განაჩენი

სისხლის სამართლის 06.03.2020
საქმის ნომერი
330100119003193529
ინსტანცია
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003193529

საქმე № 1ბ/272-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ბ------- ლ---–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------------------------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: გ-----------------------------–---------–---, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------ლის ქ-----------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ-------------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბ------- ლ---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტის მოსაზრებით, მსჯავრდებულს განესაზღვრა მისი ქმედების არათანაზომიერი - მსუბუქი სასჯელი. აპელანტს მიაჩნია, რომ ბ------- ლ---–---–ის პიროვნების შეფასების ასპექტში გასათვალისწინებელია ის გარემობა, რომ მან შემაკავებელი ორდერი დაარღვია მისი გამოცემიდან რამდენიმე საათში, რითაც უგულებელყო კანონის მოთხოვნები. ოჯახური დანაშაული დღეის მდგომარებით საკამოდ გავრცელებულია და არაერთ შემთხვევაში დამთავრდა სავალალო შედეგით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას მსხვერპლი მოძალადისგან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - კერძოდ, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშვის რესოციალიზაცია.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბ------- ლ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 აგვისტოს გაცემული შემაკავებელი N------ ორდერით ბ------- ლ---–---–ს დაეკისრა იმ სახლისაგან განცალკავების ვალდებულება სადაც მსხვერპლი - მეუღლე, მ--------–---–ი, ცხოვრობს და აეკრძალა მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, ბ------- ლ---–---–მა არ შეასრულა 2019 წლის 24 აგვისტოს N------ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, 2019 წლის 24 აგვისტოს, საღამოს, მივიდა მ--------–---–ის სახლში, მდებარე: თ---–--–----------------------–--------------------–-- რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ბ------- ლ---–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ბ------- ლ---–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის მ--------–---–ის, მოწმეების: თ-------------–---–--------------–---- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი N------ ორდერით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ბ------- ლ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ------- ლ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბ------- ლ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ბ------- ლ---–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ბ------- ლ---–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ბ------- ლ---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ბ------- ლ---–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ბ------- ლ---–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიურ ან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოაღნიშნული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ბ------- ლ---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა რამდენიმე საათში დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბ------- ლ---–---–მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. მართალია, აღნიშნული დანაშაული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, მაგრამ ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბ------- ლ---–---–ს სასჯელი სახით დანიშნული აქვს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატის შეფასებით, აღნიშნულით დაცულია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის მოთხოვნები. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ბ------- ლ---–---–ის პიროვნული მახასიათებლები და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ბ------- ლ---–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ბ------- ლ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბ------- ლ---–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბ------- ლ---–---–ის მიმართ მოცემულ შემთხვევაში პალატას, სასაჯელის დამძიმება და საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბ------- ლ---–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ------- ლ---–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბ------- ლ---–---–ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ------- ლ---–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის ზ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის ზ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი ბ------- ლ---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ბ------- ლ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ბ------- ლ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი- 2019 წლის 24 აგვისტოდან - 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

 

ბ------- ლ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

მსჯავრდებულ ბ------- ლ---–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გველესიანი