განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
040100119003334862
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 040100119003334862

საქმე №1/ბ-143-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

ბრალდების მხარე: ცაგერის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----------–--–-–---–ი

 

მსჯავრდებული: ბ--------–---------–---ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №2----------), ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ლ--------------------------–-------–ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--------–---------–---ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის განაჩენით: ბრალდებული ბ--------–---------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გაუქმდა ბ--------–---------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო; საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი 53 ერთეული მორი მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--------–---------–---მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ--------–---------–---მა, 2019 წლის 01 ნოემბერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–ში უკანონოდ გაჩეხა დაახლოებით 3 კუბური მეტრი მოცულობის, 6 (ექვსი) ძირი თხმელის (მურყანი) ჯიშის ხე. ბ--------–---------–---ის ქმედების შედეგად, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1270 ( ათას ორას სამოცდაათი) ლარი.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------–--–-–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულ ბ--------–---------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, ვინაიდან ბ--------–---------–---მა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რა დროსაც ნასამართლობის მქონე იყო განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1270 ლარი, რაც არ არის ანაზღაურებული.

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მოწმე ირაკლი ლუხუტაშვილის 2019 წლის 25 ნოემბრის გამოკითხვის ოქმით; მოწმე იმედა კოპალიანის 2019 წლის 25 ნოემბრის გამოკითხვის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოილუსტრაციით; ბ--------–---------–---ის ნასამართლობის ცნობით; ბ--------–---------–---ის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; ცნობით აღსრულების ეროვნული ბიუროდან; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილითა და თანდართული მასალებით; დადგენილებით ბ--------–---------–---ის ბრალდების შესახებ; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ--------–---------–---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ბ--------–---------–---ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

გამამტყუნებელი განაჩენის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, პირველ რიგში, უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 

ამდენად, სასჯელთან მიმართებით, პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

ბ--------–---------–---ი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მსჯავრდებულის განმარტებით, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ინვალიდი და, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მისი ოჯახი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (იხ.პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბრალდებული ბ--------–---------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 26 ნოემბრის N8---- წერილის თანახმად, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული ჯარიმა 2019 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს არ მიუთითებია მსჯავრდებულის მიმართ არსებული ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის აღუსრულებელი განაჩენის თაობაზე და აღნიშნულის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე, შემდგომში იმავე საკითხზე მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით გასაჩივრება უსაფუძვლოა, ხოლო, სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას მსჯელობა იქონიოს მასზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე, ბრალდებულის პიროვნება, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბ--------–---------–---მა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველჰყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მერაბი ტყეშელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის განაჩენი, ბ--------–---------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 06 იანვრის განაჩენი, ბ--------–---------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ბ--------–---------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

4.ბ--------–---------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

 

5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი 53 ერთეული მორი - მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში;

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/