განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003124366
საქმე №1ბ/378-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------–-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ი-------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 07 სექტემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, რეგისტრირებულის ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქ. შირაზი, ზ-----------------------------–--------------ში, ფქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ჭ-------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით:
ი-------–--ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი-------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ი-------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილებით ი-------–--ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ი-------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ოქტომბერში, ქ. თბილისში, ა-–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ფ----------–--ის თანდასწრებით, ი-------–--მა მეუღლეს - ნ-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხები ურტყა ორივე ფეხის არეში.
2019 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ჭ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით წარმოშობილი კონფლიქტისას, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ფ----------–--ის თანდასწრებით, ი-------–--მა მეუღლეს - ნ-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმა მოქაჩა და ხელები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში. ი-------–--ის ქმედების შედეგად ნ-------------მა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ჭ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით წარმოშობილი კონფლიქტისას, ი-------–--ი მეუღლეს - ნ-------------ს, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
აღნიშნული ქმედებებისათვის ი-------–--ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ი-------–--ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 01 ივლისის ეპიზოდი);
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ჭ---------- ქუჩა 39-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით წარმოშობილი კონფლიქტისას, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ფ----------–--ის თანდასწრებით, ი-------–--მა მეუღლეს - ნ-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმა მოქაჩა და ხელები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში.
2019 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ჭ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით წარმოშობილი კონფლიქტისას, ი-------–--ი მეუღლეს - ნ-------------ს, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
ი-------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით კი სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ი-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------–-------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ი-------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში 2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდში და მისთვის სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ერთის მხრივ იმსჯელა საქმეში მითითებული მტკიცებულებებით, თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი ასპექტების გადაწყვეტისას არასათანადო შეფასება მისცა მათ. აპელანტის მითითებით, სასამართლომ თავად განმარტა განაჩენში, რომ დაზარალებულმა ნ-------------მა სასამართლოს მოახსენა 2018 წლის ოქტომბრის თვეში მასსა და ი-------–--ს შორის კამათის შესახებ საქართველოში დარჩენასა და ირანში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ი-------–--მა იგი ხელებით და ფეხებით სცემა. დარტყმებისაგან მან განიცადა ტკივილი, რაც შემდეგ დაულურჯდა. განაჩენშივეა მითითებული, რომ არასრულწლოვანმა ფ----------–--მა გაიხსენა და დაადასტურა, რომ 2018 წლის ოქტომბერში ი-------–--ის მიერ ნ-------------ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გამომძიებელს მან მიაწოდა. აპელანტს მიაჩნია, რომ 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებაში მოიპოვება დაზარალებულის - ნ-------------ისა და თვითმხილველი არასრულწლოვანი მოწმის - ფ----------–--ის ჩვენებები, რის გამოც ამ ეპიზოდში ნაცვლად გამამართლებელი განაჩენისა გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
აპელანტის მითითებით, ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის ოჯახური ძალადობა, უფრო სიფრთხილით უნდა შეფასდეს, რადგან ზოგადად მსგავსი კატეგორიის დანაშაულები ხასიათდება ლატენტურობის მაღალი ხარისხით და დაზარალებულები მხოლოდ მაშინ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად იძაბება და შესაძლოა ფატალური შედეგის მომასწავებელი ფაქტორებიც იკვეთებოდეს. საყურადღებოა ოჯახური დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და სიმძიმე. ქმედების საშიშროებას არ განსაზღვრავს მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის ზომა, არამედ, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის შეფასება უნდა მოხდეს დანაშაულის მსხვერპლის დაუცველობის და მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესაძლო დადგომის გათვალისწინებით.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ი-------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–----------ემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში ი-------–--ის დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის გამკაცრების კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ ი-------–--ის ბრალეულობა ნ-------------ის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით 2018 წლის ოქტომბერში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში დასტურდება თავად დაზარალებულ ნ-------------ისა და არასრუწლოვანი მოწმის - ფ----------–--ის ჩვენებებით. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ მტკიცებულებათა საკმარისობის შეფასების ნაწილში და დამატებით განმარტავს:
ი-------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ უნდა არსებობდეს ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და დამაჯერებელი, რაც ქმნის ი-------–--ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მხოლოდ ეჭვს, რის გამოც არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.
2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდთან მიმართებით დაზარალებულ ნ-------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი-------–--ი არის მისი მეუღლე, რომელთანაც ჰყავს 10 წლის შვილი ფ----------–--ი. 2018 წლის ოქტომბრის თვეში მას და ი-------–--ს კამათი მოუვიდათ საქართველოში დარჩენასა და ირანში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ი-------–--მა იგი ხელებით და ფეხებით სცემა. დარტყმებისგან მან განიცადა ტკივილი, რაც შემდეგ დაულურჯდა.
მეორე მტკიცებულება, რომელიც ძალადობის სადავო ეპიზოდს შეეხება არის არასრულწლოვანი მოწმემის - ფ----------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ი-------–--ი და ნ-------------ი მისი მშობლები არიან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, ჭ---------- ქუჩაზე. იგი 2019 წლის ივლისის თვეში, დილის საათებში შეესწრო მშობლების ჩხუბს. დედა საწოლზე იწვა და ტელეფონით ვიღაცას წერდა. შემდეგ მასთან მივიდა მამა, რომელმაც დედას მისი მეგობრის ვალზე დაუწყო საუბარი. მამამ დედას გამოართვა ტელეფონი. დედამ ტელეფონის დაბრუნებას სთხოვდა მამას, თუმცა მამამ მისი ცემა დაიწყო. დედა ძირს წაიქცა, ხოლო მამა წაქცეულს წიხლს ურტყამდა. დაახლოებით შვიდჯერ დაარტყა. შემდეგ მამამ სამზარეულოდან დანა აიღო, რომლის დარტყმაც უნდოდა დედასთვის და მას ეუბნებოდა, ეხლა დედაშენს მოვკლავო. ამ დროს მან კივილი დაიწყო, რომ არ დაერტყა დანა დედამისისთვის. დედა ამ დროს ძირს იყო დავარდნილი, თავზე ხელები ედო, ტიროდა და ნერვიულობდა. მამამ დააგდო დანა, თუმცა დედას ხელი მოუჭირა ყელში, გარეთ გააგდო და კარი დაუკეტა. ცოტა ხანში მან გაუღო კარი დედას, რომელმაც აიღო თავისი ნივთები და წავიდა. დედას დარტყმების გამო დალურჯებები ჰქონდა. დედასა და მამას შორის კონფლიქტი ირანშიც იყო და თბილისშიც ხდებოდა ხოლმე. ამ შემთხვევამდე, იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც დედა სახლის წინ, კიბეზე ჩამომჯდარი დახვდა. დედას ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო და თითი გაჭრილივით ჰქონდა. დედამ მას უთხრა, რომ მამამ მიაყენა ეს დაზიანება. იგი უშუალოდ არ შესწრებია ამ ჩხუბს, რადგან სკოლაში იყო. თბილისში მშობლების კონფლიქტს მხოლოდ ივლისის თვეში შეესწრო.
პალატა განმარტავს, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში ფიზიკური ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით ყველა სხვა მტკიცებულება არაინფორმატიულია, ისინი შემხებლობაში არ არიან აღნიშნულ ბრალდებასთან და შესაბამისად, არ წარმოადგენენ ი-------–--ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ამ ნაწილში. პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ი-------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით 2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებით წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების ნაწილში და მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა საქმეში არ მოიპოვება სხვა არანაირი მტკიცებულება ი-------–--ის მხრიდან მეუღლის მიმართ 2018 წლის ოქტომბერში ფიზიკური ძალადობის განხორციელების დასადასტურებლად.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ი-------–--მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა ნ-------------ის მიმართ 2018 წლის ოქტომბერში. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ი-------–--ის მიერ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს ბრალდების მოცემულ ეპიზოდში.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას განხილულ ეპიზოდში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ი-------–--მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია ი-------–--ის მიმართ ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ი-------–--ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი-------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა განხილულ ეპიზოდში, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ი-------–--ის ბრალეულობის დასადგენად გამართლებულ ეპიზოდში და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით (2019 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ი-------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, რასაც პალატა ასევე არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სრულიად არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რაში მდგომარეობს ი-------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-------–--ის დამნაშავედ ცნობილ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი ი-------–--ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------–-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-------–--ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი-------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ი-------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია. ი-------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 ივლისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
ნ-------------ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე დართული 2 ცალი კომპაქტ-დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე