განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003052021
საქმე № 1ბ/1632-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ-–----------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ბ-------- ი----, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------ი, ბელარუსის მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბელორუსის რესპუბლიკა, ქალაქი გ-----–-- ს------------–---------------------- დროებით რეგისტრირებული: თბილისი, ს------–-----------–---–---------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–---–----------------------------
ადვოკატები - მ----------------------–---–-.
თარჯიმანი - ა---------–--------ი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და აეკრძალა 3 (სამი) წლის განმავლობაში დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ-------- ი----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ----------ემ და ა--------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ-------- ი----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. აპელანტთა განმარტებით ბ-------- ი----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მან მისი შვილის მიმართ განახორციელა ძალადობა, რასაც ნანობს, თუმცა წამების ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარის მოსაზრებით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები და მოწმეთა ჩვენებები ადასტურებენ, რომ ბ-------- ი----მა განხორციელა ოჯახში ძლადობა არასრულწლოვანის მიმართ და არა წამება. პირველი ინსტანციის სასამრთლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევში სახეზეა მორალური ტანჯვა, რაც გამოიხატა იმაში რომ დაზარალებული ტიროდა და ეხვეწებოდა ბრალდებულს თავი დაენებებინა მისთვის, რადგან არ სურდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. მორალური ტანჯვის წამებად შეფასება მაშინაა შესაძლებელი თუ სახეზეა ისეთი ხანგრძლივობა, რამაც გავლენა იქონია ადამიანის ფსიქიკაზე. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პერიოდულ, მცირეხნიან ქმედებას, რასაც დაზარალებულის ფსიქიკაზე გავლენა არ მოუხდენია. ბ-------- ი----მა აღნიშნა, რომ მის შვილს არაერთხელ ჩაუდენია ცუდი საქციელი, რითაც წუხდებოდნენ მეზობლები. მას როგორც კარგ მშობელს სურდა, მის შვილს ჰქონოდა ნორმალური ყოფა-ქცევა და ცდილობდა შვილის შეკავებას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ვინაიდან საკუთარი ძალებით ვეღარ ახერხებდა შვილის მოთოკვას, მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა სოციალურ სამსახურს. აპელანტთა განმარტებით, თუ ბ-------- ი----ს ჰქონდა შვილის წამების განზრახვა, იგი არ მიმართავდა სახელმწიფოს დასახმარებლად. სწორედ მისი განცხადების საფძველზე მივიდნენ სოციალური მუშაკები მის სახლში და რომ არა მისი განცხადება, ამ ფაქტის შესახებ არავისთვის იქნებოდა ცნობილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ბ-------- ი----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ბ-------- ი----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ---–--–----------–----------–-–--–----------------------------–-- ბ-------- ი----მა თავის შვილის - 1--------- წელს დაბადებული ა–----------------- მიმართ, იმის გამო, რომ ორი თვით ადრე, ეს უკანასკნელი ოჯახის კუთვნილ ფულად თანხას ფარულად დაეუფლა, განახორციელა ძალადობა და მარცხენა ფეხისა და ხელის არეში ჯოხი დაარტყა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 12 მაისს, ბ-------- ი----მა გადაწყვიტა თავის შვილის - 1--------- წელს დაბადებული ა–----------------- დასჯის მიზნით წამება იმის გამო, რომ ორი თვით ადრე, ეს უკანასკნელი ოჯახის კუთვნილ ფულად თანხას ფარულად დაეუფლა. ბ-------- ი----მა, იმავე დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ-------–--–----------–----------–-–---–----------------------------–-- თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე ა–----- კ--------ი, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, ძალის გამოყენებით აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. დაზარალებული ამ მდგომარეობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, მან დაზარალებული ჩამოხსნა და სახლში შეიყვანა, სადაც დაზარალებულის თხოვნისა და ხვეწნის მიუხედავად, ძალის გამოყენებით და ცემის თანხლებით, საწოლის ფეხზე, მარჯვენა ფეხით, იმავე ჯაჭვით დააბა. ამის შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ-------- ი----მა ა–----- კ--------ს ფეხზე ჯაჭვი მოხსნა, ამჯერად ყელზე შემოახვია და კვლავ მიაბა საწოლის ფეხზე, ანუ ჯაჭვის ერთი ბოლო იყო მიბმული ლოგინის ფეხზე, ხოლო მეორე ბოლო შემოხვეული ჰქონდა ყელზე ისე, რომ გახსნა შეუძლებელი იყო. დაბმის დროს, ა–----- კ--------ი მოძალადე მამას წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა ბ-------- ი----მა ძალის გამოყენებით, არასრულწლოვანი დაიმორჩილა. ა–----- კ--------ი ასეთ მდგომარეობაში 2019 წლის 13 მაისის დილამდე იმყოფებოდა. დილით, ბ-------- ი----მა, შვილს ყელიდან ჯაჭვი შეხსნა, ისევ ფეხზე მოახვია და დღის მანძილზე, ამ მდგომარეობაში ამყოფა. ამის შემდეგ, ბ-------- ი----მა ა–----- კ--------ს უთხრა, რომ ამჯერად ტალავერზე უნდა დაება. ამ უკანასკნელმა დაიწყო ტირილი ეუბნებოდა, რომ უჭირდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და თავი დაენებებინა. ამის მიუხედავად, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ-------- ი----მა, სახლის ეზოში არსებული ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე, ა–----- კ--------ი, წინააღმდეგობის გაწევისა და თხოვნის მიუხედავად, ისევ ძალის გამოყენებით აიყვანა, ფეხები მეტალის ჯაჭვით შეუკრა, რომლის დაბოლოებაც ტალავერზე დაამაგრა. ამგვარად, ა–----- კ--------ს შეეზღუდა არათუ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, არამედ მოძრაობის საშუალებაც კი, რამდენადაც ფეხები შეკრული ჰქონდა ერთად, ხოლო ჯაჭვის სიგრძის გათვალისწინებით, ხარაჩოდანაც ვერ ჩამოვიდოდა. დაზარალებული ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ვიდრე ადგილზე სოციალური სამსახურის თანამშრომლები შემთხვევით არ მივიდნენ. ამდენად, არასრულწლოვნის წამება - რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით, იწვევდა ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანი იყო არასრულწლოვნის დასჯა, 2019 წლის 12 მაისის 17:00 საათიდან - 13 მაისის დაახლოებით 16:30 საათამდე გრძელდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ბ-------- ი---- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ-------- ი----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - ბ-------- ი----ს 3 (სამი) წლის განმავლობაში აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ბ-------- ი----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო მის წამებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას შვილმა სახლიდან მოპარა ფული, რის გამოც შვილი დასაჯა და დააბა, თუმცა მისი წამების განზრახვა არ ჰქონია. მას სურდა გამოესწორებინა შვილი, რათა მომავალში ასეთი ქმედება აღარ ჩაედინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ა–----------------- გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი ბებიასთან - ს------ ი----ასთან და მამასთან - ბ-------- ი----თან ერთად ცხოვრობს თბილისში, ს------–----------–-–---–----------------------------–-- სწავლობს თ---–--------- საჯარო სკოლაში და არის მე-8 კლასის მოსწავლე. მათთან ხშირად იმყოფება მამიდა, რომელიც უვლის მოხუც ბებიას. მოწმის ჩვენებით, იგი ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში, ამიტომ მასთან პერიოდულად მიდიან სოციალური სამსახურის თანამშრომლები და ამოწმებენ. 2019 წლის მაისში, მისი წინააღმდეგობის მიუხედევად იგი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ვაზის ტალავერზე ჯაჭვით ორჯერ დააბა ბ-------- ი----მა. მამამ ამ ფორმით დასაჯა იმის გამო, რომ დაახლოებით ორი თვის წინ მან სახლიდან მოიპარა ფული 2000 აშშ დოლარის ოდენობით. მან 1500 აშშ დოლარი დახარჯა ეტაპობრივად, ხოლო 500 აშშ დოლარი დააბრუნა უკან. ბ-------- ი----ი მას ხშირად ეჩხუბებოდა, ყველაფერზე უყვიროდა და მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. იგი ვერ გრძნობდა მამის სიყვარულს, ეს უკანასკნელი უშლიდა ბურთის თამაშს. იმ დროს როდესაც ეზოდან გადიოდა გარეთ ბ-------- ი----ი იწევდა მის საცემრად, ეუბნებოდა ,,დაგარტყამ ნუ გადიხარ“ და ყოფილა შემთხვევა, მისთვის „წკეპლაც“ დაურტყამს. მამა მას სოფელში ბავშვებთან თამაშს უშლიდა, თუმცა სკოლაში უშვებდა. სკოლიდან დაგვიანების შემთხვევაში ბ-------- ი----ი ეჩხუბებოდა და „წკეპლას“ შემოარტყამდა ხოლმე ფეხებზე. მამა თითქმის ყოველ დღე ურტყამდა ფეხებზე ხის ტოტს ე.წ. ,,წკეპლას.“ ს------ ი----ა ბ-------- ი----ს ეუბნებოდა თავი დაენებებინა ბავშვისთვის, მაგრამ იგი მაინც ყველაფერზე უმიზეზოდ ეჩხუბებოდა. დაზარალებულის ჩვენებით, მას ერთხელ დააგვიანდა სახლში მისვლა, რადგან გაერთო უბნის ბავშვებთან თამაშით. მან იცოდა, რომ ამის გამო მამა დასჯიდა, ამიტომ დაიმალა საცხოვრებელი სახლის სხვენში. ოჯახის წევრებს ეგონათ დაკარგული, რის გამოც ეძებდა პოლიცია. იგი დაიმალა იმის გამო, რომ ეშინოდა მამის. 2019 წლის 11 მაისს, მას ბ-------- ი----მა მარცხენა ფეხისა და ხელის არეში დაარტყა ჯოხი, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ეს დარტყმა იმიტომ გაახსენდა, რომ ყველაზე მეტად ეტკინა. მას ეშინია მამის, რადგან როდესაც ხედავს ფიქრობს, რომ მამა სცემს. 2019 წლის 12 მაისს, ბ-------- ი----ი ეჩხუბა და უყვიროდა „ფული სად წაიღე, რატომ მოიპარეო?“, ფეხებში შემოარტყა „წკეპლა“, ოთახიდან ძალით ჩაიყვანა ეზოში და მიიყვანა ვაზის ტალავერის ქვეშ მდგარ ხის ხარაჩოსთან. იგი მამას უწევდა წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდა, თუმცა ბ-------- ი----ი მას მიათრევდა ძალით. ხარაჩოსთან მისვლის შემდეგ ერთი ხელით დაუჭირა მკლავი, მეორე ხელით ფეხი და ძალით აიყვანა ხარაჩოზე. შემდეგ ფეხზე შემოახვია წინასწარ გამზადებული ჯაჭვი და იმ მიზნით, რომ არ გაეხსნა ჩაკეტა ბოქლომით. ბ-------- ი----ს აღნიშნული ხარაჩო და ჯაჭვი გამზადებული ჰქონდა წინასწარ. იგი დაბმის პროცესშიც უწევდა მამას წინააღმდეგობას და იქნევდა ხელ-ფეხს, თუმცა ბ-------- ი----ი მას სხეულზე ურტყამდა ხელს. დაბმის შემდეგ იგი ხმას აღარ იღებდა და იჯდა ჩუმად, რადგან ბ-------- ი----ი იდგა იქვე და არ შორდებოდა გვერდიდან რათა არ ეყვირა და საშველად არ ეხმო ვინმე. დაახლოებით ერთ საათში იგი ჩამოხსნა ბ-------- ი----მა, შეიყვანა სახლში და პირველივე ოთახში განთავსებული ლოგინის ფეხზე მიაბა იმავე ჯაჭვით, რომლითაც ტალავერზე იყო მიბმული. იგი ხან წვებოდა და ხან დგებოდა საწოლიდან, მაგრამ მას ვერ შორდებოდა და ვერც ჯაჭვს იხსნიდა. იგი ლოგინზე მიბმის მომენტშიც უწევდა მამას წინააღმდეგობას, თუმცა ეს უკანასკნელი ურტყამდა და ძალით მიაბა საწოლზე. დაახლოებით 21:00 საათზე, დააპირა დაძინება, რა დროსაც მას ბ-------- ი----მა ჯაჭვი მოხსნა ფეხიდან, შემოახვია ყელზე და კვლავ მიაბა საწოლის ფეხზე, კერძოდ, ჯაჭვის ერთი ბოლო მიბმული იყო ლოგინის ფეხზე, მეორე ბოლო კი ისე ჰქონდა შემოხვეული ყელზე ვერ გახსნიდა, რადგან ჩაკეტილი იყო ბოქლომით. იგი ამ დროსაც უწევდა მამას წინააღმდეგობას, თუმცა მან დააბა ძალის გამოყენებით და ასეთ მდგომარეობაში დატოვა მთელი ღამით. 2019 წლის 13 მაისს დილით, ბ-------- ი----მა ყელზე შეხსნა ჯაჭვი და უთხრა, რომ ისევ ტალავერზე უნდა დაება. აღნიშნულის გამო მან დაიწყო ტირილი და ეუბნებოდა მამას, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა უჭირდა, მეტი აღარ შეეძლო და დაენებებინა თავი. ამის მიუხედავად მას ბ-------- ი----მა მარჯვენა ხელის მაჯაზე მოკიდა ხელი, ძალით მიათრია ტალავერთან და დააბა. მას ბ-------- ი----ი სჯიდა ფულის მოიპარვის გამო და ეუბნებოდა „ფული მოიტანე, სად წაიღეო“. მას ეშინია მამის, ამიტომ უნდა, რომ დაიჭირონ და დასაჯონ იმის გამო, რომ აწვალებდა და ცუდად ექცეოდა მას.
მოწმე ლ--–-----–-----ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი 2014 წლიდან მუშაობს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სერვის ცენტრში და არის სოციალური მუშაკი. მის წარმოებაშია საქმე 2005 წლის 13 მაისს დაბადებული არასრულწლოვანი ა–----------------- მიმართ, რომელიც იმყოფებოდა ნათესაურ მინდობით აღზრდაში, 2015 წლიდან კი იმყოფება რეინტეგრაციის პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ა–----- კ--------ი 2015 წლიდან იმყოფება ბიოლოგიურ გარემოში. იგი თვეში ერთხელ მაინც ამოწმებს რა პირობებში იმყოფება ბავშვი. 2019 წლის 13 მაისს, მოახდინა მისი გეგმიური შემოწმება და ნ-------–--–-–---–თან ერთად გამოცხადდა ა–----------------- საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც დახვდა ბავშვის განსხვავებული მდგომარეობა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლისას მათ დაინახეს, რომ ეზოში მდგარ ხარაჩოზე, მუხლებში მოხრილ მდგომარეობაში იჯდა ბავშვი, რომელსაც ფეხები ჰქონდა მიტყუპებული და ჯაჭვით დაბმული, რომელიც დამაგრებული იყო მის ზემოთ განთავსებულ ტალავერზე. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულზე იგი გაბრაზდა და დაიწყო ხმამაღლა საუბარი, რა დროსაც სახლიდან გამოვიდა ა–-----ის მამა ბ-------- ი----ი, რომელსაც ჰკითხა რა ხდებოდა. მას ბ-------- ი----მა უპასუხა, რომ მას შვილმა მოპარა ფული, დაახლოებით 2000 აშშ დოლარამდე, რის გამოც დასაჯა ამ ფორმით. მან ბ-------- ი----ს მოსთხოვა სასწრაფოდ მოეხსნა ჯაჭვი და გაეთავისუფლებინა ბავშვი. მან იმავდროულად მოახერხა და ფოტოები გადაუღო ა–----- კ--------ს, თუმცა ბ-------- ი----ი ტელეფონზე ხელის აფარებით ცდილობდა მისთვის ხელის შეშლას. მას შემდეგ, რაც ბ-------- ი----მა ჩამოხსნა ბავშვი, შევიდნენ სახლში, სადაც დახვდნენ ბავშვის ბებია - ს------ ი----ა და მამიდა, რომლებმაც უთხრეს, რომ მათ აღნიშნულის შესახებ იცოდნენ. ასევე განუმარტეს, რომ მამამ შვილი დასაჯა იმიტომ, რომ სახლიდან მოიპარა ფული. ამის შემდეგ, მათ რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოს განცხადებით, რომელსაც დაურთეს მის მიერ გადაღებული ფოტოსურათები.
ანალოგიური დასტურდება მოწმე ნ-------–--–-–---–ის გამოკითხვის ოქმით.
მოწმე ფ------ ი----ას გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ბ-------- ი----ი არის მისი ძმა, რომლის მინდობით აღზრდაზეც იმყოფებოდა მისი შვილი - ა–----- კ--------ი. აღნიშნულის გამო პერიოდულად მათთან შესამოწმებლად დადიოდა სოციალური მუშაკი. შემთხვევის დღეს, ბ-------- ი----ს თავისი შვილი დაბმული ჰყავდა ჯაჭვით. ამ დროს მათთან მივიდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც აღშფოთდნენ ამ ფაქტით და ა–----- კ--------ი წაიყვანეს სახლიდან. პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე, ბ-------- ი----მა გადამალა ტომარა, ჯაჭვი და ხის ხარაჩო, რომელზეც იჯდა ა–----- კ--------ი. მოწმის ჩვენებით, ბ-------- ი----მა შვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჯაჭვით დააბა იმიტომ, რომ იყო გაბრაზებული, რადგან დაახლოებით ორი თვის წინ ა–----- კ--------მა მას მოპარა ფული და ამ ფორმით სურდა მისი დასჯა.
