განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2020
საქმის ნომერი
330210016001275264
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001275264

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1075-19 26 მარტი, 2020 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ალანია,მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი, დიანა ბერეკაშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ლ------------–---–-

 

წარმომადგენელი - გ-------------–---–-------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ----------–------–---–-

 

წარმომადგენელი - ნ-----–-----------–---–-----------------------------------------------------------–---------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - წილის დაბრუნება, სამეწარმეო რეესტრიდან წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების ამოშლა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ზ---- (ო-----) კ----–------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. ზ----------–------–---–-სთვის შპს „კ------ში“ ლ------------–---–-ს 50% წილის უკან დაბრუნება და სამეწარმეო რეესტრში ზ----------–------–---–-ს შპს „კ------ს“ 98%-იანი წილის მესაკუთრედ აღრიცხვა მოითხოვა. ასევე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელე შპს „კ------ს“ სამეწარმეო რეესტრიდან ზ----------–------–---–-სა და ლ------------–---–-ს წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების ამოშლას მოითხოვდა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ----------–------–---–-ს სარჩელი ლ------------–---–-ს მიმართ წილის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა, ზ---- კ----–------–---–ს ლ------------–---–-ს 50%-იანი წილი შპს „კ------ში“ უკან დაუბრუნდა და იგი შპს „კ------ს“ 98%-იანი წილის მესაკუთრედ აღირიცხა. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „კ------ს“ სამეწარმეო რეესტრიდან ზ----------–------–---–-სა და ლ------------–---–-ს წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება გაუქმდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ლ------------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2014 წლის 31 იანვარს მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „კ------“ 2004 წლის 06 აგვისტოს დაფუძნდა, რომლის 55%-იანი წილის მესაკუთრეს ზ----------–------–---–-, ხოლო 45% წილის მფლობელს გ------------–------, წარმოადგენდა (ტ. I. ს.ფ. 77-78).

 

6. 2014 წლის 14 აპრილს ერთი მხრივ, ზ---- კ----–------–---–ს, როგორც „გამყიდველს“ და მეორე მხრივ, ლ------------–---–ს, როგორც „მყიდველს“ შორის ნოტარიალურად გაფორმდა შპს „კ------ს“ კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი შპს „კ------ს“ კაპიტალში 55%-იანი წილის მესაკუთრე იყო. მყიდველმა გადაწყვიტა საზოგადოების კაპიტალში გამყიდველის კუთვნილი 55% წილიდან 50% შეეძინა.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ყიდდა, ხოლო მყიდველი ყიდულობდა წილს საზოგადოებაში და წილთან დაკავშირებულ ყველა უფლებას. ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებისა და პირობების შესაბამისად, გადაეხადა წილის ნასყიდობის ფასი მე-2 მუხლის თანახმად, აგრეთვე წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება შეესრულებინა, რომელიც საზოგადოების პარტნიორებს შორის, საზოგადოების 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და იმავე თარიღით ხელმოწერილი პარტნიორთა შეთანხმებით იყო შეთანხმებული. წილის ნასყიდობის ფასი მხარეთა შეთანხმებით 143000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში განისაზღვრა.

 

ნასყიდობის ფასი მყიდველის მიერ სრულად გადახდილი უნდა ყოფილიყო შემდეგი გრაფიკის დაცვით: 71500 აშშ დოლარი - 2014 წლის პირველ მაისამდე, 71 500 აშშ დოლარი - 2014 წლის პირველ ივნისამდე.

 

ხელშეკრულების 1.5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებისა და საზოგადოების სხვა პარტნიორთა წინაშე შეძენილ წილებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, როგორც წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, დარეგისტრირებას ექვემდებარებოდა. ხოლო, 3.2 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში წილზე მყიდველის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, წილის მიმართ შემდეგი შინაარსის ვალდებულებები (შეზღუდვები) უნდა დარეგისტრირებულიყო: მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკით გადაუხადოს გამყიდველს - ზ---- კ----–------–---–ს წილის ნასყიდობის ფასი სრულად; 2015 წლის პირველ იანვრამდე განახორციელოს სავალდებულო შესატანი (ინვესტიცია) საზოგადოების კაპიტალში, პარტნიორთა შორის შეთანხმებული ოდენობითა და ფორმით, მხარეთა შორის დამატებით შეთანხმდა, რომ წილის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული წინამდებარე ვალდებულებების და პარტნიორთა ხელშეკრულების 3.6.1 პუნქტით ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე წილზე მყიდველის საკუთრების უფლება ექვემდებარებოდა ხელშეკრულების წინამდებარე პუნქტით დადგენილ შეზღუდვებს.

 

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში (მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში) წილზე მყიდველის საკუთრების უფლება შესაბამის ვალდებულებებთან ერთად დარეგისტრირდებოდა, კერძოდ, 3.2. პუნქტის მიხედვით, წილის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, წილის მიმართ უნდა დარეგისტრირებულიყო შემდეგი შინაარსის ვალდებულებები: მყიდველი ვალდებული იყო ზ----------–------–---–-სთვის წილის ნასყიდობის ფასი სრულად გადაეხადა, 2015 წლის 01 იანვრამდე განეხორციელებინა სავალდებულო შესატანი (ინვესტიცია) საზოგადოების კაპიტალში, პარტნიორთა შორის შეთანხმებული ოდენობითა და ფორით. მხარეთა შორის დამატებით შეთანხმდა, რომ წილის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული წინამდებარე ვალდებულებების და პარტნიორთა ხელშეკრულების 3.6.1 პუნქტით ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე წილზე მყიდველის საკუთრების უფლება ხელშეკრულების წინამდებარე პუნქტით დადგენილ შეზღუდვებს დაექვემდებარებოდა.

 

ამავე ხელშეკრულები 4.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის უზრუნველსაყოფად, წილის ნასყიდობასთან ერთად წილი იმავდროულად მთელი მოცულობით იტვირთებოდა გირავნობით. ნასყიდობის ფასის სრულად გადახდისთანავე კი, ინვესტორის წილზე რეგისტრირებული გირავნობა მოიხსნებოდა.

 

ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, გამყიდველს წილზე საკუთრების უფლება დაუბრუნდებოდა, ხოლო მყიდველი წილის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლდებოდა, ნასყიდობის ფასის უკვე გადახდილი ნაწილი (პირგასამტეხლოს გამოკლებით) კი, მყიდველისათვის დაბრუნებას ექვემდებარებოდა (ტ. I. ს.ფ. 13-20).

 

7. 2014 წლის 14 აპრილს ლ------------–---–ს, ზ---- კ----–------–---–სა და გ--- ღ------–-----ს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლის 2.2.7 პუნქტის თანახმად, მხარეთა (პარტნიორთა) წილები კომპანიასა და მის კაპიტალში განაწილდება შემდეგნაირად: ლ------------–---–- - 70% (სამოცდაათი პროცენტი), გ------------–------ - 25% (ოცდახუთი პროცენტი) და ზ----------–------–---–- - 5% ხუთი პროცენტი.

 

შეთანხმების 1.1.11 პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ითვლებოდა, დროის მონაკვეთი ინვესტორის კომპანიის პარტნიორად რეგისტრაციის დღიდან არსებული პარტნიორებისა და კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც მოიცავდა და შემოიფარგლებოდა წილის ღირებულების გადახდის ვალდებულებით და ამავე ხელშეკრულების 3.6.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით.

 

გარდამავალი პერიოდი დასრულებულად ჩაითვლებოდა პირველი კომერციული წარმოების დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურების მომენტიდან (რაც ცალსახად გულისხმობს ინვესტორის მიერ 3.6.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას), რის შემდეგაც არსებული პარტნიორები ვალდებულნი იყვნენ საჯარო რეესტრში ინვესტორის წილზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შემზღუდავი ვალდებულებები გაეუქმებინათ. 1.1.12 პუნქტის მიხედვით კი, პირველი კომერციული წარმოება, კომპანიის მიერ, ქარხნის ექსპლუატაციაში გამშვები და წარმოების ციკლის უზრუნველყოფის შედეგად პროდუქციის პირველი სარეალიზაციოდ გამზადებული პარტიის წარმოებას მოიაზრებდა. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, ამ განმარტების ქვეშ პროდუქციის სატესტო ნიმუშების წარმოება არ მოიაზრებოდა.

 

ამავე ხელშეკრულების 2.2.4. პუნქტის თანახმად, შპს „კ------ს“ ძირითადი საქმიანობის საგანი იქნებოდა: ა) მინერალური და წყაროს წყლის მოპოვება, ჩამოსხმა და რეალიზაცია; ბ) ბუნებრივი CO2 გაზის მოპოვება, ჩამოსხმა და რეალიზაცია; გ) წიაღისეული საბადოების შესწავლა, მოპოვება და გადამუშავება.

 

ამასთან 3.6.1 პუნქტის თანახმად, ინვესტორმა იკისრა ვალდებულება, რომ კომპანიის განვითარების მიზნით, 2015 წლის პირველ იანვრამდე (რაც შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ ერთხელ - არაუმეტეს სამი თვის ვადით) განსაზღვრული გრაფიკით, ეტაპობრივად, განახორციელებდა ინვესტიციას (საწესდებო კაპიტალში შეტანას) იმ მოცულობითა და ფორმით, რაც აუცილებელი და საკმარისი იქნებოდა:

 

ა) მიწაზე CO2-ის მიმღებ გადამამუშავებელი ქარხნის მართვის, ქარხნის მოწყობა- ფუნქციონირების მიზნით, შესაბამისი დანადგარის/მოწყობილობის შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გასაშვებად, რომლის წარმადობაც აღნიშნულ ჭაბურღილზე დამტკიცებულ მარაგზე არანაკლები იქნებოდა. „დამატებით ლიცენზიის“ მოპოვებამდე CO2-ის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში უნდა დამონტაჟებულიყო კომპრესორი, რომლის წარმადობაც გათვლილი იქნებოდა არანაკლებ არსებული ლიცენზიის ოდენობით (18 ტონა) თხევადი გაზის წარმოებაზე დღე-ღამეში. დამატებითი ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ინვესტორი უზრუნველყოფდა დამატებით 20 (ოცი) ტონა წარმადობის დამატებითი კომპრესორის მონტაჟს.

 

ბ) ქარხნის შენობის ასაშენებლად შესაბამისი პროექტის მიხედვით და ექსპლოატაციაში გასაშვებად;

 

გ) ქარხნიდან სეპარაციის პროცესში გამოყოფილი წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის;

 

დ) კომპანიის საწყისი საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისათვის, რაც აუცილებელი იყო ქარხნის გასაშვებად და წარმოების უწყვეტი ციკლის უზრუნველსაყოფად (ტ. I. ს.ფ. 21-33).

 

8. 2015 წლის 30 ივლისს, ერთი მხრივ, ზ---- კ----–------–---–ს (წარმოდგენილი ნ-----–-----------–---–-ს სახით), გ--- ღ------–-----ს და მეორე მხრივ, ლ------------–---–ს (წარმოდგენილი გ------- ჩ----–---–ის სახით) შორის პარტნიორთა შეთანხმება გაფორმდა, რომლის, პირველი პუნქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ საზოგადოების ინვესტორმა, შპს „კ------ს“ 70% წილის მფლობელმა პარტნიორმა, ლ------------–---–მა 2014 წლის 14 აპრილს პარტნიორთა შეთანხმებითა და შპს „კ------ს“ პარტნიორთა კრების ოქმით განსაზღვრულ ძირითად - 2015 წლის 01 იანვრამდე და დამატებით ვადებში, ანუ 2015 წლის 01 აპრილამდე, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება ვერ უზრუნველყო, კერძოდ, შპს „კ------ში“ ინვესტიციის სრულად განხორციელება და CO2-ის გადამამუშავებელი ქარხნის შეძენა, დამონტაჟება და ექსპლოატაციაში გაშვება ვერ შეძლო. ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ლ------------–---–მა აიღო ვალდებულება, 2015 წლის 01 აპრილიდან პარტნიორებისათვის, ჯარიმის სახით, ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარი გადაეხადა. ამავე შეთანხმების, მე-4 პუნქტის თანახმად, 2014 წლის 14 აპრილს პარტნიორთა შეთანხმებით და შპს „,კ------ს“ 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმით განსაზღვრული ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულებისთვის, აგრეთვე, შპს „კ------ს“ მიერ პარტნიორთა შეთანხმებით ბანკიდან კრედიტის აღებაზე პარტნიორების თანხმობის გაცემის სანაცვლოდ და აღნიშნული კრედიტის პარტნიორების სასარგებლოდ უზრუნველსაყოფად, ლ------------–---–- უსასყიდლოდ დროებით (ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, კრედიტის სრულად დაფარვამდე და ქარხნის მოწყობისთვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებებისა და სამუშაოების (იგულისხმება წინამდებარე შეთანხმების მე-7 პუნქტში მითითებული ღონისძიებები და სამუშაოები) განხორციელებამდე, ანუ, ლ------------–---–-ს მიერ აღნიშნული სამივე ვალდებულების სრულად შესრულებამდე) ზ---- კ----–------–---–ს შპს „კ------ში“ თავისი 70%-იანი წილიდან 20%-ს უთმობდა (საიდანაც 10% წილი არის ვალდებულების შესრულებისათვის ჯარიმა, ხოლო 10% პარტნიორების სასარგებლოდ კრედიტის უზრუნველყოფა), რის შედეგადაც მხარეთა (პარტნიორთა) წილები შპს „კ------ში“ კრედიტის სრულად დაფარვამდე, ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე და ქარხნის მოწყობისთვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებებისა და სამუშაოების განხორციელებამდე (ანუ ლ------------–---–- მიერ აღნიშნული სამივე ვალდებულების სრულად შესრულებამდე), განისაზღვრა შემდეგნაირად: ლ------------–---–- - 50%, ზ----------–------–---–- - 48%, გ------------–------ - 2%.

 

ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად კი, ინვესტორის მოთხოვნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „კ------ს“ 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმებითა და შპს „კ------ს“ პარტნიორთა კრების ოქმით განსაზღვრული პირობებით, CO2-ის გადამამუშავებელი ქარხნის შეძენის, დამონტაჟების და ექსპლუატაციაში გასაშვებად საქართველოს საბანკო დაწესებულებიდან (ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან) 350000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი უნდა აეღო, რაც ქარხნის შეძენა, დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო რესურსების შესაძენად უნდა ყოფილიყო მიმართული.

 

გარდა იმისა, ლ------------–---–მა დამატებით იკისრა ვალდებულება (მე-7 პუნქტი), რომ არაუგვიანეს 2016 წლის 01 ნოემბრამდე, შპს „კ------“ უზრუნველყოფდა (ლ------------–---–-ს მიერ მისაღები დივიდენდებით ან/და პირადი თანხებით) შემდეგი სამონტაჟო ღონისძიებებისა და სამუშაოების განხორციელებას: შემოეღობა ქარხნის ტერიტორია, განეხორციელებინა ქარხნის დამოუკიდებელი ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება და წყალმომარაგება, დაესრულებინა ქარხნის შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები, დაესრულებინა ქარხნის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარების მონტაჟი.

 

შპს „კ------ს“ მიერ ბანკიდან აღებული კრედიტის (ძირის, პროცენტის, ჯარიმის, პირგასამტეხლოს თუ სხვა ნებისმიერი თანხის) გადახდის ვალდებულებას ლ------------–---–- იღებდა. კერძოდ, შპს „კ------“ კრედიტს დაფარავდა ლ------------–---–-ს მიერ შპს „კ------დან“ მისაღები დივიდენდებიდან (60% წილის შესაბამისი დივიდენდიდან) და აღნიშნული გავლენას არ მოახდენდა დანარჩენი პარტნიორების მიერ მისაღებ დივიდენდებზე. იმ შემთხვევაში, თუკი შპს „კ------ს“ არ ექნებოდა მოგება, მაშინ ლ------------–---–- ვალდებული იყო თავისი პირადი სახსრებით დაეფარა შპს „კ------ს“ მიერ ბანკიდან აღებული კრედიტი (მე-8 პუნქტი).

 

ასევე, ინვესტორი, ლ------------–---–-, იღებდა პასუხისმგებლობას და ადასტურებდა, რომ შპს „კ------ს“ მიერ ბანკიდან აღებული კრედიტის გადაუხდელობის გამო, კომპანიას, კომპანიის ქონებასა და მის პარტნიორებს პრობლემა არ შეექმნებოდათ, ლ------------–---–- იღებდა ვალდებულებას, რომ იგი პირადად, სრულად აანაზღაურებდა ბანკის კრედიტის გადაუხდელობის გამო, შპს „კ------სთვის“ ან მისი პარტნიორებისათვის მიყენებულ ზიანს (მე-9 პუნქტი).

 

2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმებით და შპს „კ------ს“ პარტნიორთა 2014 წლის 14 აპრილისა და 2015 წლის 29 ივლისის კრების ოქმებით განსაზღვრული პირობებით CO2-ის გადამამუშავებელი ქარხნისათვის საჭირო დანადგარების შეძენა და ჩამოტანა ლ------------–---–ს არაუგვიანეს 2015 წლის 01 სექტემბრისა უნდა უზრუნველეყო, ხოლო ქარხნის დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება, მათ შორის სასაწყობო ავზების/რეზერვუარების მონტაჟი, მას არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოეხდინა (მე-11 პუნქტი).

 

ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ლ------------–---–- კისრულობდა ვალდებულებას ლიცენზიის ჩამორთმევის თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყო, რომ შპს „კ------ს“ შეესრულებინა გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ლიცენზიის პირობებისა და მონიტორინგის ოქმის შესაბამისად, მათ შორის, გადაეხადა ამასთან დაკავშირებული ყველა მოსაკრებელი და გადასახადი (მე-13 პუნქტი). ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ლ------------–---–-ს მიერ კრედიტის სრულად დაფარვამდე და ქარხნის მოწყობისათვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებების და სამუშაოების განხორციელებამდე (ანუ ლ------------–---–-ს მიერ აღნიშნული სამივე ვალდებულების სრულად შესრულებამდე), პერიოდში დირექტორები წარმომადგენლობით უფლებამოსილებას განახორციელებენ და გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე მიიღებენ ერთობლივად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარიგების დასადებად აუცილებელი იყო ორივე დირექტორის ერთობლივი ხელმოწერა. ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებისა, ლ------------–---–-ს მიერ კრედიტის სრულად დაფარვისა და ქარხნის მოწყობისათვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებების და სამუშაოების განხორციელების შემდეგ, თითოეული დირექტორი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას განახორციელებს ცალ-ცალკე, პარტნიორთა მიერ დამტკიცებული კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად (მე-17 პუნქტი) (ტ. I. ს.ფ. 34-44).

 

9. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 მარტის N--------- დასკვნიდან დგინდება, რომ ნახშირორჟანგის ორივე კომპრესორს და ამიაკის ხრახნულ კომპრესორს საქარხნო რესურსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, გამორიცხულია მათი სტაბილური მუშაობა. დანარჩენი მოწყობილობები (ყველა მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭელი, რომლის სამუშაო წნევისა და მოცულობის (ლიტრებში) ნამრავლი აღემატება 1000-ს) გამოსაცდელია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის კონტროლის ქვეშ, რათა გამოირიცხოს ავარიები. რაც შეეხება მათ რესურსს, თუ დანადგარები დაექვემდებარებიან მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოთხოვნილებებს, მათი მუშაობის რესურსი მაღალია - 2 წელი და მეტი. ექსპერტმა მიუთითა, რომ საჭირო იყო „ტექნოლოგიური დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობაზე და მათი არსებულ ჩართულობაზე რეკომენდაციით“ ეხელმძღვანელათ, უნდა მოწვეულიყო საქართველოში არსებული კვალიფიცირებული კომპანია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს (მათ შორის კომპრესორების კაპიტალურ რემონტს) ჩაატარებდა და მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლებს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის პასპორტიზაციისათვის მოამზადებდა (ტ. I. ს.ფ. 45-55).

 

10. ჰაფმანის ოფისის წერილების თანახმად, შპს „კ------ს“ გადაწყვეტილება იყო მეორადი სისტემის შეძენის გადაწყვეტილება, რომლის პასუხისმგებლობაც სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრებოდა და არა ჰაფმანის ოფისს (ტ. I. ს.ფ. 163-182, 183-191).

 

11. 2015 წლის 29 იანვარს, გ--- ღ------–-----მა ზ---- კ----–------–---–ს შპს „კ------ს“ კაპიტალში თავისი კუთვნილი წილიდან 23% უსასყიდლოდ გადასცა (ტ. I. ს.ფ. 139-141).

 

12. 2015 წლის 30 ივლისის შპს „კ------ს“ მეორე დირექტორად ნ-----–-----------–---–- დაინიშნა, ასევე გაუქმდა გ------------–------ს სასარგებლოდ საჯარო რეესტრში ლ------------–---–-ს 20% წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგისტრირებული ვალდებულება (ტ. I. ს.ფ. 145- 146).

 

13. 2015 წლის 18 თებერვალს „J--------------“-სა და შპს „კ------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველმა მეორადი ლუდსახარშის აღჭურვილობა იყიდა (ტ. I. ს.ფ. 205-222).

 

14. 2015 წლის 18 თებერვალს ლ------------–---–ს, როგორც (გამყიდველს) და ფირმა „ჰ------------ფ“-ს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, ჩაეტარებინა CO2-ის რეკუპერაციის სადგურზე ტექნიკური აუდიტის სამუშაოები მართვის პანელის კომპიუტერული პროგრამების ტექნიკური შეცდომების გამოსავლენად და წარედგინა რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად (ტ. I. ს.ფ. 289-291).

 

15. 2015 წლის 14 სექტემბერს შპს „კ------მ“ CO2-ის გადამამუშავებელი ქარხნის დანადგარები, ღირებულებით 14 მილ. რუბლი, მიიღო. მიღებული ტვირთის დეკლარაციის ჩამონათვალის შესაბამისად, ამიარკის კონდენსატორი ერთი ცალი სერია VXC-86R. 17.11.2015 წლისათვის ამორტიზებულია, შემდგომი ექსპლუატაციისათვის უვარგისი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. შპს „კ------ს“ მიერ შეძენილ იქნა მეორადი კონდესატორი (ტ. I. ს.ფ. 223, ტ. III. ს.ფ. 158).

 

16. 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (კონტრაქტი N221) დგინდება, რომ J------------------მ გაყიდა, ხოლო შპს „კ------მ“ იყიდა გამოყენებაში ნამყოფი ლუდსახარშის აღჭურვილობა. მყიდველი იძლეოდა გარანტიას, რომ საქონელი შეძენილი უნდა ყოფილიყო საქართველოში ლუდის წარმოების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 14 მლნ რუბლი. 2015 წლის 13 ივლისს ხელშეკრულებით (კონტრაქტი N224) დგინდება, რომ იმავე მხარეებს შორის მოხდა გამოყენებაში ნამყოფი ლუდსახარშის აღჭურვილობის შეძენა 80 000 აშშ დოლარად (ტ.II. ს.ფ. 89-108, ტ.II. ს.ფ. 109, ტ.II. ს.ფ. 110-111, ტ.II. ს.ფ. 112-130, ტ.II. ს.ფ. 131-152).

 

17. სახელმწიფო გადასახადების, კერძო რეგულირების საფასურის დროულად გადაუხდელობის გამო, შპს „კ------ს“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მას სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის N0651 ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევის, კერძოდ ჭაბურღილის მკაცრი სანიტარული ზომის შემოფარგვლისა და დაცვის ნორმების დარღვევის გამო, შპს „კ------ს“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება მიმდინარეობდა რის შედეგადაც კომპანიას ჯარიმის სახით 3000 ლარი. შპს „კ------ს“ ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 230381.26 ლარის ოდენობით, 2016 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით 245166.57 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით 287441.38 ლარის ოდენობით. 2016 წლის 04 მარტის გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილით შპს „კ------სადმი“ ამ უკანასკნელის მიმართ ვკითხულობთ, რომ ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები და აღმოსაფხვრელად განესაზღვრა გონივრული ვადა. 2016 წლის 26 აპრილის წერილის მიხედვით კი, სააგენტო შპს „კ------ს“ სთხოვდა 2016 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით რეგულირების საფასურ გადაეხადა (ტ. II. ს.ფ 277, ტ. II. ს.ფ 278, 286, ტ. II. ს.ფ 279, 292, ტ. II. ს.ფ 282-284, ტ. II. ს.ფ 286, ტ. II. ს.ფ 287-288, ტ. II. ს.ფ 295, ტ. III. ს.ფ 51, ტ. IV. ს.ფ 45, ტ.I. ს.ფ. 114, ტ. I. ს.ფ. 115).

 

18. 2016 წლის 26 აპრილის Jonson Controls ტექნიკური ანგარიშის თანახმად, სპეციალისტი განმარტავდა, რომ როდესაც იგი ჩამოვიდა დანადგარების დასანერგად, Unisab II-ის არცერთი ღილაკი არ მუშაობდა კარგად, რაც მანვე გამოასწორა. როცა ნაწილი ჩართულია იყო, ამის მიუხედავად, დამწყები სიგნალი დიდ (ელექტრო) პანელში გადადიოდა და არ მუშაობდა. მუშაობის დაწყებისას ზეთის დონე საშუალოა, ზეთის სეპარატორი კი დასაშვები. ასევე წნევა, შემოწმების განმავლობაში, ნორმალური იყო (ტ. II. ს.ფ 332-336).

 

18. 2016 წელს კომპანია „ჰ------------ფ“-ს მიერ გაკეთებული აუდიტორული ანგარიშით დგინდება, რომ სისტემას შეუძლია აწარმოოს თხევადი CO2, კომპონენტები შექმნილია, რათა იმუშაოს განსაზღვრული წნევის ქვეშ და როდესაც უსაფრთხოების მოწყობილობები კარგ მდგომარეობაშია, არ არის პრობლემა ამ სისტემის უსაფრთხო მუშაობისთვის. წარმოებული CO2-ის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საკვების უსაფრთხოების ზოგად სპეციფიკაციებს, იმ პირობით, რომ სისტემა შეკეთებულია სათანადოდ და მომუშავე ტაიმერები გასწორებულია, რათა შეესაბამებოდეს დაბინძურების დონეს, რომელიც შემოდის სისტემაში, რაც ამ ადგილას უფრო მეტია, ვიდრე ორგინალში; თავდაპირველი სიმძლავრე (წარმადობა) 1.000 კგ/სთ არ არის შესაძლებელი იმ ფაქტის გამო, რომ იგი მდებარეობს 1.976 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, რაც თეორიულად ნიშნავს, იმას, რომ სისტემას შეუძლია აწარმოოს არაუმეტეს 788 კგ/სთ, თუ სწორად იქნება გამართული. AC/საშრობს ფილტრის ფუნქცია არის გაფილტროს H2S და გაწმინდოს სხვა სუნი და გემო, რომელიც ასახავს CO2 გაზის ნაკადს. ვინაიდან CO2 წყაროდან შეიცავს ბევრად მეტ დაბინძურებას ვიდრე სასმელი CO2 გაზის ფერმენტაციაა, ფილტრის შესაძლებლობები არ შეესაბამებოდა ორიგინალ სპეციფიკაციას, ამ მიზნით, ეფექტური სამუშაო დრო შემცირდა 50%-მდე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული წარმოებული თხევადი CO2-ის ძლიერი დაბინძურება; CO2-ის აღდგენის სისტემა, თუ მოცემულ მომენტში დამონტაჟდება შეძლებდა CO2 ის წარმოებას, თუმცა დასჭირდებოდა რეგულარული შეკეთება; მეორადი აღჭურვილობის დაინსტალირება ამტკიცებს, რომ CO2-ის აღდგენა ამ წყაროდან შესაძლებელი და შესრულებადი იყო. რაოდენობა მცირეა და წარმოებული CO2-ის ხარისხი არ არის გარანტირებული ასეთი სახის CO2-ის აღდგენის სისტემით, რომელიც არ იყო სპეციალურად შექმნილი ამ CO2-ის წყაროსთვის; იმისათვის, რომ გარანტირებულ იყოს CO2-ის სპეციფიკაციები და აღდგენის გაზრდისათვის საჭიროა კარგი ბიზნეს ქეისის შექმნა და ახლად შეკვეთილი CO2-ის აღდგენის სისტემის დაინსტალირება ისე, რომ შესაძლებელი იყოს საკმარისი რაოდენობით კარგი ხარისხის CO2-ის წარმოება; ამის პარალელურად მეორადი დაინსტალირება, ისე, რომ CO2-ის წარმოება გაგრძელდება ახლად შეკვეთილი CO2-ის აღდგენის სისტემის დაინსტალირებამდე (ტ. II. ს.ფ. 184-190).

 

19. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა ლ------------–---–მა და მოითხოვა დასკვნის გაცემა შპს „კ------ს“ საკუთრებაში არსებული ნახშირორჟანგა გაზის გადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და იმის დადასტურება, რომ ქარხანა (დანადგარები) მზად არის აწარმოოს ნახშირორჟანგი CO2 გაზი. 2016 წლის 24 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ყ--------------–----–-------------------–------–- მდებარე თხევადი ნახშირორჟანგის წარმოების საამქროს ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არასტაბილური. ქარხანა (დანადგარები) დღეის მდგომარეობით მზად არის აწარმოოს თხევადი ნახშირორჟანგი (CO2), თუმცა არასტაბილურ რეჟიმში. იმისათვის, რომ თხევადი ნახშირორჟანგის წარმოებამ იმუშაოს სტაბილურად საჭიროა შესრულდეს შემდეგი სახის სამუშაოები: შეიქმნას ჭაბურღილისა და ქარხნის საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც გარდა ტექნოლოგიური სქემების დამუშავებისა, ასევე, სრულად აღწერილი იქნება გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარების ყველა საჭირო მახასიათებლები. საპროექტო დოკუმენტაციაში დამუშავებული უნდა იქნეს შექმნილი ტექნოლოგიური სქემის განმარტებითი ბარათი, საამქროს სრულ წარმადობის განსაზღვრით, ტექნიკურ- ეკონომიური გათვლებით და შესაბამისი სპეციფიკებით. ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი ან გამოიცვალოს ნახშირორჟანგის ორივე (2) კომპრესორი; ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი ამიაკის კომპრესორს; ყველა ხელსაწყო (მანომეტრები, დაცვისა და წნევის რელეები, დამცველი სარქველები) გატარდეს რეგისტრაციაში შესაბამის ორგანოებში და იქნეს ხელახლა დაკალიბრებული, რადგან წარმოებაში არსებული ასეთი ტიპის ყველა ხელსაწყოს გასული აქვს სერტიფიცირების ვადა; ყველა მაღალი წნევის ჭურჭელი (სადაც მოცულობის - ლიტრებში ნამრავლი სამუშაო წნევაზე-ბარი აღემატება 10000-ს გატარდება რეგისტრაციაში ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტში (ტ. III. ს.ფ. 24-31, 56-58).

 

20. 2015 წლის 19 აგვისტოს ზ---- კ----–------–---–ს და ლ------------–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პარტნიორთა შეთანხმებით, რომელიც დადასტურებულია ნოტარიუსის ნ-----------–----ს მიერ 2015 წლის 30 ივლისს, რეესტრში რეგისტრაციის N--------- დამგირავებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელი მოგირავნის სასარგებლოდ აგირავებს შპს „კ------ს“ კაპიტალის თავის კუთვნილ წილს. გირავნობის საგანს კი, წარმოადგენს შპს „კ------ს“ კაპიტალის ლ------------–---–-ს კუთვნილი წილი - 50% (ტ.V. ს.ფ. 77-81).

 

21. 2017 წლის 13 ივნისის კრების ოქმის თანახმად, შპს „კ------ს“ მეორე დირექტორის თანამდებობაზე დანიშნულ იქნა ზ----------–---–-----ი, ამასთან დადგინდა, რომ კაპიტალური რემონტის სამუშაოების ჩატარების მიზნით, პირველ ეტაპზე, რაც გულისხმობს ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრას და დეფექტური აქტების შედგენას დირექტორებმა, რეგისტრაციის დღიდან ერთი კვირის ვადაში გააფორმონ ხელშეკრულება შპს „ა---------“ (ტ. V. ს.ფ. 4-8).

 

22. 2017 წლის 19 ივნისს ერთი მხრივ, სს „თ-----------“ მეორე მხრივ, შპს „კ------ს“ და მესამე მხრივ, გ------- ჩ----–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების თანახმად, „თავდები“ (გ------- ჩ----–---–ი) იღებდა ვალდებულებას, რომ გადაეხადა ბანკისათვის შპს „კ------ს“ N---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული მიმდინარე დავალიანება ჯამში 106077.04 აშშ დოლარის ოდენობით (VII. ს.ფ 24-25).

 

23. 2017 წლის 03 ივლისს შპს „კ------ს“ და შპს „ა----სა“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის საგანს ყ--------------–----–----------------–---–------–- მდებარე დამკვეთის საკუთრებაში არსებულ ქარხანაში დამონტაჟებული მეორადი CO2-ის მანქანა-დანადგარების რემონტის და კომპრესორების (CO2-ის და ამიაკის) კაპიტალური რემონტის ჩატარება წარმოადგენდა, მათი შემდგომში ექსპლუატაციაში გაშვებისა და გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მოეხდინა დანადგარების დაშლა, მათი ტექნიკური რევიზია, დეფექტური აქტების შედგენა, განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

 

წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული სამუშაოები შემსრულებელს უნდა შეესრულებინა: 2 ნახშირორჟანგის კომპრესორზე და 1 ამიაკის კომპრესორზე დეფექტური აქტის წარმოდგენა 7 სამუშაო დღეში; ნახშირორჟანგის წარმოების სრული დეფექტური აქტი მათ შორის კომპრესორების კაპიტალური რემონტი. გასუფთავების სისტემის, თანმდევი გაზების სეპარაციის სისტემის, ავტომატური მართვის სერტიფიკატების მიღების შემდგომ 15 სამუშაო დღის განმავლობაში დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ღირებულება განისაზღვრება ნედლი ნახშირორჟანგის ხარისხის მიხედვით (ტ. V. ს.ფ. 9-12).

 

24. 2017 წლის 03 ივლისის N------- ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 12 ივლისის შედგენილ იქნა დეფექტური აქტი, რომლის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ზამთრის განმავლობაში წყლის სისტემაში, მათ შორის ნახშირორჟანგის კომპრესორის პერანგებში დარჩენილმა წყალმა გაყინვის შედეგად სიმეტრიულად გახეთქა ორივე კომპრესორის სარქველების დაფის პერანგები, ბზარი მიიღო კომპრესორის ბლოკის პერანგმა, გასკდა და რემონტს აღარ ექვემდებარება წყლის ტუმბო „გრუნდფოსი“, ასევე ყინულმა გახეთქა საამქროში ცენტრალური წყლის მიმწოდებელი ტუმბო და რემონტს აღარ დაექვემდებარება, შეუძლებელი გახდა კომპრესორის მშრალი (ნახშირორჟანგის მოძრაობის და ნაწილის) დაშლა ბოლომდე. შესაბამისად, ზედა ნაწილის დეტალები და კვანძები შემოტანილი იქნა ქ. თბილისში მისი შემდგომი დაშლისა და რევიზიის მიზნით. კომპრესორის საბოლოო დაშლამ აჩვენა შემდეგი დეფექტები: 1. მუშა მდგომარეობაშია მუხლა ლილვისა და ბარბაცის კვანძი, არ აღენიშნება გადახრა ტიპიური ზომებიდან და მისი ჩამოტანა ქ. თბილისში არ არის საჭირო; 2. გასარემონტებელია ან გამოსაცვლელი სასარქველე დაფის კორპუსი (გახეთქილია წყლის ყინულის ზემოქმედებით); 3. გასახეხია და შემდგომში დასადუღებელი კომპრესორის ბლოკის პერანგი; 4.კომპრესორის ჰილზა არის დამუშავებული, მაგრამ ექვემდებარება შიგხეხვას და პალირებას, პალირების შემდგომ დადგინდება დგუშის რგოლების ზუსტი ზომები, რომლებიც სრულად შესაკვეთია; 5. დგუშები, როგორც დაბალი ასევე მაღალი წნევის მხარეები არის სტანდარტებში და არ საჭიროებს გამოცვლას; 6. კრეიცკოფის ლილვი დაჟანგულია წყლის ზემოქმედებით და საჭიროებს პალირებას; 7. კრეიცკოფის ყველა ჩობალი დაზიანებულია და საჭიროებენ გამოცვლას, შესაბამისად დასამუშავებელია ჩობალის კორპუსები; 8. გამოსაცვლელია „გრუნდფოსის“ პატარა ტუმბო, რომელიც ემსახურება ცალკე კომპრესორს; 9. გასაწმენდია, შემდგომი პალირების მიზნით ყველა გადაბმის ადგილი და გამოსაცვლელია ყველა შემამჭიდროებელი; 10. გამოსაცვლელია ზეთი, ზეთის ფილტრი, და გამოცვლის წინ სრულად გასარეცხია სპეციალური ხსნარებით და გასაშრობია კომპრესორის კარტერი; 11. დეფექტურ აქტს თან ერთვის დაშლილი კომპრესორის დაზიანებული დეტალებისა და კვანძების 16 (თექვსმეტი) სურათი (ტ. V. ს.ფ. 13-14).

 

25. 2017 წლის 26 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2017 წლის 26 ივლისიდან 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით 2017 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა----მ“ დამკვეთის ტერიტორიაზე ყ--------------–----–------------------–------–- დაამთავრა ექსპლუატაციაში ნამყოფი ნახშირორჟანგის კომპრესორის მარკით TZW70 კაპიტალური რემონტი. მოხდა კომპრესორის სატესტო ჩართვა მშრალ რეჟიმში (გარემო ჰაერზე), კომპრესორის ყველა სამუშაო პარამეტრი არის წესრიგში (ტ.V. ს.ფ. 30).

 

26. შპს „ი---------------------–-ს“ მიერ ჭაბურღილ N1-ზე ჩატარებული სამუშაოებით ჭაბურღილზე აღდგენილია თვითდენი და მოწყობილია უჟანგავი ლითონის მილისაგან დამზადებული საშადრევნე არმატურა (ტ. V. ს.ფ. 114).

 

27. შპს „ა----ს“ 2018 წლის 10 მაისის წერილის თანახმად, ამჟამად, შპს „კ------ს“ კუთვნილი ნახშირორჟანგის ქარხანა სრული სიმძლავრით გასაშვებად არ არის მზად, ასაწყობია და გასაშვებია მეორე ნახშირორჟანგის კომპრესორი; დამატებითი ინფორმაცია: 1. ქარხნის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა მეორე ნახშირორჟანგის კომპრესორის ჩართვა სისტემაში, რომლის ნაწილებს ველოდებით გ------- ჩ----–---–ისგან; 2. საჭიროა ჭაბურღილის ზუსტი წარმადობის დადგენა; 3. საჭიროა წარმოების პროექტი და მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე აპარატების რეგისტრაცია ტექნიკური ზედამხედველობის ბიუროში; 4. საჭიროა მაჩვენებლები და მარეგულირებელი ხელსაწყოების შემოწმება საქართველოს მეტროლოგიის ინსტიტუტში; 5. საჭიროა ნახშირმჟავა გაზის გამწმენდი ფილტრების შემოწმება და შემოწმების შედეგების დაფიქსირება მზა პროდუქციის ანალიზით (ტ. V. ს.ფ. 170).

 

28. კომპანია „ქ----------------------------------------–------ 2018 წლის 05 ნოემბრის დასკვნის თანახმად, საწარმოს წარმოების წიგნში მითითებულის მსგავსად, ლუდის ქარხნებში ფერმენტაციის შედეგად წარმოებული CO2-ის გათხევადების მიზნით დაგეგმარების გამო ნიადაგის ქვემოდან ბუნებრივად ამოსული, შიგნით ჭარბი რაოდენობის CO2-ის გათხევადების პირობებში ვერ გათხევადებული აზოტი, მეთანი და ჟანგბადის მსგავსი კონდენსარტის არ მქონე გაზებად განცალკევებისათვის საჭირო აღჭურვილობის არქონის გამო: 1. წარმოებული სითხე CO2-ში კონდენსატის არ მქონე გაზები სტანდარტებში მითითებულ მაჩვენებლებზე მეტი იქნება და ამიტომ პროდუქტებში ისინი ვერ გამოიყენება. 2. CO2-ის გათხევადებულ კონდესატებში ჭარბი რაოდენობით არაკონდენსირებულის (მეთანი, აზოტი, ჟანგბადი) დაგროვების გამო და გაზების ვერ გათხევადების გამო, გათხევადობის სითბოსარარსებობის გამო და სითბოს მიღებით აორთქლებული ამონიაკის ვერ აორთქლების გამოამონიაკის გაციების კომპრესორი დაბალ წნევაზე გაითიშება და სისტემა ვერ მოახდენს შესაბამისი მოცულობის მიღწევას. სისტემის დაარსების რაიონებში ატმოსფერული პირობები ზამთრის პერიოდში ძალიან მკაცრია და ამიტომაც წყლით გაციება სარისკოა. CO2-ის კომპრესორები წყლით ცივდება და ამიტომაც გამაგრილებელი წყლის კომპრესორის გაყინვის შემთხვევაში კომპრესორის კორპუსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყინვაგამძლე გამაგრილებელი გამტარის გამოყენება. მიწის ქვემოდან ამოსული CO2 დროდადრო სხვადასხვა გაზებს შეიცავს, აქედან გამოსაყოფია წყალბადის გოგირდი. მას აქვს სპეციალური ლაყე კვერცხის სუნი, რომელიც CO2-ში არ უნდა აღემდატებოდეს 0.1 პპმ. გოგირდ-წყალბადის შემაკავებელი რაიმე სახის ფილტრი არ არის დამატებული, პირიქით ზედმეტია ქაფის შემაკავებელი, სკრაბერი და კასრის ლუდის ქარხნებში ფერმენტაციისგან ნაწარმოები CO2 წარმოებისთვის საჭირო დანადგარების სისტემა (რადგანაც ეს ლუდსახარში დანადგარია), რომელიც მოსახსნელია. ჭის თავზე CO2-ის წყლისგან განმაცალკევებელი 4 ცალი სეპარატორი არაკომპეტენტურადაა დამონტაჟებული, გაზის და წყლის განცალკევება არასაკმარისია. ამ მიზეზების გამო გაზის დიდი ნაწილი ქარხანამდე მიუღწევლად ჭაბურღილიდან წყალთან ერთად ატმოსფეროში გაედინება. ჭაბურღილის თავზე CO2 და წყლის განცალკევებისთვის გამოყენებული ხელსაწყო ამისათვის არ არის განკუთვნილი, ამისათვის საჭიროა მისი მოხსნა და ერთი ცალი სეპარატორის დამონტაჟება (ტ. VII. ს.ფ. 72-75).

 

29. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0--------- წლის დასკვნის თანახმად, შპს „ა----ს“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია თხევადი ნახშირორჟანგის პროექტი; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ს--------–------- არ წარმოადგენს მუშა პროექტს და ძირითადად მოცემულია პრინციპული გადაწყვეტის სახით. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ვერ მოხერხდა ყ--------------–----–-------------------–------–- შპს „კ------ს“ კუთვნილი თხევადი ნახშირორჟანის წარმოების საამქროში არსებული დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობაზე სრულფასოვანი მსჯელობა (ტ. VII. ს.ფ. 80).

 

30. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული გარიგებები ერთი შინაარსის მატარებელ, ერთობლივ, გარიგებას წარმოადგენდა. აღნიშნული ხელშეკრულებების დამოუკიდებელ დოკუმენტებად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 2014 წლის 14 აპრილს შპს „კ------ს“ კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც ო----- კ----–------–---–მა ლ------------–---–ს კომპანიის 50%-იანი წილი მასზე არსებული ყველა უფლებითა და ვალდებულებით მიჰყიდა. უმნიშვნელოვანესია ყურადღება მიექცეს ამავე გარიგების 1.3 პუნქტს, სადაც მითითებულია, რომ მყიდველი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებისა და პირობების შესაბამისად, გადაიხადოს წილის ნასყიდობის ფასი, აგრეთვე შეასრულოს წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია და შეთანხმებულია საზოგადოების პარტნიორებს შორის თანახმად, საზოგადოების 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და იმავე თარიღით ხელმოწერილი პარტნიორთა შეთანხმებით.

 

ნათელია, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში აისახა მხარეთა ნება, რომლის თანახმად, ვალდებულების შესრულება არა მხოლოდ წილის საფასურის გადახდას, არამედ საწარმოს სხვა დოკუმენტაციით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვალდებულებასაც მოიცავდა. რაც შეეხება, საზოგადოების 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და იმავე თარიღით ხელმოწერილ პარტნიორთა შეთანხმებას, აღნიშნულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ლ------------–---–- ურთიერთობაში შედის როგორც ინვესტორი. შეთანხმების 1.1.11 პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ითვლებოდა, დროის მონაკვეთი ინვესტორის კომპანიის პარტნიორად რეგისტრაციის დღიდან არსებული პარტნიორებისა და კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც მოიცავდა და შემოიფარგლებოდა წილის ღირებულების გადახდის ვალდებულებით და ამავე ხელშეკრულების 3.6.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით.

 

გარდამავალი პერიოდი დასრულებულად ჩაითვლებოდა პირველი კომერციული წარმოების დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურების მომენტიდან (რაც ცალსახად გულისხმობს ინვესტორის მიერ 3.6.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას), რის შემდეგაც არსებული პარტნიორები ვალდებულნი იყვნენ საჯარო რეესტრში ინვესტორის წილზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შემზღუდავი ვალდებულებები გაეუქმებინათ. 1.1.12 პუნქტის მიხედვით კი, პირველი კომერციული წარმოება, კომპანიის მიერ, ქარხნის ექსპლუატაციაში გამშვები და წარმოების ციკლის უზრუნველყოფის შედეგად პროდუქციის პირველი სარეალიზაციოდ გამზადებული პარტიის წარმოებას მოიაზრებდა. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, ამ განმარტების ქვეშ პროდუქციის სატესტო ნიმუშების წარმოება არ იგულისხმებოდა.

 

ამავე ხელშეკრულების 2.2.4. პუნქტის თანახმად, შპს „კ------ს“ ძირითადი საქმიანობის საგანი იქნებოდა: ა) მინერალური და წყაროს წყლის მოპოვება, ჩამოსხმა და რეალიზაცია; ბ) ბუნებრივი CO2 გაზის მოპოვება, ჩამოსხმა და რეალიზაცია; გ) წიაღისეული საბადოების შესწავლა, მოპოვება და გადამუშავება.

 

ამასთან 3.6.1 პუნქტის თანახმად, ინვესტორმა იკისრა ვალდებულება, რომ კომპანიის განვითარების მიზნით, 2015 წლის პირველ იანვრამდე (რაც შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ ერთხელ - არაუმეტეს სამი თვის ვადით) განსაზღვრული გრაფიკით, ეტაპობრივად, განახორციელებდა ინვესტიციას (საწესდებო კაპიტალში შეტანას) იმ მოცულობითა და ფორმით, რაც აუცილებელი და საკმარისი იქნებოდა:

 

ა) მიწაზე CO2-ის მიმღებ გადამამუშავებელი ქარხნის მართვის, ქარხნის მოწყობა- ფუნქციონირების მიზნით, შესაბამისი დანადგარის/მოწყობილობის შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გასაშვებად, რომლის წარმადობაც აღნიშნულ ჭაბურღილზე დამტკიცებულ მარაგზე არანაკლები იქნებოდა. „დამატებით ლიცენზიის“ მოპოვებამდე CO2-ის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში უნდა დამონტაჟებულიყო კომპრესორი, რომლის წარმადობაც გათვლილი იქნებოდა არანაკლებ არსებული ლიცენზიის ოდენობით (18 ტონა) თხევადი გაზის წარმოებაზე დღე-ღამეში. დამატებითი ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ინვესტორი უზრუნველყოფდა დამატებით 20 (ოცი) ტონა წარმადობის დამატებითი კომპრესორის მონტაჟს.

 

ბ) ქარხნის შენობის ასაშენებლად შესაბამისი პროექტის მიხედვით და ექსპლოატაციაში გასაშვებად;

 

გ) ქარხნიდან სეპარაციის პროცესში გამოყოფილი წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის;

 

დ) კომპანიის საწყისი საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისათვის, რაც აუცილებელი იყო ქარხნის გასაშვებად და წარმოების უწყვეტი ციკლის უზრუნველსაყოფად (ტ. I. ს.ფ. 21-33).

 

ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად იქმნება გონივრული ვარაუდი და დამაჯერებელი მტკიცებულება იმის დასადგენად, რომ კომპანიის ინვესტორს, წილის ნასყიდობის საფასურის გადახდასთან ერთად, კომპანიაში იმგვარი შენატანის განხორციელება ევალებოდა, რაც აუცილებელი და საკმარისი იქნებოდა ქარხნის ტექნიკური გამართვისა და მისი ექსპლუატაციის გაშვების მიზნებისთვის. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დაკისრებით აიხსნება ლ------------–---–-ს „ინვესტორად“ მოხსენიებაც. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სამივე დოკუმენტი ერთი რიცხვითაა დათარიღებული და ერთსა და იმავე სანოტარო ბიუროშია ხელმოწერილი, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავოდ გამხდარი გარიგებები ერთ მთლიან შერეული ტიპის გარიგებად უნდა იქნეს შეფასებული და ლ------------–---–-ს მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების/შეუსრულებლობის ფაქტიც სწორედ სამივე ხელშეკრულების შეჯერების შედეგად უნდა დადგინდეს.

 

31. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების ნაწილიდან გასვლის, გადაცემული წილის უკან დაბრუნების და ხელშეკრულების მეორე ნაწილის ცალმხრივად შეწყვეტის უფლება ჰქონდა.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავის სწორი გადაწყვეტის მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია განიმარტოს ხელშეკრულებიდან გასვლისა და ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებები და მისი განხორციელების კანონისმიერი წინაპირობები. ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდებიან, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით წესრიგდება. 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო, 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარმატებისთვის აუცილებელია მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა იყოს მნიშვნელოვანი და ეს დარღვევა მხარეს ხელშეკრულების მიმართ ინტერესს უკარგავდეს.

 

ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების საფუძვლები შეიძლება მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად დაიყოს. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს) ბ) მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი) გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც დაუყოვნებლივ წარდგენილი იქნება მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმს, მნიშვნელოვანია განიმარტოს რომ ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმა) სამართლებრივ ინსტიტუტსა და ხელშეკრულების შეწყვეტას შორის პრინციპული განსხვავებაა კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდებიან, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელებული შესრულება და მისი შედეგები ძალაში რჩება. ამ მიმართებით, საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოშლის/შეწყვეტის ინსტიტუტი მიმართულია არა შესრულების შედეგად მიღებული შედეგების უკან დაბრუნების, არამედ ხელშეკრულების შესრულებაზე მომავალში უარის თქმაზე, მართებულია მხოლოდ გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ, რადგან მოკლევადიან ხელშეკრულებებზე მოშლის ინსტიტუტი არ ვრცელდება. ხელშეკრულების მოშლა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლით, რომელიც მხოლოდ გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებს შეეხება. ხელშეკრულების მოშლა და ხელშეკრულებიდან გასვლა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ვალდებულების ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ მოშლის თავისებურება სწორედ ისაა, რომ წყდება სამომავლო შესრულების ვალდებულება, ხოლო უკვე შესრულებული მხარეებს არ უბრუნდებათ (გარდა სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხელშეკრულებიდან გასვლა კი, ნატურით დაბრუნებას გულისხმობს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-779-746-2014).

 

32. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ინვესტორმა წილის ნასყიდობის საფასურის გადახდა სრულად განახორციელა ასევე, ააშენა ქარხნის შენობა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი დარჩენილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, კერძოდ, ვალდებულების მეორე ნაწილი, როგორც ეს პარტნიორთა შეთანხმებითაა გათვალისწინებული ქარხნის აღჭურვასა და ექსპლუატაციაში გაშვების მიზნებს ეხმიანებოდა. რაც შეეხება თავად სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელის მიერ იგი რამდენიმეჯერ დააზუსტდა და, საბოლოო ჯამში, მოსარჩელე მოპასუხისთვის გადაცემული წილის დაბრუნებას, სამეწარმეო რეესტრიდან წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულების ამოშლას მოითხოვდა. შეგებებული სარჩელი წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე ან/და განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნების თაობაზე არ არსებობს, შესაბამისად ნათელია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარეები იმ მდგომარეობას კი არ უბრუნდებიან, რომელშიც ისინი ხელშეკრულებების გაფორმებამდე იყვნენ, არამედ განხორციელებული შესრულება ძალაში რჩება, და წილის უკან დაბრუნება ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას/არაჯეროვან შესრულებას მიემართება.

 

წინამდებარე განჩინების 31-ე პუნქტში პალატამ იმსჯელა და შეაფასა მხარეთა შორის დადებული გარიგებების შინაარსის შესახებ და დაასკვნა, რომ ისინი შინაარსობრივად ერთიან ხელშეკრულებას წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ, უდავოა, რომ მოპასუხედ დასახელებული პირის შესასრულებელ ვალდებულებას არა მხოლოდ წილის საფასურის გადახდა, არამედ საწარმოში იმგვარი ინვესტიციის განხორციელების შეტანა წარმოადგენდა, რაც საკმარისი იქნებოდა საწარმოს ექსპლუატაციაში გასასვლელად. უდავოა, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროსაც კი, საწარმო ექსპლუატაციაში გაშვებული არ არის. შესაბამისად, პალატის მიერ გამოსაკვლევ საკითხს სწორედ ამ ვალდებულების შესრულება/შეუსრულებლობის დადგენა წარმოადგენს.

 

სააპელაციო პალატა უპირველესად შეაფასებს საქმის მასალებში არსებულ 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებას, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ლ------------–---–მა, როგორც ინვესტორმა, 2014 წლის 14 წლის ხელშეკრულებითა და ამავე თარიღის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში - 2015 წლის 01 იანვრამდე, ასევე დამატებით მიცემულ ვადაში - 2015 წლის 01 აპრილამდე, ვალდებულების შესრულება ვერ უზრუნველყო. აღნიშნულ ხელშეკრულებას შპს „კ------ს“ ყველა პარტნიორი აწერს ხელს, მათ შორის ინვესტორი - ლ------------–---–-ც. აღნიშნული სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ცალსახად ადასტურებს, რომ 2015 წლის 30 ივლისის დროისთვის ინვესტორს ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა, კერძოდ, საწარმოს CO2-ის ქარხნის შეძენა, დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება ვერ შეძლო, შესაბამისად ამ დოკუმენტით, რომელიც ამავდროულად მოპასუხის მიერაც არის ხელმოწერილი არა მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობაა დადასტურებული, არამედ ისიც დგინდება, რომ ლ------------–---–ს ამგვარი ვალდებულების შესრულების ვალდებულება ეკისრებოდა. გარდა ამისა, 2015 წლის 30 ივლისს ლ------------–---–მა იკისრა ვალდებულება, პარტნიორებისთვის ყოველთვიურად ჯარიმის სახით 10 000 აშშ დოლარი გადაეხადა. ამავე შეთანხმებით მან დამატებითი ვალდებულების სახით, ქარხნის ტერიტორიის შემოღობვის, ქარხნის დამოუკიდებელი ელექტრომომარაგების, გაზომარაგებისა და წყალმომარაგების განხორციელება, ქარხნის შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულება, ქარხნის ფუნქციონირებისთვის საჭირო დანადგარების მონტაჟის ვალდებულებაც იკისრა (ტომი I, ს.ფ. 35-44). რაც შეეხება 2015 წლის 30 ივლისის შემდგომ პერიოდს და იმ გარემოების კვლევას მხარემ აღნიშნული თარიღის შემდეგ შეასრულა თუ არა, როგორც 2014 წელს აღებული ვალდებულება ასევე 2015 წელს დამატებით ნაკისრი ვალდებულებები, ამ მიმართებით სააპელაციო პალატა მხარეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე გაამახვილბს ყურადღებას, რომლითაც შეფასებულია ის დანადგარები, რომლებიც მოპასუხის განმარტებით სწორედ საწარმოს დანიშნულებისამებრ ასამუშავებლად იყო შეძენილი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 მარტის N--------- დასკვნიდან დგინდება, რომ ნახშირორჟანგის ორივე კომპრესორს და ამიაკის ქარხნულ კომპრესორს საქარხნო რესურსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, გამორიცხულია მათი სტაბილური მუშაობა. დანარჩენი მოწყობილობები (ყველა მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭელი, რომლის სამუშაო წნევისა და მოცულობის (ლიტრებში) ნამრავლი აღემატება 1000-ს) გამოსაცდელია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის კონტროლის ქვეშ, რათა გამოირიცხოს ავარიები. რაც შეეხება მათ რესურსს, თუ დანადგარები დაექვემდებარებიან მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოთხოვნილებებს, მათი მუშაობის რესურსი მაღალია - 2 წელი და მეტი. ექსპერტმა მიუთითა, რომ საჭირო იყო „ტექნოლოგიური დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობაზე და მათი არსებულ საქმები ჩართულობაზე რეკომენდაციით“ ეხელმძღვანელათ, უნდა მოწვეულიყო საქართველოში არსებული კვალიფიცირებული კომპანია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს (მათ შორის კომპრესორების კაპიტალურ რემონტს) ჩაატარებდა და მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლებს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის პასპორტიზაციისათვის მოამზადებდა (ტ. I. ს.ფ. 45-55).

 

ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა ლ------------–---–მა და მოითხოვა დასკვნის გაცემა შპს „კ------ს“ საკუთრებაში არსებული ნახშირორჟანგ გაზის გადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და იმის დადასტურება, რომ ქარხანა (დანადგარები) მზად არის აწარმოოს ნახშირორჟანგი CO2 გაზი. 2016 წლის 24 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ყ--------------–----–-------------------–------–- მდებარე თხევადი ნახშირორჟანგის წარმოების საამქროს ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არასტაბილური. ქარხანა (დანადგარები) დღეის მდგომარეობით მზად არის აწარმოოს თხევადი ნახშირორჟანგი (CO2), თუმცა არასტაბილურ რეჟიმში. იმისათვის, რომ თხევადი ნახშირორჟანგის წარმოებამ იმუშაოს სტაბილურად საჭიროა შესრულდეს შემდეგი სახის სამუშაოები: შეიქმნას ჭაბურღილისა და ქარხნის საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც გარდა ტექნოლოგიური სქემების დამუშავებისა, ასევე, სრულად აღწერილი იქნება გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარების ყველა საჭირო მახასიათებლები. საპროექტო დოკუმენტაციაში დამუშავებული უნდა იქნეს შექმნილი ტექნოლოგიური სქემის განმარტებითი ბარათი, საამქროს სრულ წარმადობის განსაზღვრით, ტექნიკურ- ეკონომიური გათვლებით და შესაბამისი სპეციფიკებით. ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი ან გამოიცვალოს ნახშირორჟანგის ორივე (2) კომპრესორი; ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი ამიაკის კომპრესორს; ყველა ხელსაწყო (მანომეტრები, დაცვისა და წნევის რელეები, დამცველი სარქველები) გატარდეს რეგისტრაციაში შესაბამის ორგანოებში და იქნეს ხელახლა დაკალიბრებული, რადგან წარმოებაში არსებული ასეთი ტიპის ყველა ხელსაწყოს გასული აქვს სერტიფიცირების ვადა; ყველა მაღალი წნევის ჭურჭელი (სადაც მოცულობის - ლიტრებში ნამრავლი სამუშაო წნევაზე-ბარი აღემატება 10000-ს გატარდება რეგისტრაციაში ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტში (ტ. III. ს.ფ. 24-31, 56-58).

 

გარდა ამისა, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2015 წლის 18 თებერვალს ლ------------–---–ს, როგორც (გამყიდველს) და ფირმა „ჰ------------ფ“-ს (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, ჩაეტარებინა CO2-ის რეკუპერაციის სადგურზე ტექნიკური აუდიტის სამუშაოები მართვის პანელის კომპიუტერული პროგრამების ტექნიკური შეცდომების გამოსავლენად და წარედგინა რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად (ტ. I. ს.ფ. 289-291). მოგვიანებით ჰაფმანის ოფისის მიერ გამოგზავნილი წერილების თანახმად დგინდება, რომ შპს „კ------ს“ გადაწყვეტილება იყო მეორადი სისტემა შეეძინა, რომლის პასუხისმგებლობაც სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრებოდა და არა ჰაფმანის ოფისს (ტ. I. ს.ფ. 163-182, 183-191).

 

2016 წელს კომპანია „ჰ------------ფ“-ს მიერ გაკეთებული აუდიტორული ანგარიშით დგინდება, რომ სისტემას შეუძლია აწარმოოს თხევადი CO2, კომპონენტები შექმნილია, რათა იმუშაოს განსაზღვრული წნევის ქვეშ და როდესაც უსაფრთხოების მოწყობილობები კარგ მდგომარეობაშია, არ არის პრობლემა ამ სისტემის უსაფრთხო მუშაობისთვის. წარმოებული CO2-ის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საკვების უსაფრთხოების ზოგად სპეციფიკაციებს, იმ პირობით, რომ სისტემა შეკეთებულია სათანადოდ და მომუშავე ტაიმერები გასწორებულია, რათა შეესაბამებოდეს დაბინძურების დონეს, რომელიც შემოდის სისტემაში, რაც ამ ადგილას უფრო მეტია, ვიდრე ორიგინალში; თავდაპირველი სიმძლავრე (წარმადობა) 1.000 კგ/სთ არ არის შესაძლებელი იმ ფაქტის გამო, რომ იგი მდებარეობს 1.976 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, რაც თეორიულად ნიშნავს, იმას, რომ სისტემას შეუძლია აწარმოოს არაუმეტეს 788 კგ/სთ, თუ სწორად იქნება გამართული. AC/საშრობს ფილტრის ფუნქცია არის გაფილტროს H2S და გაწმინდოს სხვა სუნი და გემო, რომელიც ასახავს CO2 გაზის ნაკადს. ვინაიდან CO2 წყაროდან შეიცავს ბევრად მეტ დაბინძურებას ვიდრე სასმელი CO2 გაზის ფერმენტაციაა, ფილტრის შესაძლებლობები არ შეესაბამებოდა ორიგინალ სპეიფიკაციას, ამ მიზნით, ეფექტური სამუშაო დრო შემცირდა 50%-მდე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული წარმოებული თხევადი CO2-ის ძლიერი დაბინძურება; CO2-ის აღდგენის სისტემა, თუ მოცემულ მომენტში დამონტაჟდება შეძლებდა CO2-ის წარმოებას, თუმცა დასჭირდებოდა რეგულარული შეკეთება; მეორადი აღჭურვილობის დაინსტალირება ამტკიცებს, რომ CO2-ის აღდგენა ამ წყაროდან შესაძლებელი და შესრულებადი იყო. რაოდენობა მცირეა და წარმოებული CO2-ის ხარისხი არ არის გარანტირებული ასეთი სახის CO2-ის აღდგენის სისტემით, რომელიც არ იყო სპეციალურად შექმნილი ამ CO2-ის წყაროსთვის; იმისათვის, რომ გარანტირებულ იყოს CO2-ის სპეციფიკაციები და აღდგენის გაზრდისათვის საჭიროა კარგი ბიზნეს ქეისის შექმნა და ახლად შეკვეთილი CO2-ის აღდგენის სისტემის დაინსტალირება ისე, რომ შესაძლებელი იყოს საკმარისი რაოდენობით კარგი ხარისხის CO2-ის წარმოება; ამის პარალელურად მეორადი დაინსტალირება, ისე, რომ CO2-ის წარმოება გაგრძელდება ახლად შეკვეთილი CO2-ის აღდგენის სისტემის დაინსტალირებამდე (ტ. II. ს.ფ. 184-190).

 

სააპელაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ „ჰ------------ფ“-ს მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა თავისი შინაარსით ვერ იქნება ექსპერტიზის დასკვნის იდენტური, ვინაიდან მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის მიმართ არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი შედგენილია, შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ, შესაბამისად, იგი განხილული ვერ იქნება, როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის საპირწონე მტკიცებულება, არამედ იგი განხილული უნდა იქნეს და შეფასდეს, როგორც საქმეში არსებული ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება. როგორც ზემოთ მოყვანილმა მსჯელობამ ცხადყო, საქმის მასალებში არსებული ორი ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება, რომ შეძენილი დანადგარები არ არის შესაფერისი შპს „კ------ს“ მიერ დასახული მიზნის მისაღწევად, რადგან მისი ექსპლუატაციის პირობებში გამუდმებით იქნება საჭირო დანადგარების შეკეთება. რაც შეეხება „ჰ------------ფ“-ს აუდიტორულ დასკვნას, იგი იმპერატიული ხასიათის არაა, დასკვნა საუბრობს შესაძლებლობებზე, რომლებიც დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, მითითებულია, რომ გარანტირებული არ არის ამ დანადგარების მიერ წარმოებული გაზის ხარისხის შესაბამისობა ყოველდღიურ მოხმარებასთან, ანუ შესაძლებელია წარმოებულმა გაზმა ვერ გაფილტროს ნახშიროჟანგის დაბინძურების დონე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ „ჰ------------ფ“-ის მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა ვერ აქარწყლებს ექსპერტიზის დასკვნებში მოყვანილ მსჯელობას მასზედ, რომ შეძენილი დანადგარები არ იყო შესაბამისობაში იმ მიზნის მისაღწევად, რაც შპს „კ------ს“ ჰქონდა დასახული.

 

გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მოპასუხე მხარის მიერ შეძენილი დანადგარები ლუდსახარშისთვისაა განკუთვნილი, გაფორმებულ ხელშეკრულებებში კი, მათი შეძენის მიზნად არა გაზის წარმოება, არამედ ლუდსახარში საწარმოს ფუნქციონირებაა მითითებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული იმპერატიული დასკვნა მასზედ, რომ შეძენილი მეორადი დანადგარები, შესაბამისობაში იყო საწარმოს მიერ დასახული საქმიანობის საწარმოებლად, და იმგვარი წნევისა და ხარისხის გაზის საწარმოებლად, როგორც ეს საწარმოს სალიცენზიო პირობებით იყო განსაზღვრული, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ მეორადი დანადგარების შეძენით მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რადგან როგორც მრავალგზის აღინიშნა, ინვესტორმა არა მხოლოდ შესაბამისი დანადგარების შეძენის, არამედ მათი დაინსტალირებისა და საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების ვალდებულებაც იკისრა, რომლის განხორიციელებაც საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება.

 

33. რაც შეეხება აპელანტის მითითებებს მასზედ, რომ მის მიერ შეძენილი მეორადი დანადგარები ხარისხიანი იყო და საწარმოს ამოქმედება მხოლოდ იმ მიზეზით ვერ განხორციელდა, რომ მოსარჩელე მხარე ხელშეშლას ახორციელებდა, გაზიარებული ვერ იქნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები. კეთილსინდისიერად მოქმედების ვალდებულება ხელშეკრულების ყველა მხარეს თანაბრად ეკისრება.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ვალდებულების შესრულებაში ხელშეშლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. რაც შეეხება არაპირდაპირ მტკიცებულებებს, ნათელია, რომ საწარმოში ინვესტორის შემოყვანის მთავარ მიზანს საწარმოს ამოქმედება და შესაბამისად, პარტნიორების მიერ დივიდენდის მიღება წარმოადგენდა. აღნიშნული მიზანი მხარეთა მიერ ხელმოწერილ ყველა დოკუმენტში იკვეთება. ხელშეშლის არარსებობასთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა 2015 წლის 30 ივლისს გაფორმებული შეთანხმებაც, რომლითაც დგინდება, რომ ინვესტორის მიერ დადგენილ ვადაში, ასევე დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულება ვერ შესრულდა, საწარმომ აიღო ვალდებულება შპს-ს ქონება იპოთეკით დაეტვირთა, რათა საბანკო დაწესებულებიდან სესხი დანადგარების შეძენის მიზნით აეღო. აღნიშნული მტკიცებულება ცხადყოფს, რომ პარტნიორთა მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მეტიც საწარმომ ხელი შეუწყო ინვესტორს ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში და დამატებითი ვალდებულების სახით, სესხის აღება სწორედ იმ დანადგარების შეძენის მიზნით, გადაწყვიტა, რაც ინვესტორის მიერ საკუთარი სახსრებით შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა. ამასთან, საქმის მასალებში მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად განხორციელებული კონკლუდენტური მოქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მან ვერ დაამტკიცა, რომ შეძენილი მეორადი დანადგარების საწარმოში განთავსების შემდეგ ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებას უშედეგოდ „ცდილობდა“. ამგვარი ფაქტი ვერც მოწმედ დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს. შესაბამისად, ხელშეშლის არსებობის ფაქტს სააპელაციო პალატა მხოლოდ მხარის ზეპირ-ახსნა განმარტებას ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან მისი, როგორც პროცესის შედეგით დაინტერესებული პირის ახნა-განმარტება მტკიცებულების სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს. აღნიშნული მსჯელობა კი, რელევანტურია მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც საწარმოს დირექტორი - ნ-----–-----------–---–-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება, რაც წარდგენილი შეუდავებელი მტკიცებულებებითაა დადასტურებული.

 

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ აპელანტმა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, სრული და ჯეროვანი შესრულების ფაქტი ვერ დაადასტურა. 2016 წლის 04 მარტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ყაზბეგის რაიონის ს------–---–------–- არსებული ქარხანა არ იყო შესაბამისი მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი. კერძოდ, დანადგარები არა მხოლოდ მეორადი წარმოების იყო და მათ საქარხნო რესურსი ამოწურული ჰქონდათ, არამედ ქარხანაში დამონტაჟებული იყო ისეთი დანადგარები, რომლებიც კონკრეტულად CO2-ს წარმოებისთვის საჭირო არ იყო. ამდენად დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ინვესტორის მიერ ანუ იმ პირის მიერ, რომელსაც ევალებოდა აღნიშნული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულება, არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რადგან ქარხანა თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება საბოლოოდ ვერ მოხერხდა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე თავად ექსპერტთა ჩვენებით დასტურდება, რომ ქარხანას პროექტი არ ჰქონია, რის გამოც ექსპლუატაციასაც კი არ იყო შესული, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა.

 

მხარეთა მიერ 2014 წლის 14 აპრილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება წილის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას წარმოშობს. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო შებოჭილია მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებული მოთხოვნებით, მას არ შეუძლია გასცდეს მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნოს ის რაც მას არ მოუთხოვია, ამ პირობებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მოპასუხის მიერ ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულების ფაქტი ვერ გახდება, მეტიც სასამართლო მიიჩვევს, რომ შესრულებული ვალდებულების უკუგება და ამ უფლების რეალიზაცია სამომავლოდ სწორედ აპელანტი მხარის პრეროგატივაა, ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ნაწილიდან გასვლა და მისი ნაწილში შეწყვეტა მოსარჩელის მიერ მართებულად განხორციელდა რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს ქმნიდა.

 

35. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით გადაცემული წილის უკან დაბრუნებას და სამეწარმეო რეესტრში მასზე არსებული ყველა ვალდებულების შეწყვეტას მოითხოვდა, შესაბამისად, მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ხელშეკრულების შეწყვეტისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენდა. აღნიშნულის სამტკიცებლად, სარჩელის ავტორმა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, პარტნიორთა შეთანხმებები, ექსპერტიზის დასკვნები და მხარეთა შორის არსებული მიმოწერები წარმოადგინა. სადავო ხელშეკრულებაში ცალსახად და არაორაზროვნადაა მითითებული, რომ გარიგება ორ კომპონენტზე მოხდა, კერძოდ მოპასუხედ დასახელებულ პირს წილის ნასყიდობის საფასურის გადახდასთან ერთად საინვესტიციო ვალდებულების განხორციელებაც ევალებოდა, რაც დანადგარების შეძენას, დაყენებასა და ექსპლუატაციაში გაშვებას მოიაზრებდა. მხარეები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე არ დავობდნენ, თუმცა მოსარჩელე აცხადებდა, რომ ინვესტორმა მთავარი ვალდებულება, რომელიც საწარმოს ამუშავებას და შემდგომში პარტნიორებისთვის დივიდენის მიღებას უზრუნველყოფდა ვერ განახორციელა. ამ პირობებში, მოპასუხეს ვალდებულების არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი უნდა დაედასტურებინა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით აღნიშნული ფაქტი არ დგინდება. მეტიც, მოდავე მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც 2015 წლის 30 ივლისით თარიღდება, მოპასუხედ დასახელებულ პირს აღიარებული აქვს, რომ ვალდებულება არც ძირითად და არც დამატებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია და ამ მიზნით მან პარტნიორებისთვის ჯარიმის სახით ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. რაც შეეხება 2015 წლის 30 ივლისის შემდგომ ვალდებულების შესრულებას, მართალია საქმის მასალებით მოპასუხედ დასახელებული პირის მიერ გარკვეული დანადგარების შეძენის ფაქტი დგინდება, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ისინი საწარმოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად გამოუსადეგარი იყო, ამასთან დანადგარების ნაწილის მუშაობის რესურსი ამოწურული იყო ნაწილი კი, ტექნიკურად გასამართი იყო. საბოლოო ჯამში, ორივე მოდავე მხარე აცხადებდა, რომ საწარმოს ფუნქციონირება არ დაუწყია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აპელანტი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, რაც სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია მისი გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

 

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

 

დიანა ბერეკაშვილი