დროის უმოკლეს შუალედში დაანაწევრა და სამ ტრანზაქციად გადარიცხვა ჰონგ კონგში მდებარე ბანკში კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულებების ჩადენა დადასტურებულია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დაზარალებულების ს-----–--------ა და დ--------------ის გამოკითხვის ოქმებით და დაზარალებულ დ--------------ის წარმომამდგენლის, ს-------- ს---------–---–ის ჩვენებით, რითაც დადგენილია თუ როგორ მოხდა მათი მოტყუება და მათ მიერ შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა; მოწმე ნ----- მ---------ის ჩვენებით, საბანკო ამონაწერებით, საგადასახადო დავალებებითა და სვიფტ შეტყობინებებით, დადგენილია ს-------–-- კ---------ის მიერ სს „თიბისი ბანკში“ შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ საბანკო ანგარიშის გახსნა სხვადასხვა ვალუტაში, შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ ანგარიშზე ს-----–--------ა და დ--------------ის მიერ თანხების ჩარიცხვისა და შემდეგ ამ თანხების (დაზარალებულ ს-----–--------) ს-------–-- კ---------ის მიერ ნაწილ-ნაწილ სხვა ანგარიშზე გადარიცხვის ფაქტები; კ------------- ლ---–---ს, მ------ მაჭავარაინის და გ------- ხ-----–---–ის ჩვენებებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით, დადგენილია ს-------–-- კ---------ის მიერ შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ (ს/კ 405226241) დარეგისტრირების ფაქტი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე იმ მოტვით, რომ მას მასზედ შერაცხული დანაშაულებების ჩადენის განზრახვა არ ჰქონია, იგი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ კლიენტის შეკვეთის შესრულებისა და კომპანიის დარეგისტრირების მიზნით და მისთვის არაფერი არ იყო ცნობილი შემდგომში ამ კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა და გადარიცხვების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ის ფაქტი, რომ ს-------–-- კ---------ს მხოლოდ კომპანიის დარეგისტრირების განზრახვა არ ჰქონია, დადასტურებულია საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმე კ------------- ლ---–---ს ჩვენებით, დადგენილია, რომ მას 2017 წლის ივლისის თვეში, რუსეთში მოღვაწე მისი მეგობრის - ს------ ნ-------–---ის სახელით დაუკავშირდა ვინმე ა-–---------- ნ-----------ი და სთხოვა დახმარებოდა საქართველოში ჩამოსულ მის პარტნიორს, რომელიც აპირებდა 3D კომპიუტერული სისტემით ვაჭრობას. ს-------–-- კ---------ი საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, იგი დახვდა მას აეროპორტში და წაიყვანა სასტუმროში, მეორე დღეს კი ჯერ გაჰყვა იუსტიციის სახლში შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ დასარეგისტრირებლად, შემდეგ სს „თიბისი ბანკში“ შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ ანგარიშის გასახსნელად, ხოლო ბოლოს მივიდნენ ქ. თბილისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე საბუღალტრო კომპანიაში და ს-------–-- კ---------მა აღნიშნული კომპანიის ბუღალტერს განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც შპს „პრინციპალ ფაინეიშელი“ დაიწყებდა ბიზნეს საქმიანობას, იგი აპირებდა მათთან თანამშრომლობას. მოწმე კ------------- ლ---–---ს ჩვენება შესაბამისობაშია მოწმეების მარინა მ----------ის და გ------- ხ-----–---–ის ჩვენებებთან.

 

მოწმე გ------- ხ-----–---–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში, მასთან, შპს „ფ-------------“ ოფისში, მივიდა რუსეთის მოქალაქე ს-------–-- კ---------ი, რომელსაც სურდა საბუღალტრო მომსახურების გაწევა შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ საქმიანობიდან გამომდინარე და აპირებდა ხანგრძლივ თანამშრომლობას და დაუტოვა მეილი. თუმცა, მიუხედავად მათი მრავალგზის მოთხოვნისა, გადმოეგზავნათ ფინანსური დოკუმენტაცია, თავდაპირველად წერილებზე პასუხებს არ იღებდნენ. რამდენიმე შეხსენებითი ელექტრონული წერილის გაგზავნის შემდეგ, იგივე მეილიდან მოუვიდათ ს-------–-- კ---------ის სახელით გამოგზავნილი კომპანიის ნულოვანი ამონაწერი სს „თიბისი ბანკიდან“. ამის შემდეგ კიდევ მრავალი მათი წერილი დარჩა პასუხგაუცემელი, რის გამოც მათ გაუგზავნეს წერილი, რომ წყვეტდნენ მასთან ურთიერთობას, რაზეც კვლავ სტანილავ კ---------ის სახელით მიიღეს პასუხი, რომ მათი მონაცემები დაკარგული ჰქონდათ და ამიტომ ვერ ხდებოდა მათთან კომუნიკაცია, დაადასტურა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და საფასურის გადახდის მზადყოფნა. 2018 წლის იანვარში, მის ოფისში მივიდა 40 წლამდე ასაკის რუსულენოვანი მამაკაცი და მათ გადასცა ს-------–-- კ---------ის მიერ გამოტანებული 4 თვის გადასახადი, დაახლოებით 2500 ლარი. ამის შემდეგ კი მათ მიერ გაგზავნილ წერილებზე, არც ს-------–-- კ---------ისაგან და არც სხვისგან პასუხი არ მიუღიათ.

 

გარდა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებისა, ს-------–-- კ---------ის აქტიური მოქმედებები დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დადასტურებულია, ასევე მოქმე ნ----- მ---------ის ჩვენებითაც, რითაც დადგენილია, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ (ს/კ 405226241) დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ს-------–-- კ---------მა სს „თიბისი ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა აღნიშნული კომპანიის ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ინტერნეტ ბანკინგის“ მომხმარებლად, სადაც მოხდა დაზარალებულების მიერ თანხების გადმორიცხვა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოწმის განმარტებით, როდესაც სს „თიბისი ბანკის“ შესაბამისი სამსახური დაინტერესდა განხორციელებული გადარიცხვების კანონიერებით და შეეცადა ინფორმაციის დაზუსტებას ს-------–-- კ---------თან, მან სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელს განუცხადა, რომ შპს „პრინციპალ ფაინეიშელი“ ახორციელებდა კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობას, ხოლო შესრულებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით მან ბანკში წარადგინა ინგლისურენოვანი კონტრაქტი და განაცხადა, რომ კომპანია „Win Hing Trading (HK) Limited“ მდებარეობდა აზიაში და არის 3D ბეჭდვის მოწყობილობის მწარმოებელი. ს-------–-- კ---------მა ასევე, სს „თიბისი ბანკს“ აცნობა მხოლოდ ს-----–-------- დაბადების თარიღი - 13.07.1948. მოწმის ჩვენება, შესაბამისობაშია საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკლვეულ ს-------–-- კ---------ის მიერ სს „თიბისი ბანკისათვის“ წარდგენილ შპს „პრინციპალ ფაინეიშელს“ და ს-------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებასთან.

 

ამდენად, მოწმეთა ჩვენებებიდან და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, ს-------–-- კ---------ის განცხადება იმის თაობაზე, რომ მას არ ჰქონია სხვისი ქონების მოტყუების გზით დაუფლებისა და შემდგომში ამ თანხების ლეგალიზაციის განზრახვა, რომ მისი მოქმედება მხოლოდ კლიენტის დავალების შესრულებითა და შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ (ს/კ 405226241) დაარეგისტრირებით შემოიფარგლა, ხოლო კომპანიის შემდგომი საქმიანობისა და თანხების გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და შემდგომ მოქმედებაში მოაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული, პალატის აზრით, ემსახურება სისხლისსამართლებრვი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს, არ უნდა ეხელმძღვანელა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მტკიცებულებებით - დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმებით, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. ამავე ნორმის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და განმარტავს, რომ სხდომაზე გამოქვეყნებული მტკიცებულებები - სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დაზარალებულების ს-----–--------ა და დ--------------ის გამოკითხვის ოქმები, სრულ თანხვედრაში და შესაბამისობაშია სასამართლოზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, ს-------–-- კ---------ის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ ამ მოწმეთა/დაზარალებულთა მიერ მიცემულ ჩვენებებსა და შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია, აღნიშნული მტკიცებულებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, გამოიყენოს ს-------–-- კ---------ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს-------–-- კ---------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; მანვე ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს-------–-- კ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს-------–-- კ---------ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ს-------–-- კ---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ს-------–-- კ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის Sony xperia-ს მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, Huawei-ის ფირმის y5 მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით და ვერცხლისფერი Macbook Pro და ს-------–-- კ---------ის პასპორტი №7--------, რომლებიც ინახება საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან გადმოგზავნილი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორის გ------- ჭ----------ის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ (ს/კ 405226241) სს „თიბისი ბანკში“ არსებულ ყველა სახის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი, მოიხსნას და თანხა 200.000 აშშ დოლარი, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება, უნდა მოხმარდეს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და გადაეცეს დაზარალებულ დ--------------ის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ის ინეტერესების დამცველი ადვოკატის გ------- სამუშიას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს-------–-- კ---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ს-------–-- კ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

 

ს-------–-- კ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 თებერვლიდან.

 

ს-------–-- კ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

ს-------–-- კ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის Sony xperia-ს მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, Huawei-ის ფირმის y5 მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით და ვერცხლისფერი Macbook Pro და ს-------–-- კ---------ის პასპორტი №7--------, რომლებიც ინახება საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ს-------–-- კ---------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან გადმოგზავნილი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორის გ------- ჭ----------ის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - შპს „პრინციპალ ფაინეიშელის“ (ს/კ 405226241) სს „თიბისი ბანკში“ არსებულ ყველა სახის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი, მოიხსნას და თანხა 200.000 აშშ დოლარი, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, მოხმარდეს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და გადაეცეს დაზარალებულ დ--------------ის.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/გ. ჯეირანაშვილი/