განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003320370
საქმე № 1ბ/274-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 მარტი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – შ--–-------–----ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, პ-------–---–--------–-------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა შ--–-------–----ისთვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლევის აღკვეთის დანიშვნა, რეალური მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. კერძოდ, ვერ უზრუნვეყოფს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ--–-------–----ის ინტერესების დამცველმა ადკოვოკატმა დ----------------მა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ შ--–-------–----ის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია. კერძოდ, შ--–-------–----ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ მუხლში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის მეუღლე. 2019 წლის 20 სექტემბრის კანონით საქართველოს სსკ-ის 151-ე მე-2 ნაწილს დაემატა შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი: ,,მუქარა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.“ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.“ შესაბამისად, შ--–-------–----ისთვის საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის მითითებით უარესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა, ამიტომ არის ზედმეტად წარდგენილი, ამძიმებს პასუხისმგებლობასა და სასჯელს და არის არასამართლიანი. შესაბამისად, ადვოკატმა დ----------------მა მოითხოვა მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის მოსხნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, შ--–-------–----ისთვის ჯარიმის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
შ--–-------–----მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 07 ნოემბერს ღამის საათებში თბილისში პ-------–---–-------------–- შ--–-------–----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მასთან ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მ-------------–-–---–ს. კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შ--–-------–----ი დანის გამოყენებით დაემუქრა მ-------------–-–---–ს და განუცხადა, რომ მას არ აცოცხლებდა და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა მ-------------–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 08 იანვრის განაჩენით, შ--–-------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებული არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შ--–-------–----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების, კერძოდ: დაზარალებულ მ-------------–-–---–ის, მოწმეების: ა-–---------------–----ის, მ--–------------ს გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 07 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მსჯავრდებულის აღიარებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ შ--–-------–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ--–-------–----ის მსჯავრდების კვალიფიკაციიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის ამორიცხვის შესახებ, როგორც ზედმეტად წარდგენილის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ,,ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1331, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“. მართალია, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ხსენებული კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა ,,დ“ ქვეპუნქტი, სადაც მაკვალიფიცირებლად მითითებულია ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, თუმცა აღნიშნული არ მოდის წინააღმდეგობაში ზოგად ნორმასთან - საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლთან იმ პირობებში, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელი ნორმის შენიშვნით განისაზღვრება პირთა წრე, რომლებიც სსკ-ის მიზნებისთვის ითვლება ოჯახის წევრად. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ხსენებული პრაქტიკა იყო გასულ წლებში, კერძოდ, იმ პერიოდში, როცა მე-111 მუხლის ჩამონათვალში მითითებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის №250აპ-14 განჩინება).
პალატა თვლის, რომ დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად უსაფუძვლოდ მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი ადგენს, კოდექსის მუხლში ან მუხლის ნაწილში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოების მითითების შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნის წესს, რაც არ უკავშირდება ქმედების სწორ კვალიფიკაციას.
შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილი კვალიფიკაციის ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ--–-------–----ის ინტერესების დამცველი ადკოვოკატის დ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, შ--–-------–----ის ბრალდებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის ამორიცხვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფლდეს.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ--–-------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებული, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული.
შ--–-------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანობა ფასდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ--–-------–----ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, გარდა ამისა, პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შ--–-------–----ს შეურიგდა დაზარალებული, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ შ--–-------–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაითვალოს პირობითად.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შ--–-------–----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატას ასევე მიზანშეუწონლად მიაჩნია, მსჯავრდებულ შ--–-------–----ისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არის მსჯავრდებულის შემდგომი ქცევის დამატებითი გარანტი, რითაც მიღწეული იქნება სასჯელის მიზნები და აღნიშნული პერიოდი მისცემს მსჯავრდებულს შესაძლებლობას კარგად გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის და მსჯავრდებულ შ--–-------–----ის ინტერესების დამცველი ადკოვოკატის დ----------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 08 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის და მსჯავრდებულ შ--–-------–----ის ინტერესების დამცველი ადკოვოკატის დ----------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 08 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
შ--–-------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ შ--–-------–----ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ--–-------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
მსჯავრდებულ შ--–-------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 07 ნოემბრიდან - 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული დანა - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე