განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
330100120003437263
ინსტანცია
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003437263

საქმე № 1ბ/457-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ვ-–-------- ა------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ-------–---------------------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 2019 წლის 3 დეკემბრიდან - 2019 წლის 5 დეკემბრამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ვ-–-------- ა------ს მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა მ----–-----მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ვ-–-------- ა------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაცვლად სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მომეტებული საფრთხე. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის, - ქალის დაცვა. აღნიშნული დანაშაულის დროულ აღკვეთას საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთ პირობებში მსჯავრდებულისათვის მეტისმეტად მსუბუქი სასჯელის დანიშვნა მისი დაუსჯელად დატოვების ტოლფასია. აღნიშნული ხასიათის დანაშაულების ჩადენისათვის დაუსჯელობის სინდრომის განცდის დატოვება განსაკუთრევული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სწორედ დაუსჯელობის განცდა შესაძლოა გახდეს ახალი, ანალოგიური ქმედებების ჩადენის მაპროვოცირებელი. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით აპელანტი მიიჩნევს, რომ ვ-–-------- ა------ს უნდა განესაზღვროს ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ვ-–-------- ა------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

წლების განმავლობაში ვ-–-------- ა------ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ნ----- ყ------–---–ს, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რამაც გამოიწვია ნ----- ყ------–---–ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2019 წლის 28 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ-------–--–--------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–-------- ა------მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ----- ყ------–---–ს, კერძოდ, დაარტყა ორივე ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ნ----- ყ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ-–-------- ა------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-–-------- ა------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-------------–---–-------–----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, №------------------------ შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ-–-------- ა------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–-------- ა------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ-–-------- ა------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან.

ვ-–-------- ა------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ-–-------- ა------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით თხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

აქვე პალატა აღნიშნავს, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ-–-------- ა------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას. ამასთან, მსგავსი ლმობიერი სასჯელის დანიშვნა შესაძლოა გახდეს ახალი დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი. სააპელაციო პალატის აზრით, ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებელია. მსჯავრდებულ ვ-–-------- ა------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ვ-–-------- ა------ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიურ ან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ-–-------- ა------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრის - ქალის მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ვ-–-------- ა------მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა გარემოება ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, შეაფასა ძალადობის ხასიათი და მისი ინტენსიურობა. მხედველობაში მიიღო ერთის მხრივ ის გარემოება, რომ ვ-–-------- ა------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა არ გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით და არ იყო გამოხატული ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა ვ-–-------- ა------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. პალტა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და ვ-–-------- ა------ს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელის სახე.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ-–-------- ა------ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნას და ითვალისწინებს რა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ-–-------- ა------ი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, დღეის მდგომარეობით იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ვ-–-------- ა------ის მიმართ სასაჯელის დამძიმება ან/და საპატიმრო სასჯელის გამოყენება პალატას ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ვ-–-------- ა------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულსა მსჯავრდებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია, ელოდებიან შვილს და აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–-------- ა------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ვ-–-------- ა------ის სათანადო ქცევას.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-–-------- ა------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენი ვ-–-------- ა------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ-–-------- ა------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან - 2019 წლის 5 დეკემბრამდე პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ვ-–-------- ა------ს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ვ-–-------- ა------ს დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილის მიხედვით;

ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ-–-------- ა------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გველესიანი