განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
190100120003404319
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100120003404319

საქმე № 1ბ/409 -20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ლ----------------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–-----------------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თ---------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ლ----------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე-ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, რაც დამამძიმებელი გარემოებაა. მით უფრო გასათვალისწინებელია მოცემული დანაშაულის სპეციფიკა, მისი გავრცელებულობის ხასიათი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები, ასევე განმეორებითობა. ამ მხრივ გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის დამოკიდებულება ალკოჰოლისა და ოჯახის წევრების მიმართ. ასევე მხედველობაშია მისაღები თავად ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები და განსაკუთრებით ყურადსაღებია მისი მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რაც ცხადია, უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა, განვითარებაზე და მსჯავრდებულის განსაკუთრებულ ძალადობრივ ბუნებაზე მეტყველებს. აპელანტს მიაჩნია, რომ ლ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული ლმობიერი სასჯელის გამოყენებით, მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. ასევე გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიცია, რომლის განმარტებითაც, მას მეუღლის საქციელით გამწარებული აქვს ცხოვრება, არის ყოველმხრივ განადგურებული, აღარ სურს სიცოცხლე, იტანჯება და მის და მისი შვილების მიმართ მეუღლის მხრიდან უფრო მძიმე, სავალალო შედეგის საფრთხეს ხედავს. დაზარალებულს აღნიშნული პოზიცია არც სასამართლო განხილვის ეტაპზე შეუცლია. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ოჯახური დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმდებს იმდაგვარად, რომ განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან ლ---------------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით).

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ლ---------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ე-------------–-–---–მა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ლ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 დეკემბერს, ღამის საათებში, გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებაში სკოლის ქუჩაზე მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ლ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არასრულწლოვანი შვილების - თ------ და მ------ კ---------–---–ების და მათივე თანდასწრებით, მეუღლის - ს--–---------------–---–ის მიმართ, კერძოდ: მას შემდეგ რაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---------------–---–ი მეუღლეს და შვილებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მეუღლე კი სთხოვდა დამშვიდებულიყო, ის გახდა კიდევ უფრო აგრესიული, ღუმელიდან გადმოაგდო ჭურჭელი, რაშიც ბავშვის საკვებს უმზადებდა დედა და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელის სახის არეში დარტყმით, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეუღლის ცემის შემდეგ, მან ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილების მიმართ. თ------ კ---------–---–ს ხელის სახის არეში დარტყმითა და ლოყაზე კბენით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ------ კ---------–---–ს კი ხელის სახის არეში დარტყმით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ასევე გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ლ----------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ლ----------------–---–ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - ს--–---------------–---–ის, არასრულწლოვანი თ------ კ---------–---–ის, არასრულწლოვან მ------ კ---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: თ------–-–---–-------------------–-–---–-------------–-–------------------–----------------–-------------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოცხრილით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ლ----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ლ----------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის, ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, რომლის სანქციის ფარგლებშიც ლ----------------–---–ს დანიშნული აქვს სასჯელი, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვითან უამისოდ.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ლ----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული ლმობიერი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრების მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ლ----------------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ლ----------------–---–ის მხრიდან დაზარალებულების - ს--–---------------–---–ის, არასრულწლოვნი შვილების - თ-----------------------------–---–--ის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ლ----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ლ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ასევე, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ აქვს პრეტეზია,რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა მსჯავრდებულის მიმართ, ვინაიდან დაცვის მხარემ, შესაგებელთან ერთად, წარმოადგინა დაზარალებულის, ს--–---------------–---–ის, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ის პატიობს მსჯავრდებულს ჩადენილ დანაშაულს. ლ---------------–---–ი შვილების მიმართ არის მზრუნველი მამა, ისინი შერიგდნენ და შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ლ---------------–---–მა დაიწყო მუშაობა, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ყველანაირი შეღავათი.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ლ----------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ლ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ლ----------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ასევე იმ გარემოებას, რომ ლ----------------–---–ი არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ლ----------------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლები და მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ლ----------------–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ----------------–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ლ----------------–---–ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ----------------–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი ლ----------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ლ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03(სამი) წელი.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ლ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 დეკემბრიდან 2020 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.

 

მსჯავრდებულ ლ---------------–---–ს ,,დანაშაულის პრევენცია, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილის მიხედვით;

 

ლ---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთააღსრულების დაპრობაციის ეროვნული სააგენტოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი