განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
330100119003131673
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003131673

საქმე № 1ბ/343-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – მ-------- ბ------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ა---------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი:

ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

დამატებითი სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-----–-----მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ მ----–------------ ჩვენება უდევს საფუძვლად, ხოლო დანარჩენი მტკიცებულებები წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს და შესაბამისად არ ქმნიან ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილ მაღალ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის 1/1/548 გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა მითითებული პირის მსჯავრდებისათვის უტყუარი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობაზე, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს მის ბრალს ჩადენილ დანაშაულში. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი კი ემყარება მხოლოდ ერთი პირის - დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არის კონფქლიტური პიროვნება, ამასთან პოლიციისთვის სილის გაწნის გამო ცნობილია სამართალდამრღვევად. აღნიშნულის გამო, აპელანტს მიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი მ-------- ბ------ის მიმართ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

მ-------- ბ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 10 ივლისს, შუადღის საათებში, თბილისში, ა------------------------------------–-- მ-------- ბ------ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით რამდენჯერმე დაემუქრა თავის მეუღლეს - მ----–------------, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველ ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა მ-------- ბ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მ----–------------ სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია და არც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. იგი აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, რის გამოც მისი მეუღლე ეჭვიანობდა და ჩხუბისთვის საბაბს ეძებდა. შემთხვევის დღეს, მათ საცხოვრებელ სახლში იყვნენ სიდედრი და ბავშვები, რომლებიც ხმაურის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გაიგებდნენ. დაზარალებული კონფლიქტური ადამიანია. მას კონფლიქტი აქვს, როგორც თავის დებთან, ასევე მეზობლებთან.

 

დაზარალებულ მ----–------------ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2006 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-------- ბ--------თან. ბოლო 4 წელია მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან ეს უკანსკნელი გახდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული. იგი მეუღლეს სთხოვდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის თავი დაენებებინა და სავადმყოფოში დაწოლილიყო, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც, მათ მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი. აღნიშნულ პერიოდში მისი მეუღლე გახდა აგრესიული, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დამუქრა მას, თუმცა მანამდე მუქარის განხორციელების შიში არ გასჩენია. 2019 წლის 10 ივლისს საზამთროს ჭრიდა, როდესაც მ-------- ბ------ემ ალერსი დაუწყო, რადგან წინა დღეებში მისი მეუღლე ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, მისგან ალერსი არ ესიამოვნა და უთხრა თავი დაენებებინა. უარის შემდეგ მეუღლემ ორივე ხელი დაარტყა ბეჭებში, რის გამოც მან დარეკა 112-ში, მ-------- ბ------ემ კი ვისკის ბოთლს დაავლო ხელი, უთხრა გაეთიშა მობილური, თორემ დაარტყამდა და წაართვა ტელეფონი. მას შეეშინდა მეუღლეს ტელეფონი არ დაემტვრია და გამორთმევას ცდილობდა, რა დროსაც ტელეფონი ალბათ გაითიშა. მეუღლემ უთხრა, რომ დაანაწევრებდა მას და გაიტანდა ჩანთით, ასევე დაემუქრა მთელი ოჯახის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით. მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, რადგან მ-------- ბ------ე ის ადამიანი აღარ არის ვისაც ცოლად გაჰყვა. ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო, არის აგრესიული და არავინ იცის ე.წ. ,,ლომკის“ დროს რას გააკეთებს. ამიტომ ღრმად ძილისაც კი ეშინოდა, მეუღლეს რამე რომ არ დაეშავებინა მისთვის. ნათესავებს დახმარებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ. კონფლიქტის შემდეგ მის დას - მ------------ს დაურეკა და უამბო მომხდარის შესახებ. კონფლიქტის დროს ოჯახში დედამისი და შვილები იყვნენ, თუმცა არაფერი გაუგიათ, რადგან სხვა ოთახში იყვნენ. დედამისს რამდენჯერმე აქვს ინსულტი გადატანილი და ცდილობს ზედმეტად არ ანერვიულოს. 112-ში დარეკვის შემდეგ კარზე ზარი იყო, მან გაიხედა და დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, ამიტომ მეუღლეს მეორე კარიდან გაქცევა შესთავაზა. მ-------- ბ------ე ასეც მოიქცა. მას იმ დღეს განცდილი შიში დღემდე ახსოვს, თუმცა მიუხედავად ამისა, მეუღლეს ყველაფერი აპატია და არ უნდა, რომ მკაცრად დაისაჯოს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლისს, მას დაურეკა მისმა დამ - მ----–------------. მან უთხრა, რომ მ-------- ბ------ე თავის ,,გაპობით“ დაემუქრა და დახმარება სთხოვა. მ----–-------- დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით მივიდა, რადგან არ სურდა ოჯახურ კონფლიქტში ჩარეულიყო. მისი და აღელვებული და ატირებული დახვდა. სახლი არეული იყო. პატრულის თანამშრომლები უკვე მისულები იყვნენ. მ-------- ბ------ე სახლში არ იყო. მის დას და სიძეს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბოლო წლების განმავლობაში კი მ-------- ბ------ემ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო, რის გამოც სულ კონფლიქტი ჰქონდათ. მ----–------------ დედმამიშვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ როგორც გამოკვლეული, ასევე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული გამოკვლეული მტკიცებულბების, კერძოდ: მ----–------------, მ------------ს სასამართლოში მიცემული ჩვენებებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ა-–--------------–--------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 10 ივლისის სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებული - მადლენა ბეჭვაია არის მ-------- ბ------ის მეუღლე. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, კი ,,ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1331, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“. შესაბამისად, პალატა თვლის რომ ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------- ბ------ის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ: დაზარალებულ მ----–------------ ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული, რაც ასევე გამყარებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. პალატა განმარტავს, რომ ქმედების მუქარად კვალიფიკაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა მ----–------------ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები. ამასთან, მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ საკითხთან დაკავშირებით რეალურად აღიქვა თუ არა მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარა - არის დამაჯერებელი. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის მუქარის შედეგად განიცადა საფუძვლიანი შიში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ასევე დასტურდება, როგორც მოწმე მ------------ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით, ასევე ა-–--------------–--------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, ასევე იმ ფაქტით, რომ დაზარალებული უმალვე ახორციელებს ზარს 112-ზე, რაც დადასტურებულია სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმებით.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ოჯახური დანაშაული არის ლატენტური ხასიათის და შემთხვევის ადგილის (დახურული სივრცე) გათვალისწინებით, დაზარალებულის ჩვენება არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მ-------- ბ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მ-------- ბ------ის მიერ მ----–------------ მიმართ განხორციელებული მუქარის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი. შესაბამისად პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-------- ბ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ-------- ბ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებლი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-------- ბ-------- განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

პალატას მიაჩნია, რომ მ-------- ბ------ისთვის დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების და გასაკიცხაობის ხარისხი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი მ-------- ბ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ-------- ბ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განაჩენი მ-------- ბ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ-------- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის შესაბამისად, მ-------- ბ-------- აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ-------- ბ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მ-------- ბ-------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 ივლისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე