განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
330100119003176657
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003176657

საქმე № 1ბ/178-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

სხდომის თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე--------.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ე-–----------------ი, დაბადების თარიღი: 1956 წლის 12 ივლისი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ--------------------------–------------------–--------------

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტი.

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე--------მ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ე-–----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ე-–----------------ის ბრალეულობას. მოწმე მ---------–-----–მა განმარტა, რომ ე-–----------------ს ეგონა, რომ იგი იყო უკვე გარდაცვლილი, ამიტომ დატოვა სისხლის გუბეში და წავიდა. აღნიშნულს ადასტურებს ე-–----------------ის მიერ 112-ზე განხორციელებული სატელეფონო ზარი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა 112-ის თანამშრომელს შეატყობინა, რომ მოხდა მკვლელობა და დაუსახელა მისამართი, თუმცა არ მიუთითა კონკრეტული ბინის ნომერი, გათიშა ტელეფონი და მიიმალა. მანვე თ-------------–---–ს უთხრა, რომ დაჭრა მეუღლე, თუმცა არ იცის ცოცხალია თუ მკვდარი. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ე-–----------------მა დაზარალებულს მცირე დროში მიაყენა შვიდი ჭრილობა, შემდეგ ჩანთაში ჩაალაგა ამ უკანასკნელის კუთვნილი ნივთები და ბინის გასაღები, ჩაკეტა საცხოვრებელი ბინა და გადავიდა ფანჯრიდან, შემდეგ მობრუნდა და დარეკა 112-ში. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას მ---------–-----–ი ეგონა გარდაცვლილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ე-–----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამანაშავედ ცნობა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ე-–----------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისში, დ----------------------–- ე-–----------------ს შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - მ---------–-----–თან, რა დროსაც ე-–----------------მა ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამდენიმე დარტყმით მას მიაყენა სხეულის დაზიანება და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მ---------–-----–ი მიყენებული სხეულის დაზიანებების შედეგად, საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა თბილისში, ჩ-------------–--------------------------------–-----------------------------–-–------–--- სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ე-–----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისში, დ----------------------–- ე-–----------------ს შელაპარაკება მოუვიდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - მ---------–-----–თან, რა დროსაც ე-–----------------მა მას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამდენიმე დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანება. ე-–----------------მა ნახა რა მძიმე მდგომარეობაში ჯერ კიდევ ცოცხალი დაზარალებული, გაიღვიძა მასში სინანულის გრძნობამ და მ---------–-----–ის დახმარების მიზნით სატელეფონო ზარი განახორციელა „112-ში“. ე-–----------------მა სხვისი სახელითა და გვარით ოპერატორს შეატყობინა სავარაუდოდ მომხდარი მკვლელობის შესახებ, ასევე აცნობა იმ სახლის მისამართი, სადაც მოხდა დანაშაული, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მ---------–-----–ი საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ გადაყვანილი იქნა თბილისში, ჩ-------------–--------------------------------–-----------------------------–-–------–--- სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც დაზარალებული გადარჩა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ე-–----------------ს მოეხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და იგი გათავისუფლდა ამ დანაშაულისათვის პასუხისმგებლობისაგან მის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო.

 

ე-–----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ბრალდებულმა ე-–----------------მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ადრე გათავისუფლდა სამსახურიდან. გზად შეიარა მაღაზიაში და იყიდა თუთუნი და ძეხვი. ვინაიდან აღარ დარჩა ფული, დაურეკა მეუღლეს - მ---------–-----–ს და უთხრა ეყიდა პური და მიეტანა სახლში, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, ნუ ურეკავდა, დარეკვის გარეშეც იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და გაუთიშა ტელეფონი. მოგვიანებით ისინი სახლში სადილობდნენ ერთად, რა დროსაც მ------მა ჰკითხა საიდან აიღო ფული, რაზეც უპასუხა, რომ აიღო გადადებული თანხიდან. აღნიშნული ეწყინა მ---------–-----–ს. მან მეუღლეს უთხრა, რომ არ იყო პრობლემა, ორშაბათს დაიწყებდა მუშაობას და ანაზღაურების მიღების შემდეგ გადაიხდიდა ყველაფერს, რაზეც მ------მა უთხრა რომ იყო „მათხოვარი“. იგი ადგა და მივიდა მაცივართან. მისივე განმარტებით მ---------–-----–მა დალია 4 ჭიქა არაყი, ხოლო თავად კი - 2 ჭიქა. ამის შემდეგ მ---------–-----–ი დაჯდა დივანზე, თავად კი პომიდვრის ასაღებად ჩაცუცქული იყო მაცივართან. ამ დროს მას მ------მა მაცივრის კარზე მიურტყა ხელი და გაუმეორა, რომ იყო „მათხოვარი“. იგი გადმოიწია უკან, რა დროსაც მას მ------მა ყურებში ჩაავლო ხელი და ეუბნებოდა, რომ დაახრჩობდა. ბრალდებულის განმარტებით, იგი იმდენად ნერვებმოშლილი იყო, რომ გაითიშა და არაფერი ახსოვს. თანაცხოვების პერიოდში იგი მუშაობდა ბევრ ადგილზე და დაახლოებით 11000 ლარი ჰქონდა ოჯახში წვალებით შეტანილი, მაგრამ მ------ის ნაშოვნი 10 ლარიც კი ჩანდა, რომელიც მათ არაფერში ჰყოფნიდათ. ახსოვს რომ შემთხვევის დროს მას მ------ი წვდა ყურებში, რა დროსაც თავად ხელში ეჭირა დანა და აპირებდა პომიდვრის დაჭრას, რა შედეგი მოჰყვა ამ ყველაფერს და დაარტყა თუ არა მ------ს დანა არ ახსოვს. სახლიდან გარეთ გასვლის შემდეგ, მასზე იმოქმედა ჰაერმა და დაბრუნდა უკან, რა დროსაც მ------ი ჯერ კიდევ სუნთქავდა. მეუღლის ამ მდგომარეობაში ნახვისას, მას დაუარა ჟრუანტელმა და გაიღვიძა სინანულის გრძნობამ, დაფიქრდა და მიხვდა რა ჩაიდინა. მას შეეცოდა მ------ი, არ სურდა მისი ამ მდგომარეობაში მიტოვება, ამიტომ გავიდა გარეთ და გ-----------–-–---–ის სახელით და გვარით დარეკა „112-ში“, რომლის ოპერატორსაც უთხრა, რომ სავარაუდოდ ჩადენილი იყო მკვლელობა და მისულიყვნენ ადგილზე, რომლის მისამართიც მიუთითა. მას მ---------–-----–ის სიკვდილი არ სურდა, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში არ დაეხმარებოდა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. იგი ნერვიულობისგან იყო გათიშული და აზრი ჰქონდა დაკარგული, ამიტომ არ ახსოვს როდის განახორციელა ეს ქმედება და რა მოხდა. ბრალდებულის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ნებაყოფლობით, გამომძიებელს თავად შესთავაზა იმ ადგილზე მისვლა, სადაც გადააგდო დანა. მიყვანის შემდეგ კი, მის მიერ მითითებული ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის იარაღი. ბრადებულმა ასევე განმარტა, რომ მ------ს ძალიან უნდოდა მანქანის ყიდვა, რაზეც ეუბნებოდა რომ ამის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ იწყებდა ახალ სამსახურს, სადაც ექნებოდა კარგი ანაზღაურება. მას არ ახსოვს მ---------–-----–ისთვის რამდენიმე ჭრილობის მიყენების, ამის შემდეგ სახლის კარის დაკეტვის და ფანჯრიდან გადაპარვის ფაქტი. ახსოვს მხოლოდ ის, რომ სახლში დაახლოებით 10 წუთში შებრუნდა ფანჯრიდან. მან „112-ში“ დარეკა, შენობიდან გასვლიდან დაახლოებით 5 წუთში, იქვე მდებარე კლინიკასთან ყოფნისას, მაგრამ მისი ზარის შემდეგ პოლიცია და სასწრაფო მივიდა თუ არა შემთხვევის ადგილზე არ იცის, ვინაიდან იყო შეშინებული, რის გამოც დატოვა იქაურობა და წავიდა დეიდაშვილთან, რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ. მას დეიდაშვილმა ურჩია მისულიყო პოლიციაში.

 

დაზარალებულ მ---------–-----–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ერთი წელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებაოდა ე-–----------------თან, რომელთანაც თავიდან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. ე-–----------------ი რაღაც პერიოდი იყო უმუშევარი, შემდეგ დაიწყო მუშაობა, მაგრამ მუშაობდა არასტაბილურად. მათ ჰქონდათ ბანკის ვალიც, რომელიც უნდა გადაეხადა ე-–----------------ს. აღნიშნულის გარდა იგი მეუღლეს არ თხოვდა არცერთ თეთრს, რადგან თავად მუშაობდა სტაბილურად და იხდიდა დანარჩენ ხარჯს. მას შემდეგ რაც ე-–----------------მა დაიწო ალკოჰოლის მიღება აირია მათი ურთიერთობაც. შემთხვევის დღეს, იგი სამსახურიდან მივიდა სახლში, სადაც დახვდა ნასვამი ე-–----------------ი, რომელსაც ჰკითხა კიდევ დალია თუ არა, რაზეც ე-–----------------მა უპასუხა, რომ დალია და კიდევ დალევდა. მან გამოაღო მაცივრის კარი, რათა აეღო წყალი. მაცივარში დახვდა ღვინის ბოთლები, რომლებსაც აკლდა ერთი. მან მეუღლეს ჰკითხა ,,სად წავიდა ეს ერთი ბოთლი?“ რაზეც ე-–----------------მა უპასუხა, რომ დალია. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს ე-–----------------მა დალია ღვინო, ლუდი და არაყი. მას შემდეგ რაც ელბერდმა დაასრულა ხინკლის ხარშვა, ხინკალი და არაყი დადო მაგიდაზე და დაზარალებულიც მიიწვია საჭმელად. ამ უკანასკნელმა ჩხუბს არჩია მასთან ერთად ეჭამა. მათ მიირთვეს ხინკალი და ორი-სამი ჭიქა არაყი. ამის შემდეგ იგი გადაჯდა დივანზე, რადგან ე-–----------------ი იყო ძალიან ნასვამი. ამ დროს ამ უკანასკნელმა დაუწყო ჩხუბი და ეკითხებოდა: „გინდა ხომ სახლიდან წავიდე?“ მას არ ჰქონდა ჩხუბის თავი და ელბერდს თხოვდა დაწყნარებულიყო. მას ე-–----------------მა უთხრა ასულიყო ზემოთ და ჩამოეტანა წასასვლელი ჩანთა. მან ჩამოუტანა ჩანთა და დაუდო კიბეებთან. ამის შემდეგ ე-–----------------მა მაგიდიდან ამოიღო შავტარიანი დანა და წავიდა მისკენ, რასაც არ ელოდა და ჰკითხა რას აკეთებდა. სწორედ ამ დროს უკანა მხრიდან იგრძნო პირველი დარტყმა და დაკარგა გონება. მას სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიყენებული ჰქონდა დაახლოებით შვიდი ჭრილობა, მათ შორის - ლოყაზეც. როგორც მისთვის არის ცნობილი ამის შემდეგ ე-–----------------მა წაიღო ჩანთა, რომელშიც ედო პირადობა, გასაღები, საფულე, ტელეფონი და სხვა ნივთები. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს იგი იჯდა თავისთვის მშვიდად და დანის დარტყმამდე ე-–----------------ის მიმართ არანაირი მაპროვიცირებელი ქმედება არ განუხორციელებია. ფიზიკური ან სხვა სახის შეურაცხყოფა მიაყენა თუ არა ე-–----------------ს არ ახსოვს, რადგან ჭიდილში აქცენტი გადატანილი ჰქონდა მხოლოდ დანაზე. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინციდენტამდე მათ შორის მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმეების: მ-----–----------–---–ის, ი-–-----------ის, ლ-–---------ს, ბ--–-----------ს, ბ--------–-–---–ის, თ-------------–---–ის, ლ---–--------ს, ს--------–---–-----ს, ტა-----–-----------–---–ის, პ--–-------–-----–ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინებები, 2019 წლის 28 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნა, 2019 წლის 07 სექტემბრის შემაკავებელი ორდერი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე-–----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. ამასთან, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს, ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიერ ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის პირველი შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მ---------–-----–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე-–----------------თან, რომელმაც 2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 01:30 საათზე, თბილისში, დ----------------------–- მას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რამდენიმე დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანებები.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ე-–----------------ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი.

 

უდავო მტკიცებულებით, „112“-ში შესული N------- შეტყობინებით ირკვევა, რომ ინიციატორმა - გ-----------–-–---–მა „112“-ში განხორციელა სატელეფონო ზარი და ოპერატორს აცნობა თბილისში, დ-----------------------------------------–----------------–- მკვლელობის ჩადენის შესახებ.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „112“-ის ოპერატორს ინფორმაცია გ-----------–-–---–ის სახელით მიაწოდა ე-–----------------მა და თხოვა მისულიყვნენ ადგილზე. დროულად გამოცხადებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დახმარებით კი შესაძლებელი გახდა სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ და გადაერჩინათ მძიმედ დაჭრილი მ---------–-----–ი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს ე-–----------------ის ჩვენებაში, რომ არ ახსოვს დაზარალებულისთვის დანის ჩარტყმის მომენტი, თუმცა მას შემდეგ რაც უკან დაბრუნდა სახლში და იატაკზე ნახა უგონო მდგომარეობაში მყოფი მ---------–-----–ი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა და იყო ცოცხალი, მიხვდა რა ჩაიდინა, შეეცოდა იგი, გამოვიდა გარეთ და დარეკა „112-ში“.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაში თუ ე-–----------------ს ნამდვილად ექნებოდა მ---------–-----–ის გადარჩენის სურვილი ფანჯრიდან არ დატოვებდა შემთხვევის ადგილს და არ მიიმალებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, ე-–----------------მა აღნიშნა, რომ იგი იმიტომ არ დაელოდა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლას, რომ შეეშინდა, ამასთან, მას რომ მ---------–-----–ის მოკვლის განზრახვა ჰქონოდა, საქმეს მიიყვანდა ბოლომდე. პალატას არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ე-–----------------ის ჩვენებაში, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ შემთხვევის დროს ადგილზე მათ გარდა იმყოფებოდა სხვა პირი ან არსებობდა სხვა გარემოება, რის გამოც ე-–----------------ს ხელი შეეშალა განზრახვის სისრულეში მოყვანაში. ბრალდების მხარე უთითებს, რომ ე-–----------------მა დაზარალებულის დაჭრის შემდეგ ჩაკეტა სახლის კარი, გადაძვრა ფანჯრიდან და უგონოდ მყოფი დაზარალებული, რომელიც ეგონა გარდაცვლილი დატოვა სისხლის გუბეში. პალატა თვლის, რომ საფუძველსაა მოკლებული ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია, რადგან გაუგებარია პირს რომელსაც ეგონა რომ ჩაიდინა მკვლელობა და სურდა დაზარალებულის სიკვდილი, რომელსაც ჩაკეტილ კარს შიგნით გარკვეული ხნის განმავლობაში ვერავინ იპოვიდა, რატომ უნდა დაერეკა ,,112-ში“ და ეცნობებინა მომხდარი დანაშაულის და მისი ჩადენის ადგილის შესახებ. მ---------–-----–ის დაჭრის შემდეგ ე-–----------------ის ქმედება კი ადასტურებს, რომ მას ამოძრავებდა უგონოდ მყოფი მ---------–-----–ის, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა და იყო ცოცხალი გადარჩენის სურვილი და მისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით, განახორციელა სატელეფონო ზარი ,,112-ში“. ის გარემოება, რომ ე-–----------------მა იცოდა, რომ მ---------–-----–ი, მის მიერ სახლის დატოვების მომენტში არ იყო გარდაცვლილი, დასტურდეება მოწმე თ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომლითაც ირკვევა, რომ მას ე-–----------------მა უთხრა, რომ დაჭრა მეუღლე და არ იცის ცოცხალია თუ მკვდარი. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებებზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მოწმე ბ--–-----------ს გამოკითხვის ოქმზე, რომელთა თანახმად, შემთხვევის დღეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ისარგებლეს ფანჯარაზე მიდგმული ხარაჩოთი და ისე შეაღწიეს დაზარალებულის სახლში, თუმცა აღნიშნულს არ შეუშლია ხელი, დროული დახმარება აღმოეჩინათ მ---------–-----–ისთვის.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა აღსანიშნავია, რომ ე-–----------------მა აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მან მ---------–-----–ს მიაყენა დაზიანებები, ასევე მისი მონაწილეობით და მითითებით პოლიციის თანამშრომლების მიერ ნანახი და ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ე-–----------------ის მიერ მკვლელობის დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია ე-–----------------მა დაზარალებულის დაჭრის შემდეგ ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი სისხლისსმაართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად, ვინაიდან მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება წარმოადგენს სხვა დანაშაულს, კერძოდ მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია არა მ---------–-----–ის სიკვდილი, არამედ მისი ჯანმრთელობის დაზიანება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. აღნიშნული წარმოადგენს განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების ამ მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ მ---------–-----–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს მას ე-–----------------მა დანით მიაყენა დაახლოებით შვიდი ჭრილობა, რასაც არც თავად ე-–----------------ი უარყოფს.

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება მის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით არის არსებითი, თუმცა მისთვის დანით მიყენებული დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისთვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 დეკემბრის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად:

▪ წარმოდგენილი ს.ს.კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---------- ჩანაწერების მიხედვით, მ---------–-----–ი აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 28.07.19წ-დან 05.08.19წ-მდე.

▪ სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით მ---------–-----–ს აღენიშნება დაზიანებები: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ლოყის მიდამოში, სახის ძვლების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით მარცხნივ ქვედა ყბის როკისებრი მორჩის მოტეხილობით და ქვედა ყბის სასახსრე თავის ამოვარდნილობით; ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ხერხემლის სვეტსა და მარჯვენა ბეჭის ძვალს შორის - შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსის, მარჯვენა ფილტვის კოლაფსის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებით. ორი ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე – მარცხენა ლავიწის საპროექციოდ; ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის I თითის არეში და „ნაკაწრი ჭრილობა” მარჯვენა მტევნის მიდამოში; მარცხენა ფილტვის დაჟეჟილობა. მრავლობითი ექსკორიაციები სხეულზე.

▪ პირადი გასინჯვით 13.11.19წ-ს, მ---------–-----–ს აღენიშნება სწორნაპირებიანი ნაწიბურები: სახის არეში, მარცხენა ყბაყურასაღეჭ მიდამოში (ქვედა ყბის ძვლის მარცხენა კუთხიდან 3,3სმ-ით), გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში, ბეჭის ძვლის სამხრე მორჩის პროექციიდან გარდამავალი ხერხემლის მარცხენა გვერდით ხაზამდე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოს საპროექციოდ და ამავე ლავიწის ძვლის სხეულის გარეთა მესამედის საპროექციოდ, მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ზედა კვადრანტების საზღვარზე, მარჯვენა მტევნის I თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა გვერდით ზედაპირზე, მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე III ნების ძვლის ქვედა მესამედის საპროექციოდ და მარცხენა მხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე – რომლებიც წარმოადგენენ ამავე მიდამოში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობების შეხორცების შემდგომ კვლებს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 28.07.19 წ-ის თარიღს.

▪ ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ხერხემლის სვეტსა და მარჯვენა ბეჭის ძვალს შორის, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსის, მარჯვენა ფილტვის კოლაფსის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარებით - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

▪ ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ლოყის მიდამოში, მარცხნივ ქვედა ყბის როკისებრი მორჩის მოტეხილობით და ქვედა ყბის სასახსრე თავის ამოვარდნილობით – განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

▪ ნაკვეთი ჭრილობები – გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოს საპროექციოდ და ამავე ლავიწის ძვლის სხეულის გარეთა მესამედის საპროექციოდ, მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ზედა კვადრანტების საზღვარზე, მარჯვენა მტევნის I თითის ძირითადი ფალანგის შიგნითა გვერდით ზედაპირზე - განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

▪ ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე III ნების ძვლის ქვედა მესამედის საპროექციოდ და მარცხენა მხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე - განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

▪ დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი ჭრილობების სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან 28.07.19წ-ის თარიღს.

▪ მარცხენა ფილტვის დაჟეჟილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 28.07.19წ-ის თარიღს. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

▪ დაზიანებები ექსკორიაციების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი ექსკორაციების მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია.

 

აღნიშნული დასკვნა ადასტურებს, რომ მ---------–-----–ს აღენიშნება არაერთი დაზიანება, რომელთაგან ერთი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო დანარჩენი დაზიანებების ნაწილი მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით ან ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მიყენებულია დროის უმოკლეს მონაკვეთში ერთიანი განზრახვით და საერთო მიზნით, შესაბამისად ელბერდ სეთურს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე - ოჯახის წევრის მიმართ, რადგან აღნიშნულ მუხლში ცვლილება შევიდა 2019 წლის 20 სექტემბერის N5027 კანონით. ე-–----------------მა კი დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 28 ივლისს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის იმ კანონოთ, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ე-–----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრის, N5027 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ე-–----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ე-–----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ კვალიფიკაციის და არა სასჯელის ნაწილში, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ე-–----------------ს დამამძიმებელი გარემოების - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განუსაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ე-–----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 20 სექტემბრის, N5027 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

ე-–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრის, N5027 კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე-–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ე-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 ივლისიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, 4 ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით, ბალიშის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქებით, პირსაწმენდი მოწითალო ფერის ლაქებით, იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, 2 ცალი სიგარეტის ნამწვი, სიგარეტის ჩასადები, მოწითალო ფერის ლაქებით და მასში მოთავსებული 2 ცალი სიგარეტით, ფარდის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქით, პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით, ე-–----------------ისგან აღებული სუნის და ნერწყვის ნიმუში, საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული დანა, 6 ცალი ხელის კვალი დაქტილოფირზე - განადგურდეს.

 

4 ცალი მინის ჭიქა, 2 ცალი ჩანგალი, ბალიშის პირი, ზეწარი, 3 ცალი დანა, 2 ცალი შარვალი, ე-–----------------ისგან ამოღებული ფულადი თანხა 100 ლარი და 55 თეთრი, მ---------–-----–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, მხედველობის სათვალე თავის ჩარჩოთი, შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო ფერის შარვალი, მუქი ფერის თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, თ--------------–---–--გან ამოღებული შავი ფერის გორგოლაჭებიანი ჩემოდანი, ე-–----------------ის სახელზე გაცემული პასპორტით, შავი ფერის გადასაკიდებელი ე.წ. „ბარსეტკა“, ერთი ცალი ტელეფონის დამტენი, შავი ფერის მზის სათვალე, პულტი, ელ. შემდუღებლის სერთიფიკატი, მიწის ფლობის მოწმობა, ე-–----------------ის კუთვნილი ტანსაცმელი -დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვახტანგ მრელაშვილი