განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1881-19
საქმე №140310018002724860
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
07 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე): სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო;
წარმომადგენელი: ე-------–--–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): თ----- შ----------–---–ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N3/314-18 და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მოსარჩელე თ----- შ----------–---–ს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა თ----- შ----------–---–ი, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით: 1. თ----- შ----------–---–ის სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდა: 1.1. ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტი; 1.2. ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის № 73174 აქტი; 1.3. დაევალა სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- შ----------–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2006 წლის 14 დეკემბრის №1/ბ-1963-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის შესახებ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 01 აგვისტოს განაჩენით თ----- შ----------–---–ი (პირ. № 59001073264) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურორის მიერ აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, რაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით. აღნიშნული განაჩენის თანახმად, თ. შ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 დეკემბერს გამოცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
3.2.3. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - იოსებ ტეტუნაშვილის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტით თ. შ----------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე.
3.2.4. თ.შ----------–---–მა აღნიშნული აქტი გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსთან, რომლის 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 აქტით უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე.
3.3. სამართლებრივი შეფასება;
3.3.1. დადგენილ იქნა და სადავო არ გახლდათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თ----- შ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
იმავე კოდექსის 2004 წლისათვის მოქმედი რედაქციის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (რა მუხლითაც ცნობილი იქნა დამნაშავედ თ----- შ----------–---–ი) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო ჯარიმა ან ტუსაღობა ვადით ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
სასამართლო განმარტებით, თ----- შ----------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
ასევე დადგენილ იქნა, რომ თ----- შ----------–---–ის მიმართ განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2006 წლის 14 დეკემბერს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 2007 წლის 08 თებერვალს; ჯარიმის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დღემდე არ აღსრულებულა.
მოპასუხის მითითებით, თ----- შ----------–---–ის მიმართ აღსრულება არ უნდა შეწყდეს, ვინაიდან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტით, აღსრულების შეწყვეტა დაუშვებელია ხანდაზმულობის მოტივით იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო საქმე წარმოებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით.
თ----- შ----------–---–ს კი სასჯელის სახით ჯარიმა დაკისრებული აქვს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- შ----------–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული ,,ე" ქვეპუნქტი 34-ე მუხლს დაემატა 2000 წლის 5 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რომელიც შემდგომში, 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.
თ----- შ----------–---–ის მიმართ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის არა ,,კ“, არამედ ,,ე“ ქვეპუნქტის გამოყენების მართებულების დასასაბუთებლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ კანონში ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, რომ ხანდაზმულობა არ გავრცელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე, დაწესდა იმავე 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, და ბუნებრივია, 2007 წელს აღსასრულებლად მიქცეულ განაჩენზე ეს დანაწესი ვერ გავრცელდება, რადგან ეს რეგულაცია არ ეხება სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ საჯარიმო თანხებს.
სასამართლო მითითებით, ამ დასკვნას ამაყარებს იმითაც, რომ ამავე საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის კიდევ ერთი საფუძველი (,,ლ" ქვეპუნქტით), რომლის თანახმადაც, აღსრულება უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით ამ ცვლილების შედეგად განისაზღვრა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების და არა სისხლის სამართლით განსაზღვრულ შემთხვევებზე.
აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხანდაზმულობის ვადები ისედაც რეგლამენტირებულია სისხლის სამართლის კოდექსში და ამგვარ მითითებას არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
სასამართლოს მოსაზრებით, აქედან გამომდინარე რაიმე სახის კოლიზია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს შორის არ არსებობს და შესაბამისად, მოსარჩელეზე სრულად უნდა გამოვრცელდეს 76-ე მუხლის დანაწესი, რომელიც სპეციალური ნორმაა და პირდაპირ და უშუალოდ განსზაღვრავს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო.
სასამართლო განმარტებით, სასჯელის მოხდა და სასჯელისაგან გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია პირის ნასამართლობასთან, რასაც მთლიანად არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და ბუნებრივია, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში სხვა კანონი გამოყენებული ვერ იქნება.
აღინიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლი აწესებს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას გამამტყუნებელი განაჩენის განსაზღვრულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში, იმავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულ პირზე გავრცელდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტი, ეს პირი შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩეს ნასამართლევ პირად, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელის დანიშვნისა და პირის შემდგომი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პრინციპებს.
სასამართლო მითითებით, გასაჩივრებული აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რამდენადაც მიაჩნია, რომ ამ აქტების გამოცემით დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და, შესაბამისად მოსარჩელის უფლებები. ამავე დროს მოპასუხეს უნდა დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ----- შ----------–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო აღსრულების შეწყვეტის შესახებ, თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ითხოვს გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N3/314-18 და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე თ----- შ----------–---–ს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აპელანტის განმარტებით, გორის რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.3 ფაქტობრივი გარემოება, როდესაც დადგენილად მიიჩნია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 27 სექტემბრის N06/06-09-06078-013/001 აქტით თ----- შ----------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე. რასაც არ ეთანხმებიან, რადგან აღმასრულებელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. კანონის თანახმად, აღმასრულებლის ერთადერთ აქტს წარმოადგენს განკარგულება. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული N1/1963-06 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება N06/06-09-06078), რომლის თანახმად, მსჯავრდებულ თმაზ შ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 2000 ლარის გადახდა. აღნიშნული წარმოების ფარგლებში აღმასრულებლის მიერ განხორციელებულია მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებები.
სასამართლომ ბათილად სცნო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 27 სექტემბრის N06/06-09-06078-013/001 აქტი, რომლითაც თ----- შ----------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნული წარმოადგენს აღმასრულებლის ქმედებას, რომელიც გამოიხატა წერილობითი ფორმით. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი ბათილად ცნობა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-10 პუნქტი თანახმად, აღმასრულებლის ერთადერთ აქტს წარმოადგენს სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება.
აპელანტის განმარტებით, 2018 წლის 17 აგვისტოს მოვალე თ----- შ----------–---–მა განცხადებით მიმართა აღმასრულებელს და მოითხოვა მის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. ჯარიმის აღსრულების პროცედურის, ჯარიმასთან დაკავშირებული ხანდაზმულობისა და აღსრულების შეწყვეტის საკითხებს არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ.
მოცემული კატეგორიის სააღსრულებო საქმეთა აღსრულების პროცესში აღმასრულებელი იყენებს ამავე კანონით დადგენილ იძულებით მექანიზმებს, მათ შორის, ახორციელებს მოვალისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების გაგზავნას, იძიებს მოვალის ქონებას და ავრცელებს ყადაღას მასზე, ახდენს მოვალის რეგისტრაციას მოვალეთა რეესტრში, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს მოვალეს ქონებრივი ნუსხის წარმოდგენის შესახებ. თუკი მოვალის მიერ ნებაყოფლობით არ მოხდება ჯარიმის გადახდა, აღმასრულებელი ახორციელებს ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას და ამოღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.
სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის წესს არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
აპელანტის განმარტებით, ციტირებული ნორმით დადგენილია ერთის მხრივ აღსრულების შეწყვეტის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი გავა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა (34.1.,,ე“ მუხლი), ხოლო მეორეს მხრივ დადგენილია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოებულ სააღსრულებო საქმეზე, რომელიც მოიცავს სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების საქმეთა კატეგორიას, აღსრულების შეწყვეტის შეუძლებლობა 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგაც. შესაბამისად, თვლიან, რომ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია.
2018 წლის 19 ოქტომბრის აქტი გამოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მე-5 მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, აგრეთვე მისივე ბრძანებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულები გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სასასამართლომ აქტის გამოცემა დაავალა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო დავაში არ ყოფილა მოწვეული.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389.2.,,ბ“ მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით (საქმე N1ბ/1963-06) ცვლილება შევიდა კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 01 აგვისტოს განაჩენში თ----- შ----------–---–ის მიმართ; თ----- ვ--------ის ძე შ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე, 2006 წლის 14 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღინიშნა, რომ თ----- შ----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმის სახით 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მიეთითა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: 11.12.2006წ. კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები - სახელმწიფო ბიუჯეტი; მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: თ----- ვ--------ის ძე შ----------–---–ი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: 14.12.2006წ.
5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენი (საქმე N1ბ-1963-06) და 2006 წლის 14 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი გაეგზავნა ქვემო ქართლის სააღრულებოი ბიუროს 2006 წლის 14 დეკემბერს და ჩაბარდა ადრესატს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.12.2006 წლის განაჩენი (იხ. ს.ფ. 43-46; ტ. I).
- 14.12.2006 წლის სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 42; ტ. I).
- გზავნილი (იხ. ს.ფ. 41; ტ. I).
5.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 08.02.2007 წლის წერილით, მოვალე თ----- ვ--------ის ძე შ----------–---–ს ეცნობა, რომ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში გახლდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 11.12.2006 წლის განაჩენზე, ამავე სასამართლოს მიერ 14.12.2006 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ევალებოდა დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სააღსრულებო ბიუროში.
5.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 12.11.2015 წლის 06/06-09-06078-005/001 წერილით, მოვალე თ----- შ----------–---–ს ეცნობა 06/06-09-06078-005 12.11.2015 წლის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში გახლდათ 06/06-09-06078 სააღსრულებო საქმე, 1/1963-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესეხებ. სულ ჯამში გადასახდელი თანხა შედგენდა 2140 ლარს. შეტყობინება ადრესატს არრ ჩაბარდა.
5.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 19.02.2016 წლის 06/06-09-06078-005/002 წერილით, მოვალე თ----- შ----------–---–ს ეცნობა 06/06-09-06078-005 12.11.2015 წლის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში გახლდათ 06/06-09-06078 სააღსრულებო საქმე 1/1963-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესეხებ. სულ ჯამში გადასახდელი თანხა შედგენდა 2140 ლარს. შეტყობინება ადრესატს არ ჩაბარდა.
5.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 26.02.2016 წლის 06/06-09-06078-005/003 წერილით, მოვალე თ----- შ----------–---–ს ეცნობა 06/06-09-06078-005 12.11.2015 წლის შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში გახლდათ 06/06-09-06078 სააღსრულებო საქმე 1/1963-06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესეხებ. სულ ჯამში გადასახდელი თანხა შედგენდა 2140 ლარს. შეტყობინება ადრესატს არ ჩაბარდა.
5.8. 2015 წლის 22 დეკემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შეადგინა ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ, სადაც აღინიშნა, რომ მისამართზე, გორი სოფ. ატენი, სახლში იმყოფებოდა თ----- შ----------–---–ის მეუღლე. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარებოდა მისამართზე არსებული მოძრავი ნივთები, შესაბამისად, შედგა უქონლობის ოქმი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 08.02.2007 წლის წერილი (იხ. ს.ფ. 47; ტ. I);
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 06/06-09-06078-005/001 წერილი. (იხ. ს.ფ. 52-58; ტ. I);
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 06/06-09-06078-005/002 წერილი. (იხ. ს.ფ. 57-65; ტ. I);
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 06/06-09-06078-005/003 წერილი. (იხ. ს.ფ. 66-72; ტ. I);
2015 წლის 22 დეკემბერის ოქმი. (იხ. ს.ფ. 80; ტ. I);
5.9. 2018 წლის 17 სექტემბერს თ----- შ----------–---–მა განცხადებით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს (რეგისტრაციი N48990) და მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 76.1.,,ბ“ მუხლისა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1.,,ე“ მუხლის თანახმად, შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.12.2006 წელს გაცემულ 1/1963-06 საარსრულებო ფურცელის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (სააღსრულებო საქმე N06/06-09-06078).
5.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 27.09.2018წ. №06/06-09-06078-013/001 წერილით, თ----- შ----------–---–ს, მისივე 2018 წლის 17 სექტემბრის განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული N1/1963-06 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ თ----- შ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 2000 ლარის გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობებდნენ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება წყდება თუ: თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა;
აქედან გამომდინარე, საარსრულებო ბიურო მოკლებული გახლდათ შესაძლებლობას ხანდაზმულობით შეწყვიტა სააღსრულებო წარმოება. (აღმასრულებლი იოსებ ტეტუნაშვილი)
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- თ----- შ----------–---–ის 17.09.2018წ. განცხადება (იხ. ს.ფ. 83-84; ტ. I);
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 27.09.2018 წლის №06/06-09-06078-013/001 წერილი (იხ. ს.ფ. 23; ტ. I).
5.11. 2018 წლის 19 ოქტომბერს თ----- შ----------–---–მა წარადგინა საჩივარი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსთან, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტი ბათილად ცნობისა დაა სააღსრულებო წარმოების შეყვეტის თაობაზე.
5.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 წერილით, თ----- შ----------–---–ს მისივე 2018 წლის 04 ოქტომბრის საჩივრის პასუხად ეცნობა, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული N1/1963-06 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ თ----- შ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 2000 ლარის გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობებდნენ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება წყდება თუ: თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა;
აქედან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას ხანდაზმულობით შეწყვიტოს სააღსრულებო წარმოება.
მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:
- თ----- შ----------–---–ის 04.10.2018 წლის საჩივარი (იხ. ს.ფ. 88; ტ. I);
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 19.10.2018 წლის №73174 წრილი (იხ. ს.ფ. 22; ტ. I).
6. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ამ კოდექსის 22.1. მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ამ კოდექსის 23.1. მუხლით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.
ამ კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე თ----- შ----------–---–ის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 27.09.2018წ. №06/06-09-06078-013/001 წერილობითი უარი, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 წერილობითი უარი - წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის (თ----- შ----------–---–ისათვის) უარის თქმის თაობაზე და ამდენად, წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. ,,დ" მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა შემოწმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი დავის ფარგლებში.
ამრიგად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
6.3.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2.,,ბ" მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ზემოთ მითითებული ნორმის იმპერატიული დანაწესის თანახმად, წინამდებარე დავაში უზრუნველყოფილი გახლდათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობა მისი სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით.
ამრიგად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.
6.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული 11.12.2006 წლის განაჩენითაც (საქმე N1ბ/1963-06) დასტურდება, რომ გარდა ძირითადი სასჯელისა (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით), მსჯავრდებულ თ----- შ----------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაზედაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 14 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი. ამასთან, 14.12.2006 წლის სააღსრულებო ფურცელი გაეგზავნა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 14 დეკემბერს, რაც ჩაბარდა ადრესატს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული 11.12.2006 წლის განაჩენის (საქმე N1ბ/1963-06) საფუძველზე 14.12.2006 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელის აღსრულების მიზნით 08.02.2007 წლიდან 12.11.2015 წლის პერიოდში, სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ბიუროში არ მიმდინარეობა და აღმასრულებლის მიერ რაიმე საარსრულებო ქმედება არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სგანსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული 11.12.2006 წლის განაჩენითაც (საქმე N1ბ/1963-06) დასტურდება, რომ რომ თმაზ შ----------–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 11.12.2006 წლის განაჩენი (საქმე N1ბ/1963-06) კანონიერ ძალაში შევიდა 11.12.2006 წელს.
6.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილია სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო, კერძოდ: ამ ნორმის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79.2. მუხლით, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება: გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
ამრიგად, ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა იმპერატიული დანაწესის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩნის აღსრულების უფლება ექვემდებარება ხანდაზმულობას. ამასთან, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილ ვადებში. სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ხანდაზმულობა დგება სპეციალური კანონით სასამართლო აქტის აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე (განსახილველ შემთხვევაში 6 წელი - 2012 წლის 12 დეკემბერი 24:00 საათი). პალატის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლა, გულისხმობს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის გამორიცხვას და ანიჭებს უფლებას უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგს წარმოადგენს მსჯავრდებულის განთავისუფლება დაკისრებული სასჯელისაგან.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი უნდა აღსრულდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ (თუ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლები) მსჯავრდებული ითვლება სასჯელისაგან განთავისუფლებულად და აღნიშნული განაჩენი აღსრულებას აღარ ექვემდებარება, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
6.7. ამრიგად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ურთერთშეჯერების შედეგად, სასამართლო ეთანხნება პირველი ინსტანციის სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. ამასთან, ვინაიდან, თ----- შ----------–---–ი თავისუფლდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული 11.12.2006 წლის განაჩენით (საქმე N1ბ/1963-06) დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან ხანდაზმულობის გამო, ამდენად, აპელანტი (მოპასუხე) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული 11.12.2006 წლის განაჩენის (საქმე N1ბ/1963-06) საფუძველზე, 14.12.2006 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელზე აღსრულების შეწყვეტაზე (დამატებითი სასჯელის დაკისრების ნაწილში) უარი ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
ამრიგად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას დავის საგანთან მიმართებაში დაკავშირებით.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38.1.,,ვ“ მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვ) სააპელაციო საჩივარზე.
ამ კოდექსის 55.2. მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (იხ. ს.ფ. 142, ტ. I), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-ე-391-ე; 397-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მეშვეობით;
4. განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი