განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003392679
საქმე № 1ბ/364 -20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაკა გველესიანი
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ვ-–-----–-–--ე, დაბადებული 1----–-–--------------------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---–----–------------------------ში;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თ----------–-----–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა მსუბუქი სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, მითითებული მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, მისი მოტივიდან და ალკოჰოლზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე საშიშროების შემცველია დაზარალებულისთვის და მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ვ-–-----–-–--ე სისტემატურად მოიხმარს ალკოჰოლს რა დროსაც ხდება აგრესიული და ოჯახის წევრებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა მსაჯვრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე და დამნაშავის პიროვნება. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ვ-–-----–-–--ის ადვოკატმა ო-–----------ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ვ-–-----–-–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლიდან ვ-–-----–-–--ე და თ-- მ--–-–--ე მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 11 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ---–--–---–----–------------------------ში, ვ-–-----–-–--ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა თ-- მ--–-–--ის მიმართ, კერძოდ, მუშტი ძლიერად დაარტყა მარცხენა ყურის არეში, რის შემდეგაც ფეხი ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ-- მ--–-–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ვ-–-----–-–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-–-----–-–--ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის თ-- მ--–-–--ის, მოწმეების: ა-–-------------------–---–---------------–-–-----------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ-–-----–-–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–-----–-–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ-–-----–-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან.
ვ-–-----–-–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ-–-----–-–--ეს სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ-–-----–-–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ვ-–-----–-–--ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ვ-–-----–-–--ის მხრიდან დაზარალებულ თ-- მ--–-–--ის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ-–-----–-–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ვ-–-----–-–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ვ-–-----–-–--ემ ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის - თ-- მ--–-–--ის მიმართ, მისი ალკოჰოლთან დამოკიდებულება, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ-–-----–-–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ვ-–-----–-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ-–-----–-–--ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ასევე იმ გარემოებას, რომ ვ-–-----–-–--ე არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ვ-–-----–-–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლები და მის მიმართ უფრო მკაცრი ან/და საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ვ-–-----–-–--ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–-----–-–--ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ვ-–-----–-–--ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-–-----–-–--ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----------–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი ვ-–-----–-–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ-–-----–-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი)თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლების საფუძველზე, ვ-–-----–-–--ეს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და მისი დახმარება განახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ვ-–-----–-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით პერიოდი, 1 (ერთი) თვე და 3 (სამი)დღე.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ-–-----–-–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი