განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
330310019002839355
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2220-19 (330310019002839355)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ზ---------------–---–ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.აპელანტ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

1.2 აპელანტ ზ---------------–---–ის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ზ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1.1. პირის ბრალდების შესახებ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორის 2016 წლის 17 აგვისტოს N---------- დადგენილებით ზ---------------–---–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-პირის ბრალდების შესახებ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორის 2016 წლის 17 აგვისტოს N---------- დადგენილება (ს.ფ. 83-85)

 

2.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ბრალდებულ ზ---------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 აგვისტოს 13:14 საათიდან. ბრალდებული მოთავსდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინება (ს.ფ. 75-82)

 

2.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 თებერვლის განაჩენით ზ----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 თებერვლის განაჩენი (საქმე N------16) (ს.ფ. 14-31)

 

2.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენი ზ---------------–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი. ზ---------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მაისის განაჩენი (საქმე N-------17) (ს.ფ. 41-50)

 

2.1.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება (საქმე N------17) (ს.ფ. 51-54).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი (ძველი რედაქცია) ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქმეზე №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას „სამართლიან ანაზღაურებაზე“. „სამართლიანი ანაზღაურების“ მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“

 

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია პირის თავისუფლების უფლების დაცვის ვალდებულება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონით დადგენილი ვადებითა და წესით. პირის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ და აღნიშნული აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონშესაბამისად, რამეთუ თავისუფლების უფლებაში ჩარევა დაკავშირებულია მხარისთვის ნეგატიურ განცდებთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან, სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვასთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი უკანონოდ დაკავებულ პირს ანიჭებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. ამასთან, ზემოთ მითითებული ნორმები შეიცავს ზოგადი ხასიათის დანაწესს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას სამართლებრივი შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, თუმცაღა უშუალოდ სახელმწიფო მოსამსახურეზე პასუხისმგებლობის სოლიდარულად განაწილებისათვის, უნდა დადგინეს მისი ბრალეულობა - განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან დადგენილია, რომ პირის ბრალდების შესახებ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის 2016 წლის 17 აგვისტოს N---------- დადგენილებით ზ----------------–---–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ბრალდებულ ზ---------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 აგვისტოს 13:14 საათიდან. ბრალდებული მოთავსდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 თებერვლის განაჩენით ზ---------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქრთველოს სსკ-ის 1261- ე პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენი ზ---------------–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი. ზ----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კი, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორის საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 5 600 (ხუთიათასექვსასი) ლარის ოდენობით.

 

2.2.2. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, ასევე, მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის - 120 000 ლარის ანაზღაურება. სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ზ---------------–---–ი თავისუფლების ყოფნის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კერძო სამუშაოებზე და ჰქონდა შემოსავალი 3000 ლარის ოდენობით, რითაც არჩენდა ოჯახს. მისი დაკავების შემდეგ კი ოჯახი დარჩა მარჩენალის გარეშე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მიუღებელი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან დადგენილი არ არის მოსარჩელის კერძო სამუშაოებზე დასაქმებისა და შემოსავლის უტყუარად მიღების ფაქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. ზ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის, რომ ზ---------------–---–ი მუშაობდა, რომ ხოლო უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ზ---------------–---–ი იმუშავებდა და შესაბამისად, შემოსავალიც ექნებოდა. ასევე, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ ზ---------------–---–ს მიადგა მორალური ზიანი, რომელიც შეადგენს 250 000 ლარს და დააკმაყოფილა მხოლოდ 5600 ლარი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მატერიალური ზიანის არ დაკმაყოფილების ნაწილში დასაბუთებისათვის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს სსკ-ს 102-ე და 105-ე მუხლები. სასამართლომ კი გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-18 მუხლები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 408-ე, 411-ე, 413-ე, 1005-ე მუხლები, მაგრამ თანხის დაკისრების ნაწილში არასწორად განსაზღვრა თანხის ოდენობა, რომელიც იქნებოდა შესაბამისი მიყენებული მორალური ზიანისთვის.

 

ზემოხსენებულიდან და სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

3.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტი უთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად "რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტების შესაბამისად, ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრაზ ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

 

თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

საგულისხმოა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კონპეტენციაა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერად დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. ამავე კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.

 

ასევე, საგულისხმოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეო კოდექსის მე-20 მუხლი, რომლის თანახმად რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციული უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებათა დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განაჩენის გამოტანისას ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, ამ კოდექსის გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ანდა პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გარდა ამისა მორალური ზიანის სახით 5600 ლარის ოდენობით განსაზღვრისას გახლავთ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანის განსჯის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

სასამართლოს, ასევე, მხედველობაში უნდა მიეღო როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა ისე, საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა. რომელთაგან საორიენტაციოდ დავასახელებ რამოდენიმე მათგანს:

 

· "ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით (მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი, საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა).

· "კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 აპრილის #3/3906-14 გადაწყვეტილება, მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 7 000 ლარი (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას), მოსარჩელე ბ.ი-მ პატიმრობაში გაატარა 05 თვე, შემდგომ შეეფარდა გირაო, 6,5 წლის განმავლობაში იყო ძებნაში, სს საქმე იხილებოდა 7 წლის მანძილზე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის #3/780-16 გადაწყვეტილება რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 10 000 ლარი (სოლიდარულად დაეკისრა შსს-ს და საქართველოს პროკურატურას) რ.ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 19 წლის მანძილზე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის N3/1237-13 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ.ჩ.-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 7 შვიდი წლის განმავლობაში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის N3/4964-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2000 ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ.ა.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 4 თვე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის N3/4031-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 თვე და 26 დღე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგისს 2014 წლის 4 თებერვლის N3/4021-13 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6000 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ.კ.-მ პენიტენიურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაიულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 თებერვლის N3/3411-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4300 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი.ნ.-მ პენიტენიცურ დაწესებულებაში გაატარა 6 თვე და 9 დღე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილისის N3/695-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით, მოსარჩელე თ.თ.-მ პატიმრობაში გაატარა 7 თვე და 24 დღე.

 

· კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის N3/1393-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4600 ლარით. მოსარჩელე ზ.მ.-მ პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 3 დღე.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის N3/3412-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500 ლარით. მოსარჩელე გ.გ.-ს 2012 წლის 28 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით გამართლდა, 2013 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი და შეეფარდა ჯარიმა, საბოლოოდ გამართლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს, ამდენად მოცემულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 1 წელი, 7 თვე და 26 დღე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გ.გ. გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაყენებული იყო თანამდებობიდან.

 

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 29 ივნისის (საქმე N3/8610-16) გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანი ანაზღაურება განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ზ.წ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 14 დღე.

 

ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ საგულისხმოა ის გარემოება, რომ პატიმრობისას ზ---------------–---–ის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, კერძოდ, რაიმე დაავადების წარმოშობა ან უკვე არსებულის გართულება არ გამოუწვევია.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზ---------------–---–ს სასამართლო განჩინების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა რა პატიმრობა თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა 5 თვისა და 17 დღის განმავლობაში.

 

ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართვლოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-972-936 (3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების და მსგავს საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მორალური ზიანის სახით მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის 5600 ლარის დაკისრება. არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას ზ---------------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

პალატა კიდევ ერთხელ უთითებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით (ამჟამინდელი რედაქციით მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილი) ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეზე №3გ-ად-329-კ-02 (24.03.2003 წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. პიროვნების ფიზიკური თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, იგი, როგორც წესი, ყოველმხრივ დაცულია. ეს უფლება ყველა იმ სახელმწიფოებრივი სისტემის ქვაკუთხედია, რომელიც კანონიერების პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულ მნიშვნელობას აღიარებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას „სამართლიან ანაზღაურებაზე“. „სამართლიანი ანაზღაურების“ მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპეტენციაა, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

ამავე კოდექსის მე-18 მუხლი ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

მოსარჩელე ითხოვს ზანის ანაზღაურებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის მიმართ განხორციელდა როგორც ფიზიკური ხელშეუხებლობის, ასევე პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, რომლის შედეგადაც იგი დაავადდა არაერთი ავადმყოფობით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან დადგენილია, რომ პირის ბრალდების შესახებ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის 2016 წლის 17 აგვისტოს N---------- დადგენილებით ზ----------------–---–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ბრალდებულ ზ---------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 აგვისტოს 13:14 საათიდან. ბრალდებული მოთავსდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. ასევე, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 თებერვლის განაჩენით ზ---------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქრთველოს სსკ-ის 1261- ე პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ზ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 თებერვლის განაჩენი ზ---------------–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი. ზ----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კი, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორის საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღავრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევრო-სასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და ევრო-სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-648-623(2კ-13).

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 5 600 (ხუთიათასექვსასი) ლარის ოდენობით.

 

4.2. აპელნატის (მოსარჩელის) მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის - 120 000 ლარის ანაზღაურება. სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ ზ---------------–---–ი თავისუფლების ყოფნის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კერძო სამუშაოებზე და ჰქონდა შემოსავალი 3000 ლარის ოდენობით, რითაც არჩენდა ოჯახს. მისი დაკავების შემდეგ კი ოჯახი დარჩა მარჩენალის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა უთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

 

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), რომელშიც აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მიუღებელი შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან დადგენილი არ არის მოსარჩელის კერძო სამუშაოებზე დასაქმებისა და შემოსავლის უტყუარად მიღების ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვა მატერიალური ზიანის სახით 120 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოღანიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს მეორე აპელანტის საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების მოთხოვნით დაუსაბუთებელია და სააპელაციო საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ იქნება განხილული როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აპელანტები გათავისუფლებული არიან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი