განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2020
საქმის ნომერი
340210017001935355
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210017001935355

საქმე № 2ბ/3579-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე– გენადი მაკარიძე

მოსამართლეები - ამირან ძაბუნიძე, გელა ქირია

სხდომის მდივანი – ლანა ჩერქეზიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,გ---------“ (მოპასუხე).

წარმომადგენელი - მ----- ფ-----ე.

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ი-------ე (მოსარჩელე).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ------- ი-------ემ მოპასუხე შპს ,,გ---------’’-ს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის თებერვლიდან მუშაობდა შპს „გ---------“-ს სამედიცინო ცენტრში, მიმღები განყოფილების ექიმად და ე----------------–------. ხელშეკრულების თანახმად, მისი ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი იყო ერთი მორიგეობა - 70 ლარი და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს 20%. 2017 წლის იანვარში მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა და აღნიშნული პერიოდისათვის მისმა სახელფასო დავალიანებამ ჯამში შეადგინა 3806,25 ლარი. შპს ,,გ---------ს" ბუღალტერიის მიერ გამოწერილი უწყისის თანახმად 2016 წლის ოქტომბერში სახელფასო დავალიანება არის - 1115 ლარი, ნოემბერში - 1236.25 ლარი, დეკემბერში - 1335 ლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში - 120 ლარი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ------- ი-------ის სარჩელი და მოპასუხე შპს ,,გ--------ს“ მოსარჩელე გ------- ი-------ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების (დარიცხული) 3806,25 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ი-------ე შპს ,,გ---------ს" სამედიცინო ცენტრში მუშაობდა მიმღები განყოფილების ექიმად და ე----------------–------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ი-------ესა და მოპასუხე შპს ,,გ--------ს“ შორის შრომითი ურთიერთობა 2017 წლის იანვარში შეწყდა და კომპანიას გ------- ი-------ის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება: 2016 წლის ოქტომბერში - 1115 ლარი, ნოემბერში - 1236,25 ლარი, დეკემბერში - 1335 ლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში 120 ლარი, რაც ჯამში 3806,25 ლარს შეადგენს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 105-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე შპს-ს წარმომადგენელმა თავდაპირველად შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელე არ ყოფილა მასთან დასაქმებული და მასზე არასდროს გაუცია ხელფასი, შემდეგ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე მასთან მუშაობდა 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით და ამ პერიოდის ხელფასი მიღებული აქვს სრულად, ხოლო 2016 წლის ოქტომბრიდან მოსარჩელეს მასთან აღარ უმუშავია, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც 2016 წლის სექტემბერში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დაადასტურებდა, მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია და მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ სარჩელზე დართული სახელფასო ბარათი არის ყალბი, ვინაიდან დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი კომპანიის დირექტორს, რომელიც 2016 წლის 16 დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფება და ამავე პერიოდიდან კლინიკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს სამედიცინო კლინიკის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. კლინიკის ადმინისტრაცია, დირექტორის დაკავების მიუხედავად, ვალდებული იყო ეწარმოებინა მონაცემები დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ და დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, გაეცა ინფორმაცია დარიცხული ხელფასის თაობაზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ბარათზე ნაბეჭდი ფორმით მითითებულია ,,მ----- ფ-----ე“, არ აქარწყლებს ბარათში მითითებულ ინფორმაციას შპს-ში დასაქმებულ პირზე დარიცხული ხელფასის ოდენობის და პერიოდის შესახებ.

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე და მე-6 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების დადებისას, მოქმედებს ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეთა დამოუკიდებელი და თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, სამართალურთიერთობის წარმოშობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების დაწყების მომენტიდან, თუ მხარეებმა თავად ხელშეკრულებით სხვა პირობა არ განსაზღვრეს. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა უკავშირდება მხარეთა კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტს, მათ შორის დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას განუსაზღვროს კონკრეტული სამუშაო დასაქმებულს და ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლო ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, პირადად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა, აგრეთვე შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ მონაცემების წარმოება დამსაქმებლის ვალდებულებაა. ამდენად, დამსაქმებელი უნდა ფლობდეს შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას, რომელიც დასაქმებულის მიმართ სახელფასო ანაზღაურებას, მის ოდენობას, გადახდის წესსა და პირობებს შეეხება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 131-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ხელფასის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, მან სადავოდ სახელფასო დავალიანების არსებობა გახადა, თუმცა ვერ შეძლო მოსარჩელის მიმართ სადავო პერიოდში სახელფასო დავალიანების არარსებობის ფაქტის დადასტურება.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნა დადგენილად გ------- ი-------ესა და შპს ,,გ--------ს’’ შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტის თარიღად 2017 წლის 31 იანვარი. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. შესაბამისად მოსარჩელისა და მოპასუხის შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულება იქნებოდა შრომითი ხელშკრულება, თუმცა იგი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სახელფასო დავალიანების არსებობა დადგენილი იქნა ყალბ ცნობაზე დაყრდნობით, ვინაიდან მასზედ ხელი მოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე შპს ,,გ---------ს’’ წარმომადგენელმა (დირექტორმა) განმარტა, რომ გ------- ი-------ე კომპანიაში დასაქმებული იყო 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, თუმცა უცნობია რამდენია მის მიმართ სახელფასო დავალიანება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 16.01.20; 16:24:03 – 16:24:50).

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

6. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. პალატა განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედი და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გ------- ი-------ე მუშაობდა შპს ,,გ---------ს“ სამედიცინო ცენტრში მიმღები განყოფილების ექიმად და ე----------------–------.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ მოცემულობაში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. (იხ. სუსგ-ები Nას-483-457-2015, 07.10.2015, №ას-110-2019, 5 ივლისი, 2019 წელი, პ-25.). შესაბამისად, სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელფასო დავალიანების არარსებობის ფაქტის შესახებ. თუმცა, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი დამსაქმებელი შემოიფარგლა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არარელევანტურობაზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ შპს ,,გ---------ს’’ ბუღალტერის ვ--–---ი ბ--------ის მიერ გაცემული ცნობა ყალბია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ თავად კომპანიის დირექტორიც არ უარყოფს გ------- ი-------ის კომპანიაში მუშაობის ფაქტს. შესაბამისად იმ გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომ მხარეთა შორის 2017 წლის იანვრამდე შეწყდა შრომითი ურთიერთობა და კომპანიას არ აქვს მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება, სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო და მხოლოდ ზეპირი მითითებით შემოიფარგლა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ------- ი-------ესა და მოპასუხე შპს ,,გ--------ს“ შორის შრომითი ურთიერთობა 2017 წლის იანვარში შეწყდა და კომპანიას გ------- ი-------ის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება: 2016 წლის ოქტომბერში - 1115 ლარი, ნოემბერში - 1236,25 ლარი, დეკემბერში - 1335 ლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში 120 ლარი, რაც ჯამში 3806,25 ლარს შეადგენს.

 

6.2. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს დასაქმებულისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები, კერძოდ: საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ შრომის ანაზღაურება არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულებისათვის. ანაზღურების სისტემა (ფორმა) შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად, დროებლივი (კონკრეტულ დროის მონაკვეთში ფიქსირებული თანხის გადახდა), ნარდობლივი (შრომის ანაზღურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით) ან სხვა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი იყო ერთი მორიგეობა - 70 ლარი და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს 20%.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ი-------ესა და მოპასუხე შპს ,,გ--------ს“ შორის შრომითი ურთიერთობა 2017 წლის იანვარში შეწყდა და კომპანიას გ------- ი-------ის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება: 2016 წლის ოქტომბერში - 1115 ლარი, ნოემბერში - 1236,25 ლარი, დეკემბერში - 1335 ლარი, ხოლო 2017 წლის იანვარში 120 ლარი, რაც ჯამში 3806,25 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საფუძვლიანია სარჩელი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში შპს ,,გ--------ს’’ გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, აპელანტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 153.05 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 386-ე, 390-ე, მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,გ---------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,გ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 153,05 (ასორმოცდაცამეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე გენადი მაკარიძე

 

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე

 

გელა ქირია