მოწმე ს------ ი----ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ბ-------- ი----ი არის მისი შვილი, ა–----- კ--------ი კი - შვილიშვილი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაზე. ოჯახიდან ფულის მოპარვის გამო ა–----- კ--------ს ხშირად საყვედურობდა მამა და სურდა, რომ გაზრდილიყო ნორმალური ადამიანი. შემთხვევის დღეს ბ-------- ი----მა ა–----- კ--------ი ჭკუის სწავლების მიზნით მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში დააბა ჯაჭვით. აღნიშნული ნახეს სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა, რის გამოც ბავშვი წაიყვანეს სახლიდან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 14 მაისს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ს------–-----------–---–----------------------------–-- დათვალიერებისას ამოღებული იქნა რკინის ვერცხლისფერი ჯაჭვი, ოქროსფერი ბოქლომიანი გასაღებით და მორუხო ფერის ნაჭრის ტომარა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წის 9 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით ა–----------------- ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ა–----- კ--------მა მამის - ბ-------- ი----ის ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხხულმა ექსპერტმა მ-------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ა–----- კ--------ი იყო ძალიან შებოჭილი ბავშვი, უნარები ჰქონდა საკმაოდ მწირი. ბავშვი ძალიან ნერვიულობდა და უჭირდა ლაპარაკი. შემდეგ კი უთხრა, რომ მამისგან განიცდიდა საკმაოდ მძიმე ზეწოლას. ბავშვმა ასევე უთხრა, რომ მამამ იმიტომ დააბა ჯაჭვით, რომ მას ფული მოპარა, რაც ჩაიდინა სამაგიეროს გადახდის მიზნით. მოწმის განმარტებით, მან გამოიკვლია თითქმის ყველა მოდალობა, აზროვნება, მეხსიერება, ყურადღების გადატანა-გადანაცვლება, დეპრესიის შკალა, მის ემოციური მდგომარეობა და სოციალური განწყობები. ყოველივეს შეაჯამების შემდეგ კი გასცა დასკვნა. ბავშვს ფსიქიკა იმ დონეზე ჰქონდა დანგრეული, რომ ეს ნამდვილად არ იყო ორი დღის შედეგი. იგი იყო წნეხის ქვეშ მოხვედრილი ადამიანი, რომელიც ნადგურდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ბ-------- ი----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ-------- ი----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ბ-------- ი----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
,,წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური და ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ „წამება“ ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ ადგება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ან მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება.
ადამიანის დაცვა წამებისგან არის პირის აბსოლუტური უფლება და მისი გამართლება არ შეიძლება რაიმე საზოგადოებრივი აუცილებლობით ან სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.
წამებისაგან სისხლისსსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური თვალსაზრისით, ასევე ადამიანის ნორმალური (გაწონასწორებული) ფსიქიკური მდგომარეობა. დანაშაულის დამატებითი ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის პირად, ოჯახურ თუ სხვაგვარი საიდუმლოების (ინფორმაციის) დაცვასთან, წამების დამატებითი ობიექტია ასევე ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, ეროვნების თუ სხვა ნიშნის მიხედვით.
წამება არის მატერიალური დანაშაული და მას შედეგად უნდა მოჰყვეს ნორმაში მითითებული ერთ-ერთი შედეგი. წამების ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (მოქმედებასა ან უმოქმედობაში), შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის. წამება ობიექტური მხრივ შეიძლება გამოვლინდეს მყისიერი ქმედებით და დროში გაწელილი ქმედებით. ქმედებანი უნდა გამოირჩეოდას განსაკუთრებული ხასიათით, ან ინტენსივობით ანდა ხანგრძლივობით და სწორედ ამგვარი თვისებების გამო იწვევდეს მძიმე შედეგს, (ძლიერი ფიზიკური, ან ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა). სუბიექტური მხრივ წამებისათვის აუცილებელია სპეციალური მიზნების არსებობა (მიზნით დაფუძნებული დელიქტი). ეს მიზნია: ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. მიაღწევს თუ არა პირი ამ მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტული არასათანადო მოპყრობა, რომ შეფასდეს წამებად, საამისოდ, საჭიროა ქმედებამ მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ დონეს. ამ უკანასკნელი კრიტერიუმის შეფასება კი ხდება საქმის ყველა გარემოებაზე დაყრდნობით, მათ შორისაა მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეორე განმსაზღვრელი კრიტერიუმი კი არის მიზანი, რის გამოც ინდივიდი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, ანუ რას მოიცავს ქმედების სუბიექტის განზრახვა და რა არის მისი მოტივაცია. ასევე მნიშვნელოვანია გარემო და ქმედების ხასიათი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტი შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მოქმედებს ამ მიზნით.
პალატა ასევე განმარტავს, რომ მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოიყენება ცალკეული ქმედების ინტენსიურობის შესაფასებლად. თუმცა, შემამსუბუქებელი ეფექტი, იმის შეფასებისას, წარმოადგენს თუ არა ქმედება წამებას, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი. ქმედებები, რომლებიც, ობიექტური ნიშნის თანახმად, აყენებს პირს ძლიერ ტკივილს და არის სასტიკი, ჩაითვლება წამებად, მიუხედავად იმისა, ეს პირი მდედრობითი სქესის არის თუ მამრობითი, ანდა არის თუ არა ძლიერი აგებულების.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 12 მაისს, ბ-------- ი----მა საკუთარი შვილი, 2005 წლის 13 მაისს დაბადებული ა–----- კ--------ი, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ორი თვით ადრე, ფარულად დაეუფლა ოჯახის კუთვნილ ფულად თანხას ჯაჭვით მიაბა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ვაზის ტალავერზე. ერთი საათის შემდეგ ჩამოხსნა, შეიყვანა სახლში და იმავე ჯაჭვით მარჯვენა ფეხით მიაბა საწოლის ფეხზე. დაახლოებით 21:00 საათზე კი ჯაჭვი მოხსნა ფეხიდან და მოაბა ყელზე და ასეთ მდგომარეობაში დატოვა დილამდე. 13 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე კი ა–----- კ--------ი კვლავ ძალით აიყვანა სახლის ეზოში არსებული ვაზის ტალავერის ქვეშ განთავსებულ ხარაჩოზე, ფეხები შეუკრა მეტალის ჯაჭვით, რომლის ბოლოც დაამაგრა ტალავერზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ბ-------- ი----ის განზრახვა. დაცვის მხარის განმარტებით, მას მხოლოდ შვილის დასჯა და ნორმალურ პიროვნებად ჩამოყალიბება სურდა. მისი წამების განზრახვა არ ჰქონია და ბ-------- ი----ის ქმედებებით ა–----- კ--------ს არ განუცდია ტანჯვა.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა–----------------- მიმართ ბ-------- ი----ი მუდმივად ახორციელებდა ზეწოლას, რის გამოც არასრულწლოვანს ჰქონდა მამის შიში. მიუხედავად აღნიშნულისა, შემთხვევის დღეს, როდესაც ბ-------- ი----ი ცდილობდა მისთვის ფეხებზე და ყელზე ჯაჭვის მობმას და ტალავერსა და საწოლზე მიბმას, ა–----- კ--------ი უწევდა წინააღმდეგობას და თხოვდა თავი დაენებებინა მისთვის, თუმცა ბ-------- ი----მა ძალის გამოყენებით შეძლო არასრულწლოვანი შვილის დამორჩილება და მისი ტალავერსა და საწოლზე ჯაჭვით ისე მიბმა, რომ ა–----- კ--------ი ვერ ახერხებდა თავის გათავისუფლებას. მას შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. იმის გამო, რომ ჯაჭვით ჰქონდა ფეხები შეკრული ვერ ახერხებდა მოძრაობას და ხარაჩოდან ჩამოსვლას.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, ა–----------------- მირ ტანჯვის განცდასთან დაკავშირებით, ვინაიდან ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ა–----- კ--------მა მამის - ბ-------- ი----ის ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ყურადსაღებია მოწმე მ-------------ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვს ფსიქიკა იმ დონეზე ჰქონდა დანგრეული, რომ აღნიშნული არ იყო ორი დღის შედეგი, თუმცა მანვე დაადასტურა, რომ ა–----- კ--------ი იყო წნეხის ქვეშ მოხვედრილი ადამიანი, რომელიც ნადგურდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ. მას ა–----- კ--------მა უთხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა და უჭირდა ლაპარაკი და მამისგან განიცდიდა საკმაოდ მძიმე ზეწოლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ბ-------- ი----მა არასრულწლოვან შვილს შეუქმნა ისეთი პირობები, რამაც გამოიწვია ა–----------------- ფსიქოლოგიური ტანჯვა, კერძოდ იგი ყელზე ჯაჭვით მიაბა საწოლზე და ასე დატოვა მთელი ღამის განმავლობაში, ამასთან, ძალის გამოყენებით მოათავსა ხარაჩოზე, ჯაჭვით შეუკრა ფეხები და მიაბა ტალავერზე, სადაც არასრულწლოვანი იჯდა რამდენიმე საათი და ტირილის და ხვეწნის მიუხედავად მამა მას არ ათავისუფლებდა. დაზარალებულის ჩვენებით იგი მამას ეუბნებოდა, რომ ვეღარ უძლებდა ასეთ ყოფას, თუმცა ბ-------- ი----ი მას დასჯის მიზნით არ ათავისუფლებდა და არ აძლევდა გადაადგილების და მოძრაობის საშუალებას. პალატა აღნიშნავს, რომ სუბიექტური მხრივ წამებისათვის აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა მათ შორის - პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის და მიაღწევს თუ არა პირი მიზანს, ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ-------- ი----ი შვილს სჯიდა სახლიდან ფულის მოპარვის გამო. ამასთან, მისთვის ცნობილი იყო, რომ მისი შვილი იყო არასრულწლოვანი, შესაბამისად სახეზეა ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - წამება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი პირის მიმართ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (საქმეზე Ireland v. the United KIngdom) განმარტავს, რომ წამებასა და სხვა სახის არაადამიანურ ქმედებას შორის განსხვავება გამომდინარეობს პირისათვის მიყენებული ტანჯვის (ფიზიკური თუ სულიერი) სიძლიერისა და ინტენსიურობის სხვადასხვაობის საფუძველზე. მიყენებული ტანჯვის სისასტიკე ან ინტენსიურობა შესაძლოა შეფასდეს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 1)ხანგრძლივობა, 2)ფიზიკური და სულიერი შედეგები, 3)მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, 4)აღსრულების ხასიათი და მეთოდი.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბ-------- ი----ის ქმედების წამებად შეფასებისთვის საჭირო ზემოანიშნული ოთხივე ფაქტორი. 1) ხანგრძლივობა - მსჯავრდებულს შვილი ჯაჭვით დაბმული ჰყავდა ორი დღის განმავლობაში, თავიდან ეზოში, საჯარო ადგილას, შემდგომ საწოლის ფეხზე და მეორე დღეს კი ისევ ეზოში. 2) ფიზიკური და სულიერი შედეგები: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წის 9 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ა–----- კ--------მა მამის - ბ-------- ი----ის ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექპერტმა მ-------------ემ, სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა, რომ ბავშვს ფსიქიკა ისე ჰქონდა დანგრეული, რომ იგი ასკვნის, რომ აღნიშნული არ იყო ორი დღის შედეგი. 3) მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა - სახეზეა არასრულწლოვანი, 13-14 წლის მოზარდი, რომელიც 2015 წლიდან იმყოფება რეინტეგრაციის პროგრამაში. 4)აღსრულების ხასიათი და მეთოდი - მსჯავრდებულს დაზარალებული მოთავსებული ჰყავდა მაღალ ხარაჩოზე, ფეხები ჰქონდა შეკრული და ჯაჭვით იყო მიმაგრებული ტალავერზე, ისე რომ ამ უკანასკნელს არ შეეძლო შეეცვალა მდგომარეობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბ-------- ი----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-------- ი----ის მიმართ წამების ბრალდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
ბ-------- ი----ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ბ-------- ი----ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ბ-------- ი----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----------ის და ა--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ-------- ი----ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ----------ის და ა--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ-------- ი---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბ-------- ი----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება კერძოდ, ბ-------- ი----ს 3 (სამი) წლის განმავლობაში აეკრძალოს დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ-------- ი----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ბ-------- ი----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 მაისიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჯაჭვი, გასაღებიანი ბოქლომით და ნაჭრის ტომარა - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ კომპაქტ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი