განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 820210017001789312
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1543-1463-2017 18 მაისი, 2018 წელი
№ას-1543-1463-2017 ბანკი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ----------ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ------ ზ-------ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის/მოვალის სხვა ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „თ----------მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ------ ზ-------ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მსესხებელი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოვალისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9 547,72 აშშ დოლარის (საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 4 500,37 აშშ დოლარი, სარგებელს _ 3 105 აშშ დოლარი (2013 წლის 3 იანვრიდან 2017 წლის 3 აპრილის ჩათვლით ძირი თანხის _ 4 500,37 აშშ დოლარის წლიური 18%-ის დარიცხვით), პირგასამტეხლოს _ 1 863 აშშ დოლარი, დაზღვევას _ 79,35 აშშ დოლარი), 2017 წლის 4 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) თანხის სრულად დაფარვამდე წლიური 18%-ისა (სესხის ძირი თანხის _ 4 500,37 აშშ დოლარის, რაც ყოვეთვიურად 57,50 აშშ დოლარს შეადგენს) და პირგასამტეხლოს (2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირი თანხის დავალიანების 0,03%-ის, რაც დღეში 1,35 შშ დოლარს შეადგენს) დაკისრება, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქ.ბათუმში, კ.გ-----------იას ქ#40-ში მდებარე #05.22.48.012.02.0--- შემდგომში _ იპოთეკის საგანი) რეალიზაცია, ხოლო, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად, კრედიტორმა ასევე მოითხოვა ზღვევინების მიქცევა მოვალის სხვა ქონებაზეც.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2008 წლის 21 აპრილს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2008 წლის 23 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაც და მოპასუხეზე გაიცა სესხი 18 000 აშშ დოლარი წილური 18%-იანი სარგებლის დარიცხვით. საბანკო კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 72 თვით (2014 წლის 3 მაისამდე). კრედიტის დაბრუნება უნდა წარმოებულიყო ყოველთვიურად, თვის 3 რიცხვში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ამასთანავე მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის წესზე (ერთჯერადად 10 აშშ დოლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით). ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის ხანგრძლივობით. საბანკო კრედიტოს უზრუნველსაყოფად მხარეთა შორის 2018 წლის 21 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ნივთი. მსესხებელმა დაარღვია კრედიტის გადახდის ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ აბრუნებს თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ვალდებულება 2008 წლის დეკემბრიდან დაარღვია, შესაბამისად, გამსესხებელს მოთხოვნის უფლება სწორედ 2008 წლის დეკემბრიდან წარმოეშვა, რაც შეეხება იპოთეკას, იგი გაფორმებულია არა სადავო კრედიტის, არამედ, მოსარჩელსა და შპს „ავტომზიდს“ შორის არსებული ვალდებულების ფარგლებში. ვინაიდან ვალდებულება 2008 წლის დეკემბერში დაირღვა, 2009 წლის იანვრიდან ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება და ამ დროიდან გასულია მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. რაიმე გაფრთხილება მოპასუხეს კრედიტორისაგან არ მიუღია, შესაბამისად, გასულია, როგორც ძირი თანხის, ისე _ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნის სამწლიანი ვადა. გარდა ამისა, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, რადგანაც ზიანის დადგომაში კრედიტორსაც მიუძღვის ბრალი: ვალდებულების დარღვევიდან გასულია შვიდი წელი და ექვსი თვე, ასეთ შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც მისი მხრიდან მოთხოვნას ადასტურებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 673,72 აშშ დოლარის, 2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ თანხის წლიური 10%-ის, ასევე პირგასამტეხლოს, 2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1 673,72 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, ხოლო, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ აღმოჩნდება საკმარისი ვალდებულების სრულად შესასრულებლად, განისაზღვრა მოვალის სხვა ქონების რეალიზაცია.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დამატებით 7 874 აშშ დოლარის დაკისრება (საიდანაც ძირი თანხის დავალიანებას წარმოადგენს 2 908,53 აშშ დოლარი, სარგებლის დავალიანებას _ 3 045,68 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს _ 1 863 აშშ დოლარი, ხოლო დაზღვევას _ 56,79 აშშ დოლარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფაქტობრივი საფუძვლები (კასატორის პრეტენზიები):
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოვალეს საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, მასზე მხარეები პრეტენზიას ვერ განაცხადებენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს. თავად საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ კრედიტორი ძირითადად არ ეთანხმება გადაწყვეტილების დასაბუთებას მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში, რამაც მისი აზრით, როგორც დავალიანების ძირი თანხის, ისე _ სარგებლის, პირგასამტეხლოსა და დაზღვევის თანხის ოდენობის არასწორად განსაზღვრა გამოიწვია. საკასაციო საჩივრის თანახმად:
1.1.1. სასამართლოს მხრიდან დადგენილია, რომ სარჩელი თავდაპირველად 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველად. თუკი განუხილველად დატოვების თარიღი მის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად იქნება მიჩნეული, სარჩელის განმეორებით 2017 წლის 28 იანვარს აღძვრის შემთხვევაში, ხანდაზმულობა თავდაპირველი სარჩელის აღძვრიდან იქნებოდა შეწყვეტილი, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლისა (2017 წლის 28 იანვარი იყო არასამუშაო დღე _ შაბათი, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ქვითრით ირკვევა, რომ კრედიტორმა სარჩელი ფოსტას მომდევნო სამუშაო დღეს _ 30 იანვარს ჩააბარა, ხოლო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2 თებერვალს, შესაბამისად, მოსარჩელემ დაიცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნა), შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სარჩელი განმეორებით 2017 წლის 2 თებერვალს, თავდაპირველად აღძრული სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6-თვიანი ვადის დარღვევითაა აღძრული, არასწორია. საქმეში არსებული საფოსტო ქვითრის შეფასებით დასტურდება, რომ ხანდაზმულობა შეწყდა 2016 წლის 24 მაისიდან და არახანდაზმული მოთხოვნაც ამ თარიღიდან წინა სამი წლის დავალიანებაა;
1.1.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რადგანაც საქმეში არსებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების 7.4. პუნქტი სწორედ ფაქტობრივი დავალიანებისათვის პროცენტის დარიცხვის საკითხს აწესებს. ამ საკითხის არასწორად შეფასების გამო, მცდარია სასამართლოს მსჯელობა, როგორც ხელშეკრულების ვადაში დასარიცხი არახანდაზმული მოთხოვნის შესაბამისი სარგებლის, ისე _ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ გადასახდელი სარგებლის ოდენობის თაობაზე;
1.1.3. სამოქლაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც არ ნიშნავს მის საერთოდ გაუქმებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საკმაოდ ხანგრძლივი ვადის გათვალისწინებით, მოითხოვდა პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 1 863 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო დასარიცხი პირგასამტეხლო ვერ უზრუნველყოფს კრედიტორის დარღვეული უფლებების აღდგენასა და მიყენებული ზიანის კომპენსირებას.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2008 წლის 21 აპრილს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 18 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო 72 თვის ვადით (2014 წლის 3 მაისამდე). სესხის სარგებლობისათვის მოვალეს უნდა გადაეხადა სარგებელი, წლიური 18%. მოპასუხეს სესხი უნდა დაეფარა პერიოდულად, ყოველი თვის 3 რიცხვში, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. ბოლოს უნდა გადაეხადა 2014 წლის 5 მარტს. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ პროცენტის გადახდაზე მხარეები არ შეთანხმებულან;
1.2.2. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო _ 10 აშშ დოლარი და გადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.2.3. სესხის უზრუნველსაყოფად, 2008 წლის 21 აპრილს მოვალემ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #05.22.48.012.02.008);
1.2.4. მსესხებელმა ვალის დაფარვა შეწყვიტა 2008 წლის დეკემბრიდან;
1.2.5. კრედიტორმა ვალის დაბრუნების მოთხოვნით მსესხებლის მიმართ სარჩელი თავდაპირველად 2016 წლის 24 მაისს აღძრა, თუმცა, მოგვიანებით მან იგი გაიხმო და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით, სარჩელი დარჩა განუხილველად.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო პალატის მხრიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის არასწორად გამოკვლევა-შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მან დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გაუქმების საფუძველს (საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი). პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე: უდავოა, რომ მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 623-ე მუხლები წარმოადგენს. მხარეთა შეთანხმებით, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, ყოველი თვის 3 რიცხვში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. ვალდებულების სრულად შესრულების ვადა იყო 2014 წლის 5 მარტი, ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა თანხის გადახდა შეწყვიტა 2008 წლის დეკემბრიდან. თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის წინააღმდეგ მოვალის მხრიდან წარდგენილ იქნა არსებითი ხასიათის შედავება, რომლის დადასტურებაც აფერხებს მოთხოვნას, კერძოდ, მან მიუთითა ხანდაზმულობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ფარგლებში თითოეული შესრულების მიმართ კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა აითვლება ინდვიდუალურად, თუმცა, ხანდაზმულობის საკითხის სწორად განსაზღვრისათვის ნიშვნელოვანია დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის და პრეტენზიის წარდგენის მომენტი. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის ძალით, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კრედიტორმა მოთხოვნის წარმოშობის შესახებ შეიტყო ვალდებულების დარღვევისას _ 2008 წლის დეკემბრიდან, თუმცა, შესაფასებელია თუ როდის წარადგინა მან პრეტენზია (აღძრა სარჩელი).
1.3.2. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კრედიტორმა სარჩელი თავდაპირველად 2016 წლის 24 მაისს აღძრა, თუმცა, მოგვიანებით მან იგი გაიხმო და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად, პალატის შეფასებით, 2016 წლის 24 მაისს სასარჩელო ხანდაზმულობა არ შეწყვეტილა, რადგანაც მხარემ სარჩელი განმეორებით 2017 წლის 2 თებერვალს წარადგინა სასამართლოში (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სკ-ის 138-ე მუხლი). ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ ... პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომი გაგრძელების შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან ერთად. თუ ერთ-ერთი მხარე პროცესს კვლავ განაგრძობს, შეწყვეტის შემდეგ დაწყებული ხანდაზმულობის ახალი ვადა ისევე შეწყდება, როგორც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით (სკ-ის 139-ე მუხლი). სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ ... სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან (სკ-ის 140-ე მუხლი)). საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ მას საფუძვლად არ უდევს საქმის მასალების სრულყოფილი გამოკვლევა (სსსკ-ის 105-ე მუხლი). ამ მხრივ გასაზიარებელია კასატორის პოზიცია, რომ სარჩელის განუხილველად დატოვებიდან ექვსი თვე იწურებოდა 2017 წლის 28 იანვარს, არასამუშაო დღეს _ შაბათს, შესაბამისად, მას მოქმედება შეეძლო განეხორციელებინა მომდევნო სამუშაო დღის _ 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით (სკ-ის 121-ე მუხლის თანახმად, კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ ... ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე). მართალია, საქმეში წარმოდგენილი სარჩელი სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 2 თებერვალს, თუმცა, სარჩელს ერთვის შპს „სკს“ ფოსტის შეტყობინების ბარათი, რომლის თანახმადაც კრედიტორმა სარჩელის ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 30 იანვარს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხისა და შესაბამისად, არახანდაზმული მოთხოვნის მოცულობის სწორად განსაზღვრისათვის საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა (დამატებით იხ. სუსგ #ას-898-860-2014, 9 ოქტომბერი, 2014 წელი).
1.3.3. პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ პროცენტის დარიცხვის საკითხის არასწორად განსაზღვრის თაობაზე. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეები ე.წ პროცენტის გადახდაზე არ შეთანხმებულან. ამ მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის სწორ განმარტებას და სრულად შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას. (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ #ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი). პალატა უარყოფს კრედიტორის არგუმენტს, რომლის თანახმადაც საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების 7.4. პუნქტის დათქმა (საპროცენტო განაკვეთი ერიცხება კლიენტის {მსესხებელი} ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის {გამსესხებელი} მიმართ და იანგარიშება სარგებლის ფაქტიური დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით) სწორედ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით განსაზღვრულ რეგულაციაზე მხარეთა შეთანხმებას ადასტურებს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა მხედველობაში იღებს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების შინაარსს, რომლის 1.1. პუნქტით კრედიტორი ადასტურებს, რომ იგი განიხილავს მოვალის განცხადებას საკრედიტო პროდუქტებზე და გადაწყვეტს საკუთარი შეხედულებით, ამავე ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება არ წარმოადგენს საკრედიტო პროდუქტის შეპირებას, ხოლო ხელშეკრულების მე-2 მუხლით შეთანხმებულია ხელშეკრულების ძირითადი პირობები: ხელშეკრულების თანხა; მოქმედების ვადა; სარგებლის მაქსიმალური ოდენობა (წლიური ლიმიტი); პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა. ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლის (საკრედიტო პროდუქტის მიღების წესი) 4.7. და 4.8. პუნქტების თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს კლიენტის განაცხადი საკრედიტო პროდუქტზე, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს შესაბამისი დამატებითი ხელშეკრულება, სადაც აისახება საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის პირობები და მხარეთა უფლება-მოავალეობები. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრულია საპროცენტო განაკვეთები, მისი გადახდის წესი და 7.2. მუხლის თანახმად, კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და პირობებით. მართალია ამავე მუხლის 7.4. პუნქტს ემყარება კასატორის პრეტენზია, თუმცა, ზემოხსენებული შეთანხმების ანალიზით საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ 2008 წლის 21 აპრილის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს არა სესხის ხელშეკრულებას (სკ-ის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ამასთანავე, სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე (სკ-ის 623-ე მუხლი) მისი დადებულად მიჩნევა დამოკიდებულია თანხის გადაცემაზე), არამედ, სესხის წინარე ხელშეკრულებას (სკ-ის 327.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინარე ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება ძირითადი გარიგებისაგან. წინარე ხელშეკრულების შინაარსი, როგორც წესი, გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულების საგნიდან, მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს ძირითადი ხელშეკრულების დადების დავალდებულებას, ამასთანავე, წინარე ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს იმ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია ძირითადი ხელშეკრულების დასადებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ბათილად ჩაითვლება. ამდენად, წინარე ხელშეკრულება კონტრაჰირების იძულების სამართლებრივ ბერკეტს წარმოადგენს და მხარეებს წარმოუშობს მოთხოვნის უფლებას მომავალში ხელშეკრულების დადების თაობაზე და სავალდებულოა, თავად ამ წინარე ხელშეკრულებიდან ირკვეოდეს მხარეთა არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი. რაც შეეხება ძირითად ხელშეკრულებას, დადგენილია, რომ იგი მხარეთა შორის 2008 წლის 23 აპრილს გაფორმდა და საქმეში წარმოდგენილი ხსენებული დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე შეთანხმებას სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებზე. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ 411-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ჩათვალა, რომ მას, როგორც საფინანსო ინსტიტუტს უდავოდ შეეძლო მიეღო შემოსავალი ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში და ამ დაშვებით მოვალეს ზიანის სახით 2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დააკისრა დავალიანების წლიური 10%-ის გადახდა (გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული ბანკის მონაცემებით 2016-2017 წლებისათვის სესხის საბაზო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული დაახლოებით 10%-ს შეადგენდა). ამ ნაწილში მხარეთა მიერ პრეტენზია არ არის წარმოდგენილი და ბუნებრივია, არც საკასაციო პალატა არ შეაფასებს მის კანონიერებას.
1.3.4. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის არასწორად განმარტების თაობაზე, პალატა მას ნაწილობრივ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს განაკვეთი არ შეუმცირებია: კრედიტორი მოითხოვდა (დაზუსტებული მოთხოვნის თანახმად) მოვალისათვის პირგასამტეხლოს _ 1 863 აშშ დოლარისა და 2017 წლის 4 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირი თანხის 0,03%-ის დაკისრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პალატამ პირგასამტეხლო განსაზღვრა სწორედ ხსენებული განაკვეთით, თუმცა, ჯამური თანხის ოდენობის შემცირება ისევე, როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.3. პუნქტში მითითებული ზიანის ჯამური ოდენობისა, გამოიწვია ხანდაზმულობის საკითხის არასწორად განსაზღვრამ.
1.3.5. რაც შეეხება დაზღვევის თანხის დავალიანებას, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის ნაწილში არ შეიცავს მსჯელობას, თუმცა, საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ კრედიტორი მხოლოდ ამ თანხის დაკისრების მოთხოვნას აყენებს იმგვარად, რომ მას რაიმე ფაქტობრივი პრეტენზია საჩივარში არ მიუთითებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, საკასაციო პალატა საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს დაზღვევის თანხის დავალიანების დაკისრების ნაწილში სააპელაციო პალატის მხრიდან შესაძლო საპროცესო დარღვევების საკითხს.
1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და რადგანაც დავის გადაწყვეტისათვის საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად უნდა განსაზღვროს არახანდაზმული მოთხოვნის მოცულობა და ამის შემდგომ განსაზღვროს სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით), ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ----------ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